ქრისტეს მხედარნი უნდა ვიყოთ ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეთაც
ქრისტეს მხედარნი უნდა ვიყოთ ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეთაც
წმინდა პაისი ათონელი წერს: "მოძღვრის საქმე ადამიანის შინაგანი განკურნებაა. არ არსებობს იმ გამოცდილ მოძღვარზე უკეთესი ექიმი, რომელიც თავისი სიწმინდით საკუთარი თავისადმი ნდობას ნერგავს ადამიანების გულებში , ღვთის უფაქიზეს ქმნილებაში ეშმაკის მიერ შეტანილ აზრებს განწმენდს და წამლის გარეშე, ღვთის მადლით განკურნავს სულსაც და ხორცსაც. რადგანაც საღვთო განათლებას, ღვთის სულს ფლობს, მოძღვარს ესმის ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან ადამიანები და შეუძლია, მათ სწორი მიმართულება მისცეს. კარგია, თუ მოძღვარი მრავალი საზრუნავით არ იქნება მოცული, რათა შეძლოს, ყოველ სულს მისთვის აუცილებელი დრო დაუთმოს და თავისი სამუშაო სწორად შეასრულოს". ჩვენს დროში, როდესაც ცოდვა ასე მომძლავრდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძღვრის მოღვაწეობა.

ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ სამთავისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე ტიტვინიძე.

- მამაო, სამთავისის ტაძრის გარდა ეპარქიის სხვა ტაძრებშიც მოღვაწეობთ. გვიამბეთ სამთავისის ტაძრის შესახებ...

- ღვთის ნებითა და მეუფე ანდრიას კურთხევით, სამთავისის ამაღლების სახელობის ტაძარში ვეკურთხე მღვდლად. დაახლოებით 8-9 სოფელში გვიწევს მღვდლებს მსახურების ჩატარება. პირადად მე ექვს სოფელში ვმსახურობ, ვატარებ პარაკლისებს და ა. შ.

პატარაობისას მოვინათლე ბებიის გარდაცვალების დროს. ბავშვობაში არცთუ კარგი წარმოდგენა გვქონდა მღვდლებზე. მერე, როცა უკვე ქართველ ხალხში ეროვნული და ეკლესიური ცნობიერების გამოღვიძების პროცესი დაიწყო, მეც სხვაგვარად დავიწყე ფიქრი. როდესაც სამთავისის ტაძარში მოვედი, ეკლესიურ ცხოვრებაზე წარმოდგენაც არ მქონდა. მომნუსხა ამ ტაძრის დიდებულებამ. მაშინ წინამძღვარი იყო დეკანოზი კირილე ხულორდავა. ამ საოცრად განათლებულმა ადამიანმა გამაცნო ღმერთი, მართლმადიდებლური მოძღვრების ანბანი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ იმდროინდელი მღვდლები მართლაც გმირები არიან. თავიდან, როცა ეკლესიაში მრევლი არ დადიოდა, დეკანოზი კირილე იყო მღვდელიც, მედავითნეც, მგალობელიც, მესანთლეც და მრევლიც. ეს ხომ სასწაულია! სამთავისის ტაძარში მამა იოანესთან (კალატოზიშვილი) ერთად ვმსახურობ. ამასთანავე ვითვლები გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

სამთავისის ტაძარი არის ქართული ხუროთმოძღვრების საუცხოო ძეგლი. აქ განისვენებს წმინდა ასურელი მამა ისიდორე სამთავნელი. სამთავისის ტაძრის შემოგარენში თითქმის დამთავრდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. ბევრი საინტერესო რამ აღმოჩნდა. განთავისუფლდა ცენტრალური, დიდი ტაძრის სამხრეთით, გალავანთან მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მცირე ეკლესია, გამოჩნდა ამ ეკლესიის ეკვდერი, ე. ი. ეს ეკლესია ნახევარზე მეტად მიწაში იყო, ეკვდერი არც მოჩანდა; გაითხარა და გამოჩნდა ძველი შენობები, რომლებიც დგას ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში, გალავანთან.

- მამაო, რა მდგომარეობაა სოფლებში სარწმუნოებრივი ცნობიერების თვალსაზრისით?

- ხანგრძლივი დროის მანძილზე სოფლებში სასულიერო პირების ნაკლებობას განვიცდიდით. ხალხი კი ეძებდა ღმერთთან ურთიერთობას. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანი ესწრაფვის რწმენას. შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს მწვალებლურმა სექტებმა და ხალხი გადაიბირეს. თუმცა, რაც ამ ეპარქიაში ვმსახურობ, არ მინახავს ადამიანი, მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის რომ ეღალატოს. ეს არის ჩვენი სულმნათი წინაპრების მიერ გაწეული ღვაწლის შედეგი, რომელთაც სისხლისა და ოფლის ფასად გადაარჩინეს ცხოველმყოფელი სარწმუნოება და გენეტიკურად გვიანდერძეს. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ხოლმე თავის ქადაგებებში, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ერი, რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავს. საქართველოს მიწა მორწყულია ქართველთა მოწამებრივი სისხლით.

- როდესაც ადამიანი ეკლესიური ცხოვრების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, როგორი დამოკიდებულება მართებს მოძღვარს მისადმი?

- პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ჩვილს ჯერ რძე უნდა მიაწოდო, შემდეგ კი ხორცი. სარწმუნოებაში განმტკიცებისა და სულიერებაში ზრდის კვალობაზე, მოძღვარმა ადამიანებს განსხვავებული დოზით უნდა მიაწოდოს ღვთის სიტყვა. აქ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. ჩვენ მწყემსებად დაგვადგინა უფალმა და არა გვაქვს უფლება, თუნდაც ერთი ცხვარი დავუკარგოთ ღმერთს და დედაეკლესიას. სახარებაში წერია, რომ ღვთის სიტყვა "ფიცხელ არს". სულიერი ცხოვრების რაღაც ელემენტარული გამოცდილება, საკუთარი თავის იძულების უნარის გამომუშავება, შრომა და ღვაწლი სჭირდება იმას, რომ ადამიანი სულიერად წინ წავიდეს, განვითარდეს; ღმერთი მზრუნველ და მოსიყვარულე მამად მიიჩნიოს და არა მკაცრ მსაჯულად. ავიღოთ თუნდაც მარტივი მაგალითი. მე არაერთხელ მიქადაგია ეკლესიაში თანამედროვე ჩაცმულობის შესახებ. გამოცდილი მოძღვრებისგან გამიგონია, ადამიანი ჯერ ღვთის სიტყვით უნდა შემოსო და მერე თვითონ მიხვდება, გარეგნულად როგორ შეიმოსოსო. როდესაც არაქრისტიანულად შემოსილი გოგონა ეკლესიაში პირველად მოდის და მოძღვარს აღსარებას ეუბნება, ფრთხილად უნდა მიუთითოს მას, რათა გოგონა არ დაფრთხეს და ეკლესიაში სიარულზე საერთოდ არ აიღოს ხელი. რაღა თქმა უნდა, გარემო გავლენას ახდენს ადამიანზე. გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა იმიტომ არის საშიში, რომ იგი თანდათან, ნელ-ნელა ცვლის ადამიანის ბუნებას და თუკი ქართველი ქალი განაგრძობს ასე ჩაცმას, მაშინ მისი ბუნება აუცილებლად მისი ჩაცმულობის შესაბამისი გახდება და ის გაურცხვდება. ხოლო თუკი ადამიანი ბუნებით გაურცხვდა, წესიერი ჩაცმულობა მას უკვე ვეღარ გამოასწორებს. ყველა ქალი პოტენციური დედაა. ბერი პაისი ამბობდა: "როცა დედა მოკრძალებულად არ იცვამს, ის თავისი ქცევით სულიერად აღატაკებს შვილს". უნდა გვახსოვდეს, რომ ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან ადამიანის სასარგებლოდ არის მიმართული. ზნეობრივი კანონები ითვალისწინებენ ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას. ისინი ადამიანისათვის ფარია, ჯავშანია, განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას, იცავს მათ ღირსებას.

- მრევლთან სიმკაცრის გამოჩენა უფრო ამართლებს თუ ლმობიერება?

- თავის დროზე ერთიც საჭიროა და მეორეც. საერთოდ, ზომიერება გვმართებს, რადგან ძალიან საშიში და საფრთხილოა ადამიანებთან ურთიერთობა. ზედმეტი ლმობიერება და მუდმივად დათმობებზე წასვლა ხშირ შემთხვევაში აუფასურებს მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობას, მოძღვრის ავტორიტეტსა და სიტყვას. ბერი პაისი ამბობს, რომ "მოძღვარი უნდა მოქმედებდეს განსჯით, ადამიანის დაცემულობისა და მისი სინანულის შესაბამისად. ზოგჯერ სასულიერო პირთა შორისაც არ არსებობს გულწრფელობა. მაგალითად, ადამიანი გადაეყარა ჯადოქრებს, მაცდურებსა და მათ მსგავსებს, ზოგიერთ სასულიერო პირს კი, რომელსაც ადამიანების სულებზე პასუხისმგებლობა აკისრია, არ შეუძლია ესაუბროს ამ საბრალოებს, აიძულოს, რომ მცირედ დაფიქრდნენ. მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვისა ეშინიათ. გაურბიან იმას, რომ ამ ჯადოქრების, მაცდუნებლებისა და სხვა მათნაირი მატყუარებისაგან უსიამოვნება არ შეხვდეთ. რა გამოდის: იმისათვის, რომ ისინი ჩვენზე კარგს ლაპარაკობდნენ, დიდი სიხარულით გადავცემთ ადამიანების სულებს დასაღუპავად ეშმაკს?! ასე რომ, მოძღვარს პრინციპულობის დაცვა მართებს.

KARIBCHE


მაგრამ საწყის ეტაპზე ეკლესიაში ახალმოსული ადამიანის მიმართ, როგორც უკვე აღვნიშნე, ლმობიერების გამოჩენა სჯობს. მერე და მერე კი სიმკაცრეც საჭიროა. იცით, ხანდახან სიმკაცრე უფრო ამართლებს. ქართველ კაცს სჭირდება მკაცრი ხელი. ჩვენს ეთნოფსიქიკაში დევს რაღაცნაირად ეს უდარდელობა, განცხრომისა და ზედმეტი თავისუფლებისკენ, გალაღებისკენ სწრაფვა-მიდრეკილება. ადამიანს, რომელიც ეკლესიაშია, მეტი პასუხისმგებლობა მართებს. მას კარგად უნდა ჰქონდეს შეგნებული, სად მოდის, ვისთან მოდის, ვის წინაშე დგას და ლოცულობს. ზოგჯერ შემინიშნავს, მავანნი უკვე მრავალი წელია ეკლესიაში დადიან, ეზიარებიან, აღსარებას ამბობენ; გადიან ეკლესიიდან და ჩვეულებრივი წარმართებივით იქცევიან მშობლებთან, შვილებთან, ერთმანეთთან, შინ თუ გარეთ. თანაც ამას იმით ამართლებენ, რომ თურმე ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩე, ფეხი უნდა აუწყო მას. ჩვენ ქრისტეს მხედარნი უნდა ვიყოთ ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეთაც. ღმერთი რომ არსებობს, ეს ყველამ იცის. ამ ლამაზად მოქარგული სამყაროს შემხედვარე ადამიანს არ გაუჭირდება ირწმუნოს უბრძნესი და უზენაესი შემოქმედის არსებობა. ამას დიდი სულიერი განათლება არ სჭირდება. მაგრამ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია, - ამბობს იაკობ მოციქული, - როგორც სხეული სულის გარეშე. "საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო". ისე არ უნდა ვიქცეოდეთ, რომ ჩვენით იგმობოდეს სახელი ღვთისა.

- მამაო, თქვენ შესანიშნავი ოჯახი გყავთ, გაგვაცანით...

- ჩემი მეუღლე გახლავთ ლია ბერიაშვილი. ის დიასახლისია და ოჯახის საქმეებს უძღვება. მე გვიანობამდე ეკლესიაში ვარ. ასე რომ, ბავშვების აღზრდა თითქმის მთლიანად ჩემს მეუღლეს აკისრია. ოთხი შვილი გვყავს: ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ღვთის დახმარებით ვზრდით შვილებს. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში და მათ შორის ჩემშიც არსებობს შვილების აღზრდის, მათი სწორ გზაზე დაყენების პრობლემა. აღზრდა - ესაა ადამიანის ზნეობრივი და სულიერი საფუძვლის ჩამოყალიბების პროცესი. განათლება კი ბავშვის აზროვნების უნარის განვითარების პროცესია. დღეს აქცენტი კეთდება უფრო ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ზნეობრივი განვითარება უპირატესია. როგორც სულია აღმატებული ხორცზე, ასევე განსხვავდება ერთმანეთისაგან საერო და რელიგიური აღზრდა. რელიგიისგან მოწყვეტილ აღზრდას, იქნება ეს ოჯახური თუ სასკოლო, მხოლოდ დროებითი, საყოფაცხოვრებო მიზნები აქვს, რაც ოჯახის, საზოგადოების ან სახელმწიფოს საჭიროებებთანაა დაკავშირებული. აღზრდის მიზანი მხოლოდ სახელმწიფოს ან საზოგადოების ინტერესები არ უნდა იყოს, არამედ თავად ადამიანი. რელიგიური აღზრდის მიზანია სწორედ სულის განვითარება, რომელიც მარადიულ ღვთაებრივ პრინციპებზეა დაფუძნებული. ბავშვთა აღზრდის საქმეში უნდა ვიხელმძღვანელოთ არა მოდით ან მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოთხოვნებით, არამედ, უპირველესად, ღვთის სიტყვით. საუკუნეები გადის, საზოგადოებრივი პირობები და პოლიტიკური სიტუაციები იცვლება, ადამიანის სული კი იგივე რჩება.

არა მარტო შვილების აღზრდის, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხშიც სასოება ღმერთზე უნდა დავამყაროთ. მას უნდა შევთხოვოთ დახმარება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, ყოვლადძლიერი ღმერთი კი იმას მოგვიგვარებს, რისი მოგვარებაც თავად არ შეგვიძლია.

- მამაო, თქვენი ეპარქიის მღვდლებმა ომის საშინელება განსაკუთრებით მწვავედ იწვნიეთ. ვის უწოდებთ ჩვენი დროის გმირებს?

- გმირობა ფართო ცნებაა. ყველა ადამიანი, ვინც თავის ასპარეზზე გამოიჩენს ერთგულებასა და თავდადებას, ჩემი აზრით, უკვე გმირია. ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვები მახსენდება: "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან". გმირის იდეალი ძალიან სწორად არის წარმოჩენილი და დასახული ჩვენს სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობაში, რომლის საფუძველი წმინდაწერილისეული ჭეშმარიტება გახლავთ. სამწუხაროდ, მასმედიით, ტელევიზიით და სხვა საშუალებებით მიმდინარეობს ჩვენი ახალგაზრდების სულის გარყვნის, ტვინის გამორეცხვის პროცესი. უწვრთნელ ბავშვებს გმირებად უსახავენ ადამიანებს, რომელთაც არანაირი ღვაწლი არ მიუძღვით ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ წარმართვის საქმეში. გმირის ცნება თითქოს იცლება თავისი ნამდვილი შინაარსისგან. არადა, რამდენი უჩინარი გმირია, რომელთა არსებობის შესახებაც საზოგადოებამ არ უწყის. ამით, რა თქმა უნდა, მათ შარავანდედს არაფერი აკლდება, პირიქით, ემატება კიდეც, სამაგიეროდ, ჩვენს სულიერებას აკლდება ბევრი რამ. ილიას თქმისა არ იყოს, "ერის გადაგვარება და გათახსირება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ღირსეულ მამულიშვილებს პატივს არ მიაგებსო". ღმერთი ყოველთვის სწყალობდა ქართველ ერს და ამიტომაც იბადებოდნენ და კვლავაც იბადებიან ჩვენში გმირები. თუნდაც ის ბიჭები გავიხსენოთ, ტერიტორიული მთლიანობისთვის რომ დადეს თავი. ბერი პაისი ათონელი წერს: "ომში სიკვდილს შეუძლია, სრულებით მოალბო უფალი. ადამიანი, რომელიც მამაცურად დაეცა, თავს სწირავს სხვათა დასაცავად, ქრისტეს ბაძავს. ასეთები უდიდესი გმირები არიან, მათი შიშით ძრწის თავად სიკვდილიც, იმიტომ რომ სიყვარულის გამო სძულთ სიკვდილი და ამგვარად მოითხოვენ უკვდავებას, საფლავის ქვაში პოულობენ მარადიულობის გასაღებს და მარადიულ ნეტარებაში შედიან". ზოგს ჰგონია, გაბრწყინებული საქართველო - ეს ლამპიონებით გაჩახჩახებული ქალაქებია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენი ქვეყნის სულიერი გაბრწყინების საფუძველი სწორედ მამულისთვის დაღუპული ვაჟკაცების სისხლია. გვწამს, რომ ამ ალალი ბიჭების თავგანწირვის საზღაურად ღმერთი დაიფარავს საქართველოს, დაუბრუნებს ძველ სახელსა და დიდებას. ოთარ ჭილაძე წერს: "მტერსაც და მოყვარესაც მაინცდამაინც ჩვენი მიწა არ ყოფნის და საქართველოს ყოველი ახალი სახეობა, ახლებურად შეკრეჭილ-შეკვეცილი, იმდენად განსხვავდება წინამორბედისაგან, ხათრით თუღა დაუძახებ საქართველოს. მაგრამ რაც არ უნდა დაკნინდეს და დაპატარავდეს ქვეყანა, მისთვის ფასდაუდებელი, მისთვის აუწონავი საგანძური მაინც დარჩება". ეს საგანძური სწორედ მამულისთვის გულანთებული ვაჟკაცები არიან.

ქართველი ერის ყველაზე დიდი მტერი ოდითგანვე იყო ჩვენი არაერთსულოვნება. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას. როცა ერი იყო ერთიანი რწმენაში, სამშობლოს სიყვარულში, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სუფევდა სრული ჰარმონია, მაშინ ქართული სახელმწიფო ძლიერი იყო პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენს რწმენასა და ზნეობაზეა დამოკიდებული, დაგვიბრუნდება თუ არა დაკარგული ტერიტორიები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართ. საქართველოს ისტორიის მანძილზე ქართველთა შორის ხშირად ხდებოდა დაპირისპირებები და შუღლი, მაგრამ ღვთის მადლითა და სასულიერო პირების დიდი მეცადინეობით განხეთქილებამ ეკლესიაში ვერ შეაღწია. ჩვენი უწმინდესი ჩვენი დროის გმირია. ბერმუხა, რომელიც რუდუნებით ზრუნავს ქართველი ერის გამთლიანებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო გორისა და სამთავისის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას. მისი თაოსნობით ჩვენს ეპარქიაში უდიდესი საქმეები აღესრულა. იგი დაუღალავად იღვწის ეპარქიაში საეკლესიო აღმშენებლობისა და მრევლის სულიერი განმტკიცებისათვის. მადლობას ვუხდი ჩემს დაუვიწყარ მოძღვარს, მამა კირილეს, რომელმაც ამ გზაზე დამაყენა; ჩემს მასწავლებლებს, დეკანოზებს: იოანე კალატოზიშვილს, ბესარიონ ბულაშვილს, მიქაელ გალდავას, გიორგი კობაიძეს და სხვებს, რომელთაც მიჩვენეს მაგალითი ადამიანობისა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ: "სიტყვები ასწავლიან, მაგალითები კი წარმართავენ".

მადლობას ვუხდი ჟურნალ "კარიბჭეს" ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რადგანაც ღვთის სიტყვა მიგაქვთ საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ქრისტეს მხედარნი უნდა ვიყოთ ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეთაც
ბეჭდვა
1კ1