ღვთის გზაზე დადგომა არსად არ არის ადვილი, მით უმეტეს ამერიკაში
ღვთის გზაზე დადგომა არსად არ არის ადვილი, მით უმეტეს ამერიკაში
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, შვიდი წელია, ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაარსდა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში შედის. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით იქ ქართველი მოძღვარი, მამა ალექსანდრე თანდილაშვილი მოღვაწეობს. მამა ალექსანდრე თბილისში მცირე ხნით ბრძანდებოდა და "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვეთ.

- ღვთის წყალობით, მრევლის მიერ შემოწირული თანხით ნიუ-იორკში შევიძინეთ შენობა და იქ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ვაკურთხეთ. თანდათან ვალამაზებთ შენობას.

ნიუ-იორკში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ყველა როდი დადის ქართულ ეკლესიაში, მაგრამ ვცდილობთ, მოვიყვანოთ. მრევლის უმეტესობა საქართველოში არაეკლესიურად ცხოვრობდა და უცხოეთში დაიწყო ტაძარში სიარული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ისეთი ხალხი ივლის ეკლესიაში, რომლისთვისაც უცხოა ეკლესია. გვინდა ასეთი ხალხი ეკლესიურები გავხადოთ და ღვთის გზაზე დავაყენოთ.

მოგეხსენებათ, ღვთის გზაზე დადგომა არსად არ არის ადვილი, მით უმეტეს ამერიკაში - იქ ხალხს უფრო მეტი პრობლემა აქვს, მეტი განსაცდელი. როდესაც განსაცდელი მოდის, ადამიანს უფალი მაშინ აგონდება. ნიუ-იორკში მრევლის უმეტესობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ. განსაკუთრებით ჩვენს მანდილოსნებს უჭირთ, რადგან მათი უმეტესობა უკანონოდ ცხოვრობს და არანაირი უფლებები არ გააჩნიათ. შეიძლება ერთ დღეს პოლიციას მოხვდნენ თვალში და გამოაძევონ ქვეყნიდან. უმეტესობა ოჯახებში მუშაობს და კარჩაკეტილად ცხოვრობს. ზოგი თვეში ერთხელ თუ გამოდის გარეთ. ძალიან ცოტა ახერხებს ყოველ შაბათ-კვირას მსახურებაზე დასწრებას.

- როგორია ამერიკაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრების წესი?

- ძალიან ბევრს მუშაობენ. მათ არც მეგობარი ჰყავთ ახლოს და არც ნათესავი. მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებიან ერთმანეთს. რა თანხასაც იღებენ, ძირითადად თავიანთ ნათესავებს უგზავნიან. დაძაბული ცხოვრების შედეგად სამედიცინო პრობლემები აქვთ: ზოგი ავადმყოფდება, ზოგი დეპრესიაში ვარდება... ეკლესიაში ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა. ამერიკელებს ერთნაირი ცხოვრების წესი არა აქვთ. საქართველოში მა-თზე ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს. არადა, ძალიან თბილი და კარგი ხალხია...

სხვათა შორის, ძალიან კარგი ოჯახები ჰყავთ და ერთგულები არიან ერთმანეთისა, თუმცა გამონაკლისი ყველგან არის. თუ ამერიკელებისგან სასიკეთოს ავიღებთ, ამაში ცუდი არაფერი იქნება...

- რა იციან საქართველოზე?

- ძალიან ბევრმა არაფერი იცის. ბევრმა ჩვენი სახელი ომების შემდეგ გაიგო, ბევრმა - ამერიკაში მცხოვრები ქართველების დახმარებით. ამერიკაში უამრავი სექტა, მიმდინარეობა არსებობს. ზოგი იქვე წარმოიშვა, ზოგი უცხოეთიდან შემოიტანეს. ამერიკელების ძალიან დიდი ნაწილი ეკლესიაში დადის. კათოლიკეებიც არიან, პროტესტანტებიც.

ღრმა რწმენა და ღვთის სიყვარული განსაკუთრებით შეგვიძლია ვნახოთ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, თუნდაც საქართველოში. აქ ხალხი უფრო სულიერია, ბევრ შემთხვევაში მოძღვრებსაც კი გაასწრეს სულიერებით. საბერძნეთშიც ძალიან ბევრია მორწმუნე. ამერიკაში ასეთი ძლიერი რწმენა არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ მონასტრები ძალიან ცოტაა და ხალხს არ აქვს მონასტრებთან ურთიერთობა.

- ამერიკაში კიდევ თუ მსახურობენ ქართველი მოძღვრები?

- ჩვენი საპატრიარქოს სამღვდელოების რამდენიმე მოძღვარი მსახურობს ნიუ-იორკში და ცდილობენ, სამრევლოები ჩამოაყალიბონ.

ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მღვდელმთავარი ჰყავს. ადრე მიტროპოლიტი იონა იყო. ამჟამად ეპისკოპოსი მიქაელი აირჩიეს. საქართველოს მხრიდან - მეუფე დიმიტრია მოვლინებული. მეუფე დიმიტრი საქართველოშიც არის და ამერიკაშიც ჩამოდის. მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა ამერიკაში ქართული სამრევლოები.

ჩვენი ეკლესია ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობისა. ფილადელფიაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა დაფუძნებული, ვაშინგტონში კი წმინდა თამარ მეფისა.

წმინდა ნინოს ტაძარში ძალიან კარგი მგალობელთა გუნდი გვყავს. გვყავს მედავითნეებიც, სტიქაროსნებიც.

- მამაო, სერაფიმ როუზის მონასტერი თუ მოილოცეთ?

- მეუფე დიმიტრისა და სხვა სამღვდელოებასთან ერთად მოვილოცეთ სერაფიმ როუზის მონასტერი. იქ ერთი ღამეც გავათენეთ. ამ მონასტერში მსახურობდა სერაფიმ როუზი სიცოცხლის ბოლომდე. საფლავიც იქ არის. მონასტერი ჩვენთვის ცნობილია პლატინას მონასტრის სახელით.

- მამა ალექსანდრე, თქვენს შესახებაც გვიამბეთ...

- მცხეთის სასულიერო სემინარია 1982 წელს დავამთავრე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე დიმიტრისთან ერთად უნდა წავსულიყავი ვატიკანში, ორიენტალურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. მოგეხსენებათ, 1982 წელი რა დრო იყო და უარი გვითხრეს. უწმინდესმა შემდეგ ლენინგრადში გამგზავნა, მეუფე დიმიტრი კი მოსკოვში. სწავლის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. დამნიშნეს თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგად, ცოტა ხანში - რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. ორი წლის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად წმინდა ვლადიმერის სასულიერო აკადემიაში გამგზავნეს. აქ ვსწავლობდი ორი წელი. დაცული მაქვს ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. ჩვენი რექტორი იყო ნიუ-იორკის ეპისკოპოსი პეტრე. სწავლის დამთავრების შემდეგ მთხოვა, ერთი წლით დავრჩენილიყავი ეკლესიაში. დავთანხმდი და გადავწყვიტე, ერთი წელი მემსახურა ამერიკაში. მალე თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. ამის გამო გადავწყვიტე ამერიკაში კიდევ ერთი წელი დავრჩენილიყავი. ამასობაში ორი შვილი შემეძინა. მოხდა ისე, რომ აფხაზეთში დაიწყო ომი. შემოვრჩი ამერიკას და მერე დავიწყეთ ფიქრი ქართული ეკლესიის დაარსებაზე. თავიდან ბევრი მრევლი არ იყო. თუმცა მე 1992 წლის სექტემბრიდან ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში ვატარებდი ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას. ვიდრე ნიუ-იორკში ქართულ ეკლესიას გავხსნიდით ასეთი სრული ფორმით, მანამდე თვეში ორჯერ ქართულად ვატარებდით მსახურებას საკათედრო ტაძარში. მაშინ მოხდა ჩვენი მრევლის შემოკრება. ამან განაპირობა ის, რომ შევძელით ეკლესიის გახსნაზე საუბარი. მადლობა ღმერთს, რომ ღვთისა და მრევლის თანადგომით შეუძლებელი შევძელით.

- მამაო, მომავალში რა სასიკეთო საქმეებს გვთავაზობთ?

- ჩვენ ძალიან დიდი შენობა შევიძინეთ ეკლესიისათვის. ამ ეტაპზე 650000 ათასი დოლარი გვაქვს ვალი, რომელიც ათ წელში უნდა დავფაროთ. დიდი გეგმები გვაქვს. ამ შენობას კიდევ ერთი სართული უნდა დავაშენოთ საცხოვრებელი ფართისთვის. ნიუ-იორკში ბევრი ქართველი ნარკომანია. გვინდა, რამდენიმე ოთახი გამოვყოთ მათთვის, ვისაც სურს გამოსწორება, მაგრამ უჭირს ამის გაკეთება. შევეცდებით, ყველანაირად დავეხმაროთ. რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა შინაგანი ძალა და უფლის დახმარებით თავი დააღწიეს ამ სენს. ისინი რჩევებს მისცემენ და ერთად შევეცდებით, ვიხსნათ ამ ჭირისგან. ამას სჭირდება ხანგრძლივი დრო და ინტენსიური მუშაობა. არიან ისეთებიც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და შემოსავალი და საცხოვრებელიც აღარ აქვთ. გარკვეული დროის განმავლობაში ასეთებს კვებითაც უფასოდ დავეხმარებით. გვინდა გავხსნათ ასევე საკვირაო სკოლა. გარდა ამისა, გვექნება ქართული საბავშვო ბაღი, სადაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ ქართველ ბავშვებთან მშობლიურ ენაზე მეტყველებას. გეგმები დიდი გვაქვს. ვისაც ფინანსურად შეგიძლიათ, გთხოვთ, შეგვეწიოთ. ამით ეკლესიას და იმ ხალხს დაეხმარებით, ვისაც უცხოეთში ნამდვილად სჭირდება ხელის გამართვა.

- მამაო, დაგვმოძღვრეთ...

- ერთადერთი რჩევა შემიძლია მივცე ხალხს - ყველა ღვთის გზაზე დადგეს, რამეთუ სხვა ჭეშმარიტი გზა არ არსებობს. ეკლესიაშია მხოლოდ ცხონება.
ბეჭდვა
1კ1