თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული
თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული
"1945 წლის აპრილი იყო, - ჰყვება ბატონი სერგი ჭილაია, - საქართველოს დაუბრუნდა 1921 წელს პარიზში გაზიდული ისტორიული განძი. მისი მცველი და გადამრჩენელი, დიდი ეროვნული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თბილისის აეროპორტიდან შემოზიდული ყუთების მიხედვით აღწერილ განძს აბარებდა საქართველოს მთავრობის კომისიას, რომელსაც აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია მეთაურობდა. მე ბედმა მარგუნა, ვყოფილიყავი ამ კომისიის წევრი, ამ მღელვარე დღეების მოწმე და მონაწილე. 57 სხდომა ჩატარდა და 5 თვე გრძელდებოდა ეს ისტორიული აქტი. მიღება-ჩაბარებისას მოხდა უცნაური რამ: ერთ-ერთ ყუთში, რომელშიც თამარის ყელის ჯვარი უნდა ყოფილიყო, ყუთის გახსნისას ის არ აღმოჩნდა. მრავლისმეტყველი დუმილი ჩამოვარდა. ანერვიულდა ბატონი ექვთიმე, ბატონი სიმონი ჩვეული სიდინჯით ამშვიდებდა მას. ნერვიულობა მაინც ყველას გადაედო. სწორედ ამ დროს იროდიონ სონღულაშვილმა მორიგი ყუთის გახსნისას "აღმოაჩინა" და სასოებით გადასცა ბატონ ექვთიმეს "თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული". მის თვალებში ცრემლები შევნიშნეთ. სიხარულით გულანთებულმა ბრძანა: მე ეს ჯვარი პირველად ხელში ავიღე და აღვწერე კიდეც 1914 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "არქეოლოგიური მოგზაურობანი საქართველოში", - აქ შეჩერდა, ჯვარი ბატონ სიმონს გადასცა და დაუმატა: - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მე ამ ნივთებთან ბედმა დამაკავშირა, ჩემმა პროფესიამ. მე მათთან ერთად გამოვიარე ჩემი ცხოვრების ტანჯვითა და ხიფათით სავსე გზა ბათუმიდან პარიზამდე და უკან - პარიზიდან თბილისამდე. ყოველ ამ ნივთში ჩემი სულის ნაწილია ჩადებული"...

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი წერს ქართველთა ამ უდიდეს სიწმინდეზე: "დასაკეცი ხატი მაცხოვრისა, ოქროსი, რომელშიაც ინახება ქართველთათვის სათაყვანებელი განძი, ყელის ჯვარი თამარ მეფისა, 15,3X10,8 სმ. ზედაპირზე წარმოდგენილია მაცხოვარი ყოველთა მპყრობელი მაკურთხევლის მარჯვენით. მარცხენა ხელში სახარება აქვს. ოქრო, რომლითაც მოჭედილია ეს ხატი, სევადიანია, ლამაზად მოჩუქურთმებული და შემკობილი ოცდაერთი ძვირფასი ქვით, სარდიონებით, ამეთვისტოებით, ფირუზებით, საფირონებით და იაგუნდებით... შიგა ნაწილში ამ დასაკეცი ხატისა, თამარის ჯვარია ჩასვენებული. თვით ჯვარი თამარისა (7X4სმ) შესდგება ძვირფასი ქვებისგან: ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელნიც შეადგენენ ჯვრის სახეს, ხუთი სარდიონისაგან. ამათში ერთი შუაშია და ოთხი - ფრთებზე. ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისაგან, რომელთა შორის ოთხი ჯვრის კუთხეებშია, ორი - ზემოთ. ესენი შარნირით უერთდებიან სამბულის ლამაზ მძივს. შიგ ჯვარში, როგორც ჩანს, ჩატანებული უნდა იყოს ნაწილი ძელი ჭეშმარიტისა. მეორე გვერდზე ჯვარისა სევადით ასომთავრული წარწერაა: "ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს". მაცხოვრის ხატს, რომელშიაც ჯვარია ჩასვენებული, აწერია: "ჰოი, ხატო არსებისაო, უცვალებელო, მეოხ და მფარველ მექმენით აქათა და საუკუნესა. ერისთავთ-ერისთავი დადიანი შერგილ და დედოფალთ-დედოფალ ნათელათი და ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ..." ზემოაღნიშნული მაცხოვრის ხატი, რომელშიაც ინახება თამარის ჯვარი, უნდა იყოს გაკეთებული შერგილ დადიანის თაოსნობით (XIII ს.), რომელიც დახატულია ხობის ეკლესიის კედელზე და რომელსაც ეკუთვნის მარტვილის ეკლესიაში მარმარილოს ნიში - "ჩარდახი" (ე. თაყაიშვილი, "არქეოლოგიური მოგზაურობანი", გვ. 153).

ასეთია აღწერილობა წმინდა თამარის გარეგნული, გულსაკიდი ჯვრისა. მაგრამ ამის გარდა წმინდა თამარი მტვირთველი იყო შინაგანი ჯვრებისაც, რომელთაგანაც ერთი იყო პირადი, როგორც დედისა და მეუღლისა, მეორე კი სრულიად საქართველოსი. სამების სადიდებლად ღირსეულად ატარა ეს სამი ჯვარი, ვითარცა შვენის ქრისტეს ჯვარს, თავმდაბლობით, მორჩილებით, სიყვარულით გაიარა გზა ვნებისა და აღმაღლდა გოლგოთაზე..

ბეჭდვა
1კ1