მწერალი გურამ დოჩანაშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ.
დიდი პატივი დასდო ჩემს ოჯახს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1990 წლის ოქტომბერში შვილი გარდაგვეცვალა. ჩემთვის ძალიან მძიმე დროს მიგვიღო, გვანუგეშა, გაგვამხნევა.

თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი, მოწიწებითი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ განუზომელი მადლისათვის, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეშით რომ დაგვდეთ. ნუგეში, საბას მიხედვით, გულის დასადებს ნიშნავს, ხოლო თქვენი ვრცელი გულის დადებით რამდენი მშობელი აგვაცდინეთ იმ საშინელებას, სისაზარლეს, თვითმკვლელობა რომაა.

ერთხელაც მე უღირსს, მერამდენე შვებად, ერთი, ასე ვთქვათ, ქათინაური მიბოძეთ: თავფარავანზე, წმინდა ნინოს ბევრდღიან გზას დადგომამდე, ერთი დღით თქვენ ჩამობრძანდით, და რა ვიცოდი მე უღირსმა, თქვენთან ახალი შეხვედრით დაჯილდოება თუ მებოძებოდა, და თუმც არცთუ ფხიზელი ვიყავ, მაგრამ იმდენი მორიდება კი მქონდა, რომ მეუფე დანიელის (მაშინ მამა დავითის) იმედით - "არა უშავს, ეახლეთ, მიდითო", ჯერ კი ვუარობდი, ასეთი როგორ ვეახლო-მეთქი, მაგრამ ძალიან მჯერა ჩემი მოძღვრისა და ამან ისე გამამხნევა, რომ გავბედე და მოგიახლოვდით. თქვენ კი, თქვენო უწმინდესობავ, მანამდე თუმც მხოლოდ ერთხელ გყავდით ნანახი და ისიც რამდენიმე თვის წინ, მაინც მიცანით და როგორ მომეფერეთ. რამდენჯერმე გამიმეორეთ - ესეც გახსოვდათ, ეს სახელი - ირაკლის მამა, ირაკლის მამა, - ამ სიტყვებით მეფერებოდით ორმაგად უღირსს, და ადრე თუ ძალიან მერიდებოდა, ირაკლიზე ჩემს შვილს რომ ამბობდნენ, ჩემი შვილობით რომ აფასებდნენ, თქვენღა მითხარით ეს საოცნებო "ირაკლის მამა", რადგან ირაკლი, თქვენო უწმინდესობავ, როგორ და რამდენად უკეთესი იყო ჩემზე, მე ხომ ვიცოდი.

იმ თავფარავნის შემდეგაც, აუარება სიკეთისთვისაც, დიდ, უღრმეს და მოწიწებით მადლობას მოგახსენებთ გადარჩენისა და თანადგომისთვის.

უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ.
ბეჭდვა
1კ1