"სარწმუნოებამ თქვენმა მოგანიჭოთ სიცოცხლე თქვენი"
"სარწმუნოებამ თქვენმა მოგანიჭოთ სიცოცხლე თქვენი"
"შენ მაინც ბედნიერი ხარ, რომ წმინდათ და უმწიკვლოდ გაატარე შენი სიცოცხლე და მთელი ძალ-ღონე შესწირე საყვარელი ქართველი ხალხის და ეკკლესიის სამსახურს"

დასასრული. დასაწყისი იხ. 2008 წ. ##13-17; 2009 წ. #19

მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან საქართველოში არ მოიძებნებოდა რელიგიური, საქველმოქმედო თუ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება, რომლის საპატიო წევრიც ალექსანდრე ეპისკოპოსი არ ყოფილიყო. მეტიც, ბევრი მათგანი სწორედ მისი თაოსნობითა და ხელშეწყობით იყო დაარსებული.

საქართველოს საისტორიო არქივში დაცული მასალების მიხედვით 1896 წლის 12 მაისს გამართულ საერთო კრებას იაკობ გოგებაშვილის და დავით კარიჭაშვილის მოხსენებათა საფუძველზე, ეპისკოპოსი ალექსანდრე, ილიასა და აკაკისთან ერთად, აურჩევია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად: "ნიშნად პატივისცემისა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს წინაშე, იმითი, რომ ბეჭდავს წარჩინებულთა სასულიერო მწერალთა თხზულებათ, აახლებს შესანიშნავ დანგრეულ ტაძართა და ცდილობს აღადგინოს ძველი ქართული გალობა და ამისათვის ყოველ გვარს ღონისძიებათა ჰღონობს... ხელს უწყობს საქართველოს ხალხის გონებრივს განვითარებას და თავისი ხარჯით ჰზრდის ბევრს ობოლს სხვადასხვა სასწავლებელში".

ალექსანდრე ეპისკოპოსის საეკლესიო-აღმშენებლობითი საქმიანობა მისი მრავალმხრივი საზოგადოებრივი და საქველმოქმედო მოღვაწეობის ერთ მიმართულებად არ უნდა განვიხილოთ, რადგან იგი ქრიტიანული განათლების, კულტურისა და მწიგნობრობის განვითარებასაც მოიცავს. მღვდელმთავარი ერის გაძლიერებისა და სულიერი აღმავლობის მთავარ პრიორიტეტად ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ სწავლა-განათლებას მიიჩნევდა, რაც ეკლესიის გაძლიერების საფუძველზე უნდა დაწყებულიყო. "დროთა და ჟამთა ვითარებამ ერთობ სწავლა და განათლებაც შეაფერხა... მარტო მონასტერთა და ლავრათა განახლება არა კმაროდა და სარწმუნოებასაც ვერ ააღორძინებდა და განამტკიცებდა. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, ამ ცხოველმა წარმომადგენელმა დიდებულის წარსულისამ, პირველადვე შეიგნო, რომ თუ რა საჭიროა სათანადო სწავლა და განათლება ეკლესიის მსახურთათვის და ხელი შეუწყო ამ დიდ საქმეს, საეკლესიო გალობასაც ასეთივე ღვაწლი დასდო" (ურბნელი).

ხშირად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე მრევლს იმ მონასტრისკენ მიუწევდა გული, სადაც ალექსანდრე ეპისკოპოსი ეგულებოდა, რათა მის მიერ აღვლენილი წირვა-ლოცვის თანაზიარი გამხდარიყო და ლიტანიობაზე ბერ-მონაზონთაგან მოესმინა მონატრებული ტკბილხმოვანი ქართული გალობა. "ღვთის შეწევნით, კვლავაც ვაპირებ დახმარება აღმოვუჩინო ქართულ გალობას, დავაარსო მგალობელთა გუნდი, საქართველოს წარსულის შესწავლის მიზნით, თბილისში იქნება ეს თუ შიო-მღვიმეში, განზრახული მაქვს, წიგნთსაცავებისათვის შევისყიდო ძველი ქართული ხელნაწერები; ჩემი დიდი სურვილია, აღვადგინო დიდმოწამეთა, არჩილისა და ლუარსაბის სახელობის დაზიანებული ტაძარი თიანეთში", - განუცხადებია წმინდა ალექსანდრეს შიო მღვიმელის მოხსენიების დღეს თბილისიდან ჩამოსული საპატიო სტუმრების პატივსაცემად გამართულ ტრაპეზზე.

ალექსანდრე ეპისკოპოსი საეკლესიო თუ სახალხო დღესასწაულებზე ხშირად უნახავთ ძველი, გახუნებული შესამოსლით, ქვეითად მოსიარულე. ზოგჯერ ისე შეერეოდა ხალხში, ჭირდა მისი გამოცნობა. გულთამხილავი მოძღვარი ისეთ ადამიანებს დაეძებდა, რომლებიც გულისხმიერებას საჭიროებდნენ მისგან... "1864 წელს, მარტო მე, ქვეითად მოვდიოდი ზუგდიდით სვანეთში, - იგონებდა მღვდელი ალექსანდრე არდიშვილი, - ფიქრით დაღონებული, ხობის მონასტრის იქით, სოფელ თეკლათში, ფოთის გზატკეცილზედ შემომხვდა მისი მეუფება ალექსანდრე, სოხუმიდან მომავალი, ტარანტასი ცარიელი ნელ-ნელა წინ მიჰყავდათ და მისი მეუფება უბრალო ტანისამოსით და შლიაპით ქვეითად ნელა მობრძანდებოდა. მე, დაფიქრებულმა, ვერ შევიცანი და შორის ნაპირითგან უბრალოდ თავი დავუკარი, მან ცნობის ნიშნათ ორივე ხელით ჯვარი გარდმომსახა. მაშინ ვიცანი მისი მეუფება და ჩემი შეცდომა... ვიახელი და ბოდიშის მოთხოვით თაყვანი ვეცი. შეჩერდა, ვინაობა და გარემოება მკითხა. მეც ყოველივე ჩემი გაჭირვება მოვახსენე. თვალზედ ცრემლი შემნიშნა, ნუგეში დარიგებით მიბრძანა, ჩემი სახელი და გვარი კნიღაში დაინიშნა და მიბრძანა, "მე გაბრიელთან გავივლიო" (იგულისხმება იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე). დამპირდა, ერთობლივ ლოცვებში მოგიხსენიებთო. ბოლოს, გამოსათხოვარი შენდობის ჯვარი გარდამსახა. ორივე ხელი გავუწოდე. როდესაც ხელებზედ მარჯვენე დამსდო, ჩემს ხელში, შევნიშნე, დაკუშნული ქაღალდი ჩამიდო. მე შევჩერდი, მაგრამ მიბრძანა: "მოკიდე ხელიო, ცხენი იშოვე ქირად და საგზლად იკმარეო". თაყვანი ვეცი და გავუდექი გზას. ვნახე, რომ 25 მანათი იყო ბოძებული. ერთი თუმნიანი და სამი ხუთ მანათიანები. მე კი სვანეთში მიმავალს მარტო 3მ და 60კ მედო ჯიბეში. ცალკე ქვეითობა და უფულობა მიღონებდა გულს და ცალკე - ცოლ-შვილისა და ოჯახის მიტოვება და თვალცრემლიანი, დაწუხებული მივღოღავდი. ვერ წარმოიდგენს კაცი, ამ დროს ამ გვარმა ქველის საქმემ რანაირად დაშრიტა ჩემი ყველა მწუხარება".

წმინდა ალექსანდრეს არა მარტო სასულიერო პირნი, თავადაზნაურნი, ქალქის გამგებელნი და ცნობილი საზოგადო მოღვაწენი უგზავნიდნენ მადლიერების წერილებს, არამედ მას სწერდნენ ისეთებიც, რომელთაგან ბევრს არ იცნობდა. "ყოვლად სამღვდელოს საქართველოში თვით მდაბიონიც კი კარგად იცნობდნენ. ყოველი ლექსი და იამბიკო ქება-დიდებით მოიხსენიებდა ყოვლად სამღვდელოს მამულიშვილობას". ეპისკოპოსის განმადიდებელ და მეხოტბე თაყვანისმცემელთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მისადმი მიძღვნილ წერილებს, ლექსებსა და იამბიკოებს, შესაძლო იყო, რამდენიმე ტომი შეედგინა. ალექსანდრე ეპისკოპოსის უსაზღვრო პოპულარობაზე მიუთითებს ისიც, რომ მისი პიროვნებით არა მხოლოდ ქართული და რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთები ინტერესდებოდნენ, არამედ სომხური პრესაც.

1891 წლის 6 მაისს, დღის 3 საათზე, ავჭალის სადგურიდან მომლოცველთა დიდი ჯგუფი დაძრულა ფეხით ზედაზნის მონასტრისკენ. "10 წუთის შემდეგ დავინახეთ მლოცველთა შორის ხანში შესული, ბრძენი სახის ვინმე ცხენოსანი, რომელიც ჩვენთან ერთად მოემგზავრებოდა ზემოხსენებული მონასტრისაკენ. ეს ალექსანდრე ეპისკოპოსი იყო. მისმა დანახვამ ყველანი გაამხიარულა. იმისმა ტკბილმა, სასიამოვნო მუსაიფმა ყველას დაგვავიწყა გზის სიძნელე. მთის მაღალ გორამდე ასვლამდის იგი ანუგეშებდა ყველას მაცხოვრის სიტყვებით: "სარწმუნოებამ თქვენმა მოგანიჭოთ სიცოცხლე თქვენიო". სამი საათის დამქანცველი მგზავრობის დასრულების შემდეგ, როცა ეპისკოპოსმა დაინახა, რომ მონასტრის ოთახები ვეღარ აუდიოდნენ ტაძრის დღესასწაულზე მოსულ ღამისმთეველთა სიმრავლეს და მათგან დიდ ნაწილს ღია ცის ქვეშ მოუხდებოდა ღამის გათევა, განკარგულება გასცა, გრძელი მაგიდები და ხალიჩები გამოეტანათ ეზოში. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ იგი დაჰყვა ხალხის სურვილს, მათთან ერთად დამჯდარიყო სატრაპეზოდ", - წერს ვინმე კ. თეიმურაზიანი.

წმინდა ალექსანდრეს უყვარდა ხალხთან საუბარი, რადგან მოსაუბრის აზრი ყოველთვის დიდ ინტერესს აღუძრავდა. როცა იმ ღამით მოძღვრისთვის უკითხავთ, საკვირველია, მომლოცველები უსაბნოდ ატარებენ მთელ ღამეს ასეთ ცივ ამინდში, ქალაქში კი თბილ ოთახებში სძინავთ და ზოგიერთი მათგანი მაინც გაციებას უჩივისო, მეუფე ალექსანდრეს უპასუხია: "ამ მომლოცველთ თავიანთი სარწმუნოება ინახავთ, მათი ფიქრი და აზრი აღთქმა-შესრულებაზეა მინდობილი. ამიტომ მათზე ვეღარც ბუნება მოქმედებს და აქ არც ფსიქოლოგიური ფაქტორი უნდა გამოირიცხოს. პირადად მე სარწმუნოება ფართო მნიშვნელობით მესმის, ჩემის აზრით, თუ ადამიანი მთელი გულით და სარწმუნოებით მოეკიდება თავის მოვალეობას, უფრო მიაღწევს საწადელს, ვიდრე ის, ვინც უიმედოდ და არასარწმუნოებრივად ეკიდება თავის საქმეს. მე ეს ასე მესმის და ასე ვქადაგებ, სარწმუნოება საქმით უნდა დაგვირგვინდეს. ალბათ, ნებისმიერი ექიმი დამეთანხმება, მისი გამოწერილი წამალი მაშინ უფრო ეფექტიანად იმოქმედებს, როცა ავადმყოფს სწამს, რომ ის აუცილებლად უშველის და განკურნავს. მე ასე მგონია, თუმცა თქვენი მოსაზრებაც საინტერესო იქნება ჩემთვისო".

ხალხთან შეხვედრებისას ის ხშირად იმეორებდა ანდაზას: "ორი შაურის მუშასა მის დღეში არა უშავს რა". ხალხის თხოვნით, იმ ღამეს ალექსანდრე ეპისკოპოსს ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი უკურთხებია და მისთვის წადილის შესრულება უსურვებია. მღვდელმთავრის კურთხევას ამ ქალბატონის ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად შეუცვლია. ამაზე დაახლოებით ერთი წლის თავზე წერდა სომხური გაზეთი "ჰოვივი".

1893 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, განჯიდან თბილისის დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი. დასაფლავებას იმდენი ხალხი დაესწრო, რომ სამგლოვიარო პროცესია ლამის ეროვნულ მანიფესტაციად იქცა... "არ გიცნობდი და ახლა როცა ვხედავ ამდენს წარმომადგენლებს და ამდენს პატივისმცემლებს დიდისა და პატარისგან, ქალისა და კაცისგან, მხოლოდ ახლა შევიგენ შენი დიდი მნიშვნელობა", - უთქვამს ალექსანდრე ეპისკოპოსს სამგლოვიარო მიტინგზე, რომელმაც სახალხოდ აღიარა ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიალობა და მისი დიდი უპირატესობა. მეუფე ალექსანდრეს არ დაუმალავს, რომ იგი დასწრებია გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ პოეტთა დაკრძალვასაც, რომლებიც პატივს გვარიშვილობისა და მაღალი წოდებისთვის უფრო იმსახურებდნენ, ვიდრე იმით, რომ განსაკუთრებული პოეტები იყვნენ. "აქ მე ჩემის თვალით ვნახე, ხალხმა რომ შენის ნაშთის წინაშე თავი მოიდრიკა და მუხლი მოიყარა, ქალებს რომ თავზედ ედგა შენი კუბო და ისე მიჰქონდათ. შავისა და კასპიის ზღვის პირებიდგანაც ბევრი მოვიდა შენს დასაფლავებაზედ დასასწრებათ. ასეთი განუსაზღვრელი სიყვარული, აგრე თვალსაჩინოდ, ჯერ არავის რგებია წილად. ჩვეულებრივად პოეტები დამღერიან სიყვარულს და ბუნებას, შენ კი საგნად შენის პოეზიისა აღირჩიე ერის მწუხარება, მისი გულის ტკივილი". გასაკვირი არ უნდა იყოს ალექსანდრე ეპისკოპოსის ამგვარი ხაზგასმული სიმპათია ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მიმართ, რომელიც თავისი შემოქმედებით აშკარად გაემიჯნა ბესიკის, მის მიმდევართა და ქართველ რომანტიკოსთა ლიტერატურაში დამკვიდრებულ ეროტიკულ სტილს, რომელთა სატრფიალო ლირიკა ოდენ წარმავალ, ხორციელ მშვენიერებას შესტრფოდა და განადიდებდა, განსხვავებით ნიკოლოზ ბარათაშვილისგან, რომლის რწმენით, ადამიანის სულიერი სამყარო ზეციდან მოვლენილი, არამატერიალური, უხრწნელი მშვენიერებაა, ბევრად უფრო დიდებული და აღმატებული მიწიერ სილამაზესა და მშვენიერებაზე, "ზეგარდმო მადლით" ცხებული ნეტარება კი მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა. ბარათაშვილის დიდებული პოეზიის გმირიც ხომ "არ ამქვეყნიურს სიყრმიდგან ეტრფოდა" და "დაკარგულ ტოლს" დაეძებდა მუდამ, ალბათ, ამიტომ გახდა იგი ასე ახლობელი და გულში ჩამწვდომი ილიასა და ალექსანდრე ოქროპირიძისთვის.

წმინდა ალექსანდრე ლიტერატურისა და ხელოვნების დამფასებელი და დიდი გულშემატკივარი იყო. ამას გვიდასტურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მოგონებაც, რომელიც მას არქიმანდრიტ ანტონისთვის (გულიაშვილი) მოუყოლია: "ადრეული ბავშვობის წლები მეუფე ალექსანდრეს მორჩილებაში გავატარე შიომღვიმის მონასტერში. სიცოცხლის ბოლო წლებში, რაც შემეძლო, მზრუნველობას არ ვაკლებდი მოხუცებულ მღვდელმთავარს, რომელსაც ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა, უჭირდა ფეხზე დგომა და სიარული. დაუქვეითდა მხედველობა, ამიტომ ხელით გამოგვყავდა კელიიდან, აივანზე დავსვამდით, ტაძრის კარებს გავაღებდით და ასე ვასმენინებდით წირვა-ლოცვას. ჩემი ბავშვური შთაბეჭდილებებიდან არასოდეს ამოიშლება მისი მიმზიდველი გარეგნობა. ტანმაღალი და ახოვანი მღვდელმთავარი სიმშვიდისა და კდემამოსილების განსახიერება იყო.

მახსოვს, ერთხელ თბილისიდან მსახიობები ამოვიდნენ და მთხოვეს, - იქნებ შეგვაწიო სიტყვა მეუფესთან, რომ მიგვიღოს და მოგვისმინოსო. მაშინვე მიიღო. გამოკითხა, - ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ. "ჩვენ კომედიანტი მსახიობები გახლავართ. აბაშიძე (იგულისხმება ვასო აბაშიძე, - ავტ.) და ღამბაშიძეო. მეუფეს გაეღიმა და იხუმრა: - რომელიც თავადია, დაჯდეს, გლეხი კი ფეხზე იდგესო. როცა მოსვლის მიზეზიც ჰკითხა, მოახსენეს, - ჩვენმა კომედიის დასმა ზუბალოვის (დღევანდელი კ. მარჯანიშვილის თეატრის, - ავტ.) შენობა დაიქირავა, პატრონი ქირის გადახდას გვთხოვს, ჩვენ კი ამის საშუალება ვერ გამოვნახეთო. არავინ არაფერი მოგცათო? - ჰკითხა მეუფემ. თქვენამდე მცხეთის თავადთან გახლდით, გვითხრა, - აი ამ მაგიდას თუ გადაახტებით, თანხას მაშინ მიიღებთო. ისე გვიყვარს ჩვენი საქმე, ეს გლეხი არც კი დაფიქრებულა, მაშინვე გაექანა მაგიდისკენ, გადაახტა, მაგრამ კარგად ვერ მოზომა, კარებს თავი მიარტყა და შუბლზე ახლაც კოპი აზისო. ამაზე მეუფემ ბევრი იცინა, შემდეგ დაინტერესდა, - გასამრჯელოდ რა მიიღეთო. ერთი ოქროს ხუთმანეთიანი, რომელიც ვერ შველის ჩვენს გაჭირვებასო. მაინც რას აკეთებთ ისეთს, რომ ფულს ითხოვთო, - ჩაეძია მეუფე. ახლა მეც ჩავერთე საუბარში: - თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მე რომ ახლა თქვენ წიგნს გიკითხავთ, სუმბათაშვილის "ღალატს", აი, სწორედ იმას თამაშობენ სცენაზე-მეთქი. ო, ეს კი უკვე მესმისო, - კმაყოფილებით წარმოთქვა, ზარი დარეკა, ხაზინადარს უხმო და უთხრა: - ამათთვის ქვითარი გამოწერეთო, - მერე დაუმატა, - "ვარდისფერი ქვითარი" მიეცითო (ვარდისფერი ქვითრით ბანკი ყველაზე მეტ თანხას ანაზღაურებდა, - ავტ.). თავიდან ეს დაუჯერებელი იყო მსახიობებისთვის, შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, მეუფე აღარ ხუმრობდა, ფრთაშეხმულები წავიდნენ მონასტრიდანო", - იგონებდა უწმინდესი ეფრემი, რომლის ბაბუა, გრიგოლ სიდამონიძე ალექსანდრე ოქროპირიძის დეიდაშვილი იყო.

ახალი საუკუნის დამდეგს შიომღვიმის მონასტერში თავშეფარებული ეპისკოპოსი, მართალია, ჩამოსცილდა აქტიურ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მაგრამ ახარებდა და იმედით განაწყობდა მის მიერ ხელდასხმული ახალი თაობის დაუოკებელი სწრაფვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. "არაერთხელ ვყოფილვარ შიომღვიმის მონსტერში და არაერთხელ დავმტკბარვარ მისი ტკბილი მამობრივი ლაპარაკით, - იგონებდა იოსებ ფანცულაია, - ყოველ მის სიტყვაში მკაფიოდ იხატებოდა მისი განუსაზღვრელი სიყვარული მამულისადმი და დაჩაგრულ ქართველ ერის სიბრალული. როცა კი მნახავდა, იმას მკითხავდა, თუ როგორ მიდის ავტოკეფალიის საქმე. ერთხელ ავტოკეფალიაზე რომ ლაპარაკი ჩამოვაგდეთ, მითხრა: "ავტოკეფალია იმისთვის კი არ მეხარება, რომ როგორც ყველაზე დამსახურებულს კათალიკოზობა მე მერგოს, არამედ იმისთვის, რომ ქართულ სასულიერო წოდებას ცოტათ თუ ბევრათ თავისუფლება მიეცეს, მაშინ ქართველებისთვის ეს მავნე სასულიერო პირები, რომელნიც ახლა არიან წოდებათა რიცხვში, საქართველოს ეკლესიიდან განიდევნებიან. მე კი, თუ მცხეთამდის, როგორც უძველეს საქართველოს ეკკლესიამდის, მივაღწიე, რომ ვეკურთხო კათალიკოზად, მეორე დღესვე ახალგაზრდას და უფრო ღირსეულს დავუთმობ კათალიკოზობასო".

ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს სინანულით ამბობდა სოსიკო მერკვილაძე: "საქართველოს ერი იმ იმედით იყო გამსჭვალული, რომ კათალიკოსის კვერთხით წინ წარუძღვებოდი ჩვენს დაბეჩავებულს ხალხს და უფლებააყრილს ჩვენს ეკკლესიასა, მაგრამ ვაი, რომ მუხთალმა წუთისოფელმა არ გვაღირსა ეს ბედნიერება არც ჩვენ და არც შენ, წმინდაო და ღირსო მამაო! მაგრამ შენ მაინც ბედნიერი ხარ, რომ წმინდათ და უმწიკვლოდ გაატარე შენი სიცოცხლე და მთელი ძალ-ღონე შესწირე საყვარელი ქართველი ხალხის და ეკკლესიის სამსახურს".

მონასტერში გატარებული წლები ყველაზე ძნელი და მღელვარე აღმოჩნდა ალექსანდრე ეპისკოპოსისთვის. შიომღვიმეში, ბრბოთა თავდასხმისას უღვთოდ გამოასალმეს სიცოცხლეს 45 წლის მორჩილი მაქსიმე. არსებობს ვერსია, ვიდრე ილიას ესროდნენ, მის მკვლელებს ილიას მოძღვრის, მეუფე ალექსანდრეს მოკვლა განუზრახავთ. ეპისკოპოსისთვის ნასროლ ტყვიას წინ აღდგომია მისი მორჩილი მაქსიმე...

"აქ განისვენებს გვამი ვერაგულად მოკლულის ამა ლავრის საუკეთესოს მორჩილის და ყოვლად უსამღვდელოესის ალექსანდრეს უერთგულესის მსახურის მაქსიმე იესის ძე ჩიგოგიძის, 1861-1906", - წერია მისი საფლავის ქვაზე. ჯერ მაქსიმეს, შემდეგ კი ილიას გარდაცვალებით გამოწვეულმა უდიდესმა მწუხარებამ სიცოცხლე მოუსწრაფა მოხუც მღვდელმთავარს. "ყველა აქ მრავალთა მიერ მოხსენებული ღუაწლისა წილ რა მოგაგეთ შენ, ყოვლად სამღვდელო მეუფეო, ალექსანდრე ეპისკოპოზო? - გულისტკივილით ამბობდა მისი დასაფლავების დღეს მღვდელი ვასილ კარბელაშვილი, - ვერ გიგდეთ ყური, ვერ გიჩვენეთ სიყვარული და მხარი ვერ დაგიჭირეთ გასამხნევებლად. ყველა ჩამოგშორდით, ყველამ გიღალატეთ და შენ შეგრჩა სიყმის შვილივით შენი მაქსიმე, რომელიც აქ არის დამარხული, ვერაგულად მოკლული და მოყვასისთვის თავდადებული".

ალექსანდრე ეპისკოპოსი დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, მაქსიმეს საფლავის ახლოს. "განუსვენე, უფალო, მონასა შენსა, საქართველოს ჭეშმარიტ შვილს და მოღვაწე ბერს, შიომღვიმის დიდებულის ლავრის აღმაშენებელს, შენს სადიდებლად მას შინა სამუდამო კრებულის დამაარსებელს და მის ნივთიერად უზრუნველმყოფელს, საკუთარის საფასით ორისავე ტაძრის განმაახლებელს და ყოვლის სამკაულითა აღმავსებელს, წინამძღვრისა და კრებულისათვის სახლების ამშენებელს და ლავრის განმადიდებელს ვენახებით, ბაღებით, სახნავის მიწებით, წისქვილით, სამუშაო იარაღით და საქონლით, ყოვლად უსამღვდელოეს ალექსანდრეს", - წერია მისი საფლავის ქვაზე.

1995 წლის 19 სექტემბერს მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ალექსანდრე ეპისკოპოსი წმინდანად შერაცხა.
ბეჭდვა
1კ1