არქიმანდრიტი სოგრატი: იწამეთ ჭეშმარიტი ღმერთი და მერე ყველას ეშველება
არქიმანდრიტი სოგრატი: იწამეთ ჭეშმარიტი ღმერთი და მერე ყველას ეშველება
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა. ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ სოგრატთან (ჭულუხაძე) შეხვედრის ბედნიერებაც მაგ დროს მომეცა. მამა სოგრატს ვინ არ იცნობს, ვის აღარ ჰქონია ამ მადლიან, მოღვაწე ბერთან ურთიერთობა, რამდენი შეჭირვებული თუ დალხენილი ადამიანი მისულა და რამდენისთვის აღმოუჩენია სათანადო დახმარება...თავად, მსახურებებზე მინახავს მამა სოგრატი, მაგრამ ახლო საუბარი და მისი ბაგეებიდან გამოსული სიბრძნისმეტყველება არ მომისმენია. ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეთ, მამაო. ჩვენ კი, ჟურნალი "კარიბჭე", მუდამ თქვენს გვერდით, თქვენი სიტყვის მქადაგებლად და გამავრცელებლად გვიგულეთ... მკითხველს მამა სოგრატის საუბრის მცირე ამონარიდებს პერიოდულად შევთავაზებ.

- მამაო, დრო გაქვთ რომ გაგესაუბროთ?
- დრო ჩემს ხელშია, გინდა მაქვს, გინდა არ მაქვს.


-მამა სოგრატ, დრო როგორ უნდა გამოვიყენოთ?

-დრო არის განუსაზღვრელი, მაგრამ ისაზღვრება წუთით. ყოველი წუთი დროის დიდი მონაკვეთია.

- დღეს ყველაზე მეტად რა უჭირს ხალხს?
- ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ აკეთებენ. რწმენა უჭირთ, რწმენა. არ სჯერათ ღმერთის და იმიტომ იტანჯება მთელი ერი და ქვეყანა. მსოფლიოს მოედო ურწმუნოება და ამით იტანჯებიან. იწამონ ჭეშმარიტი ღმერთი და მერე ყველას ეშველება.

- რწმენა გადაგვარჩენს?

- რა თქმა უნდა. ჩვენი შემოქმედი, დამბადებელი, არარსიდან მომყვანებელი გადაგვარჩენს, ვინაც ჩვენ მოგვიყვანა არსებად და ჩვენ უარვყავით მისი სწავლა- დარიგება, მისი რწმენა. ჩვენ გვგონია მოვკვდებით და ვიკარგებით? არ ვიკარგებით, სიკვდილი არ არსებობს.

-მამაო, ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ამქვეყანაზე?
-თქვენ და ჩვენ ერთნი ვართ. კაცობრიობა ერთი ადამიანია, ყველა მოვალეა, დაემორჩილოს მის შემოქმედსა, ვინც ჩვენ მოგვიყვანა ამქვეყნად.

-მამაო, თქვენზე გვიამბეთ, დიდი ხანია ბერი ბრძანდებით?
-1975 წლის 30 დეკემბერს აღვიკვეცე ბერად და მას შემდეგ ბერი ვარ. 1968 წელს უცოლო ვეკურთხე მღვლლად და ცელებატი ვიყავი, მაგრამ მაინც - ბერი.

-მამაო, ოჯახის შექმნა არ გიფიქრიათ?
-არა... ბავშვი რომ იბადება, თუ ბიჭია, ის პატარაობიდან იღებს სათამაშო თოფს, თუ გოგოა - თოჯონასა. ეს თანდაყოლილი ხომ არის? - ბუნებრივი მოვლენაა. მე არც თოფი ამიღია და არც თოჯინა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ცოლ-შვილი მყოლოდა. ერთ რამეს გავიხსენებ ჩემს ცხოვრებაში, საინტერესო მოსასმენია: ოჯახში გაჭირვება გვქონდა. პატარა ძმა იღებდა ინვალიდობის პენსიას და საბჭოში იძლეოდნენ. ჩვენთან მოვიდა მეზობელი - ეს ქალი დედაჩემის ხნის იყო. ჰოდა, მეუბნება, რომ წამოდი საბჭოშიო (სოფელ ქურთაში იყო საბჭო, მე ზემო აჩაბეთელი ვარ) და ფული ავიღოთო. მე ძალიან მორცხვი ვიყავი, მრცხვენოდა წასვლა, გამეხარდა და ამ ქალს გავყევი ფულის ასაღებად. ის ფული რომ ავიღეთ, მოვდივართ სახლისკენ, გრძელი სოფელია და გზაში ერთ სახლთან იდგა ახალგზარდა ქალი, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. არ ვიცი ვინ იყვნენ ეს ქალი და ბავშვი. პატარა ბავშვი მე მომაშტერდა. შორიდან შევამჩნიე, მიცქერდა და თვალი არ მოვაშორე. ამ ქალს, ჩემს გვერდით რომ მოდიოდა, შეუმჩნევია, ბავშვის თვალები რომ მომშტერებია. სასწაული უნდა იყოს ესა, ჰოდა, ასეთი რაღაც მითხრა: არ გინდა, ასეთი ბავშვი შენ გყავდესო? -მეწყინა მისი ნათქვამი და რა ვუპასუხე იცით? - ყველა ბავშვი ჩემი არ არის მეთქი? ჩემი პასუხი აღიბეჭდა ჩემს გონებაში და არ დამავიწყდება, ჰოდა, ჩემი ბუნება მაშინ გამოიკვეთა. ჯერ ერთი, იმ ქალის შეკითხვა არ იყო სწორი, ბავშვი კი არ უნდა ეთქვა, ასე უნდა ეთქვა: შენი ცოლ-შვილი გყოლოდაო - ხომ ასე უნდა ეთქვა? ბავშვი თავისით ხომ არ ჩნდება. მე კიდევ გამოვუსწორე, - ყველა ბავშვი ჩემი არ არის-მეთქი? მაშინ, მე არ მიფიქრია მღვდლობა. მოძღვრისთვის ყველა ბავშვი, მისი დედა, მამა, ბებია, ბაბუა -ყველა ვინც ჰყავს, მოძღვრისა რა არის? ჩვენთვის ხომ ყველა შვილია? რადგანაც მოძღვარი იღებს ხარისხს, მისი ქორწინება არ შეიძლება, შეუღლება აღარ შეიძლება, უჩერდება მსახურება. მერე ამგვარი პასუხი გავეცი, რაც ზემოთ ვთქვი. ჩემს გონებაში არ მოსულა, რომ მე ან ცოლი, ან შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვარ, რაც ვარ დღეს, ეს მე ვარ. ჩემთან მოდის ყველა გაჭირვებული, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი - ყველას, ვისაც უჭირს, ჩემთან მოდის და მთელი დღე მათ დახმარებას ვცდილობ. ჩემი დრო გამოყენებულია მაქსიმალურად, წუთი არ მეკარგება. თუ ღამეა და ძილი გინდა, დაიძინე, ეს არ იკარგება, რომ აღდგეს ენერგია. თუ დღეა და იღვაწე, ეს დრო არ იკარგება. დღეს კაცის დრო არის ზარმაცი: შრომა არ უნდა და მარტო ჭამა-სმა, ძილი უნდა.

-მამაო, ცხონებისთვის რა არის მთავარი?
-მე თქვენ გეტყვით ლექსათა, შეიძლება?

"წუთისოფელი სავსე არის ფათერაკებით
და ჰგავს მახესა, დაგებულსა ავაზაკების!
რა არის დარდი, რა არის სევდა? - დროა, ვიფიქროთ,
თუ მოვერევით წუთისოფლს, მაშინ ვილხინოთ!
ჩვენ თუ ვიარეთ ქრისტეს მცენებით, ღვთისა დიდებით,
ვძლევთ წუთისოფელს! - დამერწუნეთ, ჭეშმარიტებით;
მე თუ დავიცავ ამა ქვეყნად წესიერებას,
თუ შევასრულებ წრფელი გულით ქრისტესა მცნებას,
თუ შევძელ, ჩემში რომ დაინთოს ცეცხლი ღვთიური,
ვეღარაფერი ვეღარ დამძლევს აქვეყნიური!
თუ შეიყვარე შემოქმედი, გამჩენი შენი,
შრომა კეთილი და მოყვასი, ვით თავი შენი;
თუ შეასრულე ვალი ესე ყოველდღიური,
მოგვენიჭება ნეტარება მარადიული!"



ბეჭდვა
1კ1