პატრიარქი ეფრემ მეორე ჩემი დიდი მასწავლებელი და უახლოესი სულიერი მეგობარია...
პატრიარქი ეფრემ მეორე ჩემი დიდი მასწავლებელი და უახლოესი სულიერი მეგობარია...
გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" თანამშრომელმა ლუარსაბ ტოგონიძემ თავის კოლექციაში უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის ასზე მეტ ფოტოსურათს მოუყარა თავი.

მასთან ინტერვიუ 2006 წელს ჩავწერეთ.

- ბატონო ლუარსაბ, რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება პატრიარქ ეფრემ მეორის პიროვნებით?

- ვინც XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესდება, ვერაფრით აუვლის გვერდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, რადგან ჩვენი ეკლესიის განსაცდელი, სიხარული, დევნა, დაცემა თუ ამაღლება, ფაქტორივად, ამ ადამიანის ცხოვრებას დაემთხვა. თქვენ იცით, რომ მე სასულიერო პირთა ფოტოსურათების იდენტიფიკაციაზე ვმუშაობ. მასთან სწორედ ამ საქმემ დამაახლოვა და ეს პიროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.

სასულიერო პირთა ბევრი ფოტო არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ამოუცნობია. როგორც კი ამ საქმეს შევუდექი, მაშინვე წავაწყდი ამ პრობლემას. ხედავ - სურათზე მშვენიერი ადამიანები არიან გამოსახულნი, მაგრამ მათი ამომცნობი თითო-ოროლა კაცი თუ მოიძებნება. რომც გამოჩნდნენ ფოტოზე აღბეჭდილი პირების ნაცნობები და თანამედროვენი, იმათაც ხშირად ვერ შეაწუხებ. ამიტომ უწმინდესი ეფრემის მინაწერები, რომლებიც თანდათანობით გამოჩნდა ძველ ფოტოებზე, ჩემთვის გზამკვლევი და დიდი შვების მომტანი გახლდათ. მისი ყოველი მინიშნება და მინაწერი უდიდესი ზრუნვით, ცოდნითა და სასოებით არის გაკეთებული. მათი გაცნობისას გრძნობ, რომ უწმინდესი დამფასებელია ჩვენი წარსულისა, ყოველი იმ პიროვნებისა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. მისი მინაწერები ბევრი საგულისხმო ისტორიის შემცველია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადასახლებიდან დაბრუნდა. შესაძლოა, ეს იმანაც განაპირობა, რომ ამ წლებში პატრიარქი ეფრემი უფრო დაუახლოვდა სიკვდილს და ალბათ სამყაროსაც; უფრო განსხვავებულად აღიქვამდა სიკვდილს და ალბათ სამყაროსაც, რადგან იცოდა ყოველი ადამიანის ფასი.

- სხვათა შორის, მეც იგივე გრძნობა დამეუფლა პატრიარქ ეფრემის პირადი არქივის გაცნობისას. იგი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ფრაზას. მისი ინფორმაცია ლაკონიურია და ამავე დროს მრავლისმომცველი. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ხშირად პატრიარქი წლების შემდეგაც უბრუნდებოდა ზოგიერთ დოკუმენტს და ძალზე მნიშვნელოვან ახალ მინაწერს აკეთებდა.

- დაგეთანხმებით, ნამდვილად ასეა. თვალსაჩინოებისთვის შემიძლია გაჩვენოთ ერთი ისტორიული ფოტო, რომელიც 1947 წელსაა გადაღებული. სურათის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ქუთაის-გაენათისა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი ეპარქიის 12 სასულიერო პირთან ერთად. ფოტოსურათზე აღბეჭდილ ღვაწლმოსილ ადამიანებს გადაუჭარბებლად შეიძლება გმირები ვუწოდოთ, რადგან მათ თავიანთ თავზე გადაიტანეს 20-30-იანი წლების უმძიმესი რეპრესიები. როგორც ჩანს, მათი სიცოცხლე რომ გადაერჩინა, ღმერთმა ამ ადამიანთა ღვაწლი დაფარა. სამწუხაროდ, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, ზოგჯერ წლების გადასახედიდან გვავიწყდება, რა ჯოჯოხეთური განსაცდელი გამოიარა ამ ხალხმა. ურწმუნოების წლებში მათ გადაიტანეს დაცინვა, შეურაცხყოფა, დემონური ცინიზმი. რაოდენ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ტკივილმაც იცის დავიწყება... ადამიანმა შეიძლება თავი გაწირო, მაგრამ როცა შენი საქმიანობით შენი შვილები, ახლობლები, ოჯახის წევრები ზიანდებიან და საფრთხეში აგდებ საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს, როგორ უნდა გაუძლო ამას?! რაოდენ დიდ რწმენა და მტკიცე ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვიდე!

- როგორ მოიპოვეთ ეს ფოტოსურათი?

- ერთმა ახალგაზრდამ მომიტანა. მითხრა: ბაბუაჩემი ფოტოგრაფი იყო, მის ფოტოარქივში აღმოვაჩინეო. ამ ფოტოსურათზე უწმინდეს ეფრემს მღვდელმთავრის ისეთი შესამოსელი აცვია, როგორიც სხვაგან არსად მინახავს. ნახეთ, მხრებზე თითქოს ბორჯღალოები აქვს გამოსახული.

როდესაც სურათს პირველად დავხედე, უწმინდესი ეფრემის გარდა მღვდელი ნიკოლოზ ბერიკაშვილი შევიცანი მხოლოდ. სხვებს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობდი, მათი ახალგაზრდობის ფოტოებიც რომ მქონოდა, მაინც გამიჭირდებოდა ამოცნობა. დავიწყე ამ ფოტოს მოძიება. საბედნიეროდ, საპატრიარქოს არქივში აღმოჩნდა იგივე ფოტო, ბევრად უარესი ხარისხის. მისი დედანი, როგორც ჩანს, უწმინდეს ეფრემს არ ჰქონდა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ფოტოზე უწმინდესი ეფრემის მინაწერი აღმოჩნდა: "ცნობად (სხვათა შორის, პატრიარქი ხშირად იყენებდა ამ სიტყვას განმარტებისთვის): 1947 წლის დიდი ხუთშაბათი. საღმრთო ფეხ-ბანვა შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიაში, სადაც იმ დროს იყო დავანებული კათედრა ქუთაისისა". ეს ერთი წინადადება, როგორც ხედავთ, გვაუწყებს, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ჭყონდიდიც შედიოდა; მეორე - მთავარანგელოზთა ტაძარი იმხანად ეპარქიის საკათედრო ტაძარი ყოფილა. შემდეგ რიგრიგობით მიანიშნებს: "დაესწრნენ: მარჯვნივ მღვდელმთავრისაგან - დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, დეკანოზი ივლიანე ყიფშიძე, მღვდელი ჩიჩუა, მღვდელი სერგი მიქაშავიძე, მღვდელი ნიკოლოზ ბერიკაშვილი, მღვდელი კოზმა, მღვდელი სიმონ ხვადაგიანი, დეკანოზი პარმენ ებანოიძე, დეკანოზი ვასილ ტაბატაძე, მღვდელი ნიკოლოზ არსენიშვილი, მღვდელი ამბროსი ჩიკვაიძე, მღვდელ-მონაზონი სიმონ გოცაძე, მღვდელი ვასილ ტაბატაძე". თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ გამოსახულია ქუთაის-გაენათისა და ჭყონდიდის ეპარქიის ყველაზე აქტიური სამღვდელოება, რომელმაც დიდი ქარტეხილები გამოიარა, ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ეპოქალური მნიშვნელობის ფოტოსურათთან. ამ პიროვნებების ვინაობის გაშიფვრით უწმინდესმა ეფრემმა მათი სახეები შთამომავლობას შემოგვინახა.

როგორც ჩანს, პატრიარქ ეფრემს დიდი არქივი ჰქონდა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიფანტა და ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია.

აი კიდევ ერთი საინტერესო ფოტო, რომელზეც გამოსახულია პატრიარქის მიერ დაარსებული სამოძღვრებო კურსების პირველი გამოშვება: "იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის სახელობის მცხეთის სამოძღვრებო კურსების პირველი გამოშვება გადაღებულია მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანთან, სადაც იმყოფება კურსები" - მიუწერია უწმინდეს ეფრემს სურათის მეორე მხარეს. გადაღებულთაგან დღეს მხოლოდ უწმინდესი ილია მეორე, არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი და ქ-ნი თაისი ტორონჯაძე არიან ცოცხალი. სხვათა შორის, ამ სურათის თხუთმეტამდე ასლი შემხვდა. უწმინდეს ეფრემს მისალოცი ბარათების გაგზავნასთან ერთად სურათების გადაღება და მათი გაჩუქებაც უყვარდა. უკანა გვერდზე ფოტოს გადაღების ისტორიას ჰყვებოდა, გვაცნობდა მასზე გამოსახულ სასულიერი პირებს ან რაიმე საგულისხმო ფაქტზე ამახვილებდა ყურადღებას.

ღვთის წყალობით, ბავშვებთან ურთიერთობის საოცარ ხელოვნებას ფლობდა და სიყვარულის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა. ამდენი გაჭირვების მიუხედავად, ცხოვრება არასდროს მობეზრებია და ბოლომდე შეინარჩუნა კეთილგანწყობა ადამიანებისადმი, რომლებთან ურთიერთობითაც ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.

გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც მელქისედეკ კათოლიკოსს სამღვდელოების დიდი ნაწილი უნდა დაესაჯა. მაშინ მიტროპოლიტმა ეფრემმა უდიდესი ლმობიერება და გულისხმიერება გამოამჟღავნა ამ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მომავალში ფასდაუდებელი ამაგი დასდეს საქართველოს ეკლესიას.

უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ ხორცი შეასხა ლეონიდეს, კირიონის, ამბროსისა და საქართველოს სხვა დიდი პატრიარქების ნატვრას - გახსნილიყო სასულიერო სასწავლებელი, რომ ძველი თაობა ახალს შეეცვალა, რასაც პირადად მე პატრიარქ ეფრემის უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ მის სხვა მრავალ დამსახურებას შორის და აი, რატომ: უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის დროს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც, უდავოდ, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში სხვა საფრთხემ იჩინა თავი: როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სახელმწიფო აპარატის გავლენიან წრეებში გამოჩნდნენ ხელისუფლების ცენტრალიზაციის თავგამოდებული ქომაგები, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, თუ საბჭოთა კავშირი ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ მოიაზრება, მაშინ რატომ უნდა იყოს საქართველოს ან თუნდაც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დამოუკიდებელი მმართველობაო. ამ კამპანიის ასაგორებლად კრემლში უამრავი საჩივარი იგზავნებოდა საქართველოდან რუსი მოხუცი ქალების ხელმოწერებით, რომლებიც იმხანად ჩვენი ეკლესიების მრევლის უმრავლესობას შეადგენდნენ და საბჭოთა ხელისუფლების დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ რუსეთიდან. ამ საჩივრებზე რეაგირება რომ მოეხდინათ, თუ რომელიმე მოხუცებული სასულიერო პირი გარდაიცვლებოდა საქართველოში, რუსი სამღვდელო პირი უნდა გამოეგზავნათ (ძირითადად ეს აფხაზეთში ხდებოდა). სხვათა შორის, რუსი სამღვდელოებიდანაც ბევრს გაუჩნდა იმ დროს საქართველოში მსახურების სურვილი. ამას ემატებოდა ისიც, რომ ახალგაზრდა სასულიერო პირები აღარც კი არსებობდნენ.

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ასეთი ხელჩართული ბრძოლის პირობებში უწმინდესმა ეფრემმა წარმოუდგენელი რამ შეძლო - საქართველოში სამოძღვრებო კურსები გაიხსნა, რომელიც ცოტა ხანში მცხეთის სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მართალია, მისი პირველი გამოშვება ოთხად ოთხ კაცს ითვლიდა, მაგრამ რამხელა შენაძენი იყო ქართული ეკლესიისთვის! სწორედ უწმინდესი ეფრემის უდიდესი დამსახურების შედეგი იყო, რომ ქართული ეკლესია ფეხზე წამოდგა მაშინ და გადარჩა. იგი უდიდესი ადამიანი და ღვთისგან მოვლინებული პიროვნება გახლდათ, რომელიც მე ჩემს პირად მასწავლებლად მიმაჩნია.

- ბატონო ლუარსაბ, თუ არ ვცდები, თქვენ რომ დაიბადეთ, პატრიარქი ეფრემი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამ პიროვნებასთან უდიდესი სულიერი განცდა მაკავშირებს, რადგან მის ნაკვალევს ჩემი საქმიანობით შევხებივარ, ამიტომ იგი ჩემი გზამკვლევი და უდიდესი მასწავლებელია.

- მაინტერესებს თქვენი, როგორც ფოტოხელოვანის, თვალით დანახული ეფრემ მეორე...

- მე ძველი აღთქმის მამამთავრებს სწორედ ასეთებად წარმოვიდგენ... არ ვიცი, შესაძლოა ეს სიტყვები სხვაგან მქონდეს ამოკითხული და მას შემდეგ აღვიქვამდე ასე ეფრემ პატრიარქს. ძალიან ღირსეული გარეგნობა ჰქონდა. ახალგაზრდობიდან გამოირჩეოდა თავისი ხშირი, ხვეული თმა-წვერით. როგორც ამბობენ, გურიის უკანასკნელი მთავარი ჯამბაკურ გურიელიც გამორჩეული ყოფილა გარეგნობითა და ჩაცმულობით. ერთგან წავიკითხე, სწორედ მას ამსგავსებდნენ უწმინდეს ეფრემს თმით, წვერ-ულვაშითა და ნათელი, მეტყველი სახით. ერთი ასეთი შემთხვევაც არის მოთხრობილი: როდესაც უწმინდესი ეფრემი სემინარიის სტუდენტი ყოფილა, სტიქაროსნად მსახურობდა თურმე სამხედრო ტაძარში. ეს ტაძარი იქ იდგა, სადაც ამჟამად პარლამენტის შენობა დგას. საღმრთო ლიტურგიას ეგზარქოსიც ესწრებოდა და რუსეთის მეფისნაცვალიც. სტიქაროსან ეფრემს იმ დღეს ცეცხლი წაჰკიდებია თმაზე შემთხვევით და ვინაიდან ხშირი, ხვეული თმა ჰქონდა, ძლივს ჩააქრესო, - იგონებს ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც სწორედ იმ დღეს უკურთხებიათ მღვდელმსახურად.

უწმინდეს ეფრემს ძალზე შთამბეჭდავი, ფოტოგენური გარეგნობა ჰქონდა. განსაკუთრებით მომწონს ბათუმში გადაღებული ფოტო. "ეს-ეს არის გავხეხე ქვაბები და დავჯექი დასასვენებლად" - ასეთი მინაწერი გაუკეთებია ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტ ეფრემს ამ სურათზე. წარმოიდგინეთ, როგორი თავმდაბლობაა მისი მხრიდან. ამ ერთ წინადადებაში ეკლესიის მაშინდელი სავალალო მდგომარეობაც არის გადმოცემული...

რა კარგი იქნებოდა, ეს სიტყვები ჩვენთვის სამაგალითო გამხდარიყო! ბევრი ჩემი თანატოლი უკვე სასულიერო პირი გახდა, ზოგი ჯერაც სასულიერო აკადემიის სტუდენტია. მათთვის ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: პირველ რიგში წინაპრების ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რომ ისინი ჩვენი გზის მაჩვენებლები გახდნენ და ცხოვრებაში სწორი მიმართულებით ვიაროთ, ამიტომ არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ ვიტყვი, რომ პატრიარქი ეფრემ მეორე ჩემი დიდი მასწავლებელი და უახლოესი სულიერი მეგობარია...

ამით ვასრულებთ წერილების ციკლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის ცხოვრებისა და სასულიერო მოღვაწეობის შესახებ, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია იბეჭდება ჟურნალ "კარიბჭეში".

მადლობას მოვახსენებთ თანამშრომლობისთვის იმ ორმოცზე მეტ სასულიერო და საერო პირს, რომლებმაც წარსული გაგვიცოცხლეს და განსვენებულ პატრიარქზე მრავალი საინტერესო მოგონება შემოგვინახეს. პატრიარქ ეფრემ მეორის ლოცვა შეეწიოს ყოველ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს.
(დასასრული)
ბეჭდვა
1კ1