როცა გაგიჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავზე, მითხარით თქვენი გასაჭირი და იქიდან დაგეხმარებით
როცა გაგიჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავზე, მითხარით თქვენი გასაჭირი და იქიდან დაგეხმარებით
"საქართველოს იმდენი წმინდა მოწამე ჰყავს, ჩვენი მიწა ნებისმიერ ადგილას რომ აიღოთ და ხელით გამოწუროთ, სისხლი გამოუვა..."
უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ზედმიწევნით მოწესრიგებული, პუნქტუალური და სიმართლის მოყვარული პიროვნება გახლდათ. მისი პიროვნული სიძლიერე და თავისებურება კარგად ჩანს საპატრიარქოს არქივში დაცული იმ დოკუმენტებიდანაც, რომელთაც მის ხელში გამოუვლია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მომთხოვნი იყო როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ და ადამიანების შეცნობის უტყუარი ალღო ჰქონდა, თავისი ინტუიცია და განწყობილება არასდროს გამოუყენებია პირადი ანგარიშსწორებისთვის და გადაწყვეტილების მიღებისას მიკერძოებულიც არასდროს ყოფილა. სიმართლის თქმას არასოდეს მორიდებია და მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხსა თუ პიროვნებისადმი მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებშიც შეულამაზებლად აისახებოდა, თუმცა იერარქიული მდგომარეობა ავალდებულებდა, ყველას მიმართ შემწყნარებელი და მიმტევებელი ყოფილიყო, რადგან ასე ესმოდა ქრისტიანული ცხოვრების არსი. ამის საილუსტრაციოდ ერთი პატარა განცხადებაც გამოდგება: "60 წელი მედავითნე ვიყავი, ახლა მიჭირს და დამეხმარეთ", - წერს პატრიარქ ეფრემს მ.ე. მის თხოვნაზე ასეთი რეზოლუცია დაუდია: "ეს კაცი ლანძღავდა ყველას, უწმინდეს მელქისედეკს, მეც, მერე საჩივრებს აგზავნიდა რწმუნებულთან. სამეურნეო ნაწილის გამგეს ვუბრძანებ, ჩემი საკუთარი ხელფასიდან გაიღოს ყოველთვიურად 10 მანეთი. კ.პ. ეფრემ II".

პატრიარქის ამ თვისების შესახებ არქიმანდრიტ ანტონსაც (გულიაშვილი) არაერთხელ აღუნიშნავს: "უწმინდეს ეფრემს ვერაფერს გამოაპარებდით. როცა გავიცანი, ახალგაზრდა ვიყავი და მისი საყვედური რომ არ დამემსახურებინა, ხშირად მიწევდა ბავშვური თავისმართლება და ზოგჯერ, თავდაცვის მიზნით, ჩემდაუნებურად ტყუილიც წამომცდებოდა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში გამოხედვით მაგრძნობინებდა, რომ ჩემი არ სჯეროდა. როცა მის განმგმირავ მზერას ვეღარ გავუძლებდი და თავს დავხრიდი, მეტყოდა: "დაიმახსოვრე, შვილო, ბერი ეშმაკზე ორი დღით ადრეა დაბადებული. მე შენ ვერაფრით მომატყუებ, ამიტომ გირჩევნია, ჩემთან ყოველთვის სიმართლე ილაპარაკო". აი, ასე გადამაჩვია მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს".

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე დიდ ნდობას უცხადებდა და გამორჩეულად უყვარდა ჩვენი დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც პატრიარქ ეფრემისთვის მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების პირველი დღიდანვე ყველაზე სასურველი პიროვნება გახლდათ.

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის ანგელოზის დღეს მასთან ყოველთვის იკრიბებოდნენ წმინდა სინოდის წევრები და პატრიარქთან დაახლოებული სასულიერო პირები. ეს ტრადიცია არც 1965 წლის 31 იანვარს დარღვეულა. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ილიამ, ჩვეულებისამბერ, ამ შეკრებაზეც წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც, ვფიქრობთ, პატრიარქის უახლოესი გარემოცვის სათქმელიც გამოთქვა.

გავიხსენოთ ამ გამოსვლის რამდენიმე ფრაგმენტი:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამათავარო და ჩვენო მოწყალეო მამაო!

წყალობამ ღვთისამან შეგვკრიბა ჩვენ აქ დღეს, რათა ერთითა გულითა და ერთითა კეთილი გრძნობითა თქვენი უწმიდესობის საკეთილდღეოდ აღვავლინოთ ღვთისადმი ჩვენი მხურვალე ლოცვები. დღეს ქართველი ერი და ჩვენი წმიდა ეკლესია ზეიმობს თქვენი ანგელოზის დღეს.

ვისაც სურს, არ შეიძლება არ დაინახოს, რა ძნელი და რთული იყო და არის თქვენი ცხოვრების გზა. ეს იყო თქვენთვის განსაცდელი, რომელსაც ხვდებოდით მორჩილებით და სიმდაბლით. თქვენ მუდამ გულში ახარებდით და გახსოვდათ ჩვენი დიდი მგოსნის სიტყვები: "სიმდაბლე მსგავს არს ვაზსა დახრილსა და აღსავსესა ნაყოფითა კეთილითა" (სულხან-საბა ორბელიანი) და ამიტომაცაა, რომ სიმდაბლით მოიპოვეთ სიმაღლე. აღსრულდა განგება ღვთისა, რომელმაც აგიყვანათ და დაგსვათ თქვენ საპატრიარქო ტახტზე.

ახლა თვალწინ მყავს წარმოდგენილი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, ერეკლეს ძე. მაგონდება მისი ტირილი და გოდება დაობლებულ საქართველოს ეკლესიაზე. იგი იმედდაკარგული და დამწუხრებული რწყავდა რუსეთის მიწას თავისი მდუღარე ცრემლით. ახლა გადმოგვხედე და ნუ ტირი, ჩვენო დიდო წინაპარო და უწმიდესო ანტონი მეორევ. საქართველოს ეკლესიამ კვლავ მოიპოვა დაკარგული დამოუკიდებლობა და შენს ტახტზე კვლავ ბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - ზეგარდმო მადლით ცხებული.

უფალმა დაიცვას ერი ჩვენი და პატრიარქობა თქვენი, უწმინდესო მეუფეო, ჯვარითა ჭეშმარიტითა, რათა დაუბრკოლებლად უძღოდეთ ეკლესიასა ჩვენსა, ვითარცა მოსე ისრაელსა.

ჩემი კეთილი სურვილები მინდა გამოვთქვა დიდი თამარის სიტყვით: "...ვერ მიგხედოს შენ თვალმან ვარხვისამან და არა დაითრგუნო შენ ძეთაგან მოქადულთა და არა წარხდეს შენს ზედა ლომი" (ქართული მჭევრმეტყველება).

ქართველი ერის სასიხარულოდ დღეგრძელ იყოს ჟამი ცხოვრებისა თქვენისა. ამინ!"

სასიხარულოა, რომ სიყვარული და ერთგულება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავის ქადაგებებში დღესაც ხშირად იხსენებს უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს როგორც სამაგალითო პიროვნული თვისებების მქონე ადამიანს, რომლის ავტორიტეტმა და დიდმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის გადარჩენაში.

2010 წლის 7 აპრილს, ხარების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა:

"დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორე სიდამონიძის გარდაცვალების დღე. იგი დიდი პატრიარქი და ერის სულიერი მამა ბრძანდებოდა. ამიტომ ჩვენ ახლა მისი სულისათვის პანაშვიდს შევასრულებთ.

ეფრემ მეორე განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ. იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა. ახლა ერთი შემთხვევა მახსენდება. მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი ვიყავი. ერთხელ მივედი მასთან და სტუდენტების დაწერილი თხზულებები მივუტანე. იმხანად სულ 6-7 სტუდენტი გვყავდა. მან წაიკითხა ეს ნაშრომები და ერთ-ერთ სტუდენტზე მითხრა: "ეს კაცი საქართველოს ეკლესიის მტერი იქნებაო". იგი ძალიან ნიჭიერი და კარგი სტუდენტია და რატომ ამბობთ ამას-მეთქი? - შევწუხდი.

გავიდა დრო და მისი სიტყვები აღსრულდა.

აი, ასეთი საოცარი პიროვნება გახლდათ უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი, უდიდესი მოღვაწე და მოწყალე, ფრიად განსწავლული და წიგნიერი. ეფრემმა დაამთავრა სემინარია და უნივერსიტეტი. მან ზედმიწევნით იცოდა ძველი ქართული ლიტერატურა, წმინდანთა ცხოვრება.

ერთხელ უწმინდესმა ეფრემმა მითხრა: "როცა გაგიჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავზე, მითხარით თქვენი გასაჭირი და იქიდან დაგეხმარებითო".

ჩვენ დღეს ვიხსენებთ უწმიდეს და უნეტარეს ეფრემს, ვლოცულობთ მისი სულისათვის. მისი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ ყოველთა და სრულიად საქართველოს".

გიორგობის დღესასწაულზე კი უწმინდესმა ილია მეორემ ასეთი რამ გაიხსენა:

"პატრიარქი ეფრემი იტყოდა: "საქართველოს იმდენი წმიდა მოწამე ჰყავს, ჩვენი მიწა ნებისმიერ ადგილას რომ აიღოთ და ხელით გამოწუროთ, სისხლი გამოუვაო".

1966 წლის 14 ივნისს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემ მეორეს დახურულ წერილს უგზავნის:

"ღრმად პატივცემულო ბ-ნო ეფრემ!

მაპატიეთ, ასე უბრალოდ რომ მოგმართავთ, მაგრამ ეს ხომ დახურული წერილია.

აი, მოახლოვდა ჩვენი დიდი წინაპრის, საქართველოს დიდების - შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი.

მოგაგონებთ, ბატონო ეფრემ, ცნობილ ჭეშმარიტებას, რაც თქვენ უთუოდ პირველთაგანს მოგეხსენებათ, რომ საქართველო, როგორც ამას ჩვენი ძველი მოღვაწეები იტყოდნენ ხოლმე, შემოინახა სახნისმა, ჯვარმა და ხალხმა. და მე ამ სამ დიდ ფაქტორს დავუმატებდი მეოთხესაც - წიგნს... და ეს წიგნი იყო "ვეფხისტყაოსანი".

ბატონი ირაკლი აბაშიძე აღნიშნავდა: "ჩვენი დიდი წინაპრის შოთა რუსთაველის სახელი დიდი ხნის განმავლობაში იდევნებოდა ეკლესიის მსახურთა მიერ (მას მხედველობაში ჰქონდა ტიმოთე გაბაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება შოთა რუსთაველის შესახებ ("ბოროტთა ლექსთა მთქმელი, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და გარყვნა ქრისტიანობა..."). ასე მოდის ეს ამბავი ჩვენს დრომდე.

დღეს, ბ-ნო ეფრემ, ხომ აშკარად ნათელია, რომ ეს დევნა შემდეგი დროის, შემდეგი საუკუნეების ადამიანთა მიერ "მოწყობილი" საქმეა? თავის სიცოცხლეში შოთა რუსთაველი ხომ ჯვრის მონასტერმა მიიღო, როგორც ახლა ეს საბოლოოდ დადასტურდა. იქ, პალესტინაში, იერუსალიმში მიეცა მას უკანასკნელი თავშესაფარი და იქვე დაუწესდა სიკვდილის შემდეგ ჯვრის მონასტრის აღაპებში სულის მოსახსენებელი: "მასვე ორშაბათსა აღაპი არს შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა". აქედან ჩანს, რომ მე-12-13 საუკუნეებში, ე.ი. შოთა რუსთაველის სიცოცხლეში, აზრადაც არავის მოსვლია საქართველოს ეკლესიაში ჩვენი დიდი წინაპრის, ჩვენი დიდი სულიერი მამის შერისხვა და ეკლესიიდან მოკვეთა.

აქ ნუ შევეხებით იმის ძიებასა და რკვევას, თუ რატომ მოხდა შემდეგ საუკუნეებში ეს გაუგებრობა და უსამართლობა, თუ რატომ გამოაცხადეს შემდეგი საუკუნეების სასულიერო პირებმა შოთა რუსთაველი ქრისტიანობის მოწინააღმდეგედ. ეს ფაქტი, სამწუხაროდ, ჩვენი წინაპრების ჩამორჩენილობაზე ლაპარაკობს, რაც საერთოდ ჩვენი ხალხის აზროვნების მაშინდელი დონით და ჩვენი რუსთველოლოგიური მეცნიერების მაშინდელი მდგომარეობით იყო განპირობებული. ამიტომაც ახლა იქნებ უმართებულოც იყოს საყვედური ჩვენი წინაპრებისადმი დღევანდელი აზროვნების, დღევანდელი მეცნიერების სიმაღლეებიდან.

დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად, დღევანდელი მეცნიერების დონეზე, არავის გვეპარება ეჭვი იმაში, რომ "ვეფხისტყაოსნის" ფილოსოფია ნამდვილად ქრისტიანული ფილოსოფიაა და რომ ეს გენიალური წიგნი ქრისტიანული სამყაროს ოქროს ფონდს ეკუთვნის. ეს თქვენ, ბ-ნო ეფრემ, ალბათ ერთ პირველთაგანს კარგად მოგეხსენებათ. ეს ეჭვმიუტანელი ფაქტია, - აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე და თავისი თვალსაზრისის გასამყარებლად მხატვრულ სიტყვას იშველიებს თავისი ლექსთა კრებულიდან "პალესტინა, პალესტინა", ბოლოს კი ასე აჯამებს: - და აი, დღეს მე მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ეკლესიის მეთაურს: გაჰფანტეთ ეს ისტორიული გაუგებრობა თქვენს მრევლში შოთა რუთაველის იუბილეს დღეებში. იქადაგეთ სიონში ან მცხეთის სვეტიცხოველში შოთა რუსთაველის დიდი სახელის მოსახსენებლად მისი დაბადების 800 წლისთავზე. დააწერეთ "მასვე ორშაბათსა აღაპი შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა", როგორც ეს ჯვრის მონასტერში იყო.

იმ წიგნის დამწერს, რომელმაც საქართველო 700 წელიწადს შეინახა, ეს პატივი ეკუთვნის. მას მეტიც ეკუთვნოდა. იგი წმინდანთა პანთეონში უნდა ყოფილიყო, რომ არა ჩვენი ბედის უკუღმართობა, გაუგებრობა და უმეცრება. შოთა რუსთაველი წმინდანთა შორის უნდა ყოფილიყო შერაცხული. ვინ რა გააკეთა მასზე მეტი საქართველოსთვის?

წარმოგიდგენიათ, რა შორს წაიღებს საქართველოს სახელს ქრისტეანულ მსოფლიოში, რომ თუნდაც დღესაც ჩვენი დიდი შოთა რუსთაველი შერაცხულიყო ქართული ეკლესიის წმინდანად, რითაც დაგვიანებით მაინც გამოსწორებული იქნებოდა ჩვენი წინაპრების საბედისწერო შეცდომა.

ბ-ნო ეფრემ, იქნებ ისტორიამ სწორედ თქვენ გაკუთვნათ ეს დიდებული საქმე, წილად გარგოთ ეს დიდებული მოვალეობა და განხორციელების ფორმებს, რასაკვირველია, გვწამს, დიდებულად მონახავთ.

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ასე უბრალოდ მომართვა. თქვენთან რამდენიმე შეხვედრამ განსაზღვრა ამ წერილის სტილი.

უღრმესი პატივისცემით, თქვენი ირაკლი აბაშიძე".

სწორედ ამ წერილში გამოთქმული თხოვნა გახდა საფუძველი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის მონოგრაფიისა "სიტყვა რუსთაველის წიგნის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ" (ავტორს სხვა სათაურებიც შეურჩევია: "რუსთაველის აღმსარებლობისათვის", "ვეფხისტყაოსნის" დევნისათვის"), რომელიც 1966 წლის 30 ოქტომბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ წაიკითხეს სიონის საკათედრო ტაძარში.

მორწმუნე საზოგადოებასა და სამღვდელოებასთან ერთად ამ თავყრილობას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

რაც შეეხება ბატონი ირაკლი აბაშიძის სურვილს შოთა რუსთაველის წმინდანად შერაცხვისა, ამის რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონოდა, თავისი უმაღლესი სასულიერო წოდებისა და ტიტულის მიუხედავად, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე იმ დროში ვერაფრით შეძლებდა ამ საკითხის გატანას - საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდს აღარავინ შეურაცხავს წმინდანად, რადგან ამის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, კომუნისტური რეჟიმის პირობებში კი ეს მით უფრო წარმოუდგენელი იყო.

ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ პატრიარქმა ეფრემმა მოხსენება თავისი დაბადების 70 წლისთავის წინა დღეს წაიკითხა. თუნდაც ეს ფაქტი და ავტორის მიერ მონოგრაფიაში გამოხატული უდიდესი მხარდაჭერა და სიმპათია შოთა რუსთაველის პერსონისადმი გვაფიქრებინებს, რომ, თუ საშუალება მიეცემოდა, პატრიარქი უპირველესად სწორედ შოთა რუსთაველს შერაცხავდა წმინდანად.

დიდი საღვთისმეტყველო და საზოგადო მოღვაწეობისთვის პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს, დაბადების 70 წლისთავის აღსანიშნავად, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისთვის ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიუნიჭებია. გ.კ-ს ცნობით, სწორედ იმ დღეებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობის წინ მინისტრთა საბჭოდან მომავალ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აკადემიკოსი აკაკი შანიძე შეხვედრია, რომელსაც გაზეთ "სამშობლოში" გამოქვეყნებული ინფორმაციით უკვე გაეგო ეს ამბავი და პატრიარქისთვის მილოცვის მიზნით ხელზე მთხვევა დაუპირებია, მაგრამ უწმინდეს ეფრემს არ მიუცია ამის საშუალება, პირიქით, თვითონ მოუნდომებია აკაკი შანიძეს მარჯვენა ხელზე მთხვევა. უთქვამს: "თქვენ იმდენი იშრომეთ, იღვაწეთ და შექმენით ამ ხელებით, რომ ჩემგან უდიდეს თაყვანისცემას იმსახურებთო". ბატონი აკაკი გასძალიანებია, მაგრამ პატრიარქ ეფრემს ბოლოს მაინც მიუღწევია მიზნისთვის.

დაბოლოს: პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ სიონის საკათედრო ტაძარში წაკითხულ მოხსენებას დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაუმსახურებია სამეცნიერო წრეებში. მონოგრაფიის დაბეჭდვის სურვილიც გამოუთქვამთ, რაც, სამწუხაროდ, დღემდე განუხორციელებელი დარჩა...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ 44 წლის წინათ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების დევნისა და მისი ავტორის აღმსარებლობის საკითხს ეხება, სულ მალე მცირეოდენი კომენტარებით პირველად გამოვა საზოგადოების სამსჯავროზე, რასაც, ვფიქრობთ, ინტერესით მიიღებს როგორც მრევლი, ისე რუსთველოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველი.

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვა
1კ1