მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ქალაქ ბარიში
წმინდა ნიკოლოზი დაიბადა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, ლუკიის მხარის ქალაქ პათარში, შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, ნიკოლოზი.

წმინდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პათარის ეპისკოპოსმა ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისთვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა.

325 წელს მონაწილეობდა ნიკეის I საეკლესიო კრებაში, სადაც მიღებულ იქნა სიმბოლო სარწმუნოებისა - მრწამსი. კრების სხვა, 318 წმინდა მამასთან ერთად, წმინდა ნიკოლოზი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებას.

მისი ცხოვრება ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინვებული, სიტყვა მისი კი ჭეშმარიტი სიბრძნის მარილით შეზავებული. წმინდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმინდა ნაწილები.

KARIBCHE KARIBCHE

XI საუკუნეში ბიზანტიის იმპერიას მძიმე ჟამი დაუდგა. თურქებმა დაარბიეს მისი სამფლობელოები მცირე აზიაში, გაძარცვეს ქალაქები და სოფლები, მოსრეს მოსახლეობა, შეურაცხყვეს წმინდა ტაძრები, წმინდანთა ნაწილები, ხატები, წიგნები. მაჰმადიანებს უნდოდათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილების განადგურებაც. ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდმა კუნძულ როდოსის გასაძარცვად გაგზავნა ფლოტი ჰუმეიდის მეთაურობით. კუნძულის დალაშქვრის შემდეგ მაჰმადიანები მირონ-ლუკიას მიადგნენ წმინდა ნიკოლოზის საფლავის დასარბევად, მაგრამ შემთხვევით მეზობელი სამარხი შემუსრეს. როგორც კი მკრეხელები გემზე ავიდნენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ყველა ხომალდი ჩაიძირა.

სიწმინდეების წაბილწვამ აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა წმინდანის წმინდა ნაწილთა გამოხსნა გადაწყვიტეს.

1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მობრუნებულნი აპირებდნენ წმინდანის ნეშტის იტალიაში წასვენებას. მირონ-ლუკიაში პირველნი ბარელები ჩავიდნენ. გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი მოიტანა, - ქალაქში სიწყნარეა, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობსო. 47 შეიარაღებული კაცი გაემართა ეკლესიისკენ. ბერებს არაფერი უეჭვიათ და მშვიდად აჩვენეს მოგზაურებს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც წმინდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ერთ-ერთმა ბერმა მოსულებს უთხრა, ამ დღეებში ერთ ბერს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად და ფხიზლად დაეცვა მისი წმინდა ნაწილები. ვაჭრებმა მონაზვნებს წმინდანის ნეშტის გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. მათ ფულზე უარი თქვეს და თანამოქალაქეების გასაფრთხილებლად გაიქცნენ. მოსულებმა დაიჭირეს ისინი, შეკრეს და ფიცარნაგი დაანგრიეს. განსაკუთრებით გულმოდგინეობდა ჭაბუკი მათე. უცაბედად მას კუბოს სახურავი გაუტყდა. სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმინდა ნაწილები.

ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.

მღვდელმა მოსასხამში შეახვია წმინდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. საკვრელთაგან გათავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს. ხალხი მოადგა სანაპიროს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარის მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს, წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში. გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც პაპმა ურბან II-მ აკურთხა.

KARIBCHE KARIBCHE

დღეისათვის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დიდი კათოლიკური ტაძარი დგას. ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის ქვის მართკუთხა სარკოფაგი. აქაურობა შემკულია ძველებური სვეტებით, საფლავიც ძველ ქრისტიანულ ეპოქას აგონებს ადამიანს. იქვე, საფლავის გვერდით, დგას მცირე მართლმადიდებლური ხატებით მორთული რუმინული მართლმადიდებლური ეკლესია. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ბარიში მყოფი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მოდიან და წირავენ. საფლავი დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდა ნიკოლოზის საფლავს ქვედა მხრიდან დატანებული აქვს პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი.

წმინდა ნიკოლოზის საფლავის თაყვანისცემა საოცარი ფორმით ხდება: ჯერ უნდა დაიჩოქო, შემდეგ კი პირქვე დაწვე ანუ განერთხა წმინდანის წინაშე. ამ დროს გული, სხეული, ბაგეები იატაკს ეხება. იქვე, შუშის ქვეშ, განისვენებს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები. ირგვლივ საოცარი ძალა და მადლი იგრძნობა. საფლავში მარტო ერთი ადამიანი შედის, მეორე ვერ დაეტევა. საფლავთან არის სვეტი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება. მას მორწმუნენი თაყვანს სცემენ.

როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არის ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზია გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

ბარი სამხრეთ იტალიაში მდებარეობს. ეს ქალაქი და ახლომდებარე რამდენიმე რეგიონი კარგა ხნის მანძილზე ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და აქ მართლმადიდებელნი ცხოვრობდნენ. ამდენად, როცა რომის ეკლესია ერთიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდა, ეს მხარე, გარკვეულ ხანს მართლმადიდებლური იყო. კათოლიკური კალენდრის მიხედვით წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ, შემდეგ ზღვაში შეაცურებენ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1