მოძღვარი
მოძღვარი
რაც უფრო ღრმად არის სარწმუნოებაში ადამიანი, მით უფრო მეტად გრძნობს ის კურთხევის მადლს
ყოველმა მორწმუნემ კარგად იცის, რომ სულიერი წინამძღოლის გარეშე ბოროტის მახის გადალახვა შეუძლებელია. მორჩილებაში მყოფი ადამიანი მშვიდადაა, პასუხისმგებლობის ტვირთი ნაკლებად აწევს, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოძღვრისაგან იღებს ლოცვა-კურთხევას და მისი მითითებისამებრ იქცევა. მოძღვარი ჩვენი სულების ცოდვისგან ყველაზე დაზიანებულ მხარეებს ხედავს, მოთმინებით მკურნალობს. მას ჩვენს ცნობიერებაში უფლის შემდეგ ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია და ყოველთვის მზად არის სულიერი შვილების სამსახურისთვის. ამის შემხედვარეებს ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, ხოლო ტვირთი, რომელსაც ის ეზიდება, რათა უფლისგან მინდობილი თითოეული სული სამშვიდობოსA გაიყვანოს,საკმაოდ მძიმეა. გვესაუბრება მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ კიკვაძე.

- ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სულიერი მოძღვრის მიმართ: ზოგი ყოველ ნაბიჯს მას უთანხმებს, ზოგი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე თუ ახერხებს აღსარების ჩაბარებას. რა ადგილი უნდა ეკავოს მოძღვარს მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში?

- ვინც აპირებს ღმერთთან ურთიერთობას და ეკლესიური ცხოვრების წესს ირჩევს, ყველა საქმეს აუცილებლად მოძღვართან შეთანხმებით უნდა აკეთებდეს. ეს არის ეკლესიური ცხოვრების წესი.

- ბევრს ერიდება წვრილმანი პრობლემების გამო მოძღვრის შეწუხება...

- ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება უმართებულოა. ჭეშმარიტი მორწმუნე კარგად აცნობიერებს, რომ ნებისმიერი საკითხი მოძღვართან უნდა შეათანხმოს. რა თქმა უნდა, არც მოძღვარი შეზღუდავს მას, არ წაართმევს უფლებებს, რომლებიც ყოველ ადამიანს აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა ასწავლოს სულიერ შვილს სწორისა და მცდარის გარჩევა.

- არის შემთხვევები, როცა მოძღვარი მეტისმეტად დაკავებულია და მასთან შეხვედრა ადვილი არ არის...

- საქართველოში არ მეგულება მოძღვარი, დაკავებული რომ არ იყოს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევარჩიოთ მასთან ურთიერთობის დრო. მადლობა ღმერთს, დღეს კავშირის უამრავი საშუალება არსებობს, მთავარია, გვესმოდეს ერთმანეთის.

- გამიგია, მოძღვრები ხშირად თავს იკავებენ კურთხევის მიცემისგან, რათა მისი შეუსრულებლობით უფრო დიდ ცოდვაში არ ჩააგდონ მორწმუნე.

- არის საკითხები, რომელსაც მღვდელი ნამდვილად ვერ აიღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში მოძღვარს სიფრთხილე მართებს.

- ბევრი ამბობს, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ვერ ახერხებს, რადგან მოძღვრის არჩევა უჭირს. როგორ ავირჩიოთ სულიერი წინამძღვარი?

- მოძღვრის არჩევა მართლაც რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ადამიანი უნდა ეცადოს, მოძღვარი ახლოს ჰყავდეს, რათა მასთან მუდმივ კონტაქტში იყოს. თუ მათი კონტაქტი ვერ შედგება, სხვაგან ეძებოს და იპოვოს ისეთი მოძღვარი, ვისთანაც სულიერ თავისუფლებას იგრძნობს, ვინც ყველა უარყოფითი ემოციისაგან დაცლის საშუალებას მისცემს და ღმერთთან მისასვლელ გზებს აპოვნინებს. ამ საქმეში მოძღვრის დაუხმარებლად სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევთ.

- ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრისადმი ნდობას...

- რა თქმა უნდა, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში სწორედ ნდობაა უმთავრესი. ვფიქრობ, საქართველოში ამის პრობლემა ნაკლებად დგას. უამრავ მოძღვარს ვიცნობ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით ქალწულებს ემსგავსებიან. ვინც ასეთ მოძღვარს მოიძიებს, მისდამი ნდობაც გაუჩნდება.

- შემდეგ გულის გადაშლის პრობლემაც დგება ხოლმე...

- გულახდილობაც ნდობას მოსდევს. მოძღვართან პირველად მისული ადამიანი აღსარებისთვის მზად არ არის, ფიქრობს, რომ მისი ღრმა წუხილი უცხო ადამიანისთვის შორეულია, რომ ვერ შეძლებს მასთან გულის გადაშლას... ხშირად ასეთი ურთიერთობა კრახით მთავრდება. ისიც ძნელია, ადამიანს არ სურდეს, თავის სულიერ სამყაროში ჩაგახედოს, შენ კი მაინც ცდილობდე ამას. ამიტომ მოძღვარს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. მან უნდა ეძიოს ადამიანის წუხილის მიზეზი, თუმცა არც იმ სიღრმეში ჩავიდეს, საიდანაც ამოსვლას ვერ შეძლებს.

- როდესაც ადამიანს მოძღვართან გულის გადაშლა უჭირს, შეიძლება თუ არა, სხვას ჩააბაროს აღსარება?

- მქონია შემთხვევა, როცა აღმსარებლის საქციელით ვხვდებოდი, რომ იგი არ იყო ჩემთან გულწრფელი და უამრავ რამეს მიმალავდა. ამის გამო დროებით გამიშვია ჩემგან, ვიდრე რომელიმე მოძღვართან ბოლომდე არ გაიხსნებოდა. ზოგადად კი, თუ პრობლემის მიზეზი მოძღვარია, სჯობს, შეიცვალოთ იგი და ისეთი იპოვოთ, ვისთანაც გულახდილი იქნებით.

- დღეს მოძღვრებს ხშირად უცვლიან მსახურების ადგილს, სხვა ტაძარში გადაჰყავთ, რაც მორწმუნისთვის ადვილი გადასატანი არ არის. როგორ ხდება მოძღვრის შეცვლა ასეთ დროს?

- ეს პროცესები მართლაც მეტად მტკივნეულია. თუმცა არსებობს მეორე მხარეც - მოძღვარი არ უნდა გავაკერპოთ, დაბრკოლების მიზეზად არ გვექცეს. არც ერთმა მოძღვარმა არ იცის, ხვალ, ზეგ სად გადაიყვანენ, სად შეიძლება მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა ეცადოს, სულიერმა შვილებმა მისთვის ნაცნობ მოძღვრებს მიმართონ, ვისაც ანდობს მათი სულების წარმართვას, რათა დაუბრკოლებლად გააგრძელონ სულიერი ცხოვრება. სჯობს კონკრეტული კურთხევა მისცეს, თუ ვის მიმართონ, რადგანაც მოძღვრებს ზოგიერთი საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ, მაგალითად, ერთნი მკაცრად ითხოვენ მარხვების დაცვას, მეორენი დათმობაზე მიდიან.

ზოგიერთი მოძღვარი ცდილობს, სულიერი შვილი სხვასთან არ გაუშვას. პირადად ჩემგან ბევრი წავიდა და ჩემთანაც ბევრი მოვიდა სხვა მოძღვრისგან. ერთიც არ მიმიღია ადრინდელი მოძღვრის კურთხევის გარეშე და მეც კურთხევით გავუშვი ყველა. მადლობა ღმერთს, ამას პირად შეურაცხყოფად არ მივიჩნევ! ვისთანაც არ უნდა გაიხსნას მორწმუნე, ყველას უნდა უხაროდეს. მთავარია, ეკლესიაში იყოს, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს ღმერთთან და სწორად წარმართავდეს სულიერ ცხოვრებას.

- მოძღვრის გაკერპება მრევლის სისუსტის ბრალია თუ მოძღვრის არასწორი დამოკიდებულების?

- ერთისაც და მეორისაც, თუმცა ისიც შეიძლება, მიზეზი სულიერ დეფიციტში იყოს საძიებელი. როცა მოძღვრის გაკერპებას ვიწყებთ, აქ მთავრდება ჩვენი სარწმუნოება. მოძღვრის გაკერპება ჩვენი სარწმუნოებრივი ნაკლულოვანებიდან მომდინარეობს. როცა ვერ ვწვდებით ან არ გვინდა შევიმეცნოთ საღვთო სწავლებები, მაშინ იჩენს თავს ყველა წინააღმდეგობა, მათ შორის - მოძღვრის გაღმერთებაც. ღვთისმიერი სიყვარულით კი უნდა გვიყვარდეს მოძღვარი, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ღმერთის სწორია. ღმერთი ღმერთია, მარადიულია და შეუცვლელი, ხოლო მოძღვრის შეცვლა ყოველთვის შეიძლება.

- შეიძლება თუ არა ადამიანს ჰყავდეს მოძღვარი და რჩევის მისაღებად სხვა გამოცდილ მოძღვართან ან ბერთან მივიდეს. თუ ესეც მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს?

- უმჯობესია, საერო პირს საერო მოძღვარი ჰყავდეს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მის ურთიერთობას სამონასტრო ცხოვრების წესის მქონე პირთან - ბერთან.

როცა კაცი ცდილობს, მონასტერში მიმავალი გზა იპოვოს, რა თქმა უნდა, საერო მოძღვარი უნდა დატოვოს და ყველა სულიერი საკითხი ბერ-მონაზონთან შეათანხმოს, თუმცა ბერიც მოძღვრის კურთხევით უნდა მოძებნოს.

- ზოგიერთ ტაძარში მღვდელ-მონაზვნები მსახურობენ და მათ ჩვეულებრივი ერისკაცები აბარებენ აღსარებას. ხომ არ არის მძიმე, ან უხერხული ერისკაცისთვის ბერი მოძღვარი?

- კვლავ გავიმეორებ, რომ არა, მაგრამ თუ ერისკაცს ბერული ცხოვრებისკენ აქვს მისწრაფება, თუმცა მთელი დარჩენილი ცხოვრების ერში გატარებას აპირებს, სჯობს ერის მოძღვართან იყოს.

- ზოგჯერ მრევლს ხანგრძლივად უწევს მოძღვრის დატოვება, მაგალითად, როდესაც დასასვენებლად მიდის.

- ამ შემთხვევაში მოძღვარმა უნდა მისცეს კურთხევა, რომ სხვა მღვდელს ჩააბაროს აღსარება. მან უნდა გამოიძიოს, სად მიდის, ვინ დახვდება იქ, რა ეკლესიაა, რა მანძილზეა - რამდენად ხშირად შეძლებს აღსარების ჩაბარებას... მორწმუნე აღსარებისა და ზიარებისთვის ისე მოემზადება, როგორც თავისი მოძღვრისგან აქვს კურთხევა, ხოლო აღსარებას სხვა მოძღვარს ჩააბარებს.

- რას ნიშნავს სულიერი მამაშვილობა?
KARIBCHE
- სულიერი მამაშვილობა ყველაზე ამაღლებული ურთიერთობაა ამქვეყნად. იგი ადამიანური ურთიერთობის საზღვრებს სცილდება, უფრო საფრთხილო და საკრძალავია. სულიერი მამა სულიერი შვილის მთელ ფსიქიკურ სამყაროში მოძრაობს, ეს სამყარო კი მეტად სათუთია. ამ ურთიერთობის სწორად წარმართვაზეა დამყარებული მოძღვრისა და აღმსარებლის სულების გადარჩენა.

- მოძღვარს მძიმე ფსიქიკის პატრონ უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა... სჭირდება თუ არა მას ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა?

- მთავარია, მოძღვარი სულიერად იყოს მოწესრიგებული, სულიერ ფასეულობებს ფლობდეს. ასეთ შემთხვევაში, როცა ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, არ გაუჭირდება, რჩევისთვის სულიერად უფრო ამაღლებულ ადამიანებს მიმართოს და გაიმდიდროს ის გონებრივი საუნჯე, რომელიც აუცილებელია სულიერი შვილის გამოსაწვრთნელად.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ განათლებას, ვფიქრობ, ის აუცილებელია. ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ. ფსიქოლოგია საინტერესო მეცნიერებაა, თუმცა მორწმუნისთვის ფსიქოლოგიური კვლევისა და ძიების ყველა მომენტი არ არის მისაღები. საზოგადოდ, მორწმუნემ ეს ყველაფერი რწმენაზე უნდა დააშენოს. მღვდელს, მოძღვარს რწმენის საფუძველზე უნდა შეეძლოს სწორი მიმართულების მიცემა. კარგი იქნება, თუ დღევანდელი ფსიქოლოგები მორწმუნენი იქნებიან, რადგან უამისოდ ფსიქოლოგიური მეცნიერება ჩიხში მოექცევა.

- მოძღვრებსა და ფსიქოლოგებს ურთიერთთანამშრომლობა თუ გიწევთ?

- როგორ არა. მე ყველა პროფესიის სულიერი შვილები მყავს, მათ შორის - ფსიქოლოგებიც. მადლობელი ვარ უფლისა, რომ ხშირად მიხდება ურთიერთობა განსხვავებული პროფესიების მქონე ადამიანებთან. სულიერი დამოკიდებულების თვალსაზრისით უდავოდ გამოვყოფდი ფსიქოლოგიას, თუმცა ესეც არ არის გადამწყვეტი ადამიანის სულიერი სამყაროს შესამეცნებლად.

- ალბათ, მორწმუნეს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ წუთს მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევა გამოითხოვოს. ამას აკეთებს ყოველი სერიოზული საქმის დაწყების წინაც. რას ნიშნავს მოძღვრის დალოცვა, მისგან ლოცვა-კურთხევის აღება?

- მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც უფრო ღრმად არის სარწმუნოებაში ადამიანი, მით უფრო მეტად გრძნობს ის კურთხევის მადლს. მორწმუნისთვის იგი ყველაფერია, ურწმუნოსთვის კი - არაფერი. მორწმუნე, რომელიც მოვა, გთხოვს, მაკურთხეო და ურთულესი საქმის მოსაგვარებლად მიდის, დარწმუნებულია, რომ ის საქმე უკვე მის სასიკეთოდ არის გადაწყვეტილი და მართლაც ასეა.

- ზოგჯერ მოძღვარი, ამქვეყნიური ლოგიკით თუ განვსჯით, თითქოსდა სრულიად შეუსაბამო რამეს გვირჩევს, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ვხედავთ, რამდენად სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის მისი რჩევა. იმის თქმა მინდა, რომ მოძღვარი ხშირად ღვთის ნების მაუწყებელია ჩვენთვის. მაგრამ თვითონ თუ გრძნობს, როდის გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და როდის გვაუწყებს უფლის ნებას?

- როცა მოძღვარმა კარგად იცის, რას ითხოვს ჩვენგან ღმერთი, იგი მორწმუნეს ყველა, თუნდაც ყოფითი საკითხების შესახებ აუცილებლად საღვთო სწავლების გათვალისწინებით მისცემს რჩევას და საკუთარ მოსაზრებებს მასზე გაცილებით დაბლა დააყენებს.

- რა დონეზე შეუძლია მოძღვარს სულიერი შვილის პირად ცხოვრებაში ჩარევა, კურთხევა, რჩევისა თუ მიმართულების მიცემა?

- პირველ რიგში, მოძღვარი კარგად უნდა იცნობდეს თავის სულიერ შვილს, მის შესაძლებლობებს, სულიერ ძალას და ამის მიხედვით აძლევდეს მიმართულებას. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევს.

- რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვებს მოძღვართან ურთიერთობა, როგორ შევაჩვიოთ მას, რომ შემდეგ არ გაუჭირდეთ აღსარების ჩაბარება?

- მოინათლება თუ არა ბავშვი, მისი ზიარება იმავე დღიდან უნდა დაიწყოს. შედეგი ყველა შემთხვევაში გარდაუვალი იქნება - ის ბავშვი მთელ ცხოვრებას დაუკავშირებს ეკლესიას, ღმერთს, ქვეყანას, ოჯახს და ყველა მარადიულ ფასეულობას.

- სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მონობას შორის? სადამდე უნდა დაემორჩილოს ადამიანი სულიერ მამას?

- მონობა მხოლოდ ღვთისა გვმართებს, მოძღვარს კი უნდა ვმორჩილებდეთ. გეთანხმებით, ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია. დღეს ბევრი მოძღვარი სხვანაირად ასწავლის, არადა ეკლესიას ერთი სწავლება აქვს. მთავარია, მოძღვარი სწორი სწავლებით წარმართავდეს თავისი აღმსარებლის ცხოვრებას. თუ ეს პირობა არ ირღვევა, მაშინ მორწმუნე ყოველმხრივ მორჩილი უნდა იყოს მოძღვრისა, ხოლო თუ მან იცის, რომ სწავლება ირღვევა, უნდა დატოვოს ეს მოძღვარი და სხვა იპოვოს - ის, ვინც სწორ რჩევებს მისცემს.

- რა დროს იყენებს მოძღვარი ეპიტიმიას და რა სახისა შეიძლება იყოს იგი?

- ეპიტიმია მაღალი სასჯელია, ანუ ყველაზე მკაცრი დამოკიდებულება მორწმუნის მიმართ. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, დღევანდელი მოძღვრები მეტისმეტად ლოიალურები ვართ. შესაძლოა, ეს დღევანდელი ჟამის, ანუ ყველა იმ მოვლენის ბრალია, რაც ამ სამყაროში ხდება. ალბათ მართებულიც არის, ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ სასჯელი მრევლს, ოღონდ უნდა გავაგებინოთ, რას ვუმსუბუქებთ, როგორ ვუმსუბუქებთ და რატომ.

ეპიტიმია სხვადასხვა სახისა შეიძლება იყოს. ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენად იცნობს მოძღვარი თავის სულიერ შვილს. ყველა სასჯელი ამის გათვალისწინებით უნდა დადოს.

- აუცილებელია თუ არა მოძღვრისთვის ლოცვა?

- მოძღვარიც უნდა ლოცულობდეს აღმსარებლისთვის და აღმსარებელიც უნდა ლოცულობდეს თავისი მოძღვრისთვის.

- რა გრძნობა უჩნდება მოძღვარს, როდესაც მასთან მეტად მძიმე ცოდვებს აღიარებენ?

- ამ შეკითხვას ძალიან მოკლედ გავცემდი პასუხს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ექიმი, როდესაც მასთან მძიმე ავადმყოფი მიჰყავთ. დაახლოებით ასეთი გრძნობა უჩნდება მოძღვარსაც.

- რა მოეთხოვება მოძღვარს, როგორია მისი პასუხისმგებლობა?

- მოძღვრის პასუხისმგებლობა ძალზე დიდია. იგი არ უნდა ჩამორჩეს დროს, უნდა ჰქონდეს სულიერი განათლება, სულიერი ცოდნა, სულიერი ღვაწლი (მარხვა, მღვიძარება...), რწმენა და ყველაზე მთავარი - სიყვარული. თუ მოძღვარი იმთავითვე პოზით ხვდება აღმსარებელს და ამით თვითონვე იქმნის ბარიერს, ბუნებრივია, კონტაქტი არ შედგება. მან უნდა მისცეს აღმსარებელს გახსნის საშუალება. მოძღვარი უნდა ლოცულობდეს, რომ სიყვარული ჰქონდეს, დანარჩენი თვისებები თავისთავად მოვა. სიყვარული ისეთი რამ არის, ურთიერთობაში ყველა დაბრკოლებას მოხსნის.

მოძღვარი დიდ წინდახედულებას უნდა იჩენდეს. ეკლესიაში უბრალოდ არ შემოეხეტება ადამიანი, არც მხოლოდ თავის წარმოჩენის მიზნით გახდება ეკლესიის წევრი. შემთხვევით არაფერი ხდება. მოძღვარი ვალდებულია, ამოიცნოს ის, რაც შემთხვევითობის ნიღაბს ეფარება.

- მოდის თაობა, რომელიც ეკლესიის წიაღშია დაბადებული. ბევრი ტაძარში მისვლის შემდეგ ოჯახდება, შვილებს ზრდის, მთელი მისი ცხოვრება მოძღვრის თვალწინ მიედინება. რამდენი სიხარულია და რამდენი მწუხარება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მოძღვარი კი ამ ყველაფრის გამზიარებელია. როგორ უძლებს იგი ასეთ ემოციურ დატვირთვას, ამდენი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებას?

- ეს ყველაზე საინტერესო საკითხია. ყველა ის პროცესი, რაც ქვეყნის სულიერ თუ ფიზიკურ წარმატებასთან არის დაკავშირებული, ეკლესიაშიც მიმდინარეობს. მოძღვარი თავისი სულიერი შვილების ყველა ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელია.

სულიერი შვილების ტვირთის ზიდვა ხშირად გვირყევს ჯანმრთელობას. ჰგონიათ, რომ მოძღვარი ბევრი ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, ფეხზე დგომით სნეულდება, რაც ნაწილობრივ მართალიც არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობის გაუარესება უმეტესად პირდაპირ უკავშირდება სულიერი შვილების გამო აღებული ტვირთის სიმძიმეს. თუმცა აქვე უნდა ვახსენო ყველა ის სიხარული, რასაც მათი წარმატებები განგვაცდევინებს. როდესაც გოგო-ბიჭები შენს თვალწინ იზრდებიან, ყალიბდებიან, თვალს ადევნებ მათი სულების ფორმირებას, ხედავ, როგორ ქმნიან ოჯახებს და როგორი კრძალვით არიან განწყობილნი ღვთისადმი, არ შეიძლება ამისთვის მადლობას არ სწირავდე ღმერთს, ხოლო მისგან არ გეძლეოდეს მადლი, რომელიც ახალ ძალას და შემართებას გმატებს.

- მოეკითხება თუ არა მოძღვარს სულიერი შვილების გამო?

- მოეკითხება, ოღონდ ის, რაც მან იცის. მოძღვარს მოეთხოვება, როცა სულიერ შვილს აძლევს იმაზე მეტს ან ნაკლებს, რისი ტვირთვაც მას შეუძლია. მან ყველას შესაძლებლობების შესაბამისად უნდა მოსთხოვოს, იყოს ზომიერი და ფრთხილად გასცეს კურთხევა.

- როგორ შეიცვალა წლების მანძილზე მოძღვრისადმი ხალხის დამოკიდებულება?

- ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, საზოგადოების ცნობიერებაში ხდება გარდატეხა, იმ სტერეოტიპის უარყოფა, რომელიც ათეისტურმა პროპაგანდამ დაამკვიდრა. ცნობილია, რომ ნებისმიერი იმპერიის დასამარცხებლად ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ ავტორიტეტებისთვის, ეკლესია კი ყოველთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა. ამიტომ, როდესაც რუსეთის იმპერიის დამხობა გადაწყვიტეს, დაიწყეს ზღვა უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება მღვდლებზე, თანამდებობის პირებზე, ჩამოყალიბდა სამღვდელო დასისა და ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების გარკვეული სტერეოტიპი, თითქოს მღვდელი მარხვას არღვევდა, ქრთამს იღებდა და ა.შ.

- მღვდლობისთვის "შესაფერის" კადრებსაც არჩევდნენ...

- უარესსაც აკეთებდნენ... ფილმებს იღებდნენ... ხალხს მღვდლის სახელიც კი შესძულდა. მახსოვს, ერთხელ ბავშვობაში მღვდელი რომ დავინახე, გამიკვირდა, როგორ არ რცხვენოდა ქუჩაში სიარულის.

მადლობა უფალს, სიბნელე დასრულდა, მოვიდა დრო, როცა ყველაფერი უნდა ითქვას და ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინოს, თუმცა ინერციით დღესაც ბევრი რამ ხდება. ზოგს მღვდელი გაქსუებული პარაზიტი ჰგონია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სხვების ხარჯზე ცხოვრობს. ყველა იმ უგონომ, რომელიც ასე ფიქრობს, რომ იცოდეს, რამოდენა ტვირთს იღებს მოძღვარი საკუთარ თავზე, მოვიდოდა, პირველი აღიარებდა მის წინაშე თავის შეცოდებას და აღარასოდეს იფიქრებდა ასე. საზოგადოდ, ეს პრობლემა შეიძლება მოგვარებულად ჩაითვალოს, მაგრამ დღევანდელ მღვდელს მაინც მეტი სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება.

მადლობა უფალს, სწორედ მღვდლებისა და ეკლესიის დამსახურებაა, რომ უამრავი აღმსარებელი მოადგა ეკლესიას და გაურკვევლობის ბურუსი დროის მსვლელობასთან ერთად იფანტება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მუდამ სიმართლეს გამსახუროთ!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვა
1კ1