გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკული ღვთისმეტყველების ლექტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
თეოლოგიის მაგისტრი
ირაკლი ლორთქიფანიძე:- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (ოქროპირიძე) XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე იყო. 1900-1907 წლებში განაგებდა იმერეთის ეპარქიას, ხოლო 1908-1917 წლებში გურია-ოდიშის ეპარქიას. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში. განრისხებულმა ეგზარქოსმა ინოკეტიმ გადაწყვიტა შეევიწროებინა ავტოკეფალიის მომთხოვნი მღვდელმთავრები და იერიში იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეზე მიიტანა.
მოგეხსენებათ, ასი წლის განმავლობაში სულიერდ იხრწნებოდა და ქონებრივად ღატაკდებოდა უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. გლოვის ხმით რეკდა დიდებული დედა სიონის ზარი და მის კვნესას უერთდებოდა სვეტიცხოველი, გელათი, ბოდბე, გარეჯი - ქართველი ერის დიდების სახელოვანი მოწმენი.
ეპისკოპოსი ლეონიდე პეტერბურგში სინოდის წინარე სხდომებზე მედგრად იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეას. მან უშიშრად განაცხადა:
"დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყოსი, თვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას."
მეუფე ლეონიდეს სინოდის ობერ-პროკურორმა სიტყვა შეაწყვეტინა:
"თქვენ ვერ დაგვარწმუნეთ როგორ აპირებს ქართველი სამღვდელოება სარწმუნოების გაუმჯობესებას საქართველოში ავტოკეფალიის მიღების შემთხვევაშიო", რაზედაც მეუფე ლეონიდემ უპასუხა:
"ეკლესიის სათავეში იქნება ისეთი კაცი, რომელსაც ეცოდინება თავისი სამწყსოს ენა, ჩვეულება, ფსიქოლოგია, და განა ეს არ გააუმჯობესებს საქმესო?!". როგორც ეპისკოპოსი კირიონი იხსენებდა - ერთ-ერთი სხდომის დაწყების წინ რაღაც საკითხზე ედავებოდა ეგზარქოსს, როგორც გაირკვა მან გადაჭრით უთხრა (ეგზარქოსს) -
ქართველ სამღვდელოებას და ერს მტკიცედ აქვს შეგნებული ავტოკეფალიის აღდგენის საჭიროება და თუ მხარი არ დავუჭირეთ თვითონ აასრულებენ თავიანთ განზრახვას. რუსეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართველი საზოგადოების აზრი გამოთქმული ეპისკოპოს კირიონისა და ლეონიდეს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ და დაიწყო ავტოკეფალისტების დევნა-შევიწროება.
ეპისკოპოსი ლეონიდე თავის ქადაგებებში ეხებოდა საქართველოს წარსულს, აწყმოსა და მომავალს. აქტიურად აქვეყნებდა წერილებს, სადაც ამტკიცებდა ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას.
1906 წელს, იმერეთის ეპისკოპოსობის დროს, ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ, (ჟურნალ "მწყემსში") გამოაქვეყნა წერილი, სადაც საუბრობდა ავტოკეფალიის აღდგენისა და მნიშვნელობის შესახებ. ის ამბობდა:
"სიტყვით და წერილობით ვარწმუნებდი სინოდს, რომ ავტოკეფალიას თხოულობს საქართველოს სამღვდელოება, ესაა შეურყეველი რწმენა სამღვდელოებისა, ვერა-გვარი ქვეყნიური ძალა ვერ აღმოფხვრის ამ რწმენას სამღვდელოების გონებიდან, კომპრომისებზე არ გასცვლის იგი ამ რწმენას და თუ საჭირო იქნება, არც არავითარ მსხვერპლს არ დაერიდება ამ გულითადი საწადელის განხორციელებისათვის,სიჩუმე ამ შემთხვევაში დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს სამღვდელოებას, მან დაუყონებლივ უნდა გამოთქვას, რომ თავის სახელს არავის ათელვინებს. მტკიცედ მოვითხოვთ ჩვენი სამშობლოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას".
ლეონიდი, ეპისკოპოსი იმერეთისა ●●●
ეპისკოპოსი ლეონიდე თვლიდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერთადერთი გზა იყო ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების გადარჩენისათვის.
1914 წლის 13 თებერვალს მეუფე ლეონიდემ ვრცელი წერილი გაუგზავნა აკაკი წერეთელს: მცირე ამონარიდს მოვიტან..
"ციური დიდების შარავანდედით მოსილო ბატონო აკაკი!
მოგმართავთ უგულითადესი თხოვნით, ვედრებით და ხვეწნა-მუდარით: ჩვენი სამშობლო ეკლესია მიექანება თავდაღმა, უფსკრულში.. საშიში ხდება მისი მდგომარეობა, თუ სიჩქარით არ გამოიძებნა მის გადასარჩენად უეჭველი საშუალება, ხელიდან წაგვივა და დაგვეკარგება მამა-პაპათაგან ნაჭირნახული ოდესმე ქებული ივერიის ეკლესია. ..ეკლესიის ცხოვრებაში ავტოკეფალიის აღდგენა.. ესაა ერთადერთი უტყუარი საშუალება.. ეკლესია-ხალხია, ეკლესიის შემადგენლობა - ერია, ერს ხმა ღვთის ხმის ტოლია და აი სწორეთ ეს ღვთის ხმა უნდა გაიგონოს ჩვენი ეკლესიის დამჩაგვრელებმა, ერის ხმამ უნდა აგრძნობინოს ჩვენს მოპირდაპირეს, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენას ერის პირით თხოულობს თვით ღმერთი დიდი...
თქვენი ღრმად პატივისმცემელი მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი."ყოვლადსამღვდელო ლეონიდეს წილად ხვდა დიდი პატივი, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან წაეკითხა ავტოკეფალიის აღდგენის აქტი და სრულიად საქართველოსათვის ეხარებინა 106 წლოვანი მონობისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განთავისუფლება.
დაასრულა კითხვა და ეპისკოპოსმა ლეონიდემ ჯვარი გარდასახა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ ათასობით მორწმუნეს.
1917 წლის 13 მარტს, საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ეპისკოპოსი ლეონიდე, დროებითი მმართველობის მდივნის დავით დავიდოვის (დავითაშვილის) თანხლებით, გაემართა, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ფილიალი-ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი ("ოზაკომი") და გადასცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი.
1917 წლის 14 მარტს ეპისკოპოსები: ლეონიდე, ანტონი, პიროსი მივიდნენ საქართველოს ეგზარქოს პლატონთან (როჟდესტვენსკი) და გამოუცხადეს, რომ მცხეთაში მომხდარი აქტის საფუძველზე იგი გადაყენებულია საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობიდან.
მიტროპოლიტმა ლეონიდემ უდიდესი როლი შეასრულა 1917 წლის 12 (25) მარტიდან 1917 წლის სექტემბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დროებითი მმართველობის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობდა დროებითი მმართველობის სხდომებს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, სასულიერო და საერო პირები. დროებითი მმართველობის სხდომებზე იხილებოდა საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფოსა და ეკლესიის საეკლესიო ქონების, ყოფილ საეგზარქოსოსთან დამოკიდებულების საკითხები.
მიტროპოლიტმა ლეონიდემ, 1918 წლის 12 (25) მარტს შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის წლისთავისადმი: ..წელიწადი შესრულდა, ძვირფასნო, სამშობლო ეკლესიის თავისუფლებას ვეზიარენით. წელიწადი გავიდა, რაც ამ დიდებული ტაძრის თაღების ქვეშ პირველად ჩავისუნთქეთ თავისუფალი ეკლესიის ჰაერი.
შარშან ამ დროს იყო, რომ მორწმუნე ქართველობა, საქართველოს ყველა კუთხეებიდან მოზღვავებული ამ მამა-პაპათა თავმოსაწონი სამლოცველოს ფართო გალავანში მხიარულებით აფრიალებდა თავისუფლების სანატრელ დროშას. შარშან ამ დროს იყო, რომ ქართველმა სამღვდელოებამ პირველად შესწირა ამ ტაძარში სამშობლოსა და ერისათვის უსისხლო მსხვერპლი რუსეთის ეკლესიისაგან დამოუკიდებლად!აქ, სვეტიცხოველში, წარსული წლის მარტის თორმეტს..დღესასწაულობდა და ზეიმობდა ქართველობა..●●●
1917 წლის 12 (25) მარტს, საზეიმოდ ირეკებოდა საქართველოს ეკლესიის სამრეკლოს ზარები. ეს არ იყო ჩვეულებრივი დღესასწაულის მაუწყებელი. რაღაც სხვა სიხარული მოჰქონდა მას სამწყსოსათვის. ხელახალი დაბადების, დაკარგული თავისუფლების დაბრუნებისა...ამ დღეს უძველესმა ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მოიცილა თავიდან მისთვის უცხო, ჩაგვრისა და უუფლებობის უღელი და დაიწყო ახალი ცხოვრება, ეს იყო დიდი წყალობა, დიდხანს რომ მოელოდა ქართველი ერი. საუკუნეზე მეტ ხანს ჰქონდა თვითმწყსობის უფლება ჩვენს ეკლესიას ჩამორთმეული, საუკუნეზე მეტ ხანს იყო პატივაყრილი უძველესი ქართული სამოციქულო ეკლესია.
●●●
2017 წლის 12/25 მარტი ისტორიული დღეა ჩვენს ცხოვრებაში. 100 წლის წინ, ამ დღეს კვლავ ფეხი აიდგა ჩვენმა დატყვევებულმა ეკლესიამ. საბოლოოდ დაიყარა მონობის ბორკილი და დაადგა ახალ გზას განახლებისას.
ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს სახელოვან თარიღს, ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს! ვუსურვებთ მარად ღვთისმშობლის საფარველ ქვეშ ყოფნას, სულიერ ზრდასა და ამაღლებას აღთქმული ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად.
"ამიერიდან უკვე აღარა ხართ უცხო და მწირ", არამედ, თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო" (ეფეს.11.19,20).