მზად ვარ, იქ ვიმსახურო, სადაც უფალი მომიწოდებს
მზად ვარ, იქ ვიმსახურო, სადაც უფალი მომიწოდებს
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, ვისი ღვთისსათნო ცხოვრებაც თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი და დამაფიქრებელია.

მამა აკაკი რევიშვილი ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიაში, სოფელ ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მოძღვარს ვთხოვე, "კარიბჭის" მკითხველს გასცნობოდა.

- ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ვიყავი. დიდი მორწმუნეობით არ გამოირჩეოდნენ ჩემი მშობლები. ბავშვობიდანვე მქონდა უფალთან მიახლების სურვილი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა გელათში მამა ნიკოლოზ პიტნავამ მომნათლა (მერე ჩემი მოძღვარი გახდა). ნათლიები არიან მამა იოსები და მამა ზოსიმე (კაცაძე).

სკოლის პერიოდში ზაფხულობით გელათის მონასტერში ვრჩებოდი და ვეცნობოდი მონასტრულ ცხოვრებას. სკოლის დამთავრების შემდეგ მამა ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით და რჩევით ჩავაბარე საფარის სასულიერო სემინარიაში. მაშინ ახალციხის ეპარქიას და საფარის სასულიერო სემინარიას მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) უძღვებოდა. მალე მამა ზოსიმე გადაიყვანეს ვარძიის წინამძღვრად და როგორც მისი ნათლული, მას გავყევი და მსახურებაში ვეხმარებოდი.

ოჯახს ჩემი ბერობა არ უნდოდა და აქედან გამომდინარე დავუბრუნდი საერო ცხოვრებას. საგუნდო-სადირიჟორო განათლება მქონდა მიღებული. ჩამოვაყალიბე გუნდი. მერე მივხვდი, რომ მინდოდა ის, რაც უფალთან დამაახლოებდა. ჩამოვედი თბილისში. წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი გავხდი. იმ დროს ოჯახიც შევქმენი. პირველი შვილი გარდაგვეცვალა. ალბათ ასეთი იყო უფლის ნება... მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, უფრო მეტად გვეცხოვრა სულიერად და საკუთარ თავში მეტი შეცდომები ამოგვეკითხა, სულიერად განვწმენდილიყავით.

ამ დროს მამა ზოსიმე აკურთხეს მღვდელმონაზვნად და ასპინძაში განაწესეს. უფალმა ინება და შეისმინა ჩვენი სინანული, ლოცვა და მოძღვარმა მეუფე თეოდორესთან სტიქაროსნად წარმადგინა. თბილისიდან ახალციხეში სამეუფო ლოცვას ვესწრებოდი. წირვის მერე ისევ უკან ვბრუნდებოდი. ორი თვისAმერე მეუფემ კურთხევა მომცა, ასპინძაში გადავსულიყი. ამ ამბავს დიდი სიხარულით შევხვდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ასპინძაში ცხოვრება. მერვე წელია, ასპინძაში ვმსახურობ. 2004 წელს შეგვეძინა პატარა ნიკოლოზი. იმავე წელს დიაკვნად მაკურთხეს. ორ წელიწად-ნახევარი მეუფის პირადი დიაკვანი ვიყავი. ჩამაბარეს რამდენიმე სოფელი და მეუფის კურთხევას ვასრულებდი. შემდეგ მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს ასპინძის სოფლებში: ტოლოშში, აწყვიტაში, იდუმალაში, სახურდაბელში, ორგორაში, ძველ ჭობარეთში. ამ სოფლებში სამი წელი ვმსახურობდი, წირვა-ლოცვებს ვატარებდი. მორწმუნეთა ოჯახებში ვრჩებოდით ხოლმე.

ტოლოშში არის წმინდა თეოდორე ტირონის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები. იდუმალაში - წმინდა ნინოს ტაძრის საფუძველია ჩაყრილი. აწყვიტაში მაცხოვრის სახელობის ტაძარია.

სარწმუნოებრივად ძალიან მძიმე მდგომარეობაა. იქ აწყურის ტეკი იყო. უსაშვოდ ჭირდა გადაადგილება. აქ ცხოვრობს როგორც ქართული, ასევე სომხური მოსახლეობა. რა თქმა უნდა, რთულია ღვთისმსახურება, თუმცა მყარად და ძლიერად ვაგრძელებთ. მძლავრობს კათოლიკური სარწმუნოება. მათ თავიანთი მოძღვრები ჰყავთ, ისინი არა მარტო სულიერად, არამედ ხორციელადაც ეხმარებიან მოსახლეობას პურის ფქვილით, ტანსაცმლით, რაც გლეხის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს. თუ ადამიანი სულიერად და ხორციელადაც ძლიერია, ამგვარ დახმარებაზე უარს იტყვის. ვესაუბრე ამ ადამიანებს და მიპასუხეს: მამაო, ერთ მანქანა პურის ფქვილს თუ ამოგვიტანთ, ხვალვე გავაგდებთ ამ კათოლიკე მღვდელს აქედანო. უფრო მეტი ყურადღება ხორციელზე აქვთ გამახვილებული. ძალიან დიდი შრომა და დრო არის საჭირო მოსახლეობის სარწმუნოებაში განსამტკიცებლად, რომ მიხვდნენ, რისთვის სწამთ ღმერთი. სოფელ ხიზაბავრის მართლმადიდებელი მრევლი არ იღებს კათოლიკეებისგან დახმარებას. მადლობა უფალს, მოდის სულიერად ძლიერი მომავალი თაობა.

მეუფე თეოდორე ძალიან გვეხმარება როგორც სულიერად, ისე ხორციელად.

სასულიერო პირები ხშირად ჯარისკაცებს ვემსგავსებით, სადაც გვიბრძანებენ, იქ გადავდივართ. ჩემი მეუღლე, თეა პირმისაშვილი, მედავითნეა, აცხობს სეფისკვერს. თავიდან, როცა არ მყავდა სტიქაროსანი, ჩემი მეუღლე გარედან მეხმარებოდა ხოლმე. მადლობა ღმერთს, ახლა გამოსწორდა მდგომარეობა, მოდიან ახალგაზრდები, აინტერესებთ ღვთისმსახურება, სტიქაროსნობა. ღმერთი მოწყალეა. ადამიანებმა უნდა შეიცნონ ის, რაც სახარებაში წერია, ადამიანს თმის ღერიც არ ჩამოვარდება უფლის ნების გარეშე. ამიტომ მას მივანდოთ ჩვენი ცხოვრება და უფალი ხელს მოგვიმართავს. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: მიენდე უფალს და მან გამოგზარდოს შენ და არა რწმენითა შერყევაი უკუნისამდე, ამინ!

ხშირად გვიწევს ხოლმე შეურაცხყოფის დათმენა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. განსაცდელებიც მოდის, იმიტომ რომ ასეთია ღვთის ნება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, - ხანდახან, ჩვენ, სულიერი მოძღვრები, სანაგვე ყუთებს ვემსგავსებით, რამეთუ მოდიან ჩვენი სულიერი შვილები, სულიერად დამძიმებულნი, და მოგვაყრიან თავიანთ ცოდვებს - აღსარებაზეა საუბარი - და თვითონ დასუფთავებულ-განწმენდილნი მიდიან. მოძღვარს როგორ ტოვებენ,Aამაზე არ ფიქრობენო. ჩვენც, მოძღვრები, ადამიანები ვართ, ჩვენც გვჭირდება ნუგეში, გვერდით დგომა, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს.

ადამიანებო, მოერიდეთ ცოდვას, ამით უფალს აამებთ და ეს იქნება ცხონების გზა.

- მამაო, ყველას ხომ თავისი ჯვარი აქვს.

- როცა ვიბადებით, ვიზრდებით და შევდივართ ამ ცხოვრების დინებაში, ვაცნობიერებთ, ვინ ვართ, რანი ვართ და საიდან მოვდივართ, ყველა მეტ-ნაკლებად შეგნებულად ირჩევს თავის ცხოვრებას. ადამიანმა, როცა ირჩევს ამა თუ იმ პროფესიას, ცხოვრების წესს, თავისი ჯვარი ბოლომდე უნდა ზიდოს. შეიძლება შეცდეს, მაგრამ მისი გამოსწორების შანსს უფალი გვაძლევს. უკეთესი იქნება, ყველა ადამიანმა თავისი მოვალეობა იცოდეს და თავისი ჯვარი იტვირთოს. მაშინ შეეცდება თავისი მოვალეობის შესრულებას. უფალმა ინებოს, ყველას ღირსეულად ეტარებინოს თავისი ჯვარი.

***
ძალიან დიდი ჯვარი აქვს მღვდლის მეუღლეს. როცა დავოჯახდით, მორწმუნეები ვიყავით. როცა სასულიერო გზას შევუდექი, გაუჭირდა ცოტა. ძალიან გაუჭირდა ასპინძაში ცხოვრება, მაგრამ სიყვარულით ღვთისა და ერთმანეთისა დავძლიეთ დაბრკოლებები. მეუღლეს ძალიან დიდი მისია აკისრია მოძღვრის ცხოვრებაში. ერთ-ერთი წმინდა მამის ნათქვამია, მღვდლის დაბრკოლება არის ან მეუღლე, ან შვილებიო. თუმცა მღვდლის ნუგეშიც არის ოჯახი. ისაა სულიერი დასვენების ადგილი, სადაც შვებას ნახულობ. ოჯახი კიდევ ლოცვით შედგება. უფალია ჩვენი მამა, ღვთისმშობელია ჩვენი დედა. მინდა შევთხოვო ღვთისმშობელს, გააძლიეროს ყველა მანდილოსანი, მით უმეტეს, მოძღვრის მეუღლეები, რომლებსაც ძალიან დიდი ჯვარი აქვთ.

ინებოს უფალმა - გაგვაძლებინოს.

მადლობა თქვენს ჟურნალს. მაღალთა შინა ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1