თამარ მესხი, ის ქალბატონია, რომელმაც მრავალი წელი გაატარა საქართველოს საპატრიარქოში. წარსულს თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს ამ ქალბატონის მისია საქართველოს ეკლესიაში.
ბერძნული ენის საუკეთესო მცოდნემ უწმიდესის ყურადღება მალევე მიიპყრო. საპატრიარქოში უწმიდესის გვერდით გატარებულ დღეებს დიდი სიყვარულით და სითბოთი იხსენებს.
-ჩემი საქმიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა უწმინდესთან ურთიერთობა. დღე არ გავიდოდა მასთან შესვლა არ დამჭირვებოდა. განუწყვეტლივ მოდიოდა წერილები აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, რომელთა ქართულად თარგმნა მევალებოდა. ამ წერილებს პასუხი სჭირდებოდა. უწმიდესი მკარნახობდა და მე ვწერდი, გასწორებულს და თარგმნილს ხელს მოაწერდა. გვქონდა ძალიან თბილი, მამაშვილური ურთიერთობა. უწმიდესთან ურთიერთობა ნამდვილი ზეიმი იყო. სამსახურში მისვლა ყველას გვიხაროდა. არცკი მახსოვს დილით როგორ მივქროდი საპატრიარქოში და როგორ ვრჩებოდი დაღამეაბმდე. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ვაკეთებდი. არაფერზე უკან არ ვიხევდი. სათარგმნი თუ მქონდა, ვთარგმნიდი; თუ საჭირო იყო, ჩვარს ან ცოცხს დავიჭერდი ხელში. იმიტომ, რომ ეს ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი იყო. უწმიდესთან ურთიერთობები თბილი და საქმიანი იყო, მაგრამ ჩემს მიმართ საკამოდ მომთხოვნიც გახლდათ. ისეთ საკითხთან დაკავშირებითაც კი, რომელიც უშუალოდ მე არ მეხებოდა, არაერთხელ უთქვამს: "შენ რაღა მოგივიდა?", "შენ როგორ არ მიაქციე ამას ყურადღება?".
***
საპატრიარქოში რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ საქართველოს ეკლესიას მხოლოდ ხუთი მღვდელმთავარი ჰყავდა. მაგონდება მიტროპოლიტები: გიორგი (ღონღაძე), გრიგოლი (ცერცვაძე), ზინობი (მაჟუგა); ეპისკოპოსები: ნიკოლოზი (მახარაძე), იოანე (ანანიაშვილი). მიტროპოლიტები საკმაოდ ასაკოვნები იყვნენ. ამიტომ პატრიარქი ძალიან ბევრს მუშაობდა. ახლა, ორმოცი წლის შემდეგ, მღვდელმთავართა რიცხვმა ხუთიდან ორმოცდაექვსს მიაღწია, მაგრამ პატრიარქს საზრუნავი მაინც არ მოჰკლებია. ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა და ოკუპირებული რეგიონებია. ხანდაზმულობის მიუხედავად, პატრიარქი ცდილობს, ადეკვატურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯიც (მოსაყდრის დანიშნვას ვგულისხმობ) ამის დასტურია.
ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს ჩვენს უწმინდესს. კიდევ დიდხანს ეღვაწოს ეკლესიის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.