"ცრემლი დავითის"
"ცრემლი დავითის"
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ, რომელიც  სახელითაა ცნობილი. წმინდანისადმი მიძღვნილ "ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ დავით გარეჯელი და ლუკიანე გარეჯის ხრიოკ უდაბნოში დაბინავების შემდეგ შეწუხებული იყვნენ უწყლობის გამო. გადმოცემის მიხედვით, დავით გარეჯელი გულმხურვალე ლოცვით შეევერა უფალს და ცრემლით შესთხოვა წყაროს აღმოჩენა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და მათ გამოქვაბულში აღმოცენდა წყარო, რომელიც ცრემლებივით მოწანწკარებდა და ერთ ადგილას გროვდებოდა. დავითის ცრემლის წყარო დღესაც არსებობს (ელდარ ბუბულაშვილი "საქართველოს ეკლესიის სიწმინდებეები").

გადმოცემის მიხედვით, "ცრემლი დავითის" უსათუოდ დაშრებოდა, თუკი მას ურწმუნო შეეხებოდა. თვითმხილველთა გადმოცემებიდან ირკვევა, რომ უწრმუნოების ხელი წყალს ორჯერ შეხებია და წყალი ორჯერვე დამშრალა. ორივე შემთხვევაში ლავრის ბერმონაზვნებს წმინდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა მიუსვენებიათ წყაროზე და პარაკლისის გადახდის შემდეგ წმინდა მამა დავით გარეჯელის ლოცვითა და მარხვით გამოთხოვილი წყალი კვლავ აღმოცენდა. ორივე სასწაული, რომელიც თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა, მომხდარა XIX საუკუნის 70-80 იან წლებში.


ბეჭდვა
1კ1