საოცარია, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს ამდენი სიყვარული
საოცარია, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს ამდენი სიყვარული
"ხილული სასწაულები", - ამ სათაურით აღბეჭდა ფირზე რეჟისორმა თინათინ ჭაბუკიანმა არქიმანდრიტ სოკრატეს მადლით სავსე ცხოვრება. კინოს სახლში შეკრებილმა სასულიერო და საერო პირებმა კიდევ ერთხელ იხილეს მცირე ნაწილი მამა სოკრატეს ხილული სასწაულებისა.

მეუფე თადეოზი: - ძალიან დიდ შეფასებას მივცემ ფილმს "ხილული სასწაულები". მამა სოკრატე დიდი მოძღვარია, ბავშვობიდან, დედის მუცლიდან გამორჩეული. 12 წლისამ მარტომ ააშენა სოფლის ბოლოში ქოხი და დღედაღამ იქ ლოცულობდა. ბავშვი არ შეშინებია ზამთარს, ზაფხულს, სიცივეს, სიცხეს. პირადად მე ასეთი სასწაულები არ მინახავს, რაც ფილმში ვიხილეთ. ვერ წარმოიდგენ, ასეთი მადლიანი და ძლიერი თუ არის. პირადად ჩემს თავზე მაქვს რამდენიმე სასწაული განცდილი. დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ მამა სოკრატეს.

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე: - ამ ფილმში ასახულია ის ფენომენი, ის სასწაულები, რაც მამა სოკრატეს უკავშირდება. დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი განსაცდელი ის არის, რომ ნაკლებად არიან დიდი სულიერების მქონე ადამიანები, ქრისტიანები, რომელთაც ძალუძთ სასწაულები მოახდინონ. მაგრამ როდესაც დღეს ასეთები გვყავს და თანაც ცოტანი, უნდა ვისწავლოთ მათი დაფასება. დიდი მადლობა ფილმის რეჟისორს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ ფილმის გადაღებაში. ამ ფილმის ნახვის შემდეგ შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება და შეიცვალოს შეხედულება სამყაროზე. მამა სოკრატეს აქვს მადლი, ლოცვებით განკურნოს ადამიანი. საოცარია, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს ამდენი სიყვარული.

რეჟისორი თინათინ ჭაბუკიანი: - ოც წელზე მეტია, მამა სოკრატეს სულიერი შვილი ვარ. მან ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის მრავალი სიკეთე გააკეთა, მრავალი განსაცდელისაგან გვიხსნა. მომსწრე ვარ ძალიან ბევრი სასწაულისა. ყოველთვის მინდოდა, ფირზე აღმებეჭდა ეს ყოველივე და მომეთხრო სხვათათვის. ღვთის წყალობით, შევეცადე, რაღაც უმნიშვნელო, რამდენიმე ამბავი მომეთხრო, ის მრავალ ადამიანს ენახა და რწმენაში გაძლიერებულიყო.

ვალერი ხრუსტალი: - მამა სოკრატესთან ურთიერთობით ვმშვიდდები და ძალას ვიღებ. თავად ვარ მომსწრე მრავალი სასწაულისა.

მორწმუნე: - ტაძარში იშვიათად შევდიოდი, წირვა-ლოცვებს არ ვესწრებოდი. როცა მორწმუნე ადამიანს ვხედავდი, მიკვირდა, ნეტავ ამდენს რას ითხოვენ-მეთქი, იმდენად არაეკლესიური ვიყავი. ღმერთმა მომივლინა განსაცდელი მოსაქცევად. პირადად ჩემმა ახლობლებმა თავად იხილეს სასწაული, რაც მოხდა ჩემი შვილის თავზე. ბარბარე ორი წლის იყო, ავად რომ გამიხდა, ექიმები ვერ ეხმარებოდნენ. ბავშვის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. წავედი მამა აკაკისთან მეტეხში. როგორც კი კარი შევაღე, ტაძრიდან გამოფრინდა თუთიყუში ჩიკო, რომელიც ლოცვას ამბობდა. წამოსვლისას მითხრა, - ღმერთს ებარებოდეო. განვცვიფრდი. თვალცრემლიანი წამოვედი შინ. მოვყევი ეს ამბავი. ვტიროდი და ვამბობდი, ჩიტი ლოცულობს, იცის ღვთის დიდება და მე ამდენი წელი არ მილოცია-მეთქი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, - დაწყნარდი და ხვალ იმ ჩიტს მოგიყვანო. მართლაც მომიყვანა ჩიტი. ჩიკო დავარქვი. პირველი, რაც თქვა, იყო: უფალო, შემიწყალე.

ბოლოს მამა სოკრატესთან მივედი ტაძარში. დალოცა ბარბარე და თავზე ხელი დაადო. მოვუყევი, ბარბარეს რამდენიმე კვირაა, არ უჭამია-მეთქი და დალოცვა ვთხოვე. ამასობაში ნათელა ვაშაკიძემ მითხრა, - მოდი, პური და ძეხვი ვაჭამოთო. ეს ისეთი მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ხელები ამიკანკალდა. ქალბატონმა ნათელამ სატრაპეზოში შეიყვანა და აჭამა. ბარბარემ ჩვეულებრივად იტრაპეზა და იმ დღიდან მამა სოკრატეს ლოცვა-კურთხევით იღებდა ყველა საჭმელს. ისეთი დიდი სიყვარული არსებობს ჩემსა და მამა სოკრატეს შორის, რომ არა განგება, ასეთი დიდი სიყვარული ადამიანს ადამიანისადმი ვერ ექნებოდა. მადლობა უფალს, ასეთი ღირსეული ღვთისშვილები რომ გვყავს. შევთხოვ ქრისტე ღმერთს, ასე ბევრი დედა გაეხარებინოს.

მორწმუნე: 8 წლის ვიყავი, როცა ავად გავხდი ფილტვების ანთებით. შეიძლებოდა ცალი ფილტვის ამოკვეთაც კი დამჭირვებოდა. ორშაბათს ანალიზი გამიკეთეს. სამშაბათს დანიშნული იყო ოპერაცია. ადრე ნაზიარები ვიყავი მამა სოკრატთან, მაგრამ კიდევ მინდოდა მიმეღო წმინდა ზიარება. არ შემეძლო ეკლესიაში მისვლა და მოძღვარი თვითონ მოვიდა საავადმყოფოში. ყველა ფეხზე დადგა. ჩემთან მოვიდა და ლახვრის ლოცვა ჩამიტარა. მითხრა, რომ ჩემთვის დანა არ უნდა დაედოთ, ოპერაცია არ მჭირდებოდა. ექიმებს არ უნდოდათ ჩემი გამოშვება, ამიტომ დედა იძულებული გახდა, დაეწერა ხელწერილი და სრული პასუხისმგებლობა აეღო ჩემს ჯანმრთელობაზე. მეორე დღეს აღარც სიცხე მქონდა და აღარც მახველებდა. სამი დღის შემდეგ ანალიზი განმეორებით ავიღე. დაავადების არანაირი კვალი აღარ იყო.

პატარაობისას მშობლებს ქაშვეთის ეკლესიაში დავყავდი. ახლა თავად მივდივარ მამა სოკრატესთან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში. მამა სოკრატე ჩემი სულიერი მოძღვარია.

ქალბატონი ნათელა ვაშაკიძე: - იმდენი ხანი ვარ მამა სოკრატესთან, რომ მისი გამოხედვით ვხვდები, რა სწყინს და რა უხარია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობს, მაშინ სტკივა გული, როდესაც ეზოში შემოსულ შარვლიან მანდილოსანს დაინახავს. ვცდილობ, მას ავარიდო ნერვიულობა და მე მივცე შენიშვნა, მაგრამ რა ვქნა, ზოგჯერ უხეშადაც გამომდის.

***
მამა იაკობ უშიკიშვილი: - მამა სოკრატესგან არ გამოდის მარტო კურნება ხორციელი და სულიერი. მისგან გამოდის უდიდესი მადლი და უდიდესი ცოდნა. მას აქვს უდიდესი გამოცდილება, იმიტომ რომ იგი არის სამი პატრიარქის ლოცვა-კურთხევის ქვეშ მყოფი ადამიანი. უწმინდეს ეფრემს ჯერ კიდევ 1968 წელს უკურთხებია დიაკვნად, ლიტურგიის მასწავლებლად და დღეს მრავალი მღვდელმთავარი, მღვდელი მის მიერ ნასწავლი მსახურებით ადიდებს უფალ ღმერთს. უწმინდეს პატრიარქ დავითს აუყვანია არქიმანდრიტის ხარისხში, აღუკვეცია ბერად და დაუნიშნავს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოძღვრად. ჩვენს პატრიარქს მეორე ჯვარი უბოძებია და 1992 წლიდან იგი არის მთავარი ხუცესი შიომღვიმის, სამთავროს და სვეტიცხოვლის მონასტრებისა. ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ეკლესია ენდობა მამა სოკრატეს სულიერებას.
ბეჭდვა
1კ1