"აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან"
"აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან"

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

დღესასწაულებზე მომლოცველთა რაოდენობა კიდევ მატულობს. ბეთლემს, ქრისტესშობის ადგილს ამჯერადაც მრავალი მნახველი ეყოლება. მოდით ერთად გავეცნოთ ბეთლემის შესახებ ცნობებს, რათა უფრო მომზადებული მივეგებოთ ამ წმინდა ადგილს.

 


აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: "კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა ხორციელად გამოცხადება ცხოვრებად ქვეყანისა ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისაგან, არის მთის გრეხილის ფერდობზედ დაშენებული დაშვებულს ვაკეზედ. იგი აშენებულია სამხრეთით იერუსალიმისა ორის საათის მანძილზედ.

 

საღმრთო წერილში იგი იწოდება ბევრნაირად: "ბეთლემი", "ბეთლემი იუდეანთა", გასარჩევად ბეთლემისა გალილეანისა, რომელიც ეკუთვნოდა ზაბულონის ტომსა, "ევფრათა", ანუ "სახლი ევფრათა", თვისის არა ჩვეულებრივის ნაყოფიერებისათვის, ვინაიდგან ევფრათა ებრაულად ნიშნავს ბარაქიანობას, ნაყოფიერებას; იწოდება აგრეთვე "ქალაქად დავითისა", ვითარცა სამშობლო წინასწარმეტყველისა და მეფისა დავითისა. ბეთლემი ურიულად ნიშნავს-სახლი პურისა. ეს სახლი პურისა გამოსჩნდა სახლად კურთხევისა და მადლისა ღმრთაებრივისა, რომელიც აღმოგვიცენდა დავრდომილს კაცობრიობას აქ განხორციელებითა მხოლოდ შობისა ძისა ღმრთისათა".


იერუსალიმიდან ბეთლემის გზაზე დამდგარი მოგზაურის თვალწინ იშლება რეფაიმის ვაკე და წმიდა ილიას მთები. ბიბლიურ ხანაში რეფაიმის ვაკე ხეებით იყო დაფარული, მაგრამ ახლა სრულიად გავერანებულია. აქ-იქ გზას გასწვრივ მოჩანს ქვითკირის ღობეებისა და საგუშაგო კოშკების ნანგრევები; მათგან ერთ-ერთი სვიმონ ღმრთისმიმრქმელის სახლი ყოფილა. გზის მახლობლად გიჩვენებენ ხის მორჩს, რომლის ქვეშ, გადმოცემის თანახმად, დაისვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბეთლემიდან იერუსალიმში მგზავრობის დროს.


წმინდა ილიას მთების ძირას, გზის მარჯვენა მხარეს, დაინახავთ ძველთაძველ ჭას; იგი "სამი გოჭვის ჭად" იწოდება. გადმოცემით, მახარებელი ვარსკვლავი, რომელმაც მოგვები იერუსალიმში მოიყვანა, კვლავ გაბრწყინდა მათთვის ამ ადგილას, როცა ისინი ბეთლემისკენ მიემართებოდნენ. გზად შეგხვდებათ რაქელის საფლავი, იქვე ახლოს მამათმთავარ იაკობის სახლის ნანგრევებსაც ნახავთ.


და ბოლოს თქვენს წინაშე აღიმართება დიდებული ტაძარი, რომელიც ჰფარავს უფლის შობის გამოქვაბულს. პირველ ქრისტიანებს ამ წმიდათაწმიდა ადგილზე მცირე ეკლესია ჰქონდათ. რომის იმპერატორმა ადრიანემ აქ ბომონი ააგო. ელენე დედოფალმა კი დაამხო კერპები და ქრისტეს შობის ადგილზე ეკლესია აღაშენა, რომელიც მეექვსე საუკუნეში განაახლა და გააფართოვა მეფე იუსტინიანემ. 614 წელს პალესტინაში შემოჭრილმა სპარსმა დამპყრობლებმა თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ბეთლემს მიწევნული სპარსთა ლაშქრის თვალწინ გრანდიოზული ეკლესია გადაიშალა, რომლის ფასადზეც შობის ამსახველ მოზაიკაზე მათ აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი სამი მოგვი იხილეს. ტაძარი დანგრევას გადაურჩა.


ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელს ატარებს. მას ძალზე ვიწრო კარი აქვს, რომელიც ოდესღაც დიდი ყოფილა და მოგვიანებით ორი მიზეზის გამო გადაუკეთებიათ: არაბთა თავდასხმებისას უკეთ თავდაცვისათვის და ურწმუნოთა მიერ ტაძარში ცხოველების შეყვანის დასაბრკოლებლად. შუაზე მოხრილი გაივლით კარს და უზარმაზარ დარბაზში მოხვდებით. დარბაზის ორივე მხარეს აღმართულია ორმოცდათექვსმეტი მარმარილოს სვეტი. ჭერი ლიბანის მთებიდან ჩამოტანილი კედარისა და კვიპროსის ვეებერთელა კოჭებით არის გამაგრებული.


ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ იმყოფება მღვიმე, სადაც იშვა უფალი. შობის ადგილი დაფარულია მარმარილოს ფილით, რომელშიც ჩასმულია კანდელების შუქით განათებული ვერცხლის ვარსკვლავი წარწერით: "აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან". მარჯვნივ, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, არის ბაგა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახვევებში შეხვეული ჩვილი მიაწვინა; ამ ბაგაში მწოლიარე უფალს თაყვანი სცეს მწყემსებმა, რომლებსაც ანგელოზმა ახარა შობა მხსნელისა. მღვიმის ბუნებრივ ჭერსა თუ კედლებზე დაკიდებული ურიცხვი კანდელის მკრთალი ნათელი ეფინება ამ ზეციურ სავანეს, რომელიც დღესაც თითქმის ისეთივე უბრალო და ღარიბულია, როგორიც მაცხოვრის შობის დღეებში იყო.


აქვე, ტაძრის ეზოში, ვიხილეთ საძვალე, სადაც დასვენებულია ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში მოწყვეტილ ყრმათა წმინდა ძვლები. შორიახლოს კი არის ადგილი, სადაც მისულა მარიამ, დედა უფლისა და მცირეოდენი მარცვალი უთხოვია, მაგრამ მას არაფერი მიუცია. ამის შემდგომ მუხუდო მთლიანად ქვებად ქცეულა. ამ ადგილზე ახლაც მიმოფანტულია მუხუდოს მსგავსი ქვები.


ბეჭდვა
1კ1