მეუფე საბა ჩვენი ნუგეშია უცხოეთის ცის ქვეშ, ჩვენი მამა და მასწავლებელი
მეუფე საბა ჩვენი ნუგეშია უცხოეთის ცის ქვეშ, ჩვენი მამა და მასწავლებელი
18 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღია ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებელი ქართველისათვის. რადგან ეკლესია ამ დღეს აღასრულებს ხსენებას წმიდა საბა განწმედილისა, რომელიც არის ჩვენი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მეუფე საბას (ინწკირველი) წმიდანის სახელობის დღე.

როცა სამღვდელმთავრო მსახურებისას მღვდლმთავარს მიაწვდიან ანთებულ სანთლებს, დიაკონი წარმოსთქვამს სახარებისეულ სიტყვებს: "ესრეთ ბრწყინავდი ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა". დიახ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მეუფე საბა სწორედ ასეთი მღვდელმთავარია, რომლის ნათელი ბრწყინავს წინაშე კაცთა. ნათლით გაბრწყინვებული მისი საქმეები მეტყველებს ყოველივე ზემოთქმულზე. ჩვენ რომ დავდუმდეთ და დავფაროთ ყოველივე მისი ნამოღვაწარი და ნაკეთები საქმეები, შეუძლებელია დაიფაროს მისი ის ბუნებითი თვისებები, რომელიც სამაგალითოა ყოველი ჩვენთაგანისთვის. თავმდაბლობა, სიყვარული, სიმშვიდე და ეს ყოველივე იმდენად გადამდები ხასიათისაა, რომ შეუძლებელია მის გვერდით დგომითაც არ შეიგრძნო საღმრთო მადლის ეს ნიჭები.

წმიდა იოანე ოქროპირი თავის ერთ ერთ ქადაგებაში ბრძანებს. წმიდანისათვის პატივისცემა ნიშნავს მისდამი მიბაძვას. დიახ, მეუფე საბამ ნამდვილად განადიდა თავისი ღვაწლით და მიბაძა მის მოსახელე წმიდანს. მიბაძა საქმით და მიემსგავსა მას.

KARIBCHE

მეუფე საბა უპირველესად მაგალითია ჩვენთვის საღმრთო მსახურებებისადმი დამოკიდებულებით. როგორ გვკრებს და გვანახებს მისი მსახურება ქრისტეს მუდმივმყოფობას. მასზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იგი არის მწყემსი კეთილი, რომელიც თავს დებს თითოეული ცხვრისთვის, მისი კეთილგონიერებითა და მაღალგანსწავლულობით.

მეუფე საბა ასევე მაგალითია ჩვენთვის საეკლესიო სამართლის დაცვაში. იგი ჭეშმარიტი მღვდელმთავარია, რომლის ხელშიც სწორად და მართებულად, გადაუხრელად ხდება სჯულის კანონის დაცვა და აღსრულება. განა მოციქულიც ამასვე არ შეგვაგონებს: ,,კეთილ არს სჯული, უკეთუ ვინმემ წესიერად იპყრას იგი" დიახ, აი ასე წესიერად და სამართლიანად უპყრია სჯულის ყოველი მცნება მის ყოვლადუსამღვდელოესობას.

მეუფე საბა განცხადებული მაგალითია მოყვასისადმი თავდადების. ამის არაერთი მაგალითია ეპარქიის ყოველ სამრევლოშო. მრავალგზის მოუცია პირადი მაგალითით სწავლება იმის შესახებ, როგორ უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ ერთმანეთისთვის. გვინახავს განსაცდელსა და ცოდვებისგან თავდასახსნელად, როგორ ზრუნავდა ადამიანებზე, როგორ აჭმევდა საკუთარი ხელით და უვლიდა მრავალ მათგანს.
მეუფე საბა მაგალითია შრომისა და თავდადების. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისაც უნახავს, მან იცის მისი მუხლჩაუხრელი შრომის შესახებ და მრავალი კეთილი ნაყოფიც გვიხილავს ამ შრომისა.

მეუფე საბაზეა აღსრულებული მაცხოვრის ის სახარებისეული სიტყვები, სადაც უფალი ამბობს, სასუფეველი ცათა ყრმათათვისაა. იგი სწორედ ყრმაა ცოდვებთან მიმართებაში, ყრმის მსგავსად, მისთვისაც უცხოა ამსოფლიური სიამეებისადმი ლტოლვა, იგი ბავშვური გულწრფელობით და მადლიერებითაა აღვსილი ყოველივესთვის რასაც უფალი მოიღებს მასზე. ამას მოწმობს მისი მოკრძალებული და უბრალო საცხოვრებელი გარემო. იგი ნამდვილად ერთი ჩვენთაგანია- მამა, მწყემსი და მასწავლებელი. და არა ჩინოვნიკი, დირექტორი ან ადმინისტრაციული მმართველი. ყოველივე აღწერილი სრულად ვერ გამოხატავს მეუფე საბას ღვაწლსა და დამსხურებას. ამიტომ უკეთუ რაიმე დავაკელით, შეგვინდოს უფალმა. ხოლო ეს ყოველივე რომ ჭეშმარიტებაა, ყველა მისი კეთილადმცნობელი დაგვიდასტურებს.

მეუფე საბაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ, დაუსრულებლად, მოუკლებლად და მოუწყენლად.
ასე მცირედით შემოვიფარგლებით მისი პიროვნული თვისებების გადმოსაცემად.
მეუფე საბა ჩვენი ნუგეშია უცხოეთის ცის ქვეშ, ჩვენი მამა და მასწავლებელი.

მრავლჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე.
მრავალჟამიერ იყოს თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენზე და სრულიად თქვენს სამწყსოზე.
მრავალჟამიერ იყოს თქვენი გამარჯვება ხილულ და უხილავ მტერზე უფლის სადიდებლად.
გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენი წმიდანის სახელობის დღეს და შევთხოვთ უფალს, ორთავე სოფელში არ მოგვაკლოს თქვენთან ერთად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდება და მისი დაუსრულებელი სუფევის ნეტარება.
ამინ !

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო დასი და მრევლი


ბეჭდვა
1კ1