მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი - ზუსტად ის მითხრა, რაც მაშინ მჭირდებოდა
03.01.2020
ომის შემდგომი პერიოდი იყო. ყველას ძალიან გვიჭირდა. შიმშილი, სიცივე, უტრანსპორტობა - ყველაფერმა ჩვენს ზურგზე გადაიარა. ამ დროს მე და ჩემს მეუღლეს კანადელმა ბიზნესმენებმა სახარბიელო წინადადება შემოგვთავაზეს.
მპირდებოდნენ, რომ დამაკავშირებდნენ სამოდელო სახლთან, წარმოებაში ჩაუშვებდნენ ჩემს ნამუშევრებს, საკუთარ გალერეას გამიხსნიდნენ და ა.შ., რაც დიდ სიმდიდრეს მოგვიტანდა. ოღონდ ერთი პირობით: მათი მოქალაქეობა უნდა მიგვეღო. თანაც ეს შემოთავაზება ერთჯერადი არ ყოფილა. მათ მრავალგზის გამოაგზავნეს წერილები, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან არ გვინდოდა სამუდამოდ წასვლა საქართველოდან. მე ყოველთვის, მაშინაცNდა ახლაც, მიმაჩნია, რომ რადგან საქართველოში დავიბადე და ამ ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი გამოფენებით ყოველთვის ჩემი ქვეყანა უნდა წარმოვაჩინო. ირგვლივ ყველა ჩაგვჩიჩინებდა: წადით, აქ რა გინდათ, მერე ჩამოხვალთო, მაგრამ მაინც არ წავსულვართ.
საშინლად გვიჭირდა. მატერიალურად იმდენად არა (ჩემი სურათები ასე თუ ისე იყიდებოდა), რამდენადაც სულიერად. სამოქალაქო ომის შემდეგ საშინლად სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვერ ვხვდებოდი, რისთვისღა უნდა მეცოცხლა. მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა ადგილი, სადაც უკიდურესი სულიერი გაჭირვების დროს მივიდოდი და დახმარებას მივიღებდი. და სწორედ ამ დროს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად დაემთხვა. ჩემი თანაკლასელისა და მეგობრის მონაზონ ფებრონიას სანახავად მივედი საპატრიარქოში და უნებურად მის უწმინდესობას შევხვდი. ძალიან თბილად მიმიღო და სახარების ილუსტრაციებზე მუშაობა შემომთავაზა. მეორედ საგანგებოდ მის უწმინდესობასთან მივედი. გული გადავუშალე. მან მომისმინა; ძალიან თბილი სიტყვები და ზუსტად ის მითხრა, რაც მაშინ მჭირდებოდა. უწმინდესი დამეხმარა, რომ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სახარებაზე მუშაობის პერიოდი ჩემთვის იყო უდიდესი გარდატეხა, ფერიცვალება. ეს იოლი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი სულიერი ძალა შევიძინე ცხოვრების გასაგრძელებლად.