"ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ყოველი ადამიანი და მე მატვირთე მათი წილი განსაცდელი"
"ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ყოველი ადამიანი და მე მატვირთე მათი წილი განსაცდელი"
დახმარებისთვის მოსულ ყოველ ადამანში უფლისგან გამოგზავნილ მოყვასს ვხედავ...
საქართველოს ანდრო ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ეზოში აკურთხეს ადგილი , სადაც წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარი აღიმართება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წამყვან კლინიკებსა თუ სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიების მშენებლობის კარგი ტრადიცია დამკვიდრდა, ამ წამოწყებაშიც განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უჩვეულო ამბავი.

რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიურ დაწესებულებას მიაკითხა პაციენტმა, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - მას ავთვისებიანი სიმსივნის შორსწასული ფორმა აღმოაჩნდა. ავადმყოფის გადარჩენის შესაძლებლობა გამოირიცხა, მაგრამ ექიმები მას სიცოცხლის რისკის ფასად გადაუდებელი ოპერაციის გაკეთებას მაინც ურჩევდნენ.

ბაადურ გიგიაძე:
"ასეთი მძიმე დიაგნოზი რომც არ დაესვათ, მაინც ვაპირებდი მამა სოგრატთან მისვლას, რადგან ადრე ჩემს დას ფილტვის კიბო აღმოაჩნდა და მამა სოგრატის ლოცვით განიკურნა. მეც დავდიოდი მასთან სამკურნალოდ - დისკოზი მქონდა და მისი ლოცვის წყალობით მომირჩა. ამიტომ ონკოლოგიის ინსტიტუტში მამა სოგრატის გამოჩენა ჩემთვის უდიდესი იმედი იყო.

გეცოდინებათ ალბათ, მამა სოგრატი მარჯვენა ხელს ბავშვობიდან ვერ ამოძრავებს. როცა ჩემს პალატაში შემოვიდა და ამ მდგომარეობაში მნახა, საოცარი ძალა მიეცა, ორივე ხელით ამიტაცა ჰაერში და ჩემი სხეულით ჯვარი გამოსახა. ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო. მადლიანი დალოცვის შემდეგ ასეთი რამ მითხრა: "შენი სიმსივნე უკვე დაპატარავდა და ერთ ადგილას მოიყარა თავი. გაგჭრიან, მაგრამ ოპერაცია მალე დამთავრდება. უფრო ადრე რომ მოსულიყავი ჩემთან, ესეც არ გახდებოდა საჭირო. ახლა კი ეს ხატები წავიღოთ და საოპერაციოში წავიდეთ - იქ ვილოცოთ. სულ მალე შენ თვითონ დარწმუნდები, რომ ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქაო". წარმატებული ოპერაციის შემდეგ ვერც ქირურგები მალავდნენ გაოცებას.

რევაზ გაგუა,
პროფესორი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პრეზიდენტი: "წინასწარ ჩატარებული გამოკვლევისა და ანალიზების შედეგებით, სიმსივნური წარმონაქმნი საოპერაციოდ ძნელად მისადგომ ადგილებს მოიცავდა. ოპერაცია იმიტომაც იყო რთული, რომ დანით უნდა შევხებოდით ბრონქებს, გულის წინ მდებარე სასიცოცხლო მნიშვნელობის სისხლძარღვებს, იქვეა ფილტვი, სასუნთქი და საყლაპავი მილი, უამრავი ნერვული წნული. ყველა ეს ორგანო უნდა გაგვეწმინდა მეტასტაზებისგან.

მართლაც სასწაული მოხდა მას შემდეგ, რაც ბაადურმა ჩვენთან მოიყვანა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მოძღვარი მამა სოგრატი, დიდი რელიგიური და, მე ვიტყოდი, საზოგადო მოღვაწე. მამა სოგრატმა ჯერ ბაადურის პალატა აკურთხა, მერე საოპერაციო, დაგვლოცა ჩვენც, ქირურგები, და ოპერაციამ, რომლის ჩატარებისაც ასე გვეშინოდა, ბრწყინვალედ ჩაიარა და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი შედეგით დასრულდა. ახლა შემიძლია ვთქვა - მართლაც რწმენა გადაარჩენს საქართველოს!" (საუბარი ჩაწერილია 2003 წელს).

არქიმანდრიტი სოგრატი იმ მადლმოსილ სასულიერო პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თითქოს იმისთვის იბადებიან, რომ თავიანთი არსებობით სხვებს განაცდევინონ უსაზღვრო ბედნიერება და სიხარული. მას ღმერთმა ლოცვის მეშვეობით კურნების ნიჭი უხვად უწყალობა. გამოცდილ მოძღვარს მაშინ სტუმრობენ სნეულებას შერკინებული ადამიანები, როცა ექიმებს მათი გამოჯანმრთელების იმედი ამოეწურებათ. ალბათ სწორედ ესაა მისი პოპულარობისა და საყოველთაო სიყვარულის მიზეზი. სრული გამოჯანმრთელებისთვის ზოგჯერ დროა საჭირო, ზოგჯერ კი კურნება პირველი ლოცვის მოსმენისთანავე მიიღწევა. ეს გარკვეულწილად იმაზეც არის დამოკიდებული, ვის როგორი რწმენა აქვს. მოძღვარს კი რწმენასთან ერთად უდიდესი სულიერი ენერგია და ფიზიკური ძალისხმევა სჭირდება. ალბათ, სწორედ ასეთ მოძღვრებზე ამბობს ქრისტე: "სახელითა ჩემითა სნეულსა ზედა ხელსა დასდებდეთ და განცოცხლდებოდეს, რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გეყოთ თქვენ".

არქიმანდრიტი სოგრატი: "ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მქონდა ჩვენება, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა. ღვთის მადლით, მართლაც ბევრი იკურნება. კვეთებული უძლიერესი ლოცვაა, რომელიც IV საუკუნეში მოღვაწე მსოფლიო მნიშვნელობის მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა შექმნა. ამ ლოცვას მოძღვრისგან დიდი ენერგია მიაქვს. ბრძოლაც დიდია. ლოცვის დროს დიდად მეხმარება ჯვარი, ნაკურთხი წყალი და ლახვარი. როცა ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ფერდში ლახვარი უგმირეს, და გარდამოხდა სისხლი და წყალი. სწორედ ჯვრითა და ლახვრით დაითრგუნა ეშმაკი. ამიტომაც აქვს ლახვარს ჯვრის ტოლფასი ძალა.

ზოგჯერ ეშმაკი ადამიანში შედის, ბატონობს მასზე, მართავს, ალაპარაკებს, თავის ჭკუაზე ატარებს. ერთხელ გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან ასე 17-18 წლის გოგო მოიყვანეს მშობლებმა. თუ არ ვცდები, ნანი ერქვა. არ ემორჩილებოდა მათ, ძირს ეცემოდა. მაინც დაუსხლტათ ხელიდან და ცდილობდა, მანქანას შევარდნოდა - თავის მოკვლა უნდოდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა მისი დამორჩილება. მადლობა ღმერთს, ბოლოს მაინც განიკურნა.

ძალიან ვიღლები მათთან, ვინც ეშმაკისგან არის შეპყრობილი ან ჯადო აქვს გაკეთებული. მეუბნებიან, რომ ამ დროს სახეზე მიტკლის ფერი მადევს. მყისიერად ისე ვითიშები, უცებ ძილი რომ მოგეკიდება ადამიანს და ჩაგთვლემს. მერე ისევ მიბრუნდება ენერგია და მეც განვაგრძობ ლოცვას".

კვეთებულისა და ლახვრის ლოცვისას მამა სოგრატი უდიდეს დარტყმას იღებს თავის თავზე - თვითონ ხდება ბოროტ ძალთა სამიზნე. "ავი სულები არსებობენ და მოქმედებენ ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად, მათ დასაღუპად. უარყოფა მათი არსებობისა წმინდა წერილისა და ქრისტიანობის უარყოფას ნიშნავს", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი.

უკეთურ ძალთაგან ვნებულნი დღესაც რომ მრავლად არიან, თბილისელი ლ.კ-ს ნაამბობიდანაც ჩანს: "4 შვილის დედა ვარ, ქვრივი. 60-ის ვიქნებოდი, რაღაც ძალამ თითქოს თავში დამარტყა და მარცხენა მხარე გამიჩერა. რამდენჯერაც დავაპირე წამოდგომა, ვერ შევძელი. იმ დღის შემდეგ საშინელი სიზმრები დამჩემდა და გაურკვეველმა შიშმა მომიცვა. შემზარავი ფიქრები ამეკვიატა გარდაცვალებაზე. სულიერად ვიტანჯებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეულში ქვეწარმავლები მიძვრებოდნენ. მეშინოდა, ჭკუიდან არ გადავსულიყავი. ექოსკოპიური და კომპიუტერული გამოკვლევებით არაფერი გამოვლინდა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ვერ გაიგეს, რა მჭირდა. სხეულიდან ხან მამლის ყივილის, ხანაც ცხოველის ბღავილის მსგავსი ხმები ამომდიოდა. არ ვიცინოდი, მაგრამ ამ დროს თითქოს ვიღაც იცინოდა ჩემში. შვილები შეშინებულნი მაკვირდებოდნენ. ლოგინად ჩავარდნილს აღარც ჭამა მინდოდა, აღარც ლაპარაკი, მხოლოდ ღმერთს შევთხოვდი შველას.

მდგომარეობა დღითი დღე მიუარესდებოდა, როცა ჩემმა შვილებმა სახლის საკურთხებლად მოძღვარი მოიყვანეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან. უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი - უცებ სახე დამეღრიცა და ენა გადმომივარდა, რამაც მღვდელი გააოცა. ცდუნებამ დამძლია და ჯადოქრებისა და "ნათელმხილველების" ძებნა დავიწყე. ბოლოს ღმერთმა იმას მაინც მიმახვედრა, რომ თვითონ ბოროტის სამსახურში მყოფი კაცი ვერაფერს გიშველის.

როგორც იქნა, ერთმა დალოცვილმა მირჩია, მამა სოგრატთან მივსულიყავი. მისი პირველივე ლოცვის შემდეგ უდიდესი შვება ვიგრძენი, რამდენიმე დღეში ფეხზეც წამომაყენა. სიცოცხლე დამიბრუნა მისი კურთხეული ლოცვის ძალამ! რაც მაწვალებდა, უცებ მომეხსნა, თითქოს მეორედ დავიბადე ამქვეყნად. მიჭირს სიტყვით გამოვთქვა მადლიერება... ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მამა სოგრატი გაჭირვებული ხალხის იმედად!"

***
არქიმანდრიტი სოგრატი (ერისკაცობაში - სეხნო ჭულუხაძე) დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთში დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს.

ცხოვრების ეკლიან ბილიკზე ადრეული ბავშვობიდან მოუხდა გავლა - ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა სამი და. დიდი იყო მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მწუხარებით მოცული ყრმა გამუდმებით შესთხოვდა უფალს დების უმანკო სულთა ზეცაში დამკვიდრებას.

8 წლისამ თავადაც ჩახედა სიკვდილს თვალებში - სასწაულებრივად გადაურჩა მდინარე ლიახვში დახრჩობას. "მშვიდობა, ქვეყანავ..." - ასე ეთხოვებოდა ბავშვი სამყაროს, მაგრამ ეს ორი სიტყვა ოდენ ქვეყნიერებასთან გამომშვიდობებას როდი ნიშნავდა, ისინი დედამიწის ყოველი მკვიდრის დალოცვის საკრალურ მნიშვნელობასაც მოიცავდა. სტიქიასთან შერკინებულ ბავშვს გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ ურწმუნებია, სახლამდე ბარბაცით მისულს ეზოში უსაყვარლესი დედა და აკვანში მწოლიარე უმრწემესი ძმა რომ დაუნახავს. იმ წუთას ასეთი ლოცვა აღმოხდენია ბაგეთაგან: "ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ყოველი ადამიანი და მე მატვირთეო მათი წილი განსაცდელი". უფალმა შეისმინა მისი თხოვნა, მძიმე და ამასთან მსუბუქი ჯვარი ატარებინა. ისეთი, რჩეულთ რომ უმზადებს.

ცხოვრების სიმძიმით დაბრძენებულ და მოყვასზე დადარდიანებულ მოძღვარს მართალია წლები მოემატა, მაგრამ გული ბავშვივთ უმანკო და მოსიყვარულე დარჩა. თავისი ცხოვრების 75 წლის მანძილზე იმდენად დაიხარჯა მოყვასზე ზრუნვაში, ერთი დღეც არ უცხოვრია საკუთარი კეთილდღეობისთვის. იქნებ ამიტომაც იზიდავს ასე ანდამატივით ადამიანებს. ბავშვებს კი მართლაც განსაკუთრებულად უყვართ. მამა სოგრატისგან მომისმენია - დახმარებისთვის მოსულ ყოველ ადამიანში გარდაცვლილ დებს, ახლობლებსა და უფლისგან გამოგზავნილ მოყვასს ვხედავო...

მცხეთის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1968 წლის 17 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაუსხამს ხელი საქართველოს იმჟამინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს (სიდამონიძე). იმავე წლის 14 მაისს ცელებატად უკურთხებია და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაუდგენია მღვდელმსახურად. მალე დეკანოზის ხარისხშიც აიყვანეს, ხოლო ბერად აღკვეცის შემდეგ, 1975 წლის 30 დეკემბერს, არქიმანდრიტობა უბოძეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც თითქმის 3 ათეული წელი იმსახურა. 1979 წლის 26 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, 1982 წლიდან კი მცხეთისა და შიომღვიმის მთავარ ხუცესად დანიშნა.

KARIBCHEდეკანოზი აკაკი მელიქიძე, თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: "როგორც ვიცი, მამა სოგრატი ღრმად მორწმუნე ოჯახში აღიზარდა და ბავშვობიდან იყო ჩართული სარწმუნოებაში. ამიტომაც აღასრულებს უფალი დიდ სასწაულებს მისი ხელით.

ჯერ კიდევ ათეისტურ წლებში, როცა სარწმუნოებაზე საუბარს ჩურჩულითაც ვერავინ ბედავდა, მამა სოგრატი ქაშვეთის ტაძრის ამბიონიდან უშიშრად ქადაგებდა ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას. ძალიან მიზიდავდა ეს მოძღვარი, რადგან ვგრძნობდი, რომ ღვთის მიმართ განსაკუთრებული სასოება და სიყვარული ჰქონდა. ჩემს თანაკურსელთაგან ოდნავ მაინც თუ დაინტერესდებოდა ვინმე ეკლესიური ცხოვრებით, მაშინვე მამა სოგრატთან მიმყავდა. მისი საუბრით ყველანი აღტაცებულნი ვიყავით და ხშირად მივდიოდით სასარგებლო რჩევის მისაღებად.

რაც მახსოვს, მუდამ დაუღალავი მლოცველო იყო. ყოველთვის შევნატროდი მის სიმშვიდეს. ვისაც ღმერთი მადლს აძლევს, ცხადია, არავითარი მოწინააღმდეგე ძალის შემოტევის არ უნდა ეშინოდეს.

როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში გამანაწილეს სამუშაოდ, უარი განვაცხადე, რადგან მტკიცედ გადავწყვიტე, მამა სოგრატის გზას გავყოლოდი. მისი მიბაძვის სურვილი მიჩნდებოდა. ვცდილობდი, ისე შევწეოდი გაჭირვებულებს, როგორც ამას მამა სოგრატი აკეთებდა. მართალია, თეთრი სამღვდელოების გზით წავედი, მაგრამ როგორც კი მღვდელი გავხდი, მამა სოგრატის შემწეობით მეც დავიწყე კვეთებულისა და ლახვრის ლოცვების კითხვა.

მამა სოგრატი ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნებაა. რამდენი რამ გადაიტანა და დაითმინა ამ ადამიანმა, მაგრამ მაინც ვერ დაღალა ამდენმა ბრძოლამ და ძველებური შემართებით კვლავაც კეთილი ძალის სამსახურშია. იგი ბურჯია ჩვენი სარწმუნოებისა, რადგან სასუფევლის ცხოვრებით ცხოვრობს. მართალია, მოუცლელობის გამო ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მუდამ ვლოცულობ მისი დღეგრძელობისთვის".

მამა სოგრატი 2003 წლიდან თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაჰყავთ მისივე სურვილით, რადგან ამ ტაძრის დაარსება მის სახელს უკავშირდება. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2002 წლის ივლისში მამა სოგრატი გულში შეტევის გამო თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც თვე-ნახევარი მკურნალობდა.

ანზორ მელია, პროფესორი, კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი: "ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორია არათუ თბილისში, მთელ ამიერკავკასიაში პირველია ფართის სიდიდის მიხედვით და აქ სხვადახვა პროფილის სამკურნალო დაწესებულებებია თავმოყრილი. ამდენად, ტაძრის აგება არათუ საჭირო, აუცილებელიც იყო - ავადმყოფსაც და ექიმსაც უნდა ჰქონდეს საშუალება, მისთვის ყველაზე მძიმე წუთებში შევიდეს ეკლესიაში, ილოცოს და სანთელი დაანთოს. ღვთის ნება იყო უდავოდ, მამა სოგრატი ჩვენთან რომ მოხვდა, რადგან სწორედ მისი მონდომებითა და თაოსნობით გახდა შესაძლებელი ტაძრის აშენება, თორემ ეს ადგილი უნდა გაყიდულიყო. მადლობას ვწირავთ ღმერთს ამ წყალობისთვის".

მამა სოგრატმა გვიამბო, თუ როგორ გაჩნდა ტაძრის მშენებლობის იდეა: "ძალიან დამასუსტა ავადმყოფობამ - ვიდრე ამ კლინიკაში მოვხვდებოდი, მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ერთი თვის თავზე, ბავშვივით თავიდან ავიდგი ფეხი.

27 აგვისტოს, საღამოს, განმარტოება მომინდა. მივატოვე პალატა და ეზოში გამოვედი. ამდენი ხნის ულოცველს, ლოცვა ძალიან მომწყურებოდა. მივდიოდი იქ, სადაც ფეხს კი არა, გულს მივყავდი. ამოვიღე ჯიბიდან ლოცვების კრებული და ანდრია პირველწოდებულის სახელზე პარაკლისის ჩატარება დავიწყე. ლოცვის დროს ისეთი არაამქვეყნიური, ამაღლებული განწყობა დამეუფლა, ძნელია გადმოცემა.

ის იყო ლოცვას ვამთავრებდი, მორჩილმა მიპოვა და მითხრა: "მამაო, ექიმი გკითხულობთ, ყველანი დაგეძებთ, მიტროპოლიტი ანანია გელოდებათ, თქვენს სანახავად მოვიდა". ვუპასუხე, აქ მიპოვის-მეთქი. წუთიც არ გასულა და მართლაც გამოჩნდა მეუფე ანაია (ჯაფარიძე), ჩემკენ მოდიოდა. "მეუფეო, ღმერთმა მოგიყვანათ იმ ადგილის საკურთხებლად, სადაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი უნდა აშენდეს, უკვე დაგასწარით ადგილის შერჩევა-მეთქი". ეს სიტყვები ისეთი მეფური დამაჯერებლობით წარმოვთქვი, თითქოს მე კი არ გადამეწყვიტა, ჩემში გადაწყვეტილიყო, რისი გაცხადებაც ჩემი საშუალებით მოხდა. მეუფე ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა. შემდეგ იმ ადგილას მივიდა, სადაც მივუთითე. დაიხარა, თითქოს მიწა დაყნოსა. მდუმარედ იყო. მერე შვებით ამოისუნთქა და თქვა: "მართლაც დიდებული ადგილია, ღმერთმა აკურთხოს აქ ტაძრის მშენებლობაო". როგორც კი პირჯვარი გადასახა, მეც შვებით ამოვისუნთქე, რადგან საბოლოოდ მივიღე ღვთისგან დასტური.

მეორე დღეს ექიმების თვალწინ ღმერთმა ამ ადგილას სამი უმძიმესი ავადმყოფი განკურნა ჩემი ლოცვით. ამის შემდეგ უფრო მეტად დაუჭირეს მხარი ტაძრის მშენებლობას.

ღვთის შეწევნით, ყველაფერი სწრაფად წარიმართა. ხუთშაბათობით საჯანმრთელო პარაკლისებს ვკითხულობდით, მრავალი ავადმყოფი განიკურნა. ტაძარი აშენდა, მოპირკეთდა, გაშენდა ულამაზესი ყვავილების ბაღი. ტაძრის მოხატვას დღე-დღეზე დაასრულებს უნიჭიერესი მხატვარი ვალერი მიქავა. მას ხატები ადრეც დაუწერია, მაგრამ ფრესკაზე პირველად მუშაობს. ძალიან კარგი გამოდის - ხომ იცით, ღვთის განგებულებას ვერაფერი დაუდგება წინ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის..."
ბეჭდვა
1კ1