"მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას"
"მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას"
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
-ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი. ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება. ვისაც უფლის ნების შეცნობა სურს, მას უპირველესად საკუთარი ნება უნდა ჩაიკლას, ილოცოს და რწმენით, არამზაკვრული უბრალოებით, შემუსვრილი გულით, უყოყმანოდ დაუსვას კითხვები მოძღვარს და ძმებს და მათი რჩევები, როგორც ღვთის მიერ წარმოთქმფლი, ისე მიიღოს, თუნდაც მისი განზრახვის საწინააღმდეგო იყოს ან თუნდაც მოპასუხე სულიერებით არ გამოირჩეოდეს, რამეთუ უფალი უსამართალო არ არის და არ დაუშვებს, რომ სულები, რომელებიც რწმენით და თავმდაბლობით დაემორჩილნენ მოყვასის რჩევას და მსჯავრდებას, შეცდნენ. მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე - არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს. თუ შენთვის უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში აღმოჩნდი, ფარულად დააკვირდი იქ მყოფთა ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. თუკი იგრძნობ შენი უძლურებისთვის სასარგებლოს ან თუ იპოვნი მათ შორის, რასაც ეძებ ანუ სულიერ ამპარტავნების მკურნალობას, მაშინ დაემორჩილე მათ და ანგელოზების თანდასწრებით გაანადგურე შენი ნების ქარტია. ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება თავისი გულმოდგინებით, გულკეთილობითა და ლოცვით. ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღვთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ ჭირდება.

როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნვა ბევრმა ვერ შეძლო. მკაცრი სიტყვით, როგორც ქვით, მიმართავს მწყემსი იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა. რამდენადაც მოძღვარი თავის თავში ხედავს როგორც მორჩილთა, ასევე საერო ადამიანების რწმენას, იმდენად ის მოვალეა სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს ან ამბობს, რადგან იცის რომ ყველა მას უყურებს, როგორც მაგალითს და მისგან ყველაფერს იღებს, როგორც წესსა და ჭეშმარიტებას. ღვთის სამსაჯავროზე მოძღვრის ფიქრში გავლილი ცოდვა მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მორჩილის მიერ საქმით ჩადენილი ცოდვა, რადგანაც მებრძოლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტმზრახველობა.

ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა.
ბეჭდვა
1კ1