პატარა ვყოფილვარ, გრიგოლ რობაქიძეს რომ მოუნათლივარ
პატარა ვყოფილვარ, გრიგოლ რობაქიძეს რომ მოუნათლივარ
წლეულს, 30 აგვისტოს, მამა გიორგი ბასილაძეს 80 წელი უსრულდება.

ვფიქრობთ, ძალიან ბევრი იპოვის მამა გიორგის ღრმადსულიერ და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალულ დარიგებებში სულიერ სარგებელს და ასევე, ძალიან ბევრი, მათთვის ადრე პასუხგაუცემელი კითხვის კონკრეტულ და ჭეშმარიტ პასუხებს".

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საერო კალენდრით 14 აპრილი ქართული ენის დღეა, საეკლესიო კალენდრით კი 27(14) აპრილს აღინიშნება, "ქებაი და დიებაი ქართულისა ენისაი" (ამ გარდამავალ დღესასწაულს ყოველთვის ლაზარეს შაბათს ზეიმობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია), გთავაზობთ ამონარიდს მამა გიორგის წიგნიდან, რომელშიც ავტორი ცდილობს, განგვიმარტოს ქართული ენის დაფარული, სულიერი მნიშვნელობა იოანე-ზოსიმეს მიხედვით:

"ყველა ისტორიულ ერს ჰყავს თავისი მამამთავარი და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავს ჩვენი მამამთავარი. ცნობისთვის: არაბები ჩვენ დღესაც მელქისიტებს გვეძახიან!..

ყველა ქართველს ძილშიც უნდა ახსოვდეს იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი".

"დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა და ესე ენა, მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესენი არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა. და მეგობრობა ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკვდარი, ამისთვის თქვა დავით წინასწარმეტყველმან, რამეთუ "წელი ათასი - ვითარცა ერთი დღე" და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათესა წილ ზის. რომელ ასო არს და იტყვის ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა. და ესე არს ოთხი დღე, და ოთხისა დღისა მკვდარი, ამისთვის მისთანავე და დაფლული სიკვდილითა ნათლის-ღებისა მამისათა:

და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა. და სასწაულად ესე აქვს: ოთხმოც-და-ათოთხმეტი წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ. ასი ესე წელი და (104) და წელი ანბანისა".

კარგად დააკვირიდთ, "წელი ათასი, ვითარცა ერთი დღე!" და "ოთხისა დღისა მკვდარი..." ანუ 4 ათასი წელი! და ქართული საიდუმლო დღესაც დაფარულია - მძინარე!

"მე მძინარე ვარ...
ვწევარ და მძინავს
დაე, მძინავდეს,
ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,
როდესაც ნანა მესმის ძიძების!
ბევრს ეშინოდეს
ჩემი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების,
ვით გათენების
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს".
გალაკტიონი

მამა გიორგი ბასილაძე 2007 წლის ბრწყინვალე შვიდეულის კვირეულში გავიცანი. მანამდე ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ბეჭდურ მედიაში მასზე გამოქვეყნებულ სტატიებს. ისედაც ბევრი მსმენოდა მასზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა წარმოსადეგმა, კოლორიტულმა გარეგნობამ და იმერული დიალექტით გაჯერებულმა დინჯმა მეტყველებამ. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ინტერვიუზეც დამთანხმდა. ჩვენმა საუბარმა თითქმის ორ საათზე მეტხანს გასტანა. ახლა გთავაზობთ ამ საუბარს, რომელიც 7 წლის წინ მოწამეთაში ჩავიწერეთ.

- მამა გიორგი, თქვენ ხშირად ურჩევთ მორწმუნეებს, ეძებონ ცოცხალი წმინდანები და მათთან ახლო კონტაქტი დაამყარონ. იქნებ გვიამბოთ თქვენს შესახებ, ვინა ხართ და რა ცხოვრება გამოიარეთ?

- მე არც წმინდანი ვარ, არც სალოსი, ცელებატი ვარ, ერთი უბრალო ადამიანი. დავიბადე ჭოგნარში, 1933 წლის 30 აგვისტოს, გლეხის ოჯახში, ამ სოფელს 60-მდე მოსახლე შემოვრჩით. 34 წელზე მეტი ჭოგნარს ვემსახურე და 34 მანეთიც კი არ ამიღია იქიდან, მინდოდა საქმით შევწეოდი ჩემს კუთხეს ისე, როგორც შემეძლო. მალე 74-ე წელში გადავაბიჯებ, მარა ასაკს არ ვუჩივი, მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი და ახლაც შემიძლია სულ ცოტა 40 კილომეტრი გავიარო დღეში. ბაბუაჩემი სამსონა ბასილაძე, გადასახლებიდან იყო დაბრუნებული, მარა 125 წელი მაინც იცოცხლა. მეც, თუ დამაცლიან, 107 წელს მაინც ვიცოცხლებ. ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება მაინც, რაც მოსახდენია, მოხდება, ჩვენ სიკვდილს ვერც გადავწევთ, ვერც დავაჩქარებთ.

ცხონებულ პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ადამიანის მომავლის გამოცნობა შეეძლო. ასე, 11 წლის ვიქნებოდი, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ისიც ახალგაზრდა იყო მაშინ, კარგა ხნის შემდეგ გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ყურადღებით დამაკვირდა და მითხრა: - შენ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდებიო. ბავშვი ვიყავი და არც მიმიქცევია მაშინ დიდი ყურადღება ამ სიტყვებისთვის და მართალი გითხრათ, არც ახლა ვიწუხებ თავს ამაზე ფიქრით. ქრისტიანს სიკვდილის არ ეშინია, ადრე თუ გვიან, ყველანი გავემგზავრებით ჩვენს ზეციურ სამშობლოში, ბიბლიურმა მათუსალამ 900 წელი იცოცხლა. თუ ვინმე გაიკვირვებდა მის ასაკს, იგი შემოვიდოდა დასავლეთის კარებიდან, გაივლიდა მანძილს აღმოსავლეთისაკენ და როდესაც აღმოსავლეთის კარების ზღურბლსაც გადააბიჯებდა, იქიდან გეტყოდა, "აი, ეს არის თქვენი 900 წელიწადიო". ყოველთვის უნდა გახსოვდეს მათუსალას სიბრძნე, დროით შემოსაზღვრული ჩვენი მიწიერი ცხოვრება, 900 წელი იქნება თუ 1000 წამის ერთი გაელვება არ არის მარადისობასთან მიმართებაში. ჩვენი გამიწიერებული სხეულები მიწის მიზიდულობას ექვემდებარებიან, სული კი ღმერთს ეკუთვნის და მარადიულობისაკენ მიისწრაფვის. ღმერთი ხან განსაცდელს გვივლენს ამ წუთისოფელში, ხან ავადმყოფობას - სულის გამოსასწორებლად, საბოლოოდ კი ყველას გვათავისუფლებს ამქვეყნიური ამაოებისაგან და ჩვენს სამშობლოში გვაბრუნებს, ვიდრე ზეცაში ჩვენს კუთვნილ ადგილს დავიმკვიდრებდეთ, მანამდე ერთგულად და მუხლჩაუხრელად უნდა ვემსახუროთ ჩვენს მიწიერ სამშობლოს - საქართველოს.

მოვხუცდი და ვგონებ, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე ბოლომდე კარგის და ცუდის, თეთრის და შავის გარჩევა, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ამის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ღმერთმა თითო ეშმაკი ყველას დაგვიდგინა ცოდვაში გამოსაცდელად, ეშმაკური ხრიკებით ვერავინ მომიდგება. აგერ, ახლა 10 კაცი რომ შეკრიბო, ვერავინ მაჯობებს. ჩვენზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა ეშმაკის შემოთავაზებას. თუ მივიღებთ, მერე შავი თეთრად მოგვეჩვენება, თეთრი - შავად. როცა სული საბოლოოდ გათავისუფლდება სხეულებრივი ტყვეობისაგან, მაშინ გავისტუმრებთ ყველა ვალს. ეს კი უფალმა უწყის, როდის მოხდება, ამიტომ ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ ამისათვის; "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი..."

ხელმოკლე ოჯახში ვიზრდებოდი და იძულებული ვიყავი, ფიზიკურად მეშრომა, რის გამოც 8 კლასის დამთავრების შემდეგ საღამოს სკოლაში დავიწყე სიარული. როგორც ჩემი მშობლები - შალვა ბასილაძე და ბარბარე ედიბერიძე ამბობდნენ, აკვნიდან მორწმუნე ვყოფილვარ. მახსოვს, ბავშვობისას თითებზე ჩამოვითვლიდი ი-ე-ს-ო-ქ-რ-ი-ს-ტ-ე, ზუსტად 10 თითი იყო საჭირო, მერე ისევ დავმარცვლავდი ნ-ა-ზ-ა-რ-ე-ვ-ე-ლ-ი, აქაც ათი თითი მჭირდებოდა, საბოლოო ჯამში, 20 ბგერა გამოდიოდა იმ სიტყვების სათქმელად, რომლის წარმოთქმაც დიდ სიხარულს მანიჭებდა, თითქოს არაფერია, მაგრამ ამაშიც უდიდესი სიყვარულია.

ქართული მიწა მრავალი წმინდანის სისხლით არის მორწყული და განბანილი. ამიტომაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო ასე განსაკუთრებულად. "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა", - უთქვამს ჩვენს ბრძენ ხალხს. ალბათ, ნათლიაჩემმა თუ დამანათლა ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის სიყვარული. პატარა ვყოფილვარ, გრიგოლ რობაქიძეს რომ მოუნათლივარ. მერე იგი იძულებული გამხდარა, დაეტოვებინა სამშობლო და უცხოეთში გადახვეწილიყო. სამწუხაროდ, აღარც დაბრუნებულა. მან, თავისი ნიჭიერებითა და განსწავლულობით, შორს გაიტანა ჩვენი პატარა ქვეყნის სახელი. როდესაც შორეულ ემიგრაციაში გრიგოლ რობაქიძის წარმომავლობით დაინტერესებულან, მას უთქვამს: "მე სამოთხიდან ვარო", რომელი სამოთხიდანო, რომ ჰკითხეს, "იმ სამოთხიდან, რომელსაც "გეორგია", იგივე საქართველო ეწოდებაო.

"ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე გამარჯვებით მინდა ვიხარო,
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო..."


ქართველ ემიგრანტთა (ავტორი სიმონ ბერეჟიანი) მიერ შექმნილ ამ სტრიქონებში კარგად ჩანს, როგორ უყვარდათ მათ თავიანთი ქვეყანა, ეს სიტყვები მათი ანდერძი იყო, რომელიც ზოგს გულში ჰქონდა ამოტვიფრული, ზოგს კი საფლავის ქვაზე.

ბებიაჩემიც რობაქიძის ქალი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც შემდეგ ძალიან გამომადგა ცხოვრებაში.

მას შემდეგ, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარე ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1969 წელს ჩავაბარე ახალდაარსებულ მცხეთის სასულიერო სასწავლებელში. ეს წლები დაუვიწყარი იყო ჩემთვის. ისეთი დიდი ისტორიისა და მართლმადიდებელი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვის მოუნდებოდა კომუნისტების პერიოდში სასულიერო სემინარიის დაარსება? უწმინდესმა ეფრემ მეორემ და ილია მეორემ ეს შესძლეს.

სემინარიის რექტორს, ილია მეორეს, ისე ჰქონდა საქმე დაყენებული, ერთ დღესაც ვერ გავატარებდით უქმად, მუშაობის გარეშე, რადგან შენობა ძველი იყო, ყოველდღიურ ზრუნვას საჭიროებდა, მეუფე ილიას დავალებას ყოველთვის ხალისით ვასრულებდით, რადგან მართებული კაცი იყო. გაჯავრებული არასოდეს გვინახავს, მისი ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ გაგვიგონია. ტკბილად, მეგობრულად ახერხებდა ჩვენთან ყოველი საკითხის მოგვარებას. 11 სტუდენტიდან ერთსაც რომ დაგვეტოვებინა სასწავლებელი, მოსკოვი ამ მიზეზით სემინარიას გააუქმებდა, ამიტომ სწორედ ეს ორი დიდი პიროვნება იბრძოდა მის შესანარჩუნებლად. ისინი ამაში ხედავდნენ ეკლესის გადარჩენას და ასეც იყო ეს.

პატრიარქმა ეფრემ მეორემ სხარტი, ღრმააზროვანი ლაპარაკი იცოდა. საუბრის დროს, ხშირად ჟესტებსაც იყენებდა მეტი დამაჯერებლობისთვის. გვიყვებოდა კირიონის, ამბროსის, კალისტრატეს და სხვა დიდ კათალიკოს-პატრიარქთა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს. ცნობილი ხალხი მეგობრობდა მასთან, ისეთი, როგორიც აკადემიკოსი აკაკი შანიძე გახლდათ.

პატრიარქმა ეფრემმა დიდი წვლილი შეიტანა არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილების კვლავ მოწამეთაში დასაბრუნებლად. ცხოვრების უმეტესი წლები მეც ამ მონასტერში გავატარე. აქ რამდენჯერმე შევხვედრივარ ერთ უსინათლო კაცს, გვარად ჯიქიძეს, რომელიც ტირილითა და მუხლისჩოქით უვლიდა გარს მონასტერს. თურმე სწორედ ამ კაცს გაუტანია წლების წინ მონასტრიდან დიდმოწამე დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, მათი თავის ქალები ერთმანეთისთვის შეუერთებია და უთქვამს, - ამათ რა უნდა მიყონო. იმ წუთიდან დაკარგა თვალისჩინი და მას შემდეგ ინანიებდა თავის საქციელს, პატიებას შესთხოვდა წმინდანებს.

უწმინდესი ეფრემისა და მეუფე ილიასგან სემინარიელები ცოდნა-განათლებასთან ერთად მორჩილებას, სიმდაბლეს და სამშობლოს სიყვარულს ვსწავლობდით.

საღვთო ლიტურგიაში არის ქერუბიმთა საგალობელი: "რომელი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით", თუკი საქართველოში ვინმე ღირსია ამ საგალობელზე მოხსენიებისა, მე ვიტყოდი, უპირველესად ესენი არიან - ილია მეორე და ეფრემ მეორე (ორივე მეორე), ამ ადამიანებმა დიდი ამაგი დასდეს ჩვენს ქვეყანას.

ცხოვრებაში ყოველ წუთს გამოვიცდებით ღვთისგანაც და კაცისგანაც.

სტუდენტობის დროინდელი ნაცნობ-მეგობრობა მაკავშირებდა არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძესთან. სტუდენტობისას ხშირად მიხდებოდა თბილისში სხვადასხვა საქმეზე წასვლა. თბილისის ქუჩებს დღესაც ვერ ვაგნებ და მით უმეტეს მაშინ, ძალიან მიჭირდა გზის გაკვლევა. რომ არ დავიკარგე ამხელა ქალაქში, ეს ალბათ მამა გაბრიელის დამსახურებაა. ოჯახშიც ხშირად ვსტუმრობდი, ეზოში თავისი ხელით აგებდა ტაძარს, გეცოდინებათ, ალბათ. ორივეს ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, მას ლუკმა არ გაეყო ჩემთვის, თუნდაც მოსახსენიებლიდან შემოსული თანხის ნახევარს, 5 მანეთი იქნებოდა ეს, თუ უფრო ნაკლები, ყოველთვის შუაზე მიყოფდა.

იმ დღესაც, როდესაც ლენინის სურათი დაწვა, ქუთაისიდან ვიყავი ჩამოსული. ჩვენ დილიდან ერთად ვიყავით, მერე მე გამყოლი გამომიჩნდა და ასე შემთხვევით დავცილდით ერთმანეთს. როცა გავიგე, რაც მოხდა, გამიკვირდა კიდეც თავიდან, რატომ არ მითხრა, თუ ასეთ რამეს აპირებდა-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება მან მოულოდნელად მიიღო. ეს სარწმუნოებისადმი უდიდესი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი იყო, რომელსაც ისტორია ჩვენზე მეტად დააფასებს. ეს მხოლოდ მამა გაბრიელს შეეძლო გაეკეთებინა, სხვას არავის, რადგან მასში უდიდესი ღვთიური ძალა მოქმედებდა. იგი ყოველთვის სიმართლის მხარეზე იდგა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)


ბეჭდვა
1კ1