ილია მეორე: მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს
ილია მეორე: მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020) ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს!

ღმერთი გვაძლევს ძალას. ,,უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".

ბზობა - ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა.

როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელს, როგორიც ეხლა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ იგი ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული.

ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს გამოცდა. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა.

,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით."

მაგრად იდექით. აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით.

გაგაძლიეროთ უფალმა! უფალმა ძალა მოგცეთ!

უფალმა გაკურთხოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაიხარეთ!
ბეჭდვა
1კ1