"ორიდან ერთი თუა ჭკვიანი, მაშინ არ იკამათებენ..."
"ორიდან ერთი თუა ჭკვიანი, მაშინ არ იკამათებენ..."
ალბათ ბევრს ემახსოვრება მცხეთის სვეტიცხოვლის მოხუცი ღვთისმსახური დეკანოზი არსენი (ბერუაშვილი), რომელიც ტაძრის გვერდით თავისი ხელით ლამაზად მოწყობილ ეზო-კარ-მიდამოში ცხოვრობდა. სვეტიცხოველში მოსულ სტუმრებს ტაძრის კარიბჭესთან უსუპით ხელში ეგებებოდა, ნაკურთხ წყალს ასხურებდა და წამღერებით ასე დალოცავდა:

"დაგლოცოთ სვეტიცხოველმა, ბარძიმმა ფეშხუმისამან,
მლეთაში - ლომისის მადლმა, სიონში - დედა ღვთისამან..."


მერე გალექსილ სტრიქონებს ამ სიტყვებსაც დაამატებდა: "ღმერთმა ჯანმრთელობა, წარმატება, ხვავი და ბარაქა, კარგი ბედ-იღბალი მოგცეთ... გახაროთ ორსავ სოფელსა შინა". თან გულში ჩაგიკრავდა და ძოწის თვლებით მოჭედილ ჯვარზეც გამთხვევინებდა. გეტყოდა: "ეს უბრალო ჯვარი არ გეგონოთ, ამას ეფრემ პატრიარქი ატარებდაო". თუ შეეკითხებოდი: მამა არსენ, როგორ მოხვდა თქვენთან პატრიარქ ეფრემის ნაქონი ჯვარიო, ალბათ უკვე მერამდენედ ამ ისტორიას მოგიყვებოდათ: "მე მცხეთის სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული და ორივე პატრიარქს - ეფრემსაც და ილიასაც კარგად ვიცნობდი. მათ იცოდნენ, რომ მძიმე ბავშვობა მქონდა, ობლობაში გავიზარდე და ბევრი გასაჭირი გამომივლია. ამიტომ ყოველთვის კარგი თვალით მიყურებდნენ. ბებიაჩემმა, მამაჩემის დედამ, სიმწარეში გამზარდა. ჩემთვის მოუყოლია: "დედაშენს ისე ადრე დასცილდი, ჩემს გამომშრალ ძუძუს გაწოვებდი და შიმშილს რომ ვერ გიკლავდა, სულ გამუდმებით ტიროდიო".

აგერ უკვე 82-ე წელში გადავდექი და ასე, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ განვვლე ჩემი ცხოვრება. რაც მღვდლად მაკურთხეს, მას შემდეგ სულ რუსულ ჯვარს ვატარებდი. მეუფე ილიასათვის ხშირად მითქვამს: ნეტავი, ქართულ ჯვარს როდის მოვესწრები-მეთქი.

მახსოვს, სვეტიცხოვლობა იყო. უწმინდეს ეფრემს ამ დღესასწაულზე ერთი რუსი სასულიერო პირი მღვდლად უნდა ეკურთხებინა. მეუფე ილიამ პატრიარქს მოახსენა ჩემი თხოვნა. მერე ხელით მანიშნა, ჯვარი მოიხსენიო და იმ რუს ღვთისმსახურს დაჰკიდეს ჩემი ჯვარი. როგორც კი ქადაგებას მორჩა, უწმინდესი ეფრემი საკურთხეველში შებრძანდა, თავისთან მიხმო, თავისი ჯვარი ჩამოიხსნა და მითხრა: "ეს ჯვარი დღეიდან შენი იქნება". მას შემდეგ ვატარებ ამ ჯვარს, რომელსაც ალბათ სიკვდილიც ვეღარ მომაცილებსო.

პატრიარქი ეფრემი რამდენადაც მკაცრი იყო, იმდენად ლმობიერი და სამართლიანი ადამიანი გახლდათ. დიდმა განსაცდელებმა სიბრძნე და წინდახედულება შესძინა. ამასთან, მეტად განათლებული და მებრძოლი პიროვნება ბრძანდებოდა, ამიტომ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კომუნისტებმა სიცოცხლე მოუსწრაფესო", - დაუფარავად გაგვანდო თავისი ეჭვი მამა არსენმა, რომელსაც უკანასკნელად 2007 წლის შემოდგომაზე შევხვდი. როგორც შევიტყვე, იგი გასულ წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.

ახლახან კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელიც (ჩოჩიშვილი) მიიბარა ქართულმა მიწამ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!

მამა გაბრიელი უწმინდეს და უნეტრეს ეფრემ მეორეს თავისი ჭაბუკობის წლებიდან იცნობდა: "ბერმონაზვნად 26 წლის ასაკში აღვიკვეცე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1968 წელს, ჩემი მღვდლად ხელდასხმა სოხუმში მოხდა. უწმინდესი ეფრემის დროს მღვდლად ვერავინ ეკურთხებოდა, თუ უყოყმანოდ არ დაექვემდებარებოდა განწესებას და ღვისმსახურებას იმ რეგიონში არ აღასრულებდა, სადაც გაგზავნიდნენ. ყველა მღვდლობის კანდიდატს ეს პირობა პატრიარქის სახელზე დაწერილ განცხადებაშიც უნდა შეეტანა.

მაშინდელ საპატრიარქოში მხოლოდ 6 თანამშრომელი მსახურობდა. პატრიარქ ეფრემს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ერთგულად ემსახურებოდა მონაზონი მანეფა.

როცა სოხუმიდან თბილისში გადმომიყვანეს, სულ 9 ღვთისმსახური ვიყავით. აქედან სამნი: მამა პახომი (ობოლაძე), მამა გიორგი (ჩაჩუა) და მე - სიონის ტაძრის მოძღვრები გახლდით.

მრევლი დღითიდღე მატულობდა სიონის საკათედრო ტაძარში, რაც უწმინდესი ეფრემის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ჩვენი.

პატრიარქმა გულშიჩამწვდომი ქადაგება იცოდა, ამიტომ იმთავითვე სიმპათიით განაწყობდა მსმენელთ. გარდა ამისა, გამომეტყველებითაც ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენდა. მსხვილი მაჯები და გამჭოლი მზერა ჰქონდა.

იმ წლებში ლესელიძის ქუჩაზე, სიონის ტაძრის პირდაპირ ვცხოვრობდი. უწმინდესს ყოველ საღამოს სიონიდან ანჩხისხატამდე ფეხით გასეირნება უყვარდა. ამიტომ მეც ხშირად მიხდებოდა მის გვერდით ყოფნა. ზოგჯერ ჩვენი გასეირნება ღამის 12 საათამდეც გასტანდა ხოლმე.

პატრიარქი იხსენებდა ბერული ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გადასახლების წლებზეც გვესაუბრებოდა და თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალებში გვახედებდა. მას არ უყვარდა შეკითხვების დასმა და სიტყვის გაწყვეტინება. იყო ტკბილად მოუბარი, გამჭრიახი გონების პატრონი. მისი ყოველი სიტყვა, ქცევა და ნაბიჯი უბრალოებით იყო გაჯერებული. ჩაცმაც უბრალო იცოდა და ხშირად პანაღიის მაგივრად ჯვარს ატარებდა.

ზოგჯერ ჩვენთან ერთად დაატარებდა პატარა ძაღლს ჩიტოს, რომლისთვისაც ძეხვს ყიდულობდა მაღაზიაში. გამყიდველებთან გამოლაპარაკება და გახუმრებაც სჩვეოდა.

პატრიარქ ეფრემს, ცხოველებთან ურთიერთობის გარდა, ყვავილების მოშენებაც უყვარდა.

ეზოში, სადაც მისი უწმინდესობა ცხოვრობდა, ყვავილების სიმრავლე მოგჭრიდათ თვალს. მის ბაღში განსაკუთრებით მრავლად იყო ვარდები. შეიძლება ითქვას, იგი სელექციონერიც გახლდათ, რადგან თავისი ხელით გამოჰყავდა ვარდის სხვადასხვა სახეობა. ალბათ სხვაგან ვერსად შევხვდებოდით მცენარეთა ისეთ მრავალსახეობას, როგორიც სიონის ეზოში ხარობდა. უწმინდესმა საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოატანინა ისეთი სახეობის ვარდი, რომელიც მის მეტს არავის ჰქონდა საქართველოში" (არქიმანდრიტ გაბრიელის (ჩოჩიშვილი) მოგონებები პატრიარქ ეფრემზე 2007 წლის გაზაფხულზე ჩავიწერეთ).

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე და საქართველოს აწინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბუნების დიდი ქომაგები და მესაიდუმლენი იყვნენ.

ერთხელ თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ. როცა ფეხით მოიარეს ბაღის ყოველი კუთხე-კუნჭული, ამ დარგის სპეცილისტებთან მცენარეთა წარმომავლობისა და სახეობათა შესახებ მრავალი კითხვა გაუჩნდათ. როცა არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს, თვითონვე შეეცადნენ მათთვის ახსნას.

დღეს, როდესაც ბოტანიკოსები ამ შეხვედრას იხსენებენ, აღნიშნავენ: "ორივე პატრიარქმა წარმოუდგენლად დიდი ცოდნა გამოამჟღავნა ამ სფეროში. ჩვენ შევრცხვით, რადგან ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე. ამ გამოცდის დროს მათგან ისეთი საფუძვლიანი განმარტებები მივიღეთ, როგორიც მანამდე არ მოგვისმენიაო".

არქიმანდრიტი რაფაელი დანანებით აღნიშნავს: "საღამოობით უწმინდესი ეფრემი სიონის ტაძარში გამოდიოდა, სკამზე ჯდებოდა და ტაძრის მეზობლად მცხოვრებ ხალხს ესაუბრებდოდა - თავის ნანახსა და განცდილს უამბობდა. იგი განსაკუთრებული უბრალოებით გამოირჩეოდა და სამწუხაროა, რომ მისი ნაამბობი არავინ ჩაიწერა!"

მადლობას მოვახსენებთ მამა რაფაელს იმისათვის, რომ უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის შესახებ მრავალი საინტერესო მოგონება შემოგვინახა, რომელთაც ვერაფრით ავუვლით გვერდს: "პატრიარქი ეფრემის რეზიდენციასთან ხეს ჭრიდნენ. ის გამოვიდა და უჩვენებდა, როგორ მოეხერხათ, რომ დაცემისას არაფერი დაეზიანებინათ. "თქვენ საიდან იცით, უწმინდესო, ჩვენი საქმე?" - ჰკითხეს მუშებმა. "6 წელი სამხერხაოში ვიყავი, როგორ არ მეცოდინება?" - უპასუხა პატრიარქმა.

ერთხელ პატრიარქმა ეფრემმა დაინახა, რომ მისი რეზიდენციის ეზო არ დაეგავათ, აიღო ცოცხი და დაგვა დაიწყო. მოირბინა დამნაშავე მონაზონმა და ცოცხის გამორთმევა სცადა, მაგრამ ის არ აძლევდა. მონაზონი ხმამაღლა ატირდა და დაუჩოქა. მაშინ პატრიარქმა მისცა ცოცხი.

ერთი მღვდელმონაზვნის ქადაგება რომ მისმინა პატრიარქმა ეფრემმა, უთხრა: "კარგად ქადაგებ, მაგრამ შენს ადგილას მღვდელმთავრის წინაშე ამდენს არ ვილაპარაკებდი". ამავე მღვდელმონაზონს ეუბნებოდა: "იღუმენიას მრავალწლიან გამოცდილებაზე დამყარებული რამდენიმე სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი შენი ქადაგება".

როცა სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) ყოფნისას პატრიარქი ეფრემი წირვას ატარებდა, დიდი გამოსვლისას ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ასე მოიხსენია: "პატრიარქი ყოველთა ქართველთა და სომეხთა". პატრიარქი თითქოსდა საპასუხო მოხსენებისთვის მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა: "თავად ხარ მწვალებელი" - და განაგრძო მსახურება.

საქართველოს ეკლესიის მაღალჩინოსან იერარქს ჰკითხეს: "როგორ ფიქრობ, სად მოხვდება განსვენებული სომხეთის პატრიარქის ვაზგენის სული?" მან უპასუხა: "იქ, სადაც მისი სახელოვანი წინამორბედია". ამ პასუხმა ყველა დააკმაყოფილა, მონოფიზიტებიც და მართლმადიდებლებიც.

ერთხელ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანდასწრებით რომელიღაც საზღვარგარეთულ დელეგაციას იღებდა. იმ ადამიანებისთვის კარგად იყო ცნობილი, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მათ ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დამცველად მოჰქონდათ თავი, მაგრამ შინაგანად მტრულად იყვნენ განწყობილნი მართლმადიდებლობისადმი. პატრიარქს გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ. როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ერთმა მათგანმა ჰკითხა: "როგორი ურთიერთობა გაქვთ მთავრობასთან?" პატრიარქმა მიუგო: "რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან საუკეთესო, მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაქვს. მე ვზრუნავ მის სულზე, ის კი ჩემს სხეულზე". თანამოსაუბრემ ისევ ჰკითხა: "ნუთუ საქართველოში ეკლესიის შევიწროების ფაქტები არ არის?" პატრიარქმა თქვა: "ანტიოქიის პატრიარქს რეზიდენცია აქვს არა ანტიოქიაში, არამედ დამასკოში, ალექსანდრიის პატრიარქს კი არა ალექსანდრიაში, არამედ კაიროში. როგორც ხედავთ, ისინი დევნილების როლში აღმოჩნდნენ. მე კი მშობლიურ თბილისში ვიმყოფები და ჩემს რეზიდენციას ხელს არავინ ახლებს".

პატრიარქი ეფრემი ამბობდა: "ორიდან ერთი თუა ჭკვიანი, მაშინ არ იკამათებენ". მიტევების კვირას მან მღვდლებს უთხრა: "ემთხვიეთ ეპიტრახილს და ტრაპეზს, გადაეხვიეთ ერთმანეთს, გაათბეთ ერთმანეთი თქვენი სიყვარულის სითბოთი".

ერთხელ პატრიარქმა ეფრემმა ხარების დღესასწაულზე ხალხს მიმართა: "დღეს საჩუქარი მინდა მოგართვათ - ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. როცა გული დამძიმებული მაქვს, ხარების ხატთან მივდივარ და ვთხოვ: "წმინდა მთავარანგელოზო, შენ სიკეთე ახარე ღვთისმშობელს, მეც გამახარე, შეასრულე ჩემი ლოცვები, ოღონდ მხოლოდ ღვთის ნებით".

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე სამართლიანად მომთხოვნი იყო როგორც ხელისუფალთა, ისე ქვეშევრდომთა მიმართ, თუმცა, როგორც მისგან ხელდასხმული სასულიერო პირები ამბობენ, მისი ეს თვისება არ ყოფილა ზღვარგადასული და არასდროს გასცდენია ზომიერების ფარგლებს. მათი შეფასებით, მაშინდელ ვითარებას ვერაფრით შევადარებთ დღევანდელს. დღეს აღარავინ გვზღუდავს ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში. ღვთის შემწეობით, სამღვდელოების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, აღარავინ ხურავს სასულიერო სასწავლებლებსა და აკადემია-სემინარიებს. ეპარქიათა რაოდენობამაც თითქმის 40-ს მიაღწია და ამ მხრივაც განებივრებულნი ვართ. ათეისტურ ხანაში კი თითო-ოროლა მოქმედი ეკლესია და ეპარქია იყო, ღვთისმსახურთა რაოდენობა კი მაქსიმალურად შეზღუდული. საქართველო დღეს თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რის შედეგადაც ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდა, დაიბრუნა ავტოკეფალია. ქვეყანამ აღიდგინა საუკუნეების განმავლობაში დაკარგული პოლიტიკური და გენეტიკური პოზიციები.

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის კათოლიკოს-პატრიარქობის პერიოდში ძლიერი ხელი სჭირდებოდა საქართველოს ეკლესიას. სამღვდელოებაში დისციპლინა და წესრიგი რომ არ დამყარებულიყო, ათეისტურ ხელისუფლებას ეკლესიაზე თავდასხმის კიდევ ერთი საბაბი მიეცემოდა, რასაც შეიძლებოდა დამღუპველი შედეგიც მოჰყოლოდა. როდესაც ასეთი თვალსაჩინოა სხვაობა ახლო წარსულსა და დღევანდელობას შორის, მეტი სიყვარულითა და პატივისცემით უნდა განვეწყოთ იმ სასულიერო მოღვაწეთა მიმართ, რომლებმაც ათეიზმის ხანაში საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს და შეინარჩუნეს ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია.

დეკანოზი ელგუჯა (ლოსაბერიძე); "უწმინდეს ეფრემს სტუდენტობის წლებიდან ვიცნობდი. რამდენიმე თვე მის სიახლოვეს მიხდებოდა ცხოვრება. მისთვის უცხო იყო პირფერობა და მაამებლობა, ყოველთვის შეეძლო ეთქვა თეთრზე - თეთრი და შავზე - შავი, რაც იმ დროში გმირობის ტოლფასი იყო. იგი დამცველი და ქომაგი იყო ჩვენი ეკლესიისა და სამღვდელოებისა. სამშობლოს სიყვარულმა და ეკლესიის ერთგულებამ შეაძლებინა გადაეტანა ყველაზე მძიმე წლები თავისი ცხოვრებისა (გადასახლების წლები მაქვს მხედველობაში, როცა იგი კარგა ხანს იყო მოწყვეტილი მშობლიურ გარემოს და ყოველ წამს სიკვდილს ელოდა). ამ წლებმა მას დიდი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა.

ერთხელ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელთა შეკრება ჩატარდა, რომელთა შორის გახლდათ გერმანელი ადოლფ ფიშმანიც. როგორც ჩანს, მათ სურდათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საყვედურის სიტყვები მოესმინათ ეკლესიის მაშინდელ დაბეჩავებულ მდგომარეობაზე და ასეთი პროვოკაციული კითხვა დაუსვეს: "თქვენს მოძღვრებს შეუძლიათ იქადაგონ სკოლაში, ქარხანაში ან რომელიმე დაწესებულებაში?" თუ იტყოდი, "არ შეუძლიათო", ამას ვერ შეეგუებოდა ადგილობრივი ხელისუფლება და დიდი უსიამოვნება მოჰყვებოდა. თუ იტყოდი, "შეუძლიათო", სტუმრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და პატრიარქი ცრუობდა, რაც მათ თვალში დასცემდა ეკლესიის ავტორიტეტს. უწმინდეს ეფრემს დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი და მოჭრით უპასუხა: "შეუძლიათ, თუ მიგვიწვევენ, რადგან, განსხვავებით პროტესტანტებისგან, ტრადიციულად, დაუპატიჟებლად სტუმრად არ დავდივართო". აი, ასე ბეწვის ხიდზე უწევდა მას სიარული, რასაც წარმატებით ართმევდა თავს".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე საჩივრები და ზოგჯერ ანონიმური წერილებიც კი იგზავნებოდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში. "როცა ცელებატად აღვიკვეცე, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დიაკვნად 1968 წლის 17 მარტს, მღვდლად კი ორი თვის შემდეგ, 14 მაისს, თამარობას დამასხა ხელი დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში, - იხსენებს თბილისის ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე), - არ გასულა დიდი ხანი და პატრიარქმა ეფრემმა მისაყვედურა: "მართალია, მღვდლობის გამო საქმე მოგემატა, მაგრამ სემინარიაში სწავლისთვის თავი არ უნდა დაგენებებინა. მთავრობაში საჩივარი შევიდა ჩემს სახელზე, რომელშიც შენზე მსაყვედურობენ, მღვდლად არ უნდა გეკურთხებინა ისეთი კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელით კურთხევა არ შეუძლიაო". ბავშვობიდან მართლაც ვერ ვამოძრავებ მარჯვენას ტრავმის გამო, ამიტომ დამაღონა პატრიარქის სიტყვებმა. მივედი დიდუბის ეკლესიის მაშინდელ წინამძღვართან მამა გიორგი ღონღაძესთან და მოვუყევი ყველაფერი. ვუთხარი: ალბათ უწმინდესი ეფრემი მალე დამითხოვს ეკლესიიდან-მეთქი. გაიღიმა და ასე გამამხნევა: "ნუ შეშინდები, მამა სოგრატ, პატრიარქი ძალიან კარგად გიცნობს და საჩივარს ყურადღებას არ მიაქცევს, განა ეს ხელი იქ არ გქონდა, როდესაც მღვდლად გაკურთხაო".

პატრიარქმა ეფრემმა მეორე თამარობასაც თვითონ დააყენა წირვა-ლოცვა დიდუბის ეკლესიაში. ისე კარგად შემხვდა, თითქოს არც გახსენებია ჩვენი უწინდელი საუბარი. მითხრა: "მამა სოგრატ, რომ გარდავიცვლები, ლოცვებში ხომ მომიხსენიებ და ჩემს სახელზე სანთელს დაანთებო". მე უცებ გადამეყარა გულიდან დარდი.

იგი მართლაც მალე გავიდა წუთისოფლიდან. მართალია, მარჯვენა ხელს დღესაც ვერ ვამოძრავენ, მაგრამ, ჩემი აზრით, როგორც მოძღვარს, არ შემირცხვენია თავი ჩემი მაკურთხებელი პატრიარქის წინაშე, რომელსაც, მისი ანდერძიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ყოველ წირვა-ლოცვაზე მოვიხსენიებდი".

როგორც არქიმანდრიტმა ანტონმა (გულიაშვილი) გვითხრა, საჩივრებსა და ანონიმურ წერილებს სამების ტაძრის დეკანოზი იოანე საყვარელიძე წერდა უწმინდეს ეფრემზე. ეს იცოდა პატრიარქმა, მაგრამ ამ ამბავს მტკივნეულად არ განიცდიდა. როდესაც ერთ-ერთი ანონიმური წერილი ცეკადან საპატრიარქოში გადმოუგზავნიათ რეაგირებისთვის, პატრიარქ ეფრემს მამა იოანე თავისთან დაუბარებია და სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად უკითხავს: "მამა იოანე, როგორ გგონიათ, სამართალი არსებობს ამქვეყნად?" "არსებობს სამართალი ღვთიური და სამართალი ადამიანური", - უპასუხია მოძღვარს. პატრიარქ ეფრემს უთქვამს: "მე კი მგონია, არ არსებობს. ამქვეყნად რომ სამართალი არსებობდეს, პატრიარქი კირიონი გვარად საძაგლიშვილი უნდა ყოფილიყო, ამ ანონიმური წერილის ავტორი კი - საყვარელიძე?!"

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვა
1კ1