თავდადებული მოძღვარი მამა სისო...
თავდადებული მოძღვარი მამა სისო...
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
აჭარაში, ჩვენო მოძღვარო) ისევ იქადაგებს ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას, შენ გარდაიცვალე, მაგრამ სიკვდილი ხომ მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლაა?! შენ არასდროს მოკვდები, რადგანაც სიკვდილს არ შეუძლია წაშალოს დიადი ადამიანების სახელები! და დრო დადგება, როცა: "კაცის ძის ხმას გაიგონებენ,საფლავებსა შინა მყოფნი და გამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა,ხოლო ბოროტის მოქმედნი,აღდგომასა სასჯელისასა."( იოანე 5.15). შენი სიკეთე მოელის აღდგომასა სიხარულისასა, რადგანაც თქვენი გამოჩენა ჩვენს ეკლესიაში ერთგვარ მზის ამოსვლას ჰგავდა! აჭარელი კაცი, რომლის მამაც მოლა იყო, ხდება ქრისტიანი, ხოლო შემდგომ მწყემსი კეთილი, თავდადებული მოძღვარი, რომელსაც ერთი დღეც კი თავსი ცხოვრებით არ უცხოვრია. იგი დღენიადაგ იყო მრევლსთვის დაუღალავ მსახურებაში ჩამდგარი! მე მისი სულიერი შვილი ვარ და ჩემს თვალსაწიერზე გაიარა თითქმის მამა სისოს (დეკანოზ სერაფიმე ბერიძის) მოღვაწეობამ.

და თუ შეიძლება ითქვას სიტყვა, მოღვაწეობა ეს ნამდვილად მიესადაგება მამა სერაფიმეს შრომას. შრომას,რომელმაც უამრავი ნაყოფი გამოიღო. ათასობით ადამიანი, ქრისტეს სჯულის მიმდევარი გახდა. ის ქადაგებდა სკოლებში, ქუჩებში, საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტში, განათლების სხვადასხვა კერებში, უბრალოდ და თვალზე ცრემლით. მას სტკიოდა აჭარა და მთელი საქართველო. რამდენჯერ უტირია და ჩვენ თითქოს ამას არ ვიმჩნევდით მისი სულიერი შვილები. ის არის კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა აჭარაში. მამა სისოსთან არ არსებობდა ბარიერი, კაცი, რომელსაც შეეძლო ბავშვთან ბავშვი ყოფილიყო, დიდთან დიდი. ადამიანი, რომელსაც შეეძლო საათობით დამჯდარიყო და ესაუბრა ერთ შეჭირვებულ ადამიანთან, შემდეგ გაჰყოლოდა და არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც დაჰხმარებოდა. ალბათ ასე იქნება მისი გარდაცვალების შემდგომაც, რადგანაც წმინდა ადამიანები სიკვდილის შემდეგ უფრო ეხმარებიან მოყვასთ.

მამა სისო, დაილია როგორც სანთელი! აი,როცა სანთელს დაანთებ სიბნელეში, გაანათებს და იწვის, იწვის და ირგვლივ სითბოსა და სინათლეს აშუქებს. ასე ენთო მამაო ამ წუთისოფელში.განსხვავებით თაფლის სანთლისა იგი არასოდეს ჩაქრება, რადგანაც მისი ცხოვრების ნათელი,მუდამ იქნება აკიაფებული და თბილი.

KARIBCHE

თქვენ გახსოვთ მკითხველო, რომ რამდენიმე ხნის წინათ, მამა სისოს ძმა, დიაკონი სევერიანე, რომელიც პირველი აჭარელი სასულიერო პირი იყო, წმინდანად შერაცხეს! მამა სისოს კელიაში,სანამ მოხდებოდა კანონიზირება მამა სევერიანეს; ფოტოს მირონდენა დაეწყო და სულ რაღაც სამ დღეში იგი წმინდანად შერაცხეს. მამა სისომ კი ეს მომავალი ფაქტი სამი დღით ადრე იცოდა.

ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასზე, მაგრამ ახლა ერთ საკითხსაც შევეხები და არ შემიძლია, ამაზე არ ვისაუბრო. ვიცი ამისთვის საყვედურს მივიღებ, მაგრამ მაინც დავწერ და მამა სერაფიმეს ფოფოდიას თბილად ნათქვამ საყვედურს გავუძლებ. ქალბატონი ჟუჟუნა, ჩვენ მას დიდ ფოფოდიას ვეძახით, რადგანაც ყველას დედა იყო, როგორც მამაო იყო მამა, ასევე მისი მეუღლე დედად იწოდებოდა. მღვდლის ცხოვრება ასე მაღალკეთილშობილებით ვერ წარიმართება თუ მას გვერდით არ უდგას ნამდვილი, ძლიერი და მლოცველი ფოფოდია და სწორედ ასეთი არის მამა სერაფიმეს მეუღლე. ცოლი კლდეა აღშენებული კაცის გვრდით და იგია საყრდენი მამაკაცისა. აი ასეთი კლდეა ჟუჟუ ფოფოდია მას ასეც ვეძახით მოფერებით. არ ვიცი მივუსამძიმრო მამაოს ოჯახს თუ როგორ მოვიქცე, რადგანაც სიკვდილი მათვთვის არის საშიში, ვისაც ღვთის წინაშე წარდგომის ეშინია, ხოლო მამა სისოს, ვგონებ არ ეშინოდა, რადგანაც ამ წუთისოფელში ქრისტეზე მეტად არავინ უყვარდა.
კეთილად განისვენე დიდო მოძღვარო და მოგვიხსენე უფლის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1