03.01.2020
უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელი იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. მან დანგრეული, გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა.
ჩვენი ისტორიის მანძილზე, როცა გვიჭირდა, ღმერთი მაინც მოგვივლენდა ხოლმე დიდ ადამიანს. ეს დიდი ადამიანები გულთაბოძებად შეუდგებოდნენ ხოლმე ქართველ ერს და მთელ სიმძიმეს თვითონ იტვირთავდნენ. სწორედ ასეთი გულთაბოძია მისი უწმინდესობა XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ბუნებით ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. პირადად მე ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც.
"სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი, მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა სანახავად. ვნერვიულობდი, მეშინოდა, უწმინდესი არ გამბრაზებოდა "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე კი მითხრა: "ხო, გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვას?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...
გული მწყდება, რომ ავადმყოფობის გამო უწმინდესს ვეღარ ვნახულობ. მენატრება მისი მშვიდი, ტკბილი, მშობლიური სიყვარულით სავსე ხმა.
ღმერთო, კიდევ დიდხანს, დიდხანს ისმოდეს ქართველების გასახარად ეს ხმა. ამინ!