ცოდვა, სინდისი, სინანული და აღსარება - როგორ განთავისუფლდეს ადამიანი ცოდვის მონობისაგან
“სინდისის შეტევის” შთამბეჭდავი მაგალითი მოჰყავს კ. გ. იუნგს თავის “ავტობიოგრაფიაში”:
“მე მქონდა ერთი შემთხვევა, რომელსაც არა მგონია, რომ როდესმე დავივიწყებ. მომმართა ქალბატონმა, რომელმაც უარი თქვა სახელის გამხელაზე. მან მითხრა, რომ სურდა ჩემთან კონსულტაცია. როგორც ჩანს, ის საზოგადოების უმაღლეს წრეებს განეკუთვნებოდა. მისი სიტყვით, ის ექიმი იყო.
რაც მისგან მოვისმინე აღსარებას დავარქმევდი: დაახლოებით 20 წლის წინ მან ჩაიდინა მკვლელობა - მოწამლა თავისი საუკეთესო მეგობარი, რადგან შეუყვარდა მისი ქმარი. ის ფიქრობდა, რომ თუ მკვლელობა არ გაიხსნებოდა, არავითარი პრობლება არ ექნებოდა.
ის ოცნებობდა ცოლად გაჰყოლოდა მეგობრის მეუღლეს და მოძებნა, როგორც ფიქრობდა, უმარტივესი გზა - მკვლელობა. ასეთი იყო მოტივი, ხოლო საქმის მორალური მხარე - არ აღელვებდა. და რა? მართლაც მითხოვდა იმ ახალგაზრდა კაცს, მაგრამ ის მალე გარდაიცვალა.
მოგვიანებით რაღაც უცნაურობები დაეწყო. ამ ქორწინების შედეგად გაჩენილმა ქალიშვილმა, როგორც კი წამოიზარდა - მიატოვა, სასწრაფოდ გათხოვდა და ცდილობდა არ შეხვედროდა დედას. შემდეგ - საერთოდ გაქრა დედის თვალსაწიერიდან, მასთან ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა.
ამ ქალს რამდენიმე საჯირითო ცხენი ჰყავდა. ჯირითმა მთლიანად გაიტაცა იგი. რაღაც მომენტში აღმოაჩინა, რომ მის ქვეშ ცხენები ნერვიულობენ, ერთხელ, საყვარელმა ცხენმაც კი გადმოაგდო. შედეგად, მოუწია უარი ეთქვა ცხენებით ჯირითზე.
სცადა, ძაღლებისამდი სიყვარულში მოენახა ნუგეში, მაგრამ ამაოდ. მას ჰყავდა ერთი შესანიშნავი ნაგაზი, რომელიც ძალიან უყვარდა. და, კვლავ ბედის დარტყმა, ძაღლს დამბლა დაემართა. ეს ბოლო წვეთად იქცა.
მან იგრძნო, რომ მორალურად განადგურებულია. მას ვინმესთან აღსარება უნდა ეთქვა და მოვიდა ჩემთან. ის იყო მკვლელი, და არა მხოლოდ... თვითმკვლერლადაც იქცა, რადგან ის, ვინც დანაშაულს სჩადის, თავის სულსაც ანგრევს. მკვლელი სჯის საკუთარ თავს.
როცა დანაშაული გახსნილია, დამნაშავე იხდის სასჯელს, კანონის შესაბამისად. თუ ჩადენილი დანაშაული არ გამჟღავნდა, ხოლო ადამიანმა ის ყოველგვარი მერყეობის გარეშე ჩაიდინა, სასჯელი მას მაინც ეწევა, რაზეც მეტყველებს ეს შემთხვევა, - უბრალოდ ის მოვა ერთი დღით გვიან.
არც თუ იშვიათად ცხოველებმაც და მცენარეებმაც “იციან” დანაშაულის შესახებ. ამ მკვლწელობის გამო ამ ქალს მისი ცხოველებიც კი განუდგნენ. მან ვერ აიტანა მარტოობა, რომელშიც აღმოჩნდა და რომ რამენაირად დაეღწია თავი, თავის მესაიდუმლედ მე მაქცია.
ის ეძებდა ნეიტრალურ ადამიანს, არა ცრუმორწმუნეს, რომელიც არ იყო მკვლელი, ვისთვისაც შეეძლო გაემხილა თავისი საიდუმლო და ამით აღედგინა დაკარგული კავშირი ადამიანებთან. მას მეტად ესაჭიროებოდა ექიმი, ვიდრე მღვდელი, რადგან ეშინოდა, რომ ის მას მოვალეობის მოხდის მიზნით მოუსმენდა, მაგრამ სულში ზნეობრივ განაჩენს გამოუტანდა. ის ხედავდა, რომ ადამიანები და ცხოველები შებრუნდნენ მისგან და იმდენად იყო დათრგუნული, რომ მეტად აღარ შეეძლო ამ წყევლის ატანა.
დღემდე არ ვიცი, ის ვინ იყო. მართალია თუ არა მისი ისტორია. დროდადრო მახსენდებოდა ეს, ვფიქრობდი, რა მოუვიდა მას? ჩვენი შეხვედრით ხომ ისტორია არ დამთავრებულა. შესაძლოა, მან თავი მოიკლა.”
ამ მონათხრობში იუნგს გადმოცემული აქვს შემთხვევა, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერ ტანჯვას ცოდვის ჩადენის შედეგად. ხანდახან ადამიანს ჰგონია, რომ თუ მის მიერ ჩადენილი ცოდვა არ გამჟღავნდა, მის ცხოვრებაში არაფერი მოხდება, რადც საშიშროებას შეუქმნის. როგორც ვხედავთ ეს ასე არ არის. დანაშაული ტანჯავს ადამიანს. უფალი ხედავს, რომ ადამიანი დაღუპვის გზას დაადგა და ყოველმხრივ უბიძგებს მას სინანულისკენ - ცხოვრების გარემოებებით, შინაგანი შფოთით, მარტოობით, სინდისის ქეჯნით. იუნგის მიერ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ადამიანი მიხვდა, მისთვის შვება - აღსარება იყო. მაგრამ... მივიდა ფსიქოლოგთან და არა სულიერ მოძღვართან. და შედეგიც გაურკვეველია, შესაძლოა, ძალზედ მძიმეც. დავაკვირდეთ, რას ამბობს იუნგი: “დროდადრო მახსენდებოდა ეს, ვფიქრობდი, რა მოუვიდა მას? ჩვენი შეხვედრით ისტორია ხომ არ დამთავრებულა. შესაძლოა, მან თავი მოიკლა.”
აქ ვხედავთ, თუ რაოდენ დაშორებულია ფსიქოლოგის აზროვნება პრობლემის მოგვარების რეალური და შედეგიანი გზისაგან. ის, როგორც ფსიქოლოგი, აღიარებს აღსარების მნიშვნელობას ადამიანის სულიერი ტანჯვის შემსუბუქებაში. თუმცა აღსარებას ცალმხრივად განიხილავს, მხოლოდ მის გარეგნულ მხარეს ხედავს - ვიღაცამ ვიღაცას თავისი გულის წუხილი უნდა გაუზიაროს და ამით შვება იგრძნოს.
დღეს ამ ხერხს მრავალი ადამიანი მიმართავს, ტელევიზორში შოუებსაც კი დგამენ. უაზრო და უმიზნო გულახდილი საუბრებით ადამიანებმა შეიძლება საკუთარი თავიც დაიზიანონ და სხვებიც დააზარალონ. როცა ვამბობთ “უაზრო და უმიზნო”, ვგულისხმობთ, რომ მისთვის, ვინც ასეთი საუბრებით სულის სიმძიმისაგან განთავისუფლებას ცდილობს, ეს ქმედება უაზრო და უმიზნოა, რადგან ამას მისთვის დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მას ალაპარაკებს, რაიმე მიზანი არ ამოძრავებს. ეს მიზანი შეიძლება იყოს მრავალგვარი - ფული, სხვა ადამიანთა ცდუნება, იდეოლოგიური გადაბირება, ინფორმაციის მოგროვება, ცნობისმოყვარეობა, რაიმე ქვენა ინტერესი და ა. შ. უკეთეს შემთხვევაში, როგორც ამას იუნგის შემთხვევაში ვხედავთ, ადამიანისადმი დახმარების გულწრფელი სურვილია. თუმცა ასე რეალური დახმარება შეუძლებელია.
იუნგის მთავარი შეცდომა ის არის, რომ ვერ ხედავს აღსარების საიდუმლოების საკრალურ მხარეს. ის მას მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტექნიკად აღიქვამს, რომლის მეშვეობითაც ფსიქოლოგს ეძლევა საშუალება “უმკურნალოს” “პაციენტს”. ის არ ენდობა სულიერ მოძღვარს და ამ უნდობლობას სხვა ადამიანებშიც თესავს: “მას მეტად ესაჭიროებოდა ექიმი, ვიდრე მღვდელი, რადგან ეშინოდა, რომ ის მას მოვალეობის მოხდის მიზნით მოუსმენდა, მაგრამ სულში ზნეობრივ განაჩენს გამოუტანდა”. ამ ფრაზიდან ჩანს, რომ მისი პაციენტის აზრით, მღვდელი ზერელედ მოეპყრობოდა და გულში განიკითხავდა (სულში ზნეობრივ განაჩენს გამოუტანდა). იუნგს მიაჩნია, რომ მღვდლისაგან განსხვავებით, თვითონ, ანუ ფსიქოთერაპევტი იყო ის, ვისაც ეძებდა ცოდვით დამძიმებული ადამიანი: “ის ეძებდა ნეიტრალურ ადამიანს, არა ცრუმორწმუნეს, რომელიც არ იყო მკვლელი, ვისთვისაც შეეძლო გაემხილა თავისი საიდუმლო და ამით აღედგინა დაკარგული კავშირი ადამიანებთან”. და ეს საიდუმლო გაუმხილა მას - კარლ გუსტავ იუნგს, გამოჩენილ ფსიქოთერაპევტს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ადამიანის ფსიქოლოგიის სახელგანთქმულ მკვლევარს... და რა?... არაფერი!..
იუნგი გულწრფელად პასუხობს ამ კითხვას: “მე დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ის. მართალია თუ არა მისი ისტორია. დროდადრო მახსენდებოდა ეს, ვფიქრობდი, რა მოუვიდა მას? ჩვენი შეხვედრით ისტორია ხომ არ დამთავრებულა. შესაძლოა, მან თავი მოიკლა”. აი, განაჩენიც!
მოდით, ახლა, ამ გადასახედიდან, აღსარების რეალურ არსზე და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. აღსარება არ არის, უბრალოდ, ადამიანებს შორის გულწრფელი საუბარი. აღსარება არის ღმრთის მიერ თავის ეკლესიაში დადგენილი სინანულის საიდუმლოების უცილობელი ნაწილი. აღსარებას, ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს ღრმა სინანული. სინანულსა და აღსარებას “სულის სამკურნალოს” უწოდებენ წმიდა მამები. მისი მეშვეობით ხდება სულის განთავისუფლება ცოდვის მონობისგან და შესაბამისად სულიერი ტანჯვისგან. რაც უფრო ღრმაა სინანული და რაც უფრო წრფელია აღსარება, მით უფრო მეტად თავისუფლდება ადამიანი სინდისის დამტანჯველი ქეჯნისგან და მით უფრო მეტად უბრუნდება მას სულიერი და სხეულებრივი ჯანმრთელობა. გარდა ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებისა, სინანულსა და აღსარებას ადამიანისთვის ცათა სასუფეველი მოაქვს. ჯერ იოანე ნათლისმცემელი, შემდეგ კი უფალი იესო ქრისტე მრავალგზის მოგვიწოდებდენ “მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა”.
სინანულის (მათ შორის, აღსარების) საიდუმლოება მხოლოდ მაშინ აღესრულება როცა დაცულია შემდეგი აუცილებელი პირობები:
1) როცა ის აღესრულება ქრისტეს მიერ დაარსებულ, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეკლესიას არ უნდა განვიხილავდეთ მხოლოდ შენობად, რომელშიც აღესრულება ქრისტიანული წირვა-ლოცვა.
ეკლესია არის უფალ იესო ქრისტეს მიერ შექმნილი და მორწმუნე ადამიანთათვის განკუთვნილი ღვთაებრივი მისტიური სხეული, რომლის თავიც არის თავად იესო ქრისტე, ხოლო წევრები - ადამიანები, რომელნიც საკუთარი თავისუფალი ნებით მიუერთდნენ ამ მისტიურ სხეულს და, იესო ქრისტეს მიერ შეკავშირებულნი, ცხოვრობენ და იმართებიან სული წმიდით, საღმრთო მადლით, საეკლესიო საიდუმლოებებით, საეკლესიო იერარქიითა და ერთიანი ღმრთისმსახურებით.
2) როცა მას აღასრულებს ქრისტეს მიერ დაარსებული ხელდასხმის წესით დადგენილი სასულიერო პირი - სულიერი მოძღვარი, რომელსაც იესო ქრისტეს მიერ მინიჭებული აქვს “შეკვრისა და გახსნის” ძალა.
3) როცა ის, ვინც აღსარებას ამბობს, ღრმა სინანულს განიცდის, ჩადენილი ცოდვების გამო, სურს მათი გულწრფელი მონანიება, სწამს, რომ უფალი იესო ქრისტე არის მისი მაცხოვარი და მხსნელი, და გაცნობიერებული აქვს, რომ აღსარებისას მას და სულიერ მოძღვარს შორის თავად უფალი ღმერთი მყოფობს და სწორედ ის კრავს, მოძღვრის მეშვეობით, ბოროტ ძალას, რომელიც ცოდვების მეშვეობით ტანჯავს ადამიანს და მოძღვრისვე მეშვეობით - ხსნის, ანუ ათავისუფლებს ადამიანს ცოდვის მონობისგან.
4) როცა მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიერად ხელდასხმული სულიერი მოძღვარი პირნათლად აღასრულებს თავის მოვალეობას და უფლის შეწევნით და საღმრთო მადლით, ხელს უწყობს მონანულ ცოდვილს ცოდვების გულწრფელ მონანიებაში, ღმრთის მადლით ათავისუფლებს მას ცოდვის მონობისაგან და, ასევე, ღმრთის მადლით, ურჩევს მონანულს, თუ როგორ ებრძოლოს ცოდვების წარმომქნელ ვნებებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საიდუმლოების აღსრულების წინ ორივემ, ანუ სულიერმა მოძღვარმაც და მონანიე ცოდვილმაც, აღსარების წინა ლოცვა უნდა აღავლიმნონ ღმრთის წინაშე და სთხოვონ მას, რომ შეეწიოს მოძღვარს, ღმრთის ნების განცხადებასა და აღსრულებაში, ხოლო მონანულს - რათა ყველაფერი, რაც აწუხებს გულწრფელად აღიაროს და მზად იყოს მთელი გულით მიიღოს ის რჩევები, რომლებსაც მოძღვარი, ღმრთის მადლით, მას მიაწვდის.
თუ ახლა, ახალი თვალით შევხედავთ, იუნგისა და მისი პაციენტის ეჭვებს “მღვდლის” მიმართ, გასაგები ხდება, რომ მათ არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული აღსარების საიდუმლოევბის დიდებულება და ძალა. ღრმა სინანულის გარეშე, ნამდვილი აღსარება შეუძლებელია. მხოლოდ იმის შიშით, რომ არ დაიტანჯოს და არ დარჩეს მარტო, ადამიანმა არ უნდა თქვას აღსარება. ის გულწრფელად უნდა ნანობდეს თავის საქციელს. გარდა ამისა მას მთელი გულით უნდა სწამდეს ჭეშმარიტი ღმრთისა და ბოლომდე მიენდოს მას.
სხვა ადამიანთა და, განსაკუთრებით, სასულიერო პირთა განკითხვას არც სულიერი და არც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არავითარი შედეგი არ მოაქვს, პირიქით, მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას. როგორც კარგი და ცუდი ექიმი არსებობს, ასევე კარგი და ცუდი სასულიერო პირიც არსებობს. თუმცა ერთი დიდი განსხვავებაა მათ შორის. კარგი ექიმი უნდა იყოს მცოდნე, გამოცდილი, კეთილი და გულისხმიერი ადამიანი.
კარგი სასულიერო პირიც ასეთივე უნდა იყოს, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მართლმადიდებელი სასულიერო პირი, მას მადლიანი ხელდასხმის მეშვეობით მინიჭებული აქვს მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლოვანებათა აღმავსებელი. თუ მან ისეთი რამ არ ჩაიდინა, რის გამოც, სჯულის კანონით, მღვდლობის შეჩერება ან ეკლესიიდან განკვეთა განუჩინა ეკლესიამ, მას აქვს ძალა შეკვრისა და გახსნისა, აქვს მადლი და უფლის შეწევნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ღმერთი აძლევს მას უფლებას იმსახუროს მისი სახელით და, შესაბამისად, მის მიერ აღსრულებული საიდუმლოებების მიმართ, დაეჭვების არავითარი საფუძველი არ გვაქვს.
უმადლო “აღსარების” შედეგი შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე იყოს, ვიდრე გვგონია. ფსიქოთერაპევტის ან ვინმე სხვა, მადლიანი ხელდასხმის არმქონე ადამიანის მიერ მიღებული “აღსარება”, ღმრთისაგან მიმადლებული შეწევნის გარეშე აღესრულება. მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი. ადამიანში, მის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, წარმოიშვება სინდისის ქეჯნა, რაც გამოიხატება სულიერ შფოთში, წუხილში, დამძიმებულ განწყობაში, ხანდახან უაზრო სიცილში, ნაძალადევ ხუმრობებში, სარკაზმში, ირონიულ სკეპტიციზმში, სხვადასხვა სახის შიშებში, აგრესიულობაში და ა.შ. კვალიფიციური სამედიცინო ფსიქოთერაპიული ან ფსიქიატრიული ჩარევა ასეთ შემთხვევაში იძლევა მხოლოდ მყისიერ შედეგს, თუმცა საბოლოო პოზიტიური შედეგის მოტანა მხოლოდ ნამდვილ აღსარებას და უფალთან მადლიანი კავშირის დამყარებას შეუძლია.
კვალიფიციური და დადებით შედეგზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული და ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ მორწმუნე და სულიერ პროცესებში სიღრმისეულად გარკვეულ ფსიქოთერაპევტს შეუძლია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ პირველადი დახმარების შემდეგ, მან უნდა აუხსნას პაციენტს, თუ რას ნიშნავს სინანულის საიდუმლოება, თუ რამდენად აუცილებელია მისთვის ეკლესიის მადლიანი დახმარება და გააგზავნოს ის მართლმადირებელ სულიერ მოძღვართან, რათა ჭეშმარიტი სინანულითა და აღსარებით განიწმინდოს სული ცოდვებისაგან და მიიღოს უფლისაგან მაკურნებელი მადლი.
ამ შემთხვევაში, როცა ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი აღიარებს რწმენისა და ეკლესიის როლს სულიერი ჯანმრთელობის საკითხში, შედეგიც დადებითი იქნება. მეორეს მხრივ, სასურველია, რომ სულიერი მოძღვარიც გარკვეული იყოს ფსიქოლოგიის საკითხებში და შეეძლოს გარჩევა პათოლოგიური პროცესებისა და ფსიქიური აშლილობისა, ცოდვებისაგან დამძიმებული სულიერი გამწყობისაგან. პირველ შემთხვევაში საჭიროა, გარდა სულიერი დამოძღვრისა და აღსარების ჩაბარებისა სამედიცინო ჩარევაც და კარგი იქნება, თუ მოძღვარი მიხვდება ამის საჭიროებას და ურჩევს მასთან მისულ ადამიანს მიმართოს კვალიფიცირებულ და მორწმუნე ფსიქოლოგს. ხოლო თუ ადამიანი დამძიმებულია ცოდვებით, მას ფსიქოლოგი ვერ უშველის, ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ ეკლესიისა და სულიერი მოძღვრის დახმარებაა საჭირო.
თუმცა, მრავალია შემთხვევა, როცა ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, სირცხვილის ან უნდობლობის გამო არ მიმართავს სულიერ მოძღვარს, არამედ მოუყვება თავის წუხილს მეგობარს, ვინმე ნაცნობს ან გზაში, ვინმე თანამგზავრს. ამ შემთხვევაში, ის, ხშირად ყვება თავისი ცოდვის შესახებ ისე, რომ გაიმართლოს თავი. ანუ, მის მონაყოლში უფრო თავის მართლებაა, სხვისი განკითხვა და ნაკლებად სინანული. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამის შედეგად, ის ღებულობს დროებით შვებას, რადგან გაუზიარა თავისი გულის წუხილი სხვას. ცოდვით დამძიმებული ადამიანი კმაყოფილდება ამ დროებითი შვებით და აღარ ცდილობს ცოდვათა მონანიებას ეკლესიაში. ანუ უარყოფითი შედეგი სახეზეა - ცოდვათა მიტევება არ ხდება.
ის, ვინც მიიღო ასეთი აღსარება, თავად მძიმდება გაზიარებული ცოდვებით. მას არ შეუძლია ცოდვათა მიტევება და არ არის დაცული საიდუმლოების მადლით, პირიქით, მასაც დაამძიმებს ის ცოდვები, რომლებიც მოისმინა, ვერ იტევს მათ და თავად უჩნდება გაზიარების სურვილი და ასე წარმოიქმნება ჭორაობისა და განკითხვის ატმოსფერო. უარესიც, შეიძლება იმ ადამიანმა, რომელმაც მოისმინა სხვისი ცოდვები, გარკვეულ ვითარებაში, მიზანმიმართულად და მტრულად ილაპარაკოს იმ ადამიანზე, რომელიც იყო მასთან გულახდილი და დიდი ზიანი მიაყენოს მას. რა სარგებლობას მოუტანს ცოდვილ ადამიანს ასეთი “აღსარება”? არავითარს! მას არც ცოდვების მიტევება მიეცემა და არც რეალური შვება. ამავე დროს, ის რისკის ქვეშ აყენებს თავის რეპუტაციას და, ხშირად, შანტაჟის ობიექტიც ხდება მათი მხრიდან, ვისაც გაანდო თავისი ცოდვები.
ფსიქოთერაპევტთან გულახდილობაც დაახლოებით იგივე შედეგს გამოიწვევს, თუ ფსიქოთერაპევტი ურწმუნო აღმოჩნდა და არ აღიარებს ეკლესიის შეწევნის აუცილებლობას. ასეთი “მკურნალები” მრავლადაა და ზიანის მეტს, არაფერს მოუტანენ ადამიანს. აქ დიდი სიფრთხილეა საწირო. მათ შეიძლება დაიმორჩილონ ადამიანი და მათზე დამოკიდებული გახადონ. საბრალო “პაციენტი” ორმაგ ზარალს განიცდის, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს.
სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და მათაც შეიძლება ეშლებოდეს რამე, ცოდვისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მისი ცოდვა შენ არავითარ დაბრკოლებას არ გიქმნის, თუ რწმენითა და სიმდაბლით შეუდგები საიდუმლოებაში მონაწილეობას. როცა გინდა მადლიანი შეწევნა, ილოცე და სთხოვე ღმერთს მიგიყვანოს ისეთ მოძღვართან, რომელიც დაგეხმარება და გაგიხსნის გზას, ღმრთის შეწევნით გაგანთავისუფლებს ცოდვების ტვირთისგან და დაგეხმარება სულიერ ბრძოლაში. ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს პატიოსანი და სულიერად განბძნობილი მოძღვარი, რომელიც დაეხმარება ადამიანს მძიმე სულიერი მდგომარეობის დაძლევაში.
ზემოთ აღწერილ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა შედეგის მომტანი არ არის. ვერც ფსიქოლოგი, ვერც ფსიქოთერაპევტი, ვერც ფსიქიატრი ასეთ ადამიანს ვერ დაეხმარება, რადგან იმ პრობლემების დაძლევა, რაც აწუხებდა ზემოთ დასახელებულ “პაციენტს”, მხოლოდ ღრმა სინანულითა და ღმრთისადმი მინდობით შეიძლება. რჩევის მიცემა ყველა მორწმუნეს შეუძლია და ეს რჩევა ერთადერთია - მივიდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მონახოს კარგი სულიერი მოძღვარი და სთხოვოს დახმარება. და ეს დახმარება მას აუცილებლად მიეცემა, რადგან ასეთია ღმრთის ნება.
(ლექცია, წაკითხული წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. ცაგერის სასულიერო სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან)