- 1991 წელს დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. დავდიოდი სიონის საკათედრო ტაძარში. ერთი თვის შემდეგ ჩემმა მოძღვარმა, დეკანოზმა დემეტრე სუხიტაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში სიონში მსახურობდა, შემომთავაზა, სტიქაროსანი გავმხდარიყავი. წარმადგინა უწმინდესთან და ხელში სტიქარი დამაჭერინა. დავიჩოქე უწმინდესის წინაშე, ნაკურთხი წყალი მასხურა, ჯვარი გარდასახა სტიქარს, ხელზე ვეამბორე და ასე გავხდი უწმინდესის სტიქაროსანი. საოცარი განცდა მქონდა, მაშინ პირველად ვიყავი საკურთხეველში. სტიქარით ხელში ვიდექი და ფსალმუნს ვკითხულობდი. როდესაც უწმინდესი ჩემს მხარეს გამოიხედავდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა, მაინც განსაკუთრებული განცდით ვიხსენებ. ხშირად დაგვსხამდა, გვასწავლიდა და გვარიგებდა. მაგალითად, უწმინდესისგან ამომწურავი ცოდნა მივიღე კანდელის შესახებ: თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კანდელს, რომ ის იწირება ღვთის წინაშე. გვასწავლა, როგორ უნდა მოვუაროთ კანდელს, როგორ ავანთოთ, რამხელა უნდა იყოს ძაფი... როცა მეკითხებიან, რა განათლება გაქვსო, ვპასუხობ, - შვიდი წელი ყოველ წირვა-ლოცვაზე, რომელსაც უწმინდესი აღასრულებდა, ვისმენდი მის ქადაგებებს, მის ქადაგებებზე ვარ გაზრდილი-მეთქი.
ერთხელაც საკურთხეველში პატარა ბიჭი შემოიყვანეს. ხელში ფურცელზე დახატული პატარა ყვავილი ეჭირა და აჩუქა უწმინდესს, გულწრფელად გეუბნებით - მე დავინახე საჩუქრით გახარებული და ბედნიერი პატრიარქი...
შვიდი წლის განმავლობაში ზარებს ვრეკდი. უწმინდესის მანქანის გამოჩენისთანავე ვიწყებდი ზარების რეკვას და პატრიარქი როგორც კი დაამთავრებდა ღვთისმსახურებას და გადიოდა ტაძრიდან, იმ დროსაც ვრეკდი ზარებს. სადაც კი მიდიოდა, ყველა ტაძარში მე მიშვებდნენ ზარების დასარეკად. ძალიან სასიამოვნო ეპიზოდი მინდა გავიხსენო. იცით, რომ გარკვეული ხანი უწმინდესი თავის ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, ეს ის დრო იყო, როდესაც ანგრევდნენ ტაძრებს. უწმინდესის სულმნათი მშობლები, მონა ღვთისა გიორგი და მხევალი ღვთისა ნატალია, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გაეხსნათ ტაძარი და უფალიც მათ მხარეს იყო. ასეთ უმძიმეს პერიოდში მათ ვლადიკავკაზში ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია გახსნეს. ამ ეკლესიის გახსნის 50-ე წლისთავზე, დაახლოებით 17 წლის წინ, მიიწვიეს უწმინდესი. ამ იუბილეზე რამდენიმე სტიქაროსანთან ერთად მეც მოვხვდი. მსახურების დაწყებამდე გვაჩვენეს სახლზე გაკეთებული წარწერა, რომ იქ ცხოვრობდა უწმინდესი. გვაჩვენეს ასევე ბაღი, სადაც უწმინდესი სიყმაწვილეში ისვენებდა. იმ ბაღში დღემდე არის ის ადგილი, სადაც უწმინდესი ჭადრაკს თამაშობდა. სადაც კი უწმინდესი გამოჩნდებოდა, ხალხი სიყვარულით ხვდებოდა. ჯერ იყო სურვილი, რომ ოდნავ მაინც შეხებოდნენ უწმინდესს შესამოსელზე, ქალბატონები იხსნიდნენ მანდილებს და მიწაზე უფენდნენ. პატრიარქს ხალიჩაზე ფეხი არ დაუდგამს - ყველგან მანდილი ეფინა. ის, ვის თავსაფარსაც პატრიარქი ფეხს ადგამდა, აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო.
უწმინდესმა ვლადიკავკაზში გვაჩვენა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი, სადაც სამი დღისა მონათლეს. უწმინდესმა ამ ტაძარშიც აღასრულა ღვთისმსახურება და ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარშიც, რომელიც მისი მშობლების აგებულია. უწმინდესმა გვაჩვენა კიდევ ილია წინასწარმეტყველის ტაძარში დაკრძალული სალოსი ქალბატონის საფლავი და გაიხსება მისი ცხოვრება.
ძალიან მცირე ხნით იყო უწმინდესის სტიქაროსანი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა). მას უკვე კაბა ჰქონდა შემოსილი. მეუფე ზენონი (იარაჯული), მერე ბერად აღიკვეცა, დღეს მღვდელმთავარი გახლავთ. მეუფე მელქისედეკი, რომელთანაც სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ვსწავლობდი. უწმინდესის სტიქაროსანი იყო ასევე არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაიშვილი). ჩვენ ერთად ვსწავლობდით სასულიერო სემინარიაში, ის გარკვეული პერიოდი საბერო მორჩილი იყო. მაშინ ნიკოლოზი ერქვა. ერთხანს უწმინდესის სტიქაროსანი იყო არქიმანდრიტი დოროთე - ამჟამად წალკაში მოღვაწეობს. დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი, დეკანოზი ანდრია თოდაძე, დეკანოზი გიორგი დორეული, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი (ამჟამად ღვთისმეტყველების დოქტორია, რუმინეთში სწავლობდა წლების განმავლობაში. რუმინეთიდან რომ ჩამოდიოდა, მას, როგორც სიონის სტაჟიან სტიქაროსანს, ყოველთვის ჰქონდა უფლება, ჩაეცვა სტიქარი და ემსახურა სიონის საკურთხეველში, უწმინდესის წირვაზე), მღვდელი გიორგი პოღოსოვი. მას დავალებული ჰქონდა ხატების გაწმენდა და ამ საქმეს დიდი მონდომებით აკეთებდა.
დაუსრულებლად ვმადლობ უფალს, რომ უწმინდესის სტიქაროსანი ვიყავი.
მრავალჟამიერ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.
მხატვარი გია ბუღაძე:
- ერთ დღეს ცხონებულმა სოსო წერეთელმა მითხრა, სიონში ვიყავი და ახალი პატრიარქი მოვიდაო. წავედით სიონში მის სანახავად. პირველად რომ დავინახე უწმინდესი, გავოგნდი, ისე მიმიზიდა და სურვილი გამიჩნდა, ხშირად მევლო მის მსახურებაზე. განსაკუთრებით მიყვარდა შაბათობით ლოცვაზე დასწრება. რამდენიმე ხნის შემდეგ მითხრეს, უწმინდესი გიხმობსო. როცა უწმინდესმა სტიქარის ჩაცმა შემომთავაზა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მახსოვს, შინდისფერი სტიქარი მეცვა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წირვაზე მივიღე მონაწილეობა და მომიწია უწმინდესისთვის შესამოსლის ღილების შეკვრა. უწმინდესი თეთრ კვართს იცვამს და მას 33 ღილი აქვს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მართლაც ბედნიერი განცდების პერიოდი.
უწმინდესის გარშემო ძალიან კარგი და საინტერესო თაობა შემოიკრიბა. ერთ დღეს უწმინდესმა მითხრა, - საპატრიარქოში გადადი და პადრიასნიკი მომიტანეო, - რუსულად მითხრა. ეს არის სარტყელი, რომელზეც წერია ლოცვის სიტყვები. უნდა გენახათ, რა ბედნიერი ვიყავი, უწმინდესისთვის სარტყელი რომ მომქონდა. უწმინდესმა მთხოვა გამეკეთებინა ილორის წმინდა გიორგის ხატი. ეს იყო პირველი ხატი, რომელიც გავაკეთე. უწმინდესმა მერე ის პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას გადასცა.
ერთხელაც უწმინდესმა მკითხა, - გიორგი, სასულიერო ცხოვრებაზე ხომ არ იფიქრებდიო. გავშრი, არ ველოდი, იმიტომ, რომ ამაზე არ ვფიქრობდი. წამოვედი შინ და დავფიქრდი, როგორ ვხედავდი ჩემს თავს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს მხატვრად ვხედავდი და უწმინდესს უარი ვუთხარი.
თუკი ვინმეს სიცოცხლე მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი სულიერი გადარჩენისთვის, ეს არის ჩვენი უწმინდესი. ვიცი, ძალიან დიდი ტვირთი აქვს აღებული, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ტკივილს, დარდს და ტანჯვას ატარებს, მაგრამ ეს არის დიდი ადამიანის ხვედრი. ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობ.