მიწიერი ეკლესიიდან უნდა დავიწყოთ, რათა ზეციურ ეკლესიამდე ავმაღლდეთ
მიწიერი ეკლესიიდან უნდა დავიწყოთ, რათა ზეციურ ეკლესიამდე ავმაღლდეთ
ხოპის წმინდა გიორგის მონასტერი, ბაღდათის რაიონში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. იგი XVI საუკუნეშია დაარსებული. გადმოცემით, მონასტერში უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - წმინდა გიორგის თავის ქალა, ხოპი ყოფილა დაბრძანებული. სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელწოდება.

მონასტერში ერთდროულად მიმდინარეობს სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრება. სამონასტრო ცხოვრებას იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) წარმართავს, საეკლესიოს კი დეკანოზი დავითი (ბურჯანაძე) წინამძღვრობს.

მამა დავითი დღეს ჩვენი სტუმარია.

არც ისე დიდი დრო გასულა მას შემდეგ, რაც ირგვლივ ათეიზმი ბატონობდა და ღვთისმსახურებს აგდებულად, დაცინვით ეპყრობოდნენ. მადლობა ღმერთს, დღეს ბევრი დაუბრუნდა რწმენას და ღვთისმსახურთა მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა, მაგრამ მათ შორის არიან ისეთნი, ვინც მრევლის განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია მამა დავითი. რაიონში ყველა მის თავმდაბლობაზე, გულისხმიერებასა და სიკეთეზე ლაპარაკობს. საოცრად მოკრძალებული მოძღვარი ხშირად სრულიად უსასყიდლოდ აღასრულებს კერძო მსახურებებს: "მართალია, ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თვისსა, მაგრამ ცხადია, არც უსასყიდლოდ მსახურებით შავდება რაიმე. ეს ერთგვარ სულიერ სიხარულსა და სიმშვიდესაც მანიჭებს", - ამბობს მამა დავითი და ყოველ წამს მზად არის, უფლის სახელით ემსახუროს ხალხს.

მამა დავითს ორი ძმა ჰყავს. ორივე სასულიერო პირია. უფროსი, მამა იოსები, მღვდელმონაზონია და გელათის მონასტერში მოღვაწეობს, მამა კონსტანტინე კი ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მღვდელმსახურია. როგორც თავად გვითხრა, შვილებშიც ხედავს საწყისს იმისას, რომ ღვთის გზას გაჰყვნენ და სასულიერო პირებად შედგნენ.

- მამა დავით, როდის შეიმეცნეთ ღვთის არსებობა და რა იყო წინაპირობა იმისა, რომ ღვთის გზაზე შემდგარიყავით, თავი მისი მსახურებისთვის მიგეძღვნათ?

- ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ კომუნისტურ ეპოქაში ჩაიარა. იმხანად რწმენის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკსაც კი ერიდებოდნნენ. მიუხედავად ამისა, ღვთის რწმენა და სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, რაც ოჯახის, განსაკუთრებით - მამის დამსახურებაა. მამა მედავითნედ მსახურობდა მოწამეთაში. დროდადრო ამავე მსახურებას ქუთაისის წმინდა გიორგის ტაძარშიც აღასრულებდა. ცხადია, მამა ღვთისა და სარწმუნოების შესახებ ჭეშმარიტ ცოდნას ფლობდა, კარგად იცნობდა საეკლესიო წესებსა და კანონებს და მათ ოჯახსაც აზიარებდა.

სულიერ გარემოში ვიზრდებოდი და არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში, როდესაც ხალხის უმეტესობა ეკლესიაში შესვლასაც კი ერიდებოდა, მე ტაძრისკენ მიმიწევდა გული. ხშირად მივყვებოდი ღვთისმსახურებაზე მიმავალ მამას, რათა წირვა-ლოცვას დავსწრებოდი. საყდარი ჩემს სოფელში, ობჩაშიც იყო, სადაც ამჟამად ვმსახურობ. იმხანად ჩვენი სოფლის ეკლესია უმოქმედობისა და ჟამთა სვლისაგან საგრძნობლად გახლდათ დაზიანებული, ამიტომ იქ მხოლოდ სანთლების დასანთებად ავდიოდით.

სკოლაში ყველამ იცოდა, რომ მამაჩემი ტაძარში მსახურობდა და მორწმუნე ოჯახიდან ვიყავი, ამიტომ მოწაფეობისას ბავშვები ხშირად მთხოვდნენ, მათთვის ლოცვა მესწავლებინა ან რაიმე სარწმუნოებრივი საკითხი განმემარტა. მეც სიამოვნებით ვასწავლიდი მათ დაწყებით ლოცვებს და ვესაუბრებოდი რწმენის შესახებ, ისე როგორც ბავშვს შეეძლო ამის გაკეთება.

- ღვთისმსახურებაში როდის გადადგით პირველი ნაბიჯები?

- როგორც მოგახსენეთ, მამას ხშირად მივყვებოდი ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. ერთხელ მოხდა ისე, რომ მოწამეთის მონასტრის მოძღვარს, მამა ინდისს (ნუცუბიძეს) დავეხმარე - მისი კურთხევით სამოციულო წავიკითხე. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ღვთისმსახურების გზაზე. ეს 1980 წელს მოხდა. მოგეხსენებათ, იმ დროს ტაძარში მსახურების სურვილი ბევრ ახალგაზრდას არ ჰქონდა, ამიტომ როდესაც მამა ინდისმა ჩემში ღვთისმსახურებისადმი სწრაფვა და უფლის გზაზე შედგომის სურვილი დაინახა, ჩემს შესახებ მეუფე შიოს (ავალიშვილს) უთხრა. მეუფე გამესაუბრა და სტიქაროსნად დამადგინა. ერთი წელი ვიმსახურე მეუფის სტიქროსნად, შემდეგ კი, 1981 წელს, დიაკვნად მაკურთხა. რვა წელი ვიმსახურე დიაკვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში. 1989 წელს მღვდლად დამასხეს ხელი, 1993 წლიდან ვარ ოქროს ჯვრის მატარებელი, 2001 წელს კი მეუფე ანტონმა (ბულუხიამ) დეკანოზის ხარისხში ამიყვანა.

- ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ. ორიოდე სიტყვით იქნებ ისიც გვითხრათ, როგორი უნდა იყოს ზოგადად მართლმადიდებლური ოჯახი?

- მყავს მეუღლე და სამი ვაჟი: გიორგი, მირიანი და ზვიადი. ჩემი მომავალი მეუღლე, როცა გავიცანი, მორწმუნე არ ყოფილა, მაგრამ მასში იმთავითვე იყო ბუნებითი საწყისი სიკეთისა, ამიტომ ღვთის შემეცნება არ გასჭირვებია და მალე შეუერთდა მორწმუნეთა კრებულს. რაც შეეხება შვილებს, ორი, გიორგი და მირიანი, ქუთაისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია, უმცროსი - ზვიადი, ხოპის წმინდა გიორგის მონასტრის სტიქაროსანია.

მკითხეთ, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლური ოჯახიო. ქრისტიანული გაგებით, ოჯახი მცირე ეკლესიაა, სადაც უპირველესად ღვთის შიში, კრძალულება, ოჯახის წევრთა ურთიერთის მიმართ მორჩილება და სიყვარული უნდა სუფევდეს. ოჯახი რომ მართლაც მცირე ეკლესიად იქცეს, აუცილებელია ეკლესიის მიერ დადგენილი წესების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ლოცვა - ოჯახის წევრების მიერ ლოცვის ერთად აღვლენა, ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თუკი ღვთის წინაშე მართლაც გონებით მლოცველნი ვიქნებით და სხვა ეკლესიურ წესებსაც აღვასრულებთ, მერწმუნეთ, ღვთის მადლი და შეწევნა არ მოგვაკლდება.

- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლობის მადლს ეზიარეთ? რა არის ღვთისმსახურის უმთავრესი მოვალეობა? რა მისია აკისრია მოძღვარს?

- მღვდლობის მადლთან ზიარება ღვთის უდიდესი წყალობაა, რომელიც უფლისგან ერთეულებს - მხოლოდ სასულიერო პირებს ეძლევათ. ეს არის ენით გამოუთქმელი გრძნობა, რომელსაც თან სდევს განცდა ახლის შეძენისა, უფალთან მიახლებისა და უდიდესი სულიერი სიხარულისა.

მოძღვარს უდიდესი მისია აკისრია. სწორედ მან უნდა გაუღვიძოს ადამიანს ღვთის რწმენა, სიყვარული და მიიყვანოს ეკლესიამდე, მრევლს კი ხელი შეუწყოს რწმენაში განმტკიცებასა და გაძლიერებაში, დამოძღვროს, დამწყსოს სულიერ ცხოვრებაში სრულყოფისთვის - განუმარტოს ღვთის ნება, უფლის სახელით შეუნდოს ცოდვები და მისცეს სწორი მიმართულება ციური სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. მოძღვარი უპირველესად საკუთარი ქმედებით, საკუთარი ცხოვრებით უნდა იძლეოდეს ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს. მასში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა ქრისტიანული სათნოება, რათა მისმა არაღვთივსათნო ქმედებამ სხვები არ დააბრკოლოს. მოკლედ, მოძღვარი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა სულის ცხონებაზეც ზრუნავს. ამას გარდა, ღვთისმსახური საეკლესიო მსახურებებსაც აღასრულებს. ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ჯვრის ზიდვაში მოძღვარს მღვდლობის საიდუმლოს დროს მასზე გადმოსული მადლი შეეწევა.

- სულიერი შვილი მოვალეა, მის ცხოვრებაში წამოჭრილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, ყოფითი თუ სულიერი, მოძღვართან შეათანხმოს და მისი ლოცვა-კურთხევით გადაჭრას. რა ძალა აქვს მოძღვრისგან მიღებულ ლოცვა-ლიურთხევას?

- როდესაც ლოცვა-კურთხევას ვთხოვთ მოძღვარს, ლოცვა-კურთხევისთვის თავად უფალს მივმართავთ და ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოედინება, ღვთისმსახური მხოლოდ ამ მადლის გამტარია, რადგან იგი შუამავალი ძალაა ღმერთსა და ადამიანს შორის.

- მამა დავით, თქვენ როგორც მოძღვარმა უკეთ იცით რა მდგომარეობაა რაიონში სულიერების თვალსაზრისით. გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცრურწმენებით ნაკარნახევი ტრადიციების შესრულებას გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე საეკლესიო წესების დაცვას. მხედველობაში მაქვს მიცვალებულისთვის ტანისამოსისა და სხვადასხვა ნივთის ჩაყოლება, რაც მას იმქვეყნად არაფერში სჭირდება და რაც უმჯობესია, გარდაცვლილის სახელზე მოწყალების სახით გავცეთ, რწმენა იმისა, რომ შვილის ნათლობას დედა არ უნდა დაესწროს, ღამით ნაგავი არ უნდა გადაყაროს და ა.შ.

- რაიონში ყველა სოფელშია მოქმედი ტაძარი, რამდენიმე ტაძარი მოქმედებს რაიონულ ცენტრშიც და ყველა მათგანს ჰყავს საკმაო რაოდენობის მრევლი, ასე რომ მრევლის სიმცრის გამო ვერ დავიჩივლებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხში ცრურწმენების სახით ჯერ კიდევ შემორჩენილია წარმართული გადმონაშთები. მადლობა ღმერთს, დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემობრუნდა ღვთისკენ, აღმსარებელთა რიცხვი იზრდება და მწამს, რომ თანდათან ეს პრობლემაც დაიძლევა.

- ბრძანეთ, აღმსარებელთა რიცხვი იზრდებაო, რაც მართლაც სასიხარულოა. ქრისტიანული მოძღვრებით, ერთი ადამიანის ღვთისკენ შემობრუნების დროსაც კი ცაში ანგელოზნი ხარობენ. ღვთისკენ შემობრუნება, ღვთისმორწმუნეობა მორწმუნემ ეკლესიური ცხოვრებით უნდა გამოხატოს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ეკლესიურ ცხოვრებას?

- ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი უპირველესად ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს სწავლობს, იძენს ქრისტიანულ სათნოებებს - თავმდაბლობას, სიმშვიდეს და ა.შ., მიმტევებელი ხდება შემცოდეთა მიმართ. უადვილდება ყოფითი პრობლემების მოგვარება, მაგალითად, როდესაც შეიტყობს, რომ განსაცდელი წყალობაა, რათა ამ გზით ცოდვებისგან განვიწმინდოთ და უფლის რწმენასა და სასოებაში განვმტკიცდეთ, გასაჭირს სხვა თვალით უყურებს და მასთან შებრძოლება უადვილდება. და, რაც მთავარია, ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი იძენს ღვთის მადლს.

- ეკლესია ხომალდია, რომელმაც ადამიანს უნდა გადაალახვინოს ამქვეყნიური ცხოვრების მშფოთვარე ზღვა და მიიყვანოს იმქვეყნიურ მშვიდობიან ნავსაყუდელამდე ანუ ცათა სასუფევლამდე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიწიერ ცხოვრებაში ეკლესიის გარეშე ადამიანის სულის ცხონება შეუძლებელია?

- ქრისტეს ეკლესია ორი - მიწიერი, ე.ი. მებრძოლი და ზეციერი, მოზეიმე - ეკლესიისგან შედგება, რომლებიც განუყოფელია ერთმანეთისგან. სწორედ მიწიერი ეკლესიიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა სულის ცხონებაზე ზრუნვა, რათა ზეციურ ეკლესიამდე ამაღლდეს.

- მამაო, რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?

- ადამიანები ხშირად წუხან და ჩივიან მიწიერ ყოფაში არსებული პრობლემების გამო. მართლაც მრავალი პრობლემის წინაშე დგას დღეს ადამიანი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კაცობრიობას განსაცდელი არასოდეს მოჰკლებია. მინდა, ყველას შევახსენო წმინდა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის წინ თავისი მხედრობის მიმართ წარმოთქმული სიტყვები - ლოცვით არა მარტო ეშმაკის მიმდევრებს, თვით ეშმაკსაც დავამარცხებთო. ლოცვას მართლაც უდიდესი ძალა შესწევს. თუკი ღვთის მიმართ მთელი შინაარსით მლოცველნი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა.
ბეჭდვა
1კ1