ასეთი შედეგის მიღწევა ღირსეული წინამძღვრის გარეშე შეუძლებელია
ასეთი შედეგის მიღწევა ღირსეული წინამძღვრის გარეშე შეუძლებელია
აჭარელ კაცს ეამაყება, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევს მიჰყვება და ღვთის წყალობით, მამაპაპისეულ სარწმუნოებას უბრუნდება
ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული აჭარა, სადაც I საუკუნეში დაენთო ქრისტეს ლამპარი და იქცა განმანათლებლად სრულიად საქართველოსი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილის) ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის შესახებ გვესაუბრება ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამარ ჩხაიძე.

- ვიდრე ეპარქიაზე დავიწყებთ საუბარს, მანამდე მღვდელმთავრის ცხოვრების შესახებ გვიამბეთ...

- წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის სოფელ სნოდან არიან.

ხალხური გადმოცემით, სოფელს სახელი დარქმევია ერთი გამორჩეული ვაჟკაცის პატივისცემით, რომელსაც სნო რქმევია და ვახტანგ გორგასლის ნათლული ყოფილა. თავად გვარი შიოლაშვილი შიოლა ღუდუშაურიდან მოდის, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. შიოლას დედა ბაგრატოვანთა გვარისა ყოფილა და ამიტომ მოფერებით მეფიაანთ ქალსაც კი უწოდებდნენ. შიოლა ვერაგულად მოუკლავთ. მკვლელს თავი შიოლას დის სახლში შეუფარებია. მას კი სტუმარმასპინძლობის ადათი დაუცავს და მოხევეებისათვის სისხლის აღების უფლება არ მიუცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს" თემად სწორედ ეს უდევს. აქედან დაედო საფუძველი შიოლაშვილების გვარს.

სოფელი სნო გამორჩეულია იმითაც, რომ იქ დაიბადა და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მთავარეპისკოპოს დიმიტრის მშობლები - მერი და შოთა შიოლაშვილები საცხოვრებლად ძველ სატახტო ქალაქ მცხეთაში გადმოვიდნენ, სადაც 1961 წლის 16 თებერვალს დაიბადა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა. სკოლა მცხეთაში დაამთავრა. 1979 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1986 წელს, აკადემიის დამთავრებისთანავე, დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. კათოლიკოს-პატრიარქმა 1985 წელს ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და აკადემიის დამთავრებისთანავე ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში განაწესა მღვდელმსახურად. 1987-88 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-89 წლებში თბილისის ანჩისხატის საკათალიკოსო ტაძარში და პარალელურად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1989 წელს ხელმეორედ დააბრუნეს ბათუმში, დეკანოზის ხარისხში აიყვანეს და განაწესეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს ბათუმში გაიხსნა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი დავითი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი გახლდათ. 1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი. ამ დაწესებულებებს მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობდა.

1996 წლის ნოემბერში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დეკანოზი დავითი გამოირჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. აღიკვეცა ბერად 8 ნოემბერს (ძვ.სტ. - 26 ოქტომბერს), წმინდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელი დიმიტრი. მთავარეპისკოპოსის ხარისხი კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აჭარაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, 2003 წლის 14 სექტემბერს მიენიჭა.

ბერობამდე იყო თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი და ჰყავს შვილები: ნინო, ეკატერინე, ანა შიოლაშვილები და ორი შვილიშვილი - ნიკოლოზი და ილია.

- სულიერების მხრივ რა მდგომარეობაა დღეს აჭარაში?

- 90-იანი წლების დასაწყისში აჭარაში მხოლოდ 2 ტაძარი იყო მოქმედი, დღეს 30 მოქმედი ტაძარია. შენდება კიდევ 6 ტაძარი. მოქმედებს სხალთის, ხინოს, ჩეხედანასა და ფერიის დედათა მონასტრები. მალე ქობულეთში, სოფელ ცხემლვანაში მამათა მონასტრის მშენებლობა დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში სულიერი აღორძინება 1989 წლის მაისიდან დაიწყო, როცა კათოლიკოს-პატრიარქმა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 5000-მდე ადამიანი აზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ამ დღიდან მოყოლებული განსაკუთრებული სულიერი გამოღვიძება იგრძნობა ხალხში. აჭარელ კაცს ეამაყება, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევს მიჰყვება და ღვთის წყალობით, მამაპაპისეულ სარწმუნოებას უბრუნდება. საზეიმო ნათლობებზე ასობით ადამიანი ინათლება. ასეთი შედეგის მიღწევა ღირსეული წინამძღვრის გარეშე შეუძლებელია.

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი 8 წელია, რაც ეპარქიას მართავა. გზა, რომელიც მეუფემ განვლო, ია-ვარდით არ იყო მოფენილი. მიუხედავად ათასგვარი დაბრკოლებისა, ეპარქიაში უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა თავად მეუფეს მიაჩნია, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

- რამდენადაც ვიცი, თქვენს ეპარქიაში მეუფე დიმიტრის წყალობით სასწავლო დაწესებულებები, სათნოების სავანე და ბავშვთა პანსიონი არსებობს.

- უდიდესი ყურადღება ექცევა მომავალი თაობის აღზრდას. საქართველოში პირველი სასულიერო გიმნაზიის დამაარსებელი და პირველი რექტორი დეკანოზი დავითი (ამჟამად - მთავარეპისკოპოსი დიმიტრი) გახლდათ. მას მოჰყვა სასულიერო სემინარია. განსაკუთრებით საგულისხმოა სასულიერო სასწავლებლისა და გიმნაზიის გახსნა მაღალმთიან აჭარაში.

სასულიერო გიმნაზია ფუნქციონირებს ჩაქვშიც. რამდენიმე წელია, რაც ეპარქიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე რაიონებშიც. დაგეგმილია საზაფხულო ბანაკების მოწყობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის, რომელიც მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის პანსიონის შენობაში განთავსდება.

ეპარქიაში არსებულ დაწესებულებათაგან გამორჩეულია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, სადაც ამჟამად 80-ზე მეტი მოხუცი ცხოვრობს და წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი. აქ 100-მდე მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ეს მოხუცები და ბავშვები ერთმანეთს ეზოში ხვდებიან. მათ აქვთ საერთო - ორივენი ოჯახებს არიან მოწყვეტილნი და ორივეს უფალი და ეკლესია მფარველობს.

მოგეხსენებათ, ბავშვის აღზრდას რაოდენ დიდი ენერგია სჭირდება. სხვის შვილს უნდა შეუვსო სიცარიელე, რაც მშობლის ფუნქციას გაკისრებს. ეს საოცრად რთულია, მაგრამ მადლიანი საქმეა და ბავშვთა სახლის თანამშრომლები ღვთის ძალას ყოველ წუთს გრძნობენ. პატარები საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ. ბავშვთა სახლი შემოწირულობით არსებობს. მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენ შალვა ბრეუსის წვლილი გიმნაზია-პანსიონის არსებობაში შეუფასებელია. თავად ბატონი შალვა თავს ბედნიერ კაცად მიიჩნევს, რადგან უფალმა სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა. მის სახელს უკავშირდება ბათუმის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობაც.

მეუფე დიმიტრის კურთხევით ქალაქის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იციან, რომ ცხოვრებაარეულ ან ეკონომიკურად შეჭირვებულ მშობელს, რომელიც ნაყოფზე უარს ამბობს, უნდა გაესაუბრონ და აღნიშნული ბავშვთა სახლი შესთავაზონ, საიდანაც დედას ნებისმიერ დროს შეუძლია შვილის წაყვანა.

აჭარაში, ღვთის შეწევნით, პირველი ნაბიჯები მომავალი თაობის აღზრდაში ნამდვილად გადაიდგა. შედეგი წლების შემდეგ გამოჩნდება და ვფიქრობ, დასაფასებელიც იქნება.

ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ტაძარი, მონასტერი აშენდა და ამოქმედდა. დღეს ეპარქიაში 9 დეკანოზი, 12 მღვდელი და 3 დიაკონი მსახურობს.

მეუფის ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში იბეჭდება ჟურნალ-გაზეთები. გამოიცა ჟურნალი "ფარი სარწმუნოებისა", "სექტანტობის საფრთხე", "მართლმადიდებლური საკითხავი". პერიოდულად გამოდის გაზეთი "სხალთის ზარები".

ეპარქიაში მეუფემ დააარსა რადიო "მშვიდობა ყოველთა", რომელიც საპატრიარქოს რადიო FM 105,4 სიხშირეზე გადის.

ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ, ყველაფერთან ერთად, მეუფე დიმიტრი შესანიშნავი ფოტოგრაფია. შარშან მოეწყო კიდეც ნამუშევრების გამოფენა, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა. სხვათა შორის, ბათუმის ბილბორდებზე მეუფის მიერ გადაღებული ფოტოებია გამოყენებული. ამით მეუფე სხვა საშვილიშვილო საქმეებთან ერთად მომავალს ფოტომატიანეს უქმნის. თავის მხრივ, ესეც ისტორიაა.
ბეჭდვა
1კ1