ლოცვა-კურთხევა წარსულის ტკბილი მოგონებებისა
ლოცვა-კურთხევა წარსულის ტკბილი მოგონებებისა
მამა გაგი მოსაშვილის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ბევრიც დარჩა გასახსენებელი. როცა ბატონ ავქსენტი მეგრელიძეს შინ ვესტუმრე, მამა გაგის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა. ბატონი ავქსენტი მამა გაგის ნათლული და საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

- რაც კარგი გამაჩნია, ჩემი წინაპრებისგან მაქვს მიღებული. ისინი გამოირჩეოდნენ მოღვაწეობით, ცხოვრების წესით. მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ და მამულის საქმეს აკეთდებდნენ, - მიამბობს ბატონი ავქსენტი, - მოწამეთის ტაძრის არქიმანდრიტი თორნიკე, იგივე გაგი მოსაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი და ნათლია იყო. მამა გაგი იმ დროს მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, როცა იკრძალებოდა ღვთისმსახურება. 19 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მეგობართან, გივი მუნჯიშვილთან (ამჟამად სახელმწიფო კაპელის ხელმძღვანელი გახლავთ) ერთად სანადიროდ ვიყავი ზედაზნის ტყეში. მოულოდნელად ზარების რეკვა შემოგვესმა. მაშინ არც ვიცოდი, იქ თუ მონასტერი იყო. ზარის ხმას მივყევით და მოვექეცით მწვერვალზე, მონასტრის ტერიტორიაზე. მონასტრის წინ, უზარმაზარ მუხაზე ჩამოკიდებულ ზარებს შაოსანი გოლიათი რეკავდა. მივედით, გავესაუბრეთ, ძალიან მოეწონა ჩვენი, ახალგაზრდების აზროვნება. მარტო ცხოვრობდა მონასტრეში და გვთხოვა, დარჩითო. მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. ერთმანეთს სული გადავუშალეთ. ზედაზნის მონასტერი ცნობილი იყო თვალსაჩინო მოღვაწეებით. ერთ-ერთი მათგანი, საგალობელთა შემდგენელი, ექვთიმე კერესელიძე შემდეგში წმინდანად შერაცხეს. მამა გაგიმ წმინდა ექვთიმე კერესელიძის გამოცემული საგალობლების პარტიტურები გამოიტანა ეკლესიიდან და ის პარტიტურები მე, გივი მუნჯიშვილმა და მამა გაგიმ ნოტებით შევასრულეთ. მთელი ღამე ვგალობდით. რამდენიმე პარტიტურა მაჩუქა - დღესაც შენახული მაქვს. შემდეგ გული გადავუშალე - მოუნათლავი ვარ-მეთქი. მოვილაპარაკეთ - მამა გაგის უნდა მოვენათლე. ერთი კვირის შეემდეგ სვეტიცხოველში ჩამოვიდა ჯორით. დიდი ნათლობა ჩავატარეთ. ყველა ადათისა და წესის დაცვით. მამა გაგის თხოვნით, ჩაკეტეს კარები, რადგან მაშინ საშიში იყო მონათვლა და ეკლესიაში სიარული. გალობდნენ ზედაზნიდან ჩამოტანილ საგალობლებს. ნათლობას მხოლოდ გერმანელი ტურისტები ესწრებოდნენ. მე და მამა გაგი ნათლობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ზამთარ-ზაფხულ ხშირად დავდიოდი ზედაზენზე. კვირეების განმავლობაში ვრჩებოდი მასთან. მონასტერში არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ზედაზნის მონასტერში მოვამზადე. ინსტრუმენტი მქონდა წაღებული და სამი კვირის განმავლობაში დღედაღამე ვმუშაობდი. მამა გაგი გახლდათ ჩემი მთავარი კონსულტანტი. არამუსიკოსი კაცი, რომელიც თავისი ლოცვა-კურთხევით, თანადგომითა და უდიდესი მადლით ხელს უწყობდა ჩემს განვითარებას და ჩამოყალიბებას.

ჩემი წინაპრების შესახებაც მისაუბრია მასთან. პირველად რომ დავრჩი ზედაზენზე, ჩართო წმინდა ექვთიმე კერესელიძის ნაქონი ზამბარიანი, მექანიკური პატეფონი. ფირფიტებში მიაკვლია მამაჩემის ათამდე ფირფიტას.

ზედაზნის მონასტერში იმ დროს გადიოდა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მარშრუტი. რუსი ტურისტების უზარმაზარი ნაკადი ჩამოდიოდა მცხეთაში. ვინაიდან რუსის ქალები ცუდად იქცეოდნენ ზედაზნის მიდამოებში, მამა გაგი დიდი კომბლით იდგა მონასტრის ეზოში და მათ არ უშვებდა. ზედაზენზე, მთის წვერზე, შიგ მონასტერში, არის ცრემლის წყარო. ეს კურთხეული წყალი წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევითაა აღმოცენებული. რუსებს არც იქ უშვებდა, წმინდა წყალს მიბილწავენო.

***
ერთ-ერთი ამბის მოწმე თავადაც გახლდით. ზედაზენზე დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლენინგრადის რეზინის ქარხნის პარტორგანიზაციის მდივანი. დიდი კოცონი გვენთო და მამა გაგიმ ჩვენთან მოიპატიჟა. მცირე პურ-მარილი გავშალეთ. სუფრას მამა გაგი უძღვებოდა. მორიგი სადღეგრძელო შესვა წმინდა თამარ მეფისა. უკვე შეზარხოშებულმა რუსებმა შეურაცხყოფა განიზრახეს წმინდა თამარის სახელისა. მამა გაგიმ ეს არ მოუთმინა. ისინი არ დაემორჩილნენ. მამა გაგი განრისხდა და ფიზიკურადაც კი შეეხო მათ.Mმერე მისივე დახმარებით მოვასულიერეთ ის რუსი. მეორე დღეს კი მოგვიბოდიშა, მაგრამ მერე კა-გე-ბეში დაასმინა მამა გაგი - რუსების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევაო. რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს. ესეც არ იკმარეს. მონასტერში დაცული არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, ჩანაწერები დიდ ტომარაში ჩაყარეს და უგზო-უკვლოდ გადამალეს. ზოგიერთი მათგანის გადარჩენა მოახერხა მეცნიერმა გაიოზ იმედაშვილმა.

***
მამა გაგი მოლდავეთში გადაასახლეს. ერთმანეთს მუდმივად ვწერდით წერილებს, თუმცა ძალიან სახიფათო იყო. მამა გაგი გადასახლებაში კუჭის კიბოთი დაავადდა. იმდენად მძიმედ იყო, რომ ვიღაცას შესცოდებია და ურჩევია, - დიდი ხნის სიცოცხლე არ გიწერია და იქნებ დაწერო მონანიების წერილი, რათა სამშობლოში მაინც აღესრულოო. სამშობლოში გაძვალტყავებული დაბრუნდა. მაშინვე დამირეკა და ვინახულე კიდეც. დავაწვინეთ წმინდა მიხეილის საავადმყოფოში - იქ ჩემი მეგობრები მუშაობდნენ.Mმოხდა სასწაული - კუჭის ოპერაცია გაუკეთეს. ორ დღეში მართლაც საიქიოდან მობრუნდა. განთავისუფლების ხელწერილში დააწერინეს, რომ იგი სასულიერო წოდებას აღარ დაუბრუნდებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მამა გაგი რამდენიმე წელი წყალტუბოში სანიტარულ ექიმად მუშაობდა. მერე ქალ-ვაჟი იშვილა და გაზარდა. მისი შვილობილია ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის მოძღვარი მამა რევაზი.

***
როცა მამა გაგის მოძღვრობა აუკრძალეს, ცოლად მოიყვანა თავისი ექთანი. ცხოვრობდნენ ხის ორსართულიან სახლში. ერთ სართულზე თვითონ, მეორეზე - ქალბატონი თამარი. ხშირად ვსტუმრობდი მათ. თამარის გარდაცვალების შემდეგ მამა გაგი დაუბრუნდა სასულიერო ცხოვრებას.

მისი სასულიერო ცხოვრება მხოლოდ მცირე ხნით იყო შეჩერებული. საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ჯერ ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად აკურთხა, აფხაზეთში, ილორში გადაიყვანა. მსახურობდა საგარეჯოში, შიომღვიმის მამათა მონასტერში, მოწამეთის მონასტერში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ერთ ეპიზოდს გიამბობთ: მაშინ მამა გაგი წყალტუბოში მუშაობდა ექიმად. დამირეკა - შენი დახმარება მჭირდებაო. მაშინ სტუდენტი ვიყავი. მითხრა, - ბავშვი ვიშვილე და მინდა მუსიკა შევასწავლო, ჩამოვალ და პიანინო მაყიდვინეო. ცოტა ძვირი დაგვიჯდა მისი შეძენა. ინსტრუმენტი ქუთაისში გავაგზავნეთ. თვითონ მეორე დღეს უნდა გამგზავრებულიყო, ბილეთის ფული კი აღარ ჰქონდა. იმ ღამეს ჩემთან დარჩა. მეორე დილას ლოცვაზე სიონში წავედით. წირვის წინ პატრიარქმა ტაძარს შემოუარა. მე და მამა გაგი შევეგებეთ. ჩემი თავი გააცნო. ერთი შემოვლის დროს გზაზე ეკლიანი ჯოხი შემოგვხვდა. პატრიარქმა სთხოვა, გადააგდეო. მამა გაგიმ უგულოდ მოისროლა ჯოხი. ის უეცრად კედელს მოხვდა და ისევ გზაზე დავარდა. მიდი და წყნარად ისეთ ადგილას დადე, რომ ხელი არავის შეუშალოსო, - უთხრა უწმინდესმა. შემცბარმა მამა გაგიმ მაშინვე შეასრულა დავალება და შემოგვიერთდა. მოუსვენრად გრძნობდა თავს, თან თვალები უბრწყინავდა. წირვის დაწყებისას დამიძახა და ჯიბიდან მუჭით ფული ამოიღო. მეორედ რომ მივიდა ჯოხის დასადებად, მაშინ უნახავს. მართლაც სასწაულის მომსწრენი გავხდით. იმდენი იყო, რომ ბილეთის ფულის გარდა, სხვა რაღაცების ყიდვაც მოვახერხეთ.

***
მამა გაგის ღვთისგან მიეცა ნიჭი მცენარეული სამკურნალო წამლების დამზადებისა. ერთ-ერთ სამკურნალო სითხეს დაარქვა "გაგიკოლა". ბოლო ათეულ წლებში რიგი იდგა ხოლმე მოწამეთის მონასტერში ავადმყოფებისა. არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. ძალიან კარგი თამადა იყო. მისი უფროსი ძმა, აჩიკო მოსეშვილი, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი კანონიერი ქურდი იყო. საქართველოში თითს არაფერს აკარებდა. მერე ქუთაისში ჩამოვიდა და წითელ ხიდთან გახსნა რესტორანი. ერთხელაც რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ ძმებს. წინ მარმარილოს მაგიდა ედგათ. გამწარებულმა მამა გაგიმ მოგლიჯა მაგიდა და თავზე გადაიმტვრია.

***
მამა გაგი მატარებლით მგზავრობდა. კუპეში ორი კაცი დაემგზავრა. როგორც ჩანს, ქურდები იყვნენ. მოძღვარს გამოელაპარაკნენ და ლოცვა-კურთხევა სთხოვეს. მან დალოცა, სულიერი დარიგებაც მისცა. მცირე ხნით ისაუბრეს და ბიჭები დაემშვიდობნენ. განცვიფრებულმა მამა გაგიმ აღმოაჩინა, რომ ხელზე საათი აღარ ჰქონდა - მოეპარათ! ამ ამბავს ყველას უყვებოდა. ამერიკაში ჰყავდა ბიძაშვილი, დიდი მონარდე. მასთან სათამაშოდ თურმე ერთი ცნობილი არაბი შეიხი ჩადიოდა. ბიძაშვილს მისთვის მოუყოლია მამა გაგის თავგადასავალი. შეიხს იმდენად მოწონებია, რომ თავისი საათი წარწერით გამოუგზავნია მამა გაგისთვის.

***
მამა გაგის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ქუთაისში ანდრია ბალანჩივაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი ტარდებოდა. ჩავედით. თან გვახლდა ანდრია ბალანჩივაძის ქალ-ვაჟი. ისინი კარგად იცნობდნენ მამა გაგის. მოწამეთაში მის სანახავად წავედით. მამა გაგი ეკლესიის ეზოში მდგარ კოშკში ცხოვრობდა. ლოგინში იწვა. მაშინ 90 წელს გადაშორებული იყო. ჩამოსვლის მიზეზი რომ ვუთხარით, კონცერტზე წამოსასვლელად საგანგებოდ მოემზადა. თეთრი ანაფორა ჩაიცვა. თმა-წვერიან-სამოსიანად ქათქათებდა, მართლაც ღმერთკაცს ჰგავდა. ძალიან ისიამოვნა ბალანჩივაძეებთან შეხვედრით. ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. იმ წელს საშინელი ზამთარი იყო. მისი გარდაცვალება დილით შემატყობინეს, საღამოს მონასტრის ეზოში დაუსაფლავებიათ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩემი მამა გაგის დაკრძალვაზე დასწრება...
ბეჭდვა
1კ1