პატრიარქის კურთხევის მადლი
პატრიარქის კურთხევის მადლი
მინდა გიამბოთ, თუ როგორ გამოვცადე პატრიარქის კურთხევის მადლი საკუთარ თავზე. ღვთისმეტყველებასთან და ღვთის სიტყვასთან უფალმა საკმაოდ გვიან მიმიშვა. 90-იანი წლების დასაწყისი იყო. საღვთო სჯულს ვასწავლიდი სკოლაში და დაინტერესებული ვიყავი უფლის იგავებით. ლიტერატურას ვერსად იშოვიდი. რუსეთიდანაც კი ცოტა შემოდიოდა. ვშიშობდი, რომ უფლის იგავების განმარტებისთვის არ მეყოფოდა სულიერი ძალები. ამიტომ უნდა ამეღო რომელიმე იერარქის კურთხევა. მეუფე დანიელმა მირჩია, რომ აჯობებდა, პატრიარქისგან მიმეღო კურთხევა. რამდენიმე თვის შემდეგ, ღვთის მადლით, პატრიარქმა მიმიღო. მანამდე მის უწმინდესობას ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელით შევუგზავნე პროექტი იმ წიგნისა, რომელიც მერე გამოვიდა. ეს იყო უფლის იგავების წმინდა მამათა განმარტებები. პატრიარქს ყველაფერი გულდასმით ჰქონდა წაკითხული. მან ძალიან საგულისხმო შეკითხვები დამისვა. შემდეგ წამოდგა და კურთხევა მომცა. მეც, ბუნებრივია, მუხლებზე დავეშვი. დაბრძანდითო, - მითხრა და საუბარი განვაგრძეთ. მერე ისევ წამოდგა და მაკურთხა. ეს მესამედაც განმეორდა. მეორე კურთხევის შემდეგ რატომღაც პატრიარქმა საუბარში ახსენა თბილისის ხეები: ვოცნებობ, რომ თბილისის ხეებზე წიგნი დაიწეროს და იქნებ, თქვენ დაწეროთო. გავოგნდი - მე რა შუაში ვარ, თბილისის ხეებთან-მეთქი და შევბედე: თქვენო უწმინდესობავ, მე ბოტანიკოსი არა ვარ-მეთქი. ვიცი, რომ ფილოლოგი ხართო, - მიპასუხა (აღმოჩნდა, რომ უწმინდესი თბილისის თითქმის ყველა ხეს კარგად იცნობდა. უნდოდა დაწერილიყო წიგნი იმაზე, თუ რომელი ხე უნდა გადარჩენილიყო ან დარგულიყო. მაშინ განსაკუთრებით იყო მოდებული ჭადრის ხის ბუსუსი, რომლისგანაც ბევრს ალერგიაც გაუჩნდა, რაც ადრინდელი შეცდომის ნაყოფი იყო). გაკურთხებთ, რომ ეს წიგნი დაწეროთო. ეს კურთხევა დღეს თითქმის შესრულებულია. დავუკავშირდი კარგ ბიოლოგს და მექართულეს - ნინო ჩხეტიანს. ეს წიგნი დავწერეთ და ღვთის შეწევნით, მალე გამოვა. მასში თბილისის თითქმის ყველა ხეა აღწერილი. მართლაც გადმოვიდა ჩემზე პატრიარქის კურთხევის მადლი. მაშინ არ ვიცოდი, შემდეგ წმინდა მამებთან წავიკითხე და მივხვდი, რომ ის სამგზისი კურთხევა შემთხვევითი არ ყოფილა. პატრიარქმა ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის ხელით გამომიგზავნა ლოპუხინის სამტომეული (ბიბლიის განმარტება) და შემომითვალა: მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში გამოიყენეთო. მე ვკითხე შორენას: აბა, მეტი რაში შეიძლება გამოვიყენოთ-მეთქი? მაშინ მან მომღიმარი სახით გადმომხედა და მივხვდი, რომ თურმე საწინააღმდეგოც ხდება ხოლმე. შევუდექი არნახული სისწრაფითა და ნაყოფიერებით იგავების განმარტებას. ვიმეორებ, ჩემში მუშაობდა პატრიარქის ხელიდან გამოსული მადლი. ღვთის წყალობით, იგავების განმარტებას ფსალმუნების განმარტებაც მოჰყვა. სასულიერო აკადემიის ყველა კაბინეტს და კათედრას უწმინდესმა აჩუქა კომპიუტერები და პრინტერები. მას შემდეგ უფრო მეტი სისწრაფით დავწერე იგავების წიგნის დიდი ნაწილი. ასე რომ, ესეც პატრიარქის ხელით, კურთხევითა და მზრუნველობით მოხდა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი დოდო (მარიამ) ღლონტი.
ბეჭდვა
1კ1