იმერეთის მიტროპოლიტი გიორგი ალადაშვილი
იმერეთის მიტროპოლიტი გიორგი ალადაშვილი
შესაძლოა ბევრისთვის უცნობია იმერეთის მიტროპოლიტის გიორგი ალადაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. თეოლოგიის მაგისტრი, ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ლორთქიფანიძე მიტროპოლიტი გიორგის შესახებ გვიამობობს:

-დავით ალადაშვილი 1850 წლის 8 დეკემბერს ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ არბოშიკში დაიბადა. დავითის პაპა ადამ ალადაშვილიც მღვდელი ყოფილა.
1905 წელს წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩია. 1905 წლის 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად განამწესეს. 1908 წელს ეპისკოპოსი გიორგი იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს, რომელსაც 1917 წლამდე განაგებდა.

ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა იმერეთის ეპარქიაში, კერძოდ ქუთაისში სადაც იმყოფებოდა იმერეთის ეპისკოპოსის კათედრა.

მეუფე გიორგი, სამღვდელმთავრო ღვთისმსახურებას აღასრულებდა ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის კათედრალში, ქუთაისის სობოროში 1908-1917 წლებში.
1912 წელს ქუთაისში დაარსდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყოს მუზეუმის დაარსება. დაიწყეს სამუზეუმო ექსპონატების მოძიება და შეგროვება. თუმცა, ამისათვის სახსრები იყო საჭირო რაც მუზეუმს არ გააჩნდა, მეუფე გიორგიმ, 1916 წლის დეკემბერში, იმერეთის სამღვდელოების ყრილობაზე, ექსპონატების შესაძენად 554 მანეთი გამოუყო.

ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში) ინახებოდა მიტროპოლიტ დავით წერეთლის სამღვდელმთავრო შესამოსელი და პირადი ნივთები. ისინი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა და ეპარქიის მმართველმა 1913 წელს ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთები მუზეუმისთვის გადასცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

თუ გავითვალისწინებთ მომავალ ანტირელიგიურ კამპანიას საქართველოში და კერძოდ იმერეთის ეპარქიაში, როდესაც მრავალი სიწმინდე და საეკლესიო ნივთი განადგურდა, ამით მღვდელმთავარმა სიწმინდეები გადაარჩინა.
1918-1919 წლებში ეპისკოპოსი წილკნის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1920 წელს ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს.
1921 წლის 20 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე გიორგი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან.
1922 წელს მიტროპოლიტი, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

პ. კარბელაშვილის ცნობით, როდესაც უწმინდესი ამბროსი (ხელაია) დაპატიმრებული იყო, მიტროპოლიტ გიორგის პატრიარქობა შესთავაზეს, რაზედაც მან სიმდაბლით უარი განაცხადა.
XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში, ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა, დაიწყო სასულიერო პირების დევნა. 1924 წელს დაარბიეს ხირსის მონასტერი. მიტროპოლიტი გიორგი იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში ნათესავებთან გადასულიყო.

1925 წლის 28 თებერვალ მეუფე გიორგი ალადაშვილი გარდაიცვალა, დაკრძალეს სოფელ არბოშიკის წმიდნა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის გალავანში, დაკრძალვას მხოლოდ ნათესავები და ახლობლები დაესწრნენ, თბილისიდან ვერავინ ჩავიდა განსვენებული მიტროპოლიტის პატივის მისაგებად. ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა მეტეხის ციხეში ისხდნენ.

KARIBCHE
საფლავის ფოტო მიშა ბიკაშვილის.

ბეჭდვა
1კ1