ჭაღარა ბავშვის სისპეტაკე...
ჭაღარა ბავშვის სისპეტაკე...
წამიერი გარინდება...
ფიქრები, ფიქრები, უკიდეგანო ფიქრები...
ჟამის სამი განზომილების სევდა...
ერთი თვალის დახამხამებაში გადაქარტეხილებული სიცოცხლე...
ერთ დროს ნიავივით მსუბუქი ქუთუთოების ფარდის მიღმა გამკრთალი ტკბილსევდიანი ზმანება...
ბეღურასავით აჟივილხივილებული პატარაობა დედის კალთასთან, ნაოცნებარი ფერადი სამყაროს უსაზღვროდ იმედიანი ჰორიზონტი...
მერე წუთისოფლის ნარ-ეკლიანი ბილიკებით სისხლდადენილი გზა...
წლები...წლები...ლოცვებში ნათმენი და ნატანჯი ღამენათევი უსასრულობა...
მთიდან გადმოვარდნილი წყაროსავით მზის ანარეკლში გაბნეული ბავშვური ოცნებები...
დაღლილი, დაღლილი სხეული...
ნაგვემი სხეულის უხმო გოდება...
საგალობელში მოხმობილი უფალი და შვება, როგორც გაბნეული ოცნებების ნავსაყუდელი...
გაბავშვებული სული, მთისთვის ჩვეული სიჯიუტით შემონახული სისპეტაკე...
ამ გაბავშვებით გადარჩენილი გულის სიწმინდე...
მძიმე ჯვარისგან მოხრილი ქედის ტკივილებში მარგალიტივით შემონახული პატარაობა, როგორც სინათლე ამა სოფლის წყვდიადით მოსილ ლაბირინთებში...
ღამის მყუდროებაში, ჩამოღვენთილი სანთლის ფარვანასავით მოცახცახე ალის მიღმა, სახარების უკვდავი სტრიქონები...
აპოკრიფებში, დახუჭულ თვალების მიღმაც აღბეჭდილი სიბრძნე - დარჩი ბავშვივით სუფთა, გაიბავშვე სული და გადარჩები...
რა ძნელია ტყვიასავით დამძიმებული ქუთუთოების აწევა, როცა გარინდებულს და პატარებთან ჩახუტებულს, თვალწინ გაგიელვებს ტკბილი ბავშვობა, დედ-მამის ალერსიან მზერაში ჩარჩენილი და ტკივილამდე მონატრებული...
ეჰ...ვინ გაცდის ამდენს...
ვინ დაგაცდის, თუნდაც ბავშვობას...
და მაინც, მთიელთათვის ნაჩვევი სიჯიუტით თავს იბავშვებ, რომ ცოდვიან წუთისოფელს სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილში გამოსტაცო თუნდაც ის წამიერი გარინდება, ბავშვური სიწმინდე რომ ჰქვია და ამ სიწმინდეში აიყოლიო გზააბნეული ერი...
ჰოდა, მაინც ასწევ დამძიმებულ ქუთუთოებს, ბავშვური ზმანების გაელვებით ძალმოცემული, რათა აჩვენო დიდსა და პატარას, მორწმუნეს და ურწმუნოს, თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად წლების ულმობელ მარათონში დაბრძენებული მხცოვანი პაპაც და წლებს ადევნებული წარსულიდან იმედის რაშზე ამხედრებული ჭაღარა ბავშვიც...
და ჟამის სამივე განზომილებაში შეინარჩუნო უკიდეგანო სისპეტაკე...

ზვიად სეხნიაშვილი, 2017 წელი
ბეჭდვა
1კ1