ბოლნელი
მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- უწმინდესი ჩემთვის საღმრთო ადამიანია, თითქოს არამიწიერიც კი.
როცა პირველად დავინახე და მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე (მაშინ მორჩილი ვიყავი, მეუფე იობს თან ვახლდი), ასე მეგონა, ღმერთის ხელი იყო. უწმინდესის მიმართ ყოველთვის მოწიწება, მორიდება მაქვს. მადლობა ღმერთს, რას წარმოვიდგენდი, რომ უწმინდესის ხელდასხმით ცოტად თუ ბევრად მის გვერდით ვიდგებოდი და ამხელა პასუხისმგებლობას, ნდობას მომანიჭებდა. ქართველებს ღმერთი ძალიან გვწყალობს და ღვთისმშობელი გვიფარავს. ერთ-ერთი თანამედროვე ნიშანი არის ის, რომ დღეს ასეთი პატრიარქი გვყავს და ამას მოფრთხილება სჭირდება. ყველამ კარგი შვილობა უნდა გავუწიოთ. მამას გული რომ გავუთბოთ და გავუხაროთ, მისი ლოცვა-კურთხევით უნდა ვიცხოვროთ და იგი მიგვიყვანს ღმერთთან. უდიდესი ნუგეშია თითოეული მისი დალოცვა, ლოცვა-კურთხევა. ვმადლობთ უფალს ასეთი დიდი სულიერი მამამთავრული მზრუნველობისათვის. შვილი ვერასდროს გადაიხდის და ვერ გამოთქვამს თუნდაც მზრუნველობას და დიდ ღვაწლს. ვულოცავ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს დიდ იუბილეს. ის დაბადებიდან დღემდე ღვთისა და ერის სამსახურშია. 80 წელი - ეს არის უდიდესი ღვაწლი. 35 წელი კი როგორც ეკლესიის მწყემსმთავარი და მამათმთავარი... რამდენი რამ გადაიტანა უწმინდესმა საკუთარ გულზე, არა ზურგსა და მხრებზე, პირდაპირ გულზე გაიარა ბოლოდროინდელმა განსაცდელებმა. უწმინდესი თითოეული ადამიანის ტკივილს გრძნობს. ამიტომაც უყვარს იგი ხალხს. იციან, რომ ის ჩვენია, ჩვენთვის დახარჯული და შეწეული მამა და მოძღვარია.
ღმერთმა არ მოგვაკლოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა, დიდხანს გვიცოცხლოს. მრავალჟამიერ ჩვენს უწმინდესს.
ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,
დეკანოზი რევაზ სიხარულიძე: - უფლის შეწევნით მორწმუნე ოჯახიდან ვარ, ჩემი მშობლები პატარაობიდანვე მაჩვევდნენ ეკლესიურ ცხოვრებას. კარგად მახსოვს უწმინდესი ეფრემ II (სიდამონიძე), პატრიარქი დავით V (დევდარიანი), მაგრამ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც პატრიარქის ტახტზე უწმინდესი ილია II (შიოლაშვილი) ავიდა. ხშირად ვესწრებოდი სიონის ტაძარში წირვა-ლოცვას. როდესაც მისი აღსაყდრება მოხდა, 1977 წელს, სვეტიცხოველში, იქაც ვიყავი. 1978 წლის იანვარში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სტიქარი ჩამაცვეს. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი გახდა სტიქაროსანი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენ მონაწილეობა უნდა მიგვეღო სამღვდელმთავრო მსახურებაში. ვთქვათ, როცა დასჭირდებოდა კვერთხის მიწოდება, პატრიარქის შემოსვა, ხელბანვა, რაც სამღვდელმთავრო წირვას თან ახლავს. ერთ დღესაც პატრიარქმა გვითხრა: დღეს, საღამოს 7 საათზე, როდესაც სიონის ტაძარს დაკეტავენ, მობრძანდით და რეპეტიციას გავივლითო. მართლაც, დაახლოებით 7-8 კაცი მივედით სიონში. უწმინდესი ჩამოვიდა, ჩაკეტა კარები და გვასწავლიდა, როგორ უნდა დავხვედროდით პატრიარქს, როგორ უნდა მოგვეცვა მანტია, როგორ უნდა მიგვეწოდებინა კვერთხი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ დავიწყეთ პატრიარქთან მსახურება. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, შინაგანად სულ სხვა სამყაროში ვიყავით, საკურთხეველში რომ ვიდექით და ვემსახურებოდით უწმინდესს.
მეათე კლასში გლანდების ოპერაცია გავიკეთე. მოხდა ისე, რომ ვერ მივედი მსახურებაზე, არადა დღესასწაული იყო, ალექსანდრე ნეველის ხსენების დღე. უწმინდესი წაბრძანებული იყო ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მას წირვის შემდეგ გადასცეს ძვირფასი, ოქროსფერი ფაიფურის ლარნაკი, რომელზეც მაცხოვრის დიდი ჯვარცმა იყო გამოსახული. ამასთან ერთად - დიდი ღვთისმშობლის სეფისკვერი. უკითხავს, სად არის რეზოო. უთქვამთ, გლანდების ოპერაცია გაიკეთა, შინ წევს და ვერ მოვიდაო. ჰოდა, ეს გადაეცი, ღვთისოო (შალიკაშვილი). მართლაც, მოიტანა ლარნაკი, სეფისკვერთან ერთად. ეს იმდენად სასიხარულო იყო, რომ არასდროს დამავიწყდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და
ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია
***
გავიხსენებ კიდევ ერთ ამბავს: წირვის დროს ხელი უნდა დაგვებანინებინა პატრიარქისთვის. ხელბანვა როგორ ხდება, იცით? ჩრდილოეთ და სამხრეთ კარებიდან გამოდიან სტიქროსნები, ერთს უჭირავს დოქი, მეორეს - თასი, მესამეს - არაფერი, პატრიარქთან მიდიან, დოქით აბანინებენ ხელებს და მერე თასი ვისაც უჭირავს, მას გადაჰკიდებენ პირსახოცს, ვამშრალებინებთ ხოლმე ხელებს. წირვის დროს უკვე გავდივართ ხელბანვაზე მე, ცხონებული გია ჭანტურია და მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), მაშინ ჭაბუკას ვეძახდით. როცა ხელბანვის დრო დადგა, პატრიარქმა ხელები გამოგვიწოდა, თასი მიწოდებულია, მაგრამ არც მე მიჭირავს დოქი და არც ჭაბუკას. თურმე ჭაბუკას დაავიწყდა დოქის გამოტანა. პატრიარქმა გაკვირვებულმა შემოგვხედა, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ, ძალიან დავიბენით. ჭაბუკა უცბად მიხვდა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა დოქის გამოსატანად. მე და გია ჭანტურია დავრჩით შეცბუნებულები. წარმოიდგინეთ, გატენილია სიონი, ყველა ჩვენ გვიყურებს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თითოეული წამი საშინელ წლად მოგვეჩვენა. პატრიარქმა შეამჩნია ჩვენი მდგომარეობა და მამაშვილურად გაგვიღიმა. მოგვხსნა მთელი დაძაბულობა. მალევე გამოვიდა ჭაბუკაც, მეუფე დიმიტრი, დავაბანინეთ ხელები უწმინდესს, ერთი საყვედურიც არ უთქვამს. ისეთი თბილი და მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა, რომ ეს ყველაფერში იგრძნობოდა.
***
დედაჩემი სქემიღუმენია იოანაა - მამას გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. 1985 წლიდან ჯერ სამთავროში, მერე იღუმენიად იყო ბოდბის მონასტერში. მან დაიბრუნა მონასტრის ტერიტორიაზე მდგარი ის დიდი შენობა, რომელიც მანამდე მუზეუმს ეკუთვნოდა. დედას უკავშირდება საკმაოდ ბევრი ეკლესია-მონასტრის გახსნა. დადიოდა, ხალხს ხელს აწერინებდა ხოლმე და ისე იხსნებოდა ტაძრები. ტაძარი არ გაიხსნებოდა, თუ ოცეული ანუ ოცი ადამიანი ხელს არ მოაწერდა და არ მოითხოვდა ტაძრის გახსნას. დედაჩემი ხშირად დადიოდა სოფლებში და ტაძრების გახსნაში ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას. ღვთის განგება არის ის, რომ ადამიანმა დროულად შეიცნოს თავისი მისია, ღმერთი მისგან რას მოითხოვს. როცა ადამიანი სულიერი თვალით ჭვრეტს, უფალს რა უნდა მისგან, უფალიც ეხმარება.
***
ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვართ. ათეისტურ პერიოდში მამა ხშირად დაიქირავებდა ხოლმე ავტობუსს და დავდიოდით წმინდა ადგილებში, ღამეს ვათენებდით, დილით წირვას შევუკვეთავდით, მაშინ ეს ხალხში ცოტა უცნაურად ჩანდა. ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ ხალხი მასობრივად მოექცა, ათიათასობით ადამიანი გახდაMმისი ქადაგებებით ეკლესიური... უწმინდესის ქადაგება გამორჩეული იყო. საოცარი აქტუალურობით გამოირჩეოდა, საოცარი სითბოთი და უბრალოებით. ქადაგებებს კასეტებზე ვიწერდით და მთელი კვირა ვუსმენდით. ერთი სული გვქონდა, კვირას როდის წავიდოდით წირვაზე. ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, ღვთის განგება შეგვესრულებინა და უფლის მცნებებით გვეცხოვრა.
გამორჩეული თაობა იყო. მოწყურებული ადამიანი რომ მივაAანკარა წყალთან და დაეწაფება, დაახლოებით ასეთი ეფექტი იყო უწმინდესის გამოჩენა. ხალხი დაეწაფა უფლის მადლს.
***
კარგად მახსოვს პატრიარქი ეფრემი. ძალიან უბრალო ადამიანი იყო, თავმდაბალი, მშვიდი. სიონის ტაძრის შემოსასვლელთან იჯდა ხოლმე. შუშაბანდივით გამოსასვლელი ჰქონდა, სიონში შესასვლელი შუშებით იყო გაკეთებული. გაჭირვებულ ადამიანებთან, მათხოვრებთანაც კი იჯდა ხოლმე და ესაუბრებოდა. 6 წლის ვიქნებოდი, დედამ შემიყვანა სიონში. დამისვა მუხლებზე და დედას ეუბნება, - იცით, ქალბატონო ნათელა, მე და ეს ყმაწვილი დიდი ხანია თითქოს ერთმანეთს ვიცნობთო. ხუმრობით კი არ იყო ეს ნათქვამი, ძალიან სერიოზულად თქვა პატრიარქმა ეფრემმა.
პატრიარქი დავითიც მახსოვს. ერთხელ, ვნების შვიდეულში, გარდამოხსნაზე, რომელიც 5 საათზე იწყება, ჩამობრძანდა უწმინდესი დავითი - მაშინ სიონთან იყო საპატრიარქო, იქ ცხოვრობდნენ პატრიარქები. თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი დავესწარით ამ ცისკარს. პროტოპრესვიტერმა, ცხონებულმა მამა პახუმმა (ობოლაძე) სანთელი დამაჭერინა და მითხრა, - წინ გაუძეხი გარდამოხსნით ამ პროცესიასო. შემოვლა უნდა ყოფილიყო სიონის გარშემო. რომ შემოვედი, მერე პატრიარქმა დავითმა დამიძახა, დამლოცა. ქეთოს (თავმჯდომარე იყო) უთხრა, ამას კალენდარი მიეციო. მომცეს.
უწმინდესთან ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს დღემდე და ვთვლი, რომ ის არის ჩემი მეორე მამა, რომელმაც ჩემნაირი ახალი თაობა გამოზარდა უფლისა და ერის სამსახურისთვის.
***
უწმინდესმა სტიქაროსნების უფროსად დამაყენა... თუკი ვინმე რამეს სათანადოდ ვერ შეასრულებდა, უწმინდესი მე მთხოვდა პასუხს. ჩემთვის ეს სასიხარულო იყო, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო. ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მსახურობდა. მათ შორის ცხონებული გია ჭანტურია, გოგი შიოლაშვილი, სოსო წერეთელი, ზურა ჭავჭავაძე, ჩემი მეგობარი კახა ნოზაძე, ასევე მამა თეიმურაზ ბერიშვილი, მეუფე დიმიტრი, მამა ელიზბარი, მამა ღვთისო, მამა თეოდორე, რომელიც სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს თვითმფრინავის გატაცების დროს. ბეთანიაში დავდიოდი ხოლმე მამა თეოდორესთან. ამბობდა, მე 33 წლისა რაკეტასავით წავალ უფალთანო. მართლაც ასე მოხდა.
იმის გარდა, რომ ეკლესიაში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვმსახურობდით, გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებოდით. ყველას გვყავდა ჩვენი ლაზარე, ანუ ვისთვისაც საჭმელი უნდა მიგვეტანა და დავხმარებოდით.Aამ სულისკვეთებით გვზრდიდა პატრიარქი. ყოველ საღამოს გვიბარებდა, შეკრებები იყო. ინტელინგენციასთან შეხვედრებს ვაწყობდით. ჩვენ ვემსახურებოდით: წყალი შემოგვქონდა, ჩაი ან ყავა... ჩვენთვის ეს ძალიან დიდი რამ იყო. მადლობა უფალს, ჩავაბარე სემინარიაში, მერე აკადემიაში, საპატრიარქოში ვმუშაობდი პატრიარქთან, ვემსახურებოდი წირვაზე. 1987 წელს დავოჯახდი, მერე მაკურთხეს კიდევაც დიაკვნად, მღვდლად. სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. მადლობა უფალს, ასე მიდის ჩვენი ცხოვრება.
დიდი სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს აღსაყდრების 35 წელს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ. ამინ.