მეუფემ თავისი ცხოვრებითა და პიროვნული თვისებებით დაამტკიცა ეკლესიის ერთგულება
მეუფემ თავისი ცხოვრებითა და პიროვნული თვისებებით დაამტკიცა ეკლესიის ერთგულება
დასაწყისი იხ. ##22-2
1952 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც ორი ათეული წელი (1932-1952) ედგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. გარდაცვალებამდე მან თანამოსაყდრედ მელქისედეკ ფხალაძე დაასახელა, რომელიც 1944 წლიდან დიღმის ეკლესიას წინამძღვრობდა.

"შესაძლოა, კალისტრატე ცინცაძის ასეთი გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ ე.წ. ცოლიან და ბერობიდან მოსულ პატრიარქებს შორის ამ ნიადაგზე ყოველთვის არსებობდა უთანხმოება. ვინაიდან მელქისედეკ მესამემ შესანიშნავად უწყოდა, რომ პატრიარქობის რეალური კანდიდატი მიტროპოლიტი ეფრემი იყო, ამან გარკვეული დაძაბულობა შექმნა მათ შორის, ამიტომ მელქისედეკ მესამის კათოლიკოს-პარიარქობის 8 წელიწადი მძიმე იყო მეუფე ეფრემისთვის. როგორც ხედავთ, პატრიარქობაც ძნელი მისაღწევი აღმოჩნდა მისთვის..." - ამბობს პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

მიტროპოლიტი ეფრემი თვითონ თავმჯდომარეობდა იმ სხდომას, რომელმაც მელქისედეკ მესამე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. "მე გაკვირვებული დავრჩი უწმინდესი კალისტრატეს ანდერძით, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მისმა ნათესავმა ბატონმა მიხეილ ქავთარიამ, - შესაძლოა, იმანაც იქონია გავლენა, რომ მელქისედეკის ოჯახი საპატრიარქოში ცხოვრობდა. იმ დღეებში დავინტერესდი უწმინდესი მელქისედეკის ბიოგრაფიით და აღმოჩნდა, რომ არც ის ყოფილა უბრალო ადამიანი. ყაზანის სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ ენას. თუ არ ვცდები, ერთი პერიოდი მათემატიკას ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში. ომის დროს მუზეუმში მუშაობდა, იყო ფრიად განათლებული პიროვნება და დიდი ბრძოლა ჰქონდა გადატანილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გამიკვირდა, იმდენად თბილი, მეგობრული, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ უწმინდეს კალისტრატესა და მიტროპოლიტ ეფრემს".

უნდა ითქვას, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. შეუძლებელია, არ გაგვიჩნდეს კითხვა: იმ ისტორიულ ეტაპზე იყო თუ არა მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნება-სურვილზე დამოკიდებული ამგვარი გადაწყვეტილების მიღება? მართალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა სახელმწიფომ თითქოს შეიცვალა დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ერთი შეხედვით, მათ შორის თითქოს დათბა ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან საბჭოთა იდეოლოგებს ქრისტეს მიერ დაარსებული ინსტიტუტი ყოველთვის თავიანთ მოწინააღმდეგე ძალად მიაჩნდათ და მათთვის არ იყო სულერთი, ვინ მოვიდოდა საქართველოს ეკლესიის სათავეში. მაშინდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო მზად, შეგუებოდა იმ აზრს, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი მღვდელმთავარი გამხდარიყო კათოლიკოს-პატრიარქი. ისინი შესანიშნავად იცნობდნენ მეუფე ეფრემს, მის მებრძოლ ბუნებასა და პრინციპულ ხასიათს; მეუფემ თავისი ცხოვრებითა და პიროვნული თვისებებით დაამტკიცა ეკლესიის ერთგულება. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ უწმინდეს კალისტრატეზე არ იქნებოდა დამოკიდებული, ვის დაასახელებდა თანამოსაყდრედ. ისიც დასაშვებია, მეუფე ეფრემს ადრევე შეეტყო უწმინდესი კალისტრატესგან ამის შესახებ, რადგან იგი გაგებითა და სიმშვიდით შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას.

საქართველოს ახალარჩეული პატრიარქი მელქისედეკ მესამე თავის საქმიანობას ცვლილებებით იწყებს. იგი დიდი მორიდებითა და მობოდიშებით უგზავნის წერილს მიტროპოლიტ ეფრემს, დატოვოს ქუთაის-გაენათის ეპარქია და ბათუმ-ჭყონდიდის ეპარქიას ჩაუდგეს სათავეში. მიტროპოლიტი ეფრემი ემორჩილება პატრიარქის თხოვნას და ახალ ეპარქიაში გადადის სამოღვაწეოდ, სადაც ჩვეული ენთუზიაზმით იწყებს საქმიანობას. სწორედ უწმინდესი ეფრემის სახელს უკავშირდება ბათუმში ეპარქიისთვის შენობის შეძენა და რეკონსტრუქცია. მას შემდეგ ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია ამ შენობაშია განთავსებული.

ბათუმში მეუფე ტელმანის ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვეულებისამებრ, აქაც ხშირი სტუმრიანობა ჰქონდა, რადგან მასთან საუბარსა და ურთიერთობას ყველა ეშურებოდა.

გადასახლების წლებში ბევრი უნიკალური წიგნი დაეკარგა, ამიტომ დაიწყო ზრუნვა ბიბლიოთეკის განახლებაზეც. კედელზე ასეთი აბრა ჰქონია გაკრული: "წაკითხვის შემდეგ წიგნი უკან დააბრუნეთო".

უწმინდესი ეფრემი დიდ დროს უთმობდა ლოცვას. მონასტრიდან მიჩვეული იყო სკვნილის ტარებას, რომელსაც ხელიდან არ იცილებდა. საწოლთანაც უამრავი სკვნილი ეკიდა, რომლებიც ცნობილ სასულიერო პირებს უჩუქებინათ მისთვის. ამბობენ, მათგან გამორჩეულად უყვარდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ნაქონი გიშრის თვლებით დამშვენებული სკვნილი, რომელსაც ყველაზე ხშირად ატარებდაო. სამღვდელმთავრო კვერთხებიდან კი უპირატესობას ანიჭებდა კალისტრატე ცინცაძის ნაჩუქარ კვერთხს, რომელზეც ქაშვეთის ეკლესიის მაკეტი იყო გამოსახული.

მეუფე ეფრემს ბევრი შვილობილი ჰყოლია. არქიმანდრიტ ანტონის გადმოცემით, როცა ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ყოფილა, სწორედ იმ წლებში უშვილებია პატარა მიხეილი და მასზე მართლაც მამასავით ზრუნავდაო. მიშას დედა, რომელიც ბოშა ყოფილა და დამლაგებლად მუშაობდა მეუფესთან, ბათუმში ტელმანის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა შვილთან ერთად. "მოგვიანებით, როცა მეუფე ეფრემი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მიშა დედამისს უწმინდესის სანახავად ჩამოჰყავდა თბილისში. ქალი სწორედ იმ სახლში გარდაიცვალა, სადაც ადრე უწმინდესი ეფრემის რეზიდენცია იყო. მიხეილმაც ამ სახლში შეირთო ცოლი და იქ მანამდე ცხოვრობდა, სანამ კრასნოდარში არ გადავიდაო", - გაიხსენა მამა ანტონმა. საქართველოს საპატრიარქოს არქივში ინახება წერილი, რომლითაც 1964 წლის 24 სექტემბერს უწმინდესი ეფრემი მეუფე ილია შიოლაშვილს ატყობინებს, მიშამ ცოლი შეირთო და ახლა ბათუმში, ჩემს ოთახში ცხოვრობენ. ორშაბათს სამტრედიაში დამხვდება მიშა მეუღლით და მიტროპოლიტთან ერთად წავალთ კრწანისშიო. საპატრიარქოს არქივში აღმოჩნდა 1969 წლის 20 იანვრით დათარიღებული წერილიც, რომელზეც უწმინდეს ეფრემს ასეთი მინაწერი გაუკეთებია: "როცა მიხეილი შვილად ავიყვანე, 10 წლის იყო, მისი შვილი კი ჩემს ხელში დაიბადა. ახლა 7 წლისაა".

მამა ანტონის (გულიაშვილი) განმარტებით, "60-იანი წლების დასაწყისში სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა ალექსი პირველმა კრასნოდარ-ყუბანის მიტროპოლიტად აკურთხა მეუფე ვიქტორი, რომელსაც ერთხანს ამერიკაშიც უმსახურია. უწმინდესი ეფრემი ჯერ კიდევ გადასახლების წლებში დამეგობრებია მეუფეს. ამ ახლობლობამ განაპირობა ის, რომ უწმინდესმა ეფრემმა თავისი შვილობილი მას ჩააბარა. მიშა ერთხანს ახერხებდა, კრასნოდარიდან ცოლ-შვილთან ერთად ჩამოსულიყო უწმინდესი ეფრემის მოსანახულებლად. მან თავის შვილსაც მიხეილი დაარქვა. "მიხაილ მიხაილოვიჩი ჩამოვიდაო", - იტყოდა და საკუთარი შვილიშვილივით ეგებებოდა. მოცალეობის ჟამს მეორე სართულზე აჰყავდა, თავის სამუშაო ოთახში, და იმ დროს აღარავის ღებულობდა. უკანასკნელად უწმინდესი ეფრემის დაკრძალვაზე ვნახეთ და მას შემდეგ აღარაფერი ვიცით მათ შესახებ".

ბათუმში მოღვაწეობისას მეუფე ეფრემს უსიამოვნო ამბავიც შემთხვევია - ქურდები დასხმიან თავს. "რა თქმა უნდა, შემეშინდა, მაგრამ გულით შევთხოვდი ღმერთს, გავეძლიერებინე და თავდაცვის მიზნით აქტიურ მოქმედებაზე გადავედი. ალბათ მათთვის მოულოდნელი იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელი ვკარი და იარაღიც წავართვი. შესაშინებლად დავუმიზნე კიდეც და ვუთხარი: ახლავე დაგხოცავთ-მეთქი. მე რისი მომკვლელი ვიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემმა მუქარამ გაჭრა და ისინი გაიქცნენ, მე კი მათი იარაღით გადავირჩინე თავი", - მოუყოლია მამა ანტონისთვის.

უწმინდესის ახალდაქორწინებული ძმისშვილიც, ქართლოს სიდამონიძეც, ჩასულა ბათუმში ბიძის მოსანახულებლად. მისი მეუღლე ნაზი სიდამონიძე იხსენებს: "როცა ბათუმში ჩავედით, მეუფე შინ არ დაგვიხვდა და კარგა ხანს მოგვიწია ლოდინმა. ეს ჩემთვის დაუვიწყარი შეხვედრა იყო. დაგვინახა თუ არა, ხელები გაშალა, სასწრაფოდ ამოირბინა კიბის საფეხურები და ორივენი გულში ჩაგვიკრა. როგორც ბავშვებს, ისე მოგვეფერა. ისე მიგვიღო, როგორც დიდი ხნის მონატრებული ოჯახის წევრები. ასეთი მოზღვავებული სიყვარულის გამოვლენა მშობლებისგანაც არ მახსოვს. იმ დღეს ბევრი გვესაუბრა. თბილისში რომ ჩამოვედით, ქორწილიც მან გადაგვიხადა. ამას რა დამავიწყებს!.."

1957 წლის 28 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მიტროპოლიტ ეფრემს სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

ბათუმში მიტროპოლიტმა ეფრემმა მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ალექსანდრე მესამე მიიღო, რომელთანაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის შესახებ უსაუბრია.

1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ მესამე. ვინაიდან ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ნაომმა (შავიანიძე) თანამოსაყდრეობაზე უარი განაცხადა, უწმინდესმა მელქისედეკმა თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) დატოვა. განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის უწმინდესი სინოდის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა ეკუთვნოდა მიტროპოლიტ ეფრემს, როგორც ქირომატიით უხუცეს მღვდელმთავარს. საგანგებოდ შეკრებილ სინოდის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი უძღვებოდა, აღინიშნა, რომ ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი, უნდა არჩეულიყო თანამოსაყდრედ. ამ განცხადებას ერთხმად დაუჭირა მხარი სინოდის მთელმა შემადგენლობამ. ამავე სხდომაზე დაინიშნა თარიღი საქართველოს საეკლესიო კრების ჩასატარებლად, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1