განსაკუთრებული და გამორჩეული მამამთავარი ბრძანდებით ღმრთისმშობლის წილხვედრი ივერიისა...
ჩემო ტკბილო პატრიარქო, უბრალო ადამიანების მილოცვა ყველაზე გულწრფელი და სიყვარულით სავსეა მუდამ... ამიტომაც გავბედე და გამოვეცი ძალიან პატარა კრებული იმ ლექსებისა, რომელიც იწერებოდა 12 წლის განმავლობაში, იწერებოდა დიდი მოკრძალებით, იმედებით და სიხარულით, - ამგვარად დაიწყო საუბარი
მამუკა ცუხიშვილმა. - ცხადია თან ახლდა ამ ყველაფრს შიში იმისა, თუ როგორ მიიღებდით თქვენ და როგორ აღიქვამდა საზოგადოება ამ ლექსებს.. 4 იანვარი თქვენი დაბადების დღეა... განსაკუთრებული და გამორჩეული მამამთავარი ბრძანდებით ღმრთისმშობლის წილხვედრი ივერიისა... ამიტომაც მუხლმოდრეკითა და ქედისმოხრით შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს და მასთან მეოხ ყველა წმიდანს მოგანიჭოთ მრავალი წელი ცხოვრებისა, მრავალჟამიერ.... მეიმედებით და დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენი წყალობით, თქვენი სპეტაკი და წმინდა ლოცვის წყალობით გაერთიანდება, გამთლიანდება საქართველო და ერთ მუშტად შეიკვრება ივერიასა შინა მცხოვრებნი..
***
სულ 15 ლექსი მივუძღვენი ჩვენი ერის სულიერ მამას და მწყემსმთავარს.. შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი ერთად შემეკრიბა და გამომეცა.. კრებულის რედაქტორი გახლავთ ჩვენი დროის თვალსაჩინო მეცნიერი, მკვლევარი, მთარგმნელი და საგამომცემლო საქმის დიდოსტატი ქალბატონი გვანცა კოპლატაძე.
ამ წლებმა დამანახა მისი უწმიდესობის თავდადებული და გმირული საქმენი, საქმენი, რომელსაც ერთი ადამიანი ნამდვილად ვერ გაუმკლავდებოდა, თუმცა როგორც თავად ბრძანა 1977 წლის 25 დეკემბერს ინტრონიზაციის დღეს, სწორედ ეს მოტივი ვცანი მთავარ ბურჯად ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა..
2003 წელს გადავეცი პირველი ლექსი, მერე 2005 წელს მეორე ლექსი და ორივე შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც მაქვს, ერთი ფოტო (2003 წლის 1 მაისს გადაღებული) კრებულს უკანა გვერდზე თან ახლავს.
ერთი რამ ცხადია, რომ არა ღმრთის დიდი მოწყალება და სიყვარული ქართველი ერისადმი, ჩვენ დღემდე ვერ მოვიდოდით... თუმცა, ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, 1977 წლის დეკემბრიდან საქართველოს ისტროია და საკუთრივ ეკლესიის ისტორია რადიკალურად შეიცვალა, ცხადია უკეთესობისკენ... მიმაჩნია, რომ ჩემს ლექსებში გადმოცემული სათქმელი არის გულწრფელი და გულღია... არც არასოდეს მქონია სურვილი ასე გამეერთიანებია ლექსები და გამომეცა, მაგრამ კეთილი ადამიანების (თამარ ჭანტურია და გიორგი ვარდოსანიძე) ფინანსური ხელშეწყობით, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობის თავმჯდომარის, თსუ პროფესორის გვანცა კოპლატაძის პოეტური თანადგომით, გამომცემლობის "მერიდიანი" დირექტორის ბატონ კახა რუსიძის უდიდესი ხელშეწყობით ამ პატარა კრებულმა მზის სინათლე იხილა... -რას ვამბობ ამ ლექსებით? ეს მკითხველმა უნდა განსაჯოს... ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანს დედ-მამა არ უნდა, სამშობლო არ უყვარს და აქა-იქ თუ გამოერევიან დედაეკლესიის მოქიშპენი და პატრიარქის წინააღმდეგ ამხედრდებიან, ეს დროებითია, ვინაიდან ვიმეორებ, საღმრთო მადლით საქართველოს ეკლესიას წინამძღოლობს, მწყემსმთავრობს, მამამთავრობს ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა, შექმნა უდიდესი ერა საქართველოს და მსოფლიო რელიგიების, რწმენისა და სიყვარულის ისტორიაში... სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გულწრფელი და მართალი დამოკიდებულება უბრალო ხალხისა არ ან ვერ აღწევს პატრიარქამე, მე ვფიქრობ ესეც გარკვეული კომუნიკაციის ბრალია. იმასაც დავამატებ, როცა მიჭირდა სულიერად, უნივერსიტეტიდან გამოგვაძევეს და დავრჩი ქუჩაში, სწორედ პატრიარქის დახმარებით და წყალობით (ლოცვა-კურთხევით და უშუალო ბრძანებით) უგამოცდოდ ჩავირიცხე თბილისის სასულიერო აკადემიის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტზე და თითქმის 4 წელი მქონდა უდიდესი ბედნიერება (წილად მარგუნა ღმერთმა ეს სიხარული) ძალიან გახსნილად, ძალიან ახლოს გვესაუბრა ერის სულიერ მამასთან, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემში აზრი, რომ ჩვენი დიდი მამამთავრი არის ბრძენი, გონიერი, დიდი ღმრთისმეტყველი და უაღრესად თავმდაბალი ადამიანი...
აკადემიის დასრულების შემდეგ ჩემთვის ერთ სასიამოვნო შენობაში (საპატრიარქო) გაიღოს კარი ოთახისა, სადაც დღემდე დიდი შრომით, რუდუნებით, ეკლესიისა და სამშობლოსადმი ერთგულებით, ისევ და ისევ პატრიარქის დიდი წყალობით და სიყვარულით მზადდება საქართველოს ეკლესიის ყოველწლიური კალდენდარი და სხვა უაღრესად საინტერესო გამოცემები, და ეს არის საპატრიარქოს გამომცემლობა (III სართული, ოთახი 314), ამისთვის ათასი მადლობა ქალბატონ გვანცა კოპლატაძეს და ბატონ გრიგოლ რუხაძეს... ძნელია ერთ პატარა წერილში თუ ინტერვიუში ჩაატიო სათქმელი, მაგრამ ჩემი აზრით გავა წლები და ჩემს მიერ დაწერილი მოკრძალებული და გულწრფელი სიტყვებით გაჯერებული ლექსები, უსათუოდ დაიდებს ბინას უბრალო, მაგრამ პატრიარქის მოსიყვარულე და პატივისმცემელ ადამიანთა გულებში...
მადლობას ვწირავ უფალს ყველაფრისთვის და შევთხოვ კაცთმოყვარე შემოქმედს კიდევ მრავალი წელი ცხოვრებისა მიმადლოს ჩვენს ტკბილ პატრიარქს, ჩვენს კეთილ მწყემსს დედასამშობლოს და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ, ამინ.. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ამ პატარა კრებულით..
***
იმედითა შენითაგული ფეთქავს საგულეს,
ვცოცხლობთ მხოლოდ რწმენითა,
საქართველო იღვიძებს
იმედითა შენითა.
ლოცვა ისმის ტაძარში
სიკვდილს გადარჩენილთა,
დილა ისევ თენდება
იმედითა შენითა.
ბევრი სადღაც წავიდა
ყალბი აღმაფრენითა
ჩვენთან არის უფალი
იმედითა შენითა.
სახარებას გვიკითხავთ
მოციქულის ენითა
რაც კი კარგი რამ ხდება
იმედითა შენითა.
"შეგვიწყალენ უფალო",
დავტკბით ლოცვის სმენითა,
საქართველო გადარჩა
იმედითა შენითა!
2008 წელი.
მწყემსი კეთილიძალიან ბევრი იშრომეთ,
ღმრთის ნებით დადგა შედეგი,
თქვენა ხართ საქართველოსთვის
მეორე მელქისედეკი.
თქვენამდე სულ კითხულობდნენ,
ვინ იქნებოდა შემდეგი,
გამოჩნდა მწყემსი კეთილი,
მეორე მელქისედეკი.
წინ მიიწევდით უშიშრად,
წამითაც კი არ შედექით,
მოციქული ხართ მაცხოვრის,
მეორე მელქისედეკი.
2006 წელი.
ერის მესაჭეგამოგვივლია ქარტეხილები
განსაცდელები გამოგვივლია,
ყველა დროში და ყველა ბრძოლაში,
მეგზურად გვყავდა ერთი ილია.
და უფლის გზაზე, როგორც რჩეულ ერს,
მხნედ და ამაყად დღემდე გვივლია,
თუ საქართველო არ გადაშენდა,
ყველაზე მეტი მათი წვლილია.
ჩვენს თავზე რას არ გადაუვლია,
დღეებს მზიანს და ბევრჯერ წვიმიანს,
გზას ვიკაფავდით მხოლოდ სიმართლით,
მტრის ურდოს ვჩეხდით უღირსს, ჟინიანს.
დღეს თუ იმედი, ლოცვა, ვედრება,
უფლის კარამდე ატყორცნილია,
ეს არის თქვენი ღვაწლით და შრომით,
ერის მესაჭევ, დიდო ი ლ ი ა!
2013 წელი.
უწმიდესო და უნეტარესოოცდათხუთმეტი წლის წინ ქართველებს
იმედით, რწმენით გული აღგვევსო,
თქვენ საქართველოს მესამე სვეტო
უწმიდესო და უნეტარესო.
ვამაყობთ ძლიერ, გვიხარის ძლიერ,
რომ გვილამაზებ დღეს და ღამესო,
ბნელში ნათელო, დაუღალავო
უწმიდესო და უნეტარესო.
და ახლა ვიმკით ყველა სიკეთეს,
თქვენი ნათელი დაჩრდილავს მზესო,
არ მოგვეშალოს თქვენი კურთხევა
უწმიდესო და უნეტარესო!
2014 წელი
ჩემო ტკბილო პატრიარქოისე როგორ შემიძლია, თქვენი ღვაწლი რომ არ ვაქო,
ივერიის ღირსო მამავ, ჩემო ტკბილო პატრიარქო.
ვიღაც მტრებთან შეკრულია, ზოგმა ვაზიც ვეღარ დარგო,
საქართველოს მხრებით ზიდავთ, ჩემო ტკბილო პატრიარქო.
დარდი მკლავს და გული მტკივა, კაცი კაცად აღარ ვარგობს,
თქვენი ლოცვით გადავრჩებით ჩემო ტკბილო პატრიარქო.
2007 წელი
პატრიარქი სხვიტორშიფირუზისფერი ზეცა გვიღიმის,
ზურმუხტისფერი ხმელეთი გვიხმობს,
აკაკის ლანდი დადის ქუჩებში,
დღეს პატრიარქი ესტუმრა სხვიტორს.
ანანურიდან გვლოცავ დოსითე,
ისმის ზეციურ დასთა გალობა,
უწმიდესს ლოცვით ეგებებიან,
ისიც არიგებს უხვად წყალობას!
არგვეთს პაოლო კითხულობს ლექსებს,
მუხრანი ამბობს "შენ სისხლო ჩემოს",
ყოველ ხის ძირში ანთებენ სანთელს,
ყველა ილიას შვილობას ჩემობს.
ღა ბედნიერი გათენდა დილა,
ჩვენ შევეგებეთ სულიერ ქტიტორს,
ასე მგონია, თავად მგოსანი
დაბრუნებია მშობლიურ სხვიტორს.
საწერეთლოში არის ზეიმი,
ცაც სახალისოდ მოწმენდილია,
მამულო ჩემო, შენს ზურმუხტ მიწას
ღმრთიურის მადლით სტუმრობს ილია!
2010 წელი