მამა გაბრიელი მიძახდა დაბლიდან: - მამა სოგრატი, შენ უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო!
მამა გაბრიელი მიძახდა დაბლიდან: - მამა სოგრატი, შენ უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო!
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.

ვაგრძელებთ საუბარს არქიმანდრიტ სოგრატთან (ჭულუხაძე):
-მამაო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ ცუდად და ბევრჯერ გამოსულხართ მდგომარეობიდან, ეს რითი შეგიძლიათ ახსნათ?
-მე, იცოდე, ისე ვარ დაღლილი და მერე ვავადმყოფობ, მაგრამ ამ ავადმყოფობაში ხომ ვისვენებ? და ისევ მიბრუნდება ენერგია. კარგი პასუხია?
-დიახ, მამაო, კარგი პასუხია.
-ხო, მორჩა, მეტს არ გეტყვი არაფერს (საუბარში ჩაიცინა).

-მარადიულ ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
-მარადიული ცხოვრება უცვლელია და ვინც მოხვდება ღმერთთან თავისი სიყვარულითა, საქმით და ყველაფრით, ღმერთთან იქნება. სახარებაში წერია, გამოვიდა მთესავი და დათესა ხორბალი, საღამოს მიეძინა, მერე გავიდა ღამე და დათესა ბოროტმა ღვარძლი, იმ ნათელში. ამოვიდა ორთავენი. ჰოდა, ეს იძახის, რომ "მე უფალოო, არ დამითესია ღვარძლი და რატომ ამოვიდაო. მიბრძანე და მოვთხაროთ ღვარძლიო. არაო, აცადეო. მოვიდეს და როცა მოიმკება, გაილეწებაო, გადაირჩევაო და ხორბალი ბეღელში შეინახე და ბზე - ღვარძლი დაიწვესო,- იყო პასუხი. ეს არის ადამიანზე ნათქვამი. დიდი სიბრძნეა ამაში ჩადებული. ზოგი პირადაპირ, ზოგი არაპირდაპირ, ყველაფერი ჩვენი ჭკუის სასწავლებელია, მაგრამ ჩვენი ჭკუა გაყინულია, ბევრს გონება არ გაეხსნა, რომ მიხვდეს რას ლაპარაკობს ღმერთი.

-კიდევ რას გვეტყვით მამაო?
-თქვენ რა გაინტერესებთ?

-მამო, რატომ არის ხოლმე ზოგჯერ, რომ ვლოცულობთ და თითქოს ღმერთი არ ისმენს ჩვენს თხოვნას?
-ჩვენ რომ ვლოცულობთ, მერე ვიძახით, შეისმინე ღმერთოო. ლოცვა არის თხოვნა, რომ შეისმინოს. მაგრამ მიიღებს თუ არა, ეს უფლის ნებაა. თუ შენი გული არის წმინდა, სუფთა, თხოვნა მიღებულია, თუ არა და არ ღებულობს. თუ მოშხამულია, შენი სინანული ღვარძლითა და შხამითაა სავსე, ღმერთი არ ღებულობს.

-გამოსავალი რა არის?
-სასჯელი (ჩაიცინა მამაომ).

-მამაო, გული ხომ უნდა განვიწმინდოთ?
-მომისმინეთ, მე გეტყვით ახლა გულზე. მე 1977 წელში ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი ვიყავი და იქ ვმსახურობდი. ამ პერიოდში მცხეთაში ვასწავლიდი სტუდენტებსა. ჰოდა, 1977 წელია, კვირა დღე არის, კვირას საღამოთი ძალიან ვიღლებოდი: ეკლესია, მერე სამჯერ ჩასვლა-მოსვლა მცხეთაში, ეს ძალიან მღლიდა. ერთ საღამაოს დავწექი და ჩემებს ვეუბნები. ახლა მე ვწვები და ღრმად არ ჩამეძინოს, დილას ისეთ დროს უნდა ავდგე, რომ 9 საათზე მზად ვიყო-მეთქი, მანქანა მოვა და წამიყვანს-მეთქი. გამეღვიძა, დრო არ ვიცი, შუაღამეა და ისე ვწევარ, რომ ტანი ვერ გავანძრიე. ძილი არის ნიშანი დასვენებისა და ენერგიის აღდგენისა. ენერგია აღარ მქონდა, დავიცალე. ვფიქრობ, მე არ ვიცი, რა დროა. რომელი საათია. ვერ ვდგები. ვფიქრობ, დილამდე რომ არავინ მოვიდეს, არ მოვკვდები-მეთქი და მერე რომ მოვლენ, ჩაკეტილ ჭიშკარს შემოამტვრევენ და მნახავენ მკვდარს-მეთქი. ღმერთს ვეხვეწები, ღმერთო, ეს თუ ასეა, ისეთი სიტყვა მათქმევინე, რომ ხალხმა წაიკითხოს - უკანასკნელი სიტყვა, გამოსათხოვარი სიტყვა მომივიდა აზრად. ასე ვიწყებ, უსათაურო ლექსია:

"გულო ჩემო, ნუ დასცხრები,
აასრულე ნება ღვთისა,
რისთვის ჩაგდო საგულეში,
იმსახურე იმისთვისა".

ეს ვთქვი და შევჩერდი. ღმერთს ვთხოვე, კიდევ დავუმატებ-მეთქი - ერთი კუპლეტი რა ლექსია. მერე პაუზა წავიდა და დავუმატე "სული".
"სულს რად უნდა მოსვენება,
უკვდავებიდან მოსულსა,
თუნდაც წამით მიერულოს,
ჩავარდება სინანულსა."

სული ისეთი რამეა, მარადიული სიცოცხლეა. მისი შეჩერება არ შეიძლება. თუ წამით მიერულა, მოიწყინა, მოეშვა -"ჩავარდება სინანულსა". ახლა, "გული", "სული". რა დარჩა ადამიანში? – "ხორცი".
"ხორცს მოექეც, როგორც მტერსა,
ფხიზლად, ფხიზლად და კვლავ ფხიზლად!
თუ კი ერთი მოგერია,
სულს ვერაფრით ვეღარ იზღავ!"

გული, სული, ხორცი. ამ სამის შეერთებული ჩვენ რა გვაქვს კიდევ? ჩვენ გვაქვს სივრცე. მე მაქვს ჩემი სივრცე, რაზეც ვარ განწესებული. ყველას თავისი სივრცე აქვს. ეს სივრცე ხომ პატარა განზომილებაა. ლაპარაკია სივრცეზე. როგორ იცით.
"ყოველი კუთხე, მხარე ყოველი,
უფლისა არის, სცანით ყოველი,
ჩვენში რა უნდა ბოროტსა ზრახვებს
განვიდეს მისი მსგავსი ყოველი".

ეს რომ ვთქვი, ჩემი სხეულიდან ფეხებიდან რაღაც გავარდა და დავიწყე მოძრაობა. მაგრამ არ ავდექი, არ ავჩქარდი. ახლა მოდის ლოდინი. ჩვენ ყოველ წუთს ხომ რაღაცას ველოდებით. რა არის ლოდინი? უკეთესის ხომ?
"ნუ ელოდები მოწყინებასა,
თავად მოვიდეს თითქოს,
დამსახურებით კი, შეიძლება,
შენში ადგილიც იცნოს".

კიდევ ერთ კუპლეტს დავამატებ-მეთქი და უფალმა კიდევ ერთი მათქმევინა. თავიდან რომ მოვიდა ჩემში ეს სიტყვები, მინდოდა დარჩენილიყო და სხვასაც წაეკითხა. ეს ყველაფერი დავიმახსოვრე და მერე ფურცელზე გადმოვიტანე:
"თითქოს დამთავრდა დღეს ყოველივე,
ყველა დასრულდა თითქოს,
მაგრამ დღეიდან რაც კი იწყება
ინტერესს უფრო ითხოვს."

დასკვნა. მე წამოვდექი და დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა.

მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მამა სოგრატი

-მე ხომ მცხეთის სასულიერო სემინარიაში ვასწავლიდი. სამთავროს დედათა მონასტერი ხომ იცით? იქ ვიყავი.

პატარა რომ ვიყავი, ზედამხედველობა დამევალა. უწმინდესი მაშინ რექტორი იყო. მე მებარა ბიჭების სახარჯო ფული - ვინახავდი. ჩვენ ვიყავით ზევით, მეორე სართულზე, წინა მხარეს ფიცრის კედლები იყო მოშენებული და იქ ვიწექი. საღამოთი ვფიქრობდი: ახლა მე რომ მოვკვდე, მზად ვარ თუ არა? არ ვარ მზად-მეთქი - საკუთარ თავს ვეუბნებოდი და ცოტა ხანი კიდევ მაცოცხლე-მეთქი. ამ ფიქრში ჩამეძინა და ღამის პირველ საათზე ხმაური გაისმის.  წამოვხტი,. ჩავიცვი, შუქი ჩავრთე და არ ჩაირთო. ფანჯარა გამოვაღე, გავიხედე და ცეცხლი უკიდია სახურავს. გამოვედი შესასვლელში, იქ იდგა ტელეფონი. 1970 წელია, მანამდე მე ტელეფონზე არ დამირეკია - არ ვიცოდი დარეკვა. გჯერათ? არ დამჭირვებია. ავიღე ტელეფონი, ვიფიქრე, იქნებ შემთხვევით ვიღაცასთან მოვხვდე ხაზზე-მეთქი, რომ ვუთხრა, სემინარია იწვისო. ავიღე ტელეფონის ყურმილი და ვიძახი: ალო, ალო. ხმა არავინ გამცა და დავკიდე ტელეფონი.

შიშისაგან ხმა ჩამივარდა, ვკნავივარ. გამოვარდა მაშინ ჩემი უმცროსი ძმა, სემინარიაში სწავლობდა, ცეცხლი უკიდია-მეთქი - ვეუბნები. ჩემს ძმას რომ გაუგია ჩემი კნავილი, ეგონა ვიღაც თავს დაესხაო, მღვდელი ვიყავი მაშინ. ჩემი ძმა დერეფანში რომ გამოვარდა, ჩამოვარდა ცეცხლი - იკეტებოდა დერეფანი. არ დაიბნა და მოკიდებულ ცეცხლს თავი დააღწია. ჩავიდა კიბეებზე, დედების ეზოში და კიბე ამოიტანა. მოადგა მეორე სართულს და ბიჭები გააღვიძა ასე გადაიყვანა ფანჯრიდან. იწვის სახურავი. მე უკან არ შევბრუნებულვარ.

ჩემ ოთახში მქონდა სემინარიის ფული, 500 მანეთი და ჩემი 200 მანეთი, ხელფასს ვიღებდი, ხელფასი ახალი აღებული მქონდა და ამ ფულის გვერდით მედო გარდერობში. ყველაფერი შენობაში დამრჩა. ახლა მე ვდარდობ მობარებულ ფულზე, იტყვიან ფული მივეცით და დამალაო - ეს აზრები მაწუხებდა. არადა - დაიწვა. მესამე დღეს წინა მხარეს - ჩემს მხარეს, სამი კედელი ხე ჩამოცვივდა ძირს, იწმინდებოდა ნახანძრალი. ამ დროს მოსულია ეფრემ მეორე და მამა გაბრიელი (ურგებაძე). მამა გაბრიელი იქ იჯდა, სამთავროს ეზოში, გრძელ კიბესთან. მე მაღლა ვარ დაღონებული. მამა გაბრიელი მიძახის, დაბლიდანა: -მამა სოგრატი, შენ უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო. ჰოდა, მე ისე დავმშვიდდი, მეტი არ შეიძლება. ჩემს თავს ვაწყნარებდი და შთავაგონებდი წმინდა იობის მოთმინებასა. წმინდა იობი მეცხადებოდა ხოლმე, იობმა რაც გადაიტანა, ხომ იცით? ჩემი ჭირი რა შედარება იყო მასთან? - არაფერი. იმან გადაიტანა და მე რა ვარ-მეთქი, ამას რომ ვერ გავუძლო-მეთქი. იმის აზრი მკლავდა, არ ეგონოთ, რომ ის ფული ვითომ მე შვინარჩუნე. ჰოდა, როცა მესამე დღეს წმინდავდნენ იმ ადგილას, აღმოჩნდა დამწვარი ფულის შეკვრა, რომელსაც მხოლოდ კუთხეში ნომრებიღა ჰქონდა შემორჩენილი. იმ ხანძარში თითქოს საგანგებოდ გადარჩენილიყო. ჩემი დარდიც განქარდა. ასეთი სასწაულები დაბადებიდან უამრავი მაქვს.






ბეჭდვა
1კ1