შეისმინე და აღასრულე თხოვნა პატრიარქისა
შეისმინე და აღასრულე თხოვნა პატრიარქისა
პატრიარქნი ივერიისა
სვეტიცხოველში, პატრიარქის ტახტის ახლოს, საკურთხევლის წინ, სამხრეთით, ქვის ტახტრევანია. მასზე დაბრძანდებოდა ხოლმე მეფე ქართველთა და პატრიარქთან ერთად აღავლენდა ლოცვას სამშობლოსთვის. მაგრამ რუსთა გაგვიუქმეს მეფობა და პატრიარქობა და დიდხანს ობლად დარჩენილ საქართველოს ოდენ წარსულის მოგონება თუ ანუგეშებდა. 90 წლის წინ შეგვიწყალა უფალმა და აღგვიდგინა ავტოკეფალია მართლმადიდებელი ეკლესიისა. იმდროინდელ "ბედნიერი ქვეყნის მაშენებლებს" მეფობის აღდგენაზე არ უფიქრიათ, მთელი სულიერი ტვირთი, ერისთვის ლოცვა, ანუ მეფის ულამაზესი და მძიმე ჯვარიც, პატრიარქმა იტვირთა. "შენ არ იცი, კათოლიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს - ერისას და ეკლესიისას", - ბრძანებდა მამა გაბრიელი (ურგებაძე). მართლაცდა, ძნელია, იყო პატრიარქი ივერიისა ანუ ღვთისმშობლის ნაცვალი მისსავე წილხვედრ ქვეყანაში. უფლის კვართისა და მისი ერთიანობის (ანუ ეკლესიის ერთიანობის) დასაცავად ჩვენს წმინდა პატრიარქებს მრავალჯერ წამოუსხამთ მხრებზე ხალენი წმინდა ელიასი და ელიასავე სულით უმხილებიათ თავისი სამწყსოს ნაკლულოვანება.

ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ უწმინდესი ილია II მეცხრე პატრიარქია. მოგითხრობთ რამდენიმე ეპიზოდს მის წინამორბედთა ცხოვრებიდან, რათა უფრო მეტი რწმენით და სასოებით მივიდეთ მათ წმინდა საფლავებთან და შეჭირვების ჟამს შეწევნა ვთხოვოთ.

შენთვის დამწვარი, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი
წმინდა კირიონი. 1917 წლის 1 ოქტომბერი (ძვ.სტ.), სვეტიცხოვლობა. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტახტზე კირიონ საძაგლიშვილი აღასაყდრეს. თითქოს უკან დარჩა წმინდა კირიონის განსაცდელებით აღსავსე დღეები. 21 წლის წინ გარდაეცვალა ცოლ-შვილი და იმავე წელს ბერად აღიკვეცა, მთელი სიცოცხლე უფალსა და სამშობლოს მიუძღვნა. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა როგორც ეპისკოპოსისა, როგორც მეცნიერისა. მის გარშემო იყრიდა თავს იმდროინდელი განათლებული სამღვდელოება. მეფის მთავრობამ კირიონი 1902 წელს საქართველოს განაშორა - ჯერ ხერსონში, შემდგომ ორიოლში ჩააბარა ეპარქიები, 1906 წელს სოხუმის ეპარქია მისცეს, მალევე კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს აფხაზეთის გაქართველების მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1908 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს, მისი მკვლელობა საქართველოში "მალულად ჩამოსულ, გადაცმულ" კირიონს შესწამეს. შემდგომ გაირკვა, რომ მან ამ დღეს ლიტურგია აღასრულა რუსეთში და, ბუნებრივია, საქართველოში ვერ იქნებოდა. მკვლელებთან ნაცნობობაში დასდეს ბრალი და ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, იანვრის სუსხიან დღეს, ტამბოვის გუბერნიაში, სინაქსარის უდაბნოში, გადაასახლეს. ავადმყოფს ბნელ, ნესტიან სენაკში მიუჩინეს ბინა. მისმა მორჩილმა ტახტზე გადაკრული ყინული ნაჯახით დააპო, ზედ თავისი ანაფორა გადააფარა და დააწვინა წამებული მღვდელმთავარი. გავიდა ხანი. 1917 წელს, სამშობლოსკენ მომავალს, არაგვის ხეობაში გიგო ყარანგოზიშვილი შეეგება 120 ცხენოსნით და თბილისამდე დიდი პატივით ჩამოაცილა, სადაც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყო მას ქართულმა საზოგადოებრიობამ...

"სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო, - წარმოთქვა პატრიარქმა კირიონმა აღსაყდრებისას, - შენთვის დამწვარი, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი... დღეს განვისვენებ წიაღსა შენსა, არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სვინდისი ეკლესიისა შენისა..." მაგრამ მრევლის სიყვარულთან ერთად დიდი უმადურობაც დახვდა წმინდა კირიონს საქართველოში. ერთ საეკლესიო წრეში უთქვამს: "ოცი წელი დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდგან თვალყურს გადევნებდით, ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელიაო". მწარეა ეს სიტყვები, მაგრამ სამართლიანი, თითქოს სადღეისო ნათქვამია. 1918 წლის 27 ივნისს წმინდა კირიონი ტყვიით განგმირული იპოვეს თავის საწოლ ოთახში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. მოკლეს წმინდა კირიონი და დააბრალეს, თავი მოიკლაო. არადა, დამბლადაცემული ხელის პირთან მიტანა უჭირდა... მაგრამ ერს ვერ მოატყუებ და მადლიერმა საქართველომ წმინდანად შერაცხა "სვინდისი ეკლესიისა".

მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რომელსაც ჩემი სულიერი შვილნი იყენებენ
ლეონიდე. თავისი დიდი ბიძის, წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის ფერხთა ქვეშ გაიზარდა მომავალი პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე. ესწრებოდა მის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას პატარა ლონგინოზი (ასე ერქვა ერისკაცობაში), იხიბლებოდა დიდად სამღვდელმთავრო მსახურების მაღალმნიშვნელოვანი წესით და თვალთ ალალი ცრემლი ადგა.

ერთხელ წმინდა ალექსანდრესეულ წირვაზე მდგარმა გარკვევით გაიგონა შინაგანი ხმის მოწოდება - გამხდარიყო სამღვდელო პირი. 1887 წელს, კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, აღიკვეცა ბერად და მთელი დანარჩენი ცხოვრება უფლის სამსახურს მიუძღვნა. ბევრი იღვაწა სახარების გასავრცელებლად ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, ოსეთსა და საინგილოში, ზაქათალის რაიონში. მარტო თასმალოში 62 სული მოაქცია ქრისტიანობაზე. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ უფრო გაიშალა ლეონიდეს სამოღვაწეო. მაგრამ მისი ზრუნვის ყველაზე დიდი საგანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. ეპისკოპოს კირიონთან ერთად გამოვიდა პეტერბურგში, სინოდის სხდომაზე, სადაც ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა და ამ გამოსვლამ თვით ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე რუს მღვდელმთავრებზეც იმოქმედა. იმდენად მკვეთრი და პირდაპირი იყო, რომ ქართველებში შიში გაჩნდა, ვაითუ რომელიმე შორეულ გუბერნიაში გადაკარგონო. 1917 წლის 12 მარტს (ძვ.სტ.) სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღდგა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. მისი პირველი პატრიარქის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მამამთავრად მაშინ უკვე თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე აკურთხეს. ეს იყო 1919 წლის 23 თებერვალს. უწმინდესი ლეონიდესთვის ძნელი დასათმენი იყო საქართველოს იმდროინდელი მენშევიკური ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიისადმი - მთავრობამ საგანგებო დეკრეტით ეკლესიას ჩამოართვა მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები, წისქვილები და სხვ., რელიგიის შესახებ მიღებული კანონით იგი გაუთანაბრა საქართველოში მოქმედ სხვა კონფესიებს. მაგრამ მენშევიკებს არ დასცალდათ "კეთილ ზრახვათა" განხორციელება - საქართველოს წითელი ჭირი შემოესია. მწარედ დაიტირა უწმინდესმა ლეონიდემ კოჯორთან მოწყვეტილი ქართველი იუნკრები, წესი აუგო მათ.

ქვეყანაში საშინელი გაჭირვება ჩამოვარდა, არ იშოვებოდა საჭმელი, არ იყო დასალევი წყალი; ხალხი მტკვრის წყალს სვამდა. პატრიარქს შესთავაზეს, წყაროს წყალს ჩამოგიტანთ ხოლმეო. უარი განაცხადა: მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რომელსაც ჩემი სულიერი შვილნი იყენებენო. წყლისგან შეეყარა შავი ჭირი და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა.

სამგზის ჯვარი გადასახა თავის ერს
წმინდა ამბროსი. მრავალი რამ შეიძლება ითქვას წმინდა ამბროსი ხელაიაზე, მაგრამ მასზე უკეთ მეტყველებს ბოლშევიკებისთვის მისივე ნათქვამი: "სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავითო".

უწმინდესი ამბროსი ბერად ცოლის სიკვდილის შემდეგ აღიკვეცა. 1902 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. აქ აღმოაჩინა "მოქცევაი ქართლისაის" ხელნაწერი და წმინდა სახარება. ძალზე უყვარდათ ადგილობრივ მცხოვრებთ ახალგაზრდა მოძღვარი. მასზე ამბობდნენ, - ღვთის ენა და პირი ასხიაო. 1904 წელს თბილისის ფერიცვალების მონასტრის წინამძღვრად გადმოიყვანეს. მალე ავტოკეფალიისთვის მებრძოლი მამა ამბროსი 12 წლით რუსეთში გადაასახლეს. საქართველოში მხოლოდ რევოლუციის შემდგომ დაბრუნდა.

მძიმე იყო ეს ჯვარი პატრიარქობისა, რომელიც უწმინდესი ლეონიდეს შემდგომ ჩაიბარა. საქართველოში ტერორი მძვინვარებდა, მაგრამ მას მტკიცედ ჰქონდა შეგნებული თავისი მოვალეობა. 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც აღწერა ის უბედურება, რაშიც ჩააგდო ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველო და ქართველი ხალხის სახელით ქვეყნიდან წითელი ჯარების გაყვანას და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა. ამის შემდეგ კათოლიკოსი და საკათალიკოსო საბჭოს ცხრა წევრი დააპატიმრეს. მას შვიდი წელი მიუსაჯეს. "ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველი ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს", - ბრძანა სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით კათოლიკოსი გაათავისუფლეს, მაგრამ ციხეში ჯანმრთელობაშერყეულმა წელიწად-ნახევარიღა იცოცხლა და 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა წირვისას. წმინდა მამამ წარმოთქვა: "მოხედე, უფალო, ვენახსა ამას, რომელი დაასხა მარჯვენემან შენმან", სამგზის ჯვარი გადასახა თავის ერს და აღფრინდა მისი ნეტარი სული უფლისა მიმართ.

მძიმე ხვედრი
ქრისტეფორე. 1927-32 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქრისტეფორე ციცქიშვილი წინამძღვრობდა. პატრიარქი ეფრემი მას ყოველთვის დიდი პატივისცემით იხსენებდა. ქრისტეფორეს წილად ხვდა ძნელი ხვედრი სარდლისა, რომელიც მტრის საშინელი შემოტევის შემდეგ უკან იხევს, რათა მთელი არმია არ დაკარგოს. დიდად აფასებდა პატრიარქ ამბროსის, მაგრამ გარეგნულად წინ აღუდგებოდა, თუმცაღა ისინი ერთ საქმეს აკეთებდნენ, ოღონდ - სხვადასხვანაირად.

შეისმინე და აღასრულე თხოვნა პატრიარქისა
კალისტრატე. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებდა: "ხშირად მომისმენია: "როდესაც გვინდა წარმოვიდგინოთ მამაზეციერი, უწმინდესი კალისტრატე წარმოგვიდგება თვალწინო". 20 წელი ბრძანდებოდა პატრიარქის საყდარზე კალისტრატე, საქართველოსთვის უმძიმეს წლებში. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მოგვითხრობს ერთი ქალბატონის ნათქვამს უწმინდეს კალისტრატეზე: ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ პატრიარქი კალისტრატე დიდი ხნის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და სიონის საკათედრო ტაძარში მხოლოდ ღვთისმსახურებისას ჰქონდა მისვლის უფლება. ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას, მნახველებს ის თავის ბინაში იღებდა, აქვე იყო მისი კანცელარიაც. პატრიარქმა იმ კოშმარული წლების ყველა საშინელება გადაიტანა. ყველა უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. როცა ქალიშვილი დაუპატიმრეს და გადაუსახლეს, მისი დახმარებაც კი ვერ შეძლო. მაგრამ ვხედავდი, რომ ამ ზნეობრივ განსაცდელებში ხდებოდა მისი სულის ფერისცვალება. სხვა კაცი ავიდა პატრიარქის საყდარზე, სხვანაირი, სულიერი და განბრწყინვებული მამა ჩავიდა სამარეში. ერთმა ჩეკისტმა მის წინაშე აღიარა - უწმინდესო, ჩვენ ვებრძვით ეკლესიას, მაგრამ თქვენ გვიყვარხართო.

დიაკვანი ამბროსი (ქუთაისელი) ჰყვებოდა: გადასახლებიდან დაბრუნებულმა ვკითხე უწმინდესს, როგორ შეგეძლოთ დუმილი, როცა იცოდით, როგორ გვექცეოდნენ ჩვენ-მეთქი. პატრიარქი მუხლებზე დაემხო ჩემს წინ და მითხრა: "მაპატიე". ის წამება, რომელიც პატიმრობისას გადამხდა, დამავიწყდა, - ამბობდა მამა ამბროსი, - მაგრამ იმის გახსენება, რომ პატრიარქი ჩემს წინ დაემხო მუხლებზე, აქამდე მითუთქავს გულსო.

უწმინდესი კალისტრატე წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ამგვარად ლოცულობდა: "შენ მთავარეპისკოპოსი ხარ და მე - პატრიარქი. ამიტომაც შეისმინე და აღასრულე თხოვნა პატრიარქისაო".

იტყოდა მცირეს, მაგრამ აწონილ სიტყვას
მელქისედეკი. უწმინდესი კალისტრატეს ღირსეული მემკვიდრე გახლდათ პატრიარქი მელქისედეკი (ფხალაძე). მან 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო წოდებით, იყო ძველბერძნულის შესანიშნავი მცოდნე, ძველბერძნულიდან უთარგმნია ჰეროდოტეს "ისტორია". ფართო იყო მისი ინტერესების სფერო: ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა. 1915 წელს მღვდლად აკურთხეს. სამი წლის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა და ამან საბოლოოდ გადააწყვეტინა ბერად შედგომა. მისი ცხოვრება განსაცდელებით იყო სავსე. ხელისუფლება ყველანაირად ავიწროებდა. ამბობენ, როცა ეპისკოპოსად აკურთხეს და აფხაზეთში გაგზავნეს, თავისი პირველი ქადაგება წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით დაიწყო: "თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი (ფს. 13,1)". ეს გამოწვევა იყო იმდროინდელი ხელისუფლებისა. ამიტომაც, მრავალი წელი, შვილებთან ერთად, არსობის პურის გარეშე გაატარა. საბოლოოდ, პატრიარქმა კალისტრატემ სასაფლაოს ეკლესიაში გამოითხოვა ადგილი, სადაც მიტროპოლიტი მელქისედეკი საფლავებზე პანაშვიდებს იხდიდა. შემდეგ ტრაგიკულად დაეღუპა ქალიშვილი და მან მთლიანად ეკლესიას მიუძღვნა თავი.

სახე მისი იყო მშვიდი და დიდებული. მასში იგრძნობოდა პატრიარქის ჭეშმარიტი ღირსეულობა. მის დროს ამოქმედდა ბოდბის წმინდა ნინოს, ილორის წმინდა გიორგისა და მოწამეთას ტაძრები, დაუბრუნდა დედაეკლესიას წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნაწილები. იტყოდა მცირეს, მაგრამ აწონილ სიტყვას. ყოველი კაცი ერთნაირი სიყვარულით უყვარდა, იყო მათდამი მკაცრიც და მოწყალეც.

"მაკურთხე, პატარა მამაო"
ეფრემი. ღრმად მორწმუნეთა ოჯახში გაზრდილ პატარა გრიგოლს (ასე ერქვა ერისკაცობაში) ბერობა მონდომებია. ერთ მშვენიერ დღეს გაპარულა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვარს მისდგომია - მორჩილად მიმიღეო. წინამძღვარს უფიქრია, უარი რომ ვუთხრა, ვაითუ, წავიდეს და ხიფათს გადაეყაროსო, ამიტომაც სამორჩილე კაბა ჩაუცმევია მისთვის. ჩუმად მისი სადაურობა გამოუკითხავს და გრიგოლის მამა დაუბარებია. მამამისი, შიო, მისულა მონასტერში, კურთხევა მიუღია წინამძღვრისგან, სათითაოდ მისალმებია მამებს. ბოლოს, შვილთანაც მისულა, ხელები გაუშვერია წყალობის მისაღებად და უთქვამს: "მაკურთხე, პატარა მამაო"... წინამძღვარმა კი დაარიგა თურმე: "ადრეა შენი ბერობა, ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, რათა სამშობლოს მეტი სიკეთე მოუტანოო".

ცნება ოცი წლის შემდეგ აუხდა. ღმერთმა ინება მისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა, მანამდე კი ამქვეყნიური კომუნისტური საზვერეები გაიარა. 8 წელი იყო გადასახლებაში, აქედან 6 წელი ტაიგაში ხეტყეს ჭრიდა. როცა გაათავისუფლეს, იმდენად იყო დაუძლურებული, რომ ექიმებმა დიდი ხნით აუკრძალეს მყარი საჭმლის ჭამა. პატრიარქი

ეფრემი იყო უაღრესად თავმდაბალი. ხშირად სიონის ეზოში ჩამოჯდებოდა ხოლმე და ყველას შეეძლო მასთან საუბარი. ამასთან ერთად იყო პრინციპულიც და ყველანაირად იგერიებდა კომუნისტთა შემოტევებს. ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ მთელ საბჭოეთში სასულიერო სასწავლებლებს ხურავდნენ, მან კი მცხეთაში დააარსა ორწლიანი სამოძღვრებო კურსები, გამოსცა "ახალი აღთქმა", საქართველოს ეკლესიის კალენდარი. კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II შეჭირვების ჟამს "ღვთისმშობლის ხარების" ხატის წინ ამგვარად ლოცულობდა: წმიდაო მთავარანგელოზო, როგორც ერთ დროს ახარე ქალწულ მარიამს, მომიტანე მეც სიხარული და თუ ღვთის ნება იქნება, აღასრულე ჩემი ლოცვებიო. შეისმინა უფალმა მისი ვედრება და ხარება დღეს მისი მართალი სული თავისთან აღიყვანა.

ღირსეული მწირველი
დავით V. 1972-77 წლებში საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უწმინდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი) წინამძღვრობდა. მის მიერ ჩატარებული წირვები გამოირჩეოდა მაღალეკლესიურობით და კრძალვით ღვთის წინაშე. ამ პერიოდში ვითომდა ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ეკლესიის მიმართ, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირად ცდილობდა, ჩირქი მოეცხო მისთვის. დავით V-ს არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი მორწმუნეთა დარბევასა და წირვა-ლოცვისას ეკლესიიდან ახალგაზრდების გამორეკვაზე.

ჩვენს თხრობასაც უწმინდესისა და უნეტარესის დავით V-ის საახალწლო ეპისტოლეთი დავამთავრებთ: "დედისა ნინოს ემბაზსა შინა ნათელღებულო საქართველოვ, სამშობლოვ ჩემო! მრავალტანჯულო, მარად მხნეო, მარად ძლიერო!.. სიტკბო, სიუხვე არ დაგლეოდეს, შენს კანდელს ზეთი არასოდეს დაკლებოდეს, არასოდეს დაგღამებოდეს, მზე სულა გნათობდეს, სულ გათბობდეს, სულ გალაღობდეს... და შენ, ვენახო ჭეშმარიტო, დედაო ღვთისავ! შენ დაიფარე შენი წილხვედრი საქართველო, უკუნისამდე! ამინ".
ბეჭდვა
1კ1