მთავარია ქრისტესთან ერთობა იყოს ჩვენი ცხოვრების მიზანი და ვერანაირი თანამედროვე გამოწვევა ღმერთს ვერ დაგვაშორებს
მთავარია ქრისტესთან ერთობა იყოს ჩვენი ცხოვრების მიზანი და ვერანაირი თანამედროვე გამოწვევა ღმერთს ვერ დაგვაშორებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე საბას (ინწკირველი) საქართველოში ყოფნის დროს შევხდი და "კარიბჭისთვის" ინტერვიუ ვთხოვე.

მეუფესთან საუბრის ერთი ნაწილი ამასწინათ შემოგთავაზეთ, ამჯერად მეორე ნაწილს გთავაზობთ.

-  ზოგიერთისთვის ლოცვა ეკლესიაში მსახურებაზე დასწრებაა. მაგრამ, გეტყვით რომ მსახურებაზე დასწრება კი არ ხდება, არამედ - უშუალოდ თანამონაწილეობა. ყოველ ლიტურგიაზე მაცხოვარი ჩვენთვის ხელახლა შეიწირვების. ჩვენ გვაქვს საშუალება ვიყოთ თანამონაწილენი ხილული და უხილავი სამყაროს ერთობისა: ქრისტეს შობისა, ნათლისღებისა, ფერისცვალებისა, ვნებისა, ჯვარცმისა, აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა . ყველა ადამიანი, რომელიც ლიტურგიაზე მოდის და არ თანამონაწილეობს, ანუ არ ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, ის ქრისტესთან ერთობაზე უარს ამბობს, ზურგს აქცევს ცოცხალ ღმერთს.

 

მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ძალიან ხშირად ადამიანები ლიტურგიის დროს ერთმანეთში საუბრობენ, ან კიდევ, ზიარების წინა ლოცვებს კითხულობენ და სხვა პირად ლოცვით კანონს ასრულებენ. ეს ყოვლად დაუშვებელია! არა ერთგზის გამომითქვამს ჩემი გულისტკივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ისევ ვიტყვი,რომ ეს პრობლემები სანამ არ მოგვარდება, არა მარტო მრევლში, არამედ პირველ რიგში - სასულიერო პირებში და ლიტურგიკული მსახურება არ მოწესრიგდება, სწორ ლოცვას ვერ ვისწავლით.

- თქვენ ისეთ ქვეყანაში გიწევთ მოღვაწეობა, სადაც მეტი თანამედროვე გამოწვევებია... გადარჩენას როგორც ცდილობენ ემიგრანტი ქართველები?

-  შეერთებულ შტატებში ოთხი მილიონი მართლმადიდებელია. ყოველ წელს ეს რიცხვი ოთხი პროცენტით იზრდება. აღსანიშნავია ამ მხრივ ჩვენი თანამედროვე მამის ეფრემ ფილოთეველის ღვაწლი. მამა ეფრემი, რომელსაც არიზონელსაც უწოდებენ, რადგან არიზონის შტატში, მისსივე დაარსებულ წმ. ანტონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს წმინდა იოანე ისიხასტის მოწაფე იყო .მან 20-მდე მონასტერი დააარსა ჩრდილოეთ ამერიკაში. არიზონას მონასტერი ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ცენტრია თანამედროვე მსოფლიოში. ამჟამად, მონასტრის წინამძღვარია მამა ეფრემის სულიერი შვილი, მამა პაისი. მთელი მსოფლიოდან ჩადის ამ მონასტერში მომლოცველები. ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ მონასტერთან, მამა ეფრემთან ყველას ერთნაირი განცდა ეუფლება, ამ მოძღვარში დაინახეს, როგორი არის ჭეშმარიტი ქრისტიანი და ქრისტეს მიმსგავსუბული ადამიანი.

ასევე მინდა, ორიოდ სიტყვით მოგითხროთ ჩემი საუბრის შესახებ მამა ჰერმანესთან. (პოდმოშენსკი), რომელიც მამა სერაფიმ როუზთან ერთად მოღვაწეობდა პლატინიზე, კალიფორნიის შტატში, მათ მიერვე დაარსებულ წმინდა ჰერმანე ალიასკელის სახელობის მონასტერში.  მამა ჰერმანე 2 წლის წინ გარდაიცვალა. როცა მას შევხვდი, მაშინ მღვდელ-მონაზონი ვიყავი. მისი პირველი შეკითხვა ჩემდამი იყო: მჯერა თუ არა, რომ ამერიკაში შესაძლებელია გადარჩენა? მე ვუპასუხე, რომ მჯერა, რადგან ღმერთი ყველგან მყოფობს და ქრისტეში ერთობით ყველგან შეიძლება გადარჩენა. სწორედ ამ პასუხის შემდეგ ისურვა მან ჩემთან საუბრის გაგრძელება. მან მითხრა ,რომ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს საქმით აღსრულებული ქადაგება სიყვარულისა. ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ქრისტე შეიცნონ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ფერს და ეროვნებას. ქრისტიანობა არ არის ნაციონალური. ყველა მართმადიდებელი ადამიანი შეადგენს ერთ წმინდა , სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიას. ყველა მისი წევრი არის ღვთის ერი, ერი საზეპურო. მეც ვცდილობ, რომ ქართველ ემინგრანტებს ეს ვასწავლო. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მთავარია ქრისტესთან ერთობა იყოს ჩვენი ცხოვრების მიზანი და ვერანაირი თანამედროვე გამოწვევა ღმერთს ვერ დაგვაშორებს.


- ხომ არ გაიხსენებდით, რა გზა გამოიარეთ დღემდე?

-  1993 წელს მოვინათლე გურიაში, შემოქმედის ტაძრიში. ნათლობა აღასრულა დეკანოზმა ბასილ კიკვაძემ, (ახლა უკვე არქიმანდრიტი იოანე). ის იყო ჩემი პირველი მოძღვარი. 12 წლის ასაკიდან დავიწყე ღმერთის ძიება . უამრავი შეკითხვები მქონდა: რატომ დავიბადე, რა იყო ჩემი მისია ამ ცხოვრებაში, არსებობდა თუ არა სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ? კიდევ მრავალი სხავა. ამ შეკითხვებზე პასუხების ძიებამ მიმიყვანა ეკლესიაში. ასევე მინდა გავიხსენო ჩემი სკოლის, საღვთო სჯულის მასწავლებელი, ძალიან კეთილი და სათნო ადამიანი. მისი დამსახურებაც იყო, რომ ეკლესიაში მივედი. ის ახლა ტაძარში მგალობელია, სოფელში ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ დღეს რელიგია აღარ ისწავლება სკოლებში.
მოგვიანებით, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით, ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის პერიოდში დავინტერესდი მონასტრული ცხოვრებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის (შიოლაშვილი) დახმარებით საბერძნეთში, გავემგზავრე და 4 თვე მორჩილებას გავდიოდი მახერას მონასტერში.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა - კურთხევით სწავლა გავაგრძელე სერბეთში, ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შერბეთიდან დაბრუნების შემდეგ მორჩილებას გავდიოდი მეუფე დიმიტრისთან (შიოლაშვილი) და ვიყავი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მდივანი. 2009 წელს, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანდრიამ ბერად აღმკვეცა. მალევე მოხდა ჩემი ბერ-დიაკვნად ხელდასხმა.

2010 წლიდან კი ვმსახურობ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში. ჩემი მღვდელ- მონაზვნად ხელდასხმა ამერიკაში, წმინდა დავით აღმაშენებელის სახელობის მონასტერში მოხდა.. მე ვარ პირველი ქართველი სასულიერო პირი, რომლის ხელდასხმაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე აღსრულდა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით მომდევნო წლეებში ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა დიმიტრი (შიოლაშვილი) ამიყვანა იღუმენის და შემდგომ არქიმანდრიტის ხარისხში.
2014 წელიდან ვარ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი .

- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტიელბას ბერობაზე?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მონასტრული ცხოვრებით სტუდენტობის დროს დავინტერესდი და მონასტერში წავედი. ჩემი მშობლები მაშინ წინააღგდეგები იყვნენ მონასტერში დავრჩენილიყავი. ბერობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ მშობლების ნებას დავემორჩილე, დავბრუნდი ერში და სწავლა გავაგრძელე. ერში ცხოვრებისას, ჩემში ბერობის სურვილი არასდროს გამქრალა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. 10 წლის შემდეგ უკვე მშობლების კურთხევით აღვიკვეცე ბერად .
ჩემი ერთადერთი ხორციელი და - ასევე მონაზონია. დედა დინარა ბათუმის ყოველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. მონაზვნად მე აღვკვეცე.
ჩემი მშობლები დღეს ძალიან ეკლესიურები არიან და მადლობენ უფალს, რომ ორივე შვილმა მონასტრული გზა ავირჩიეთ.

- ეპისკოპოსად გამორჩევის პერიოდიც გაიხსენეთ...

-  ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია 2009 წელს დაარსდა. მისი პირველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იყო. ქართველ ემიგრანტთა მოთხოვნით მეუფე დიმიტრიმ სხვადასხვა შტატში ათამდე სამრევლო გახსნა . ნელ-ნელა მრევლი მატულობდა და საჭიროება მოითხოვდა, კიდევ გახსნილიყო ახალი სამრევლოები. გაჩნდა აუცილებლობა ეპარქიაში მღვდელმთავრი მუდმივად ყოფილიყო.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2014 წლის 3 ივნისის კრებაზე მე გამომარჩია ჩრდოლოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. ჩემთვის მოულოდენლი იყო წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელმაც ღირსმყო და ამ უდიდესი ნდობისა და პატივისა . ხელდასხმა მოხდა 2014 წლის 22 ივნისს ,სვეტიცხოვლიში.

- როგორი წარმოგედგინათ ბერული ცხოვრება და როგორია დღეს ის?

-  ბერული ცხოვრება არის ლოცვითი კანონი, ქრისტესთან ერთობა და თავგანწირვა მოყვასისათვის, მაგრამ არა მარტო ბერული ცხოვრება, არამედ ნებისმიერი ადამიანი ქრისტესთან ერთობასა და მოყვასისათვის თავგანწირვისთვის უნდა ილტვოდეს. ეს არის ქრისტიანის ამქვეყნიური მისია. ბერული ცხოვრება კი დამატებითი, ლოცვითი ღვაწლი და მორჩილებაა. ვმადლობ ღმერთს, რომ ამ გზისთვის გამომირჩია.

- თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი სასულიერო პირი, ვისაც სულიერი სარგებელი მოუხდენია თქვენს სულიერ ცხოვრებაზე?

- არაერთი სასულიერო პირი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ,რომელთა სულიერი დარიგებები ყოველდღიურად მაძლიერებს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩვენი პატრიარქის ეპოქაში მიწევს მოღვაწეობა. რომელიც გვაძლევს სიყვარულის უდიდეს მადალითს .
ზემოთ უკვე ვახსენე მამა ეფრემ ფილოთეველი. მინდა აღვნიშნო სერბეთის პატრიარქი პავლე. მას პირველად შევხვდი , როცა საქართველოდან სამი სტუდენტი სერბეთში სასწავლებლად ჩავედით. საოცარი სიტყები გვითხრა მაშინ უწმინდესმა პავლემ: შეიძლება საღვთისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავროთ, ღვთისმეტყველების დოქტორებიც გახდეთ, მაგრამ რასაც ისწავლით, ის თუ ცხოვრებაში არ აღასრულეთ, ეს ყოველივე ამაო იქნებაო.
და მაინც, ყველაზე დიდი ღვაწლი ჩემს სულიერ ცხოვრებაში და სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) მიუძღვის. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მეუფის სახით მყავს სულიერი მამა და მოძღვარი, რომლის დახმარებითაც ცხოვრების გზაზე არაერთი სისუსტე და დაბრკოლება გადამილახია და დამიძლევია.

- მეუფე, შევეცადოთ, ვიყოთ ბედნიერები, ხომ?

-  რა თქმა უნდა. ადამიანი ბედნიერებისთვისაა შექმნილი. ბედნიერება ხომ სიხარული, მშვიდობა და სიყვარულია. და თუ ქრისტესთან ერთობა გვექნება, ბედნიერებასაც მოვიპოვებთ. ჭეშმარიტი ქრისტიანი მსოფლიოში ბედნიერების დესპანი უნდა იყოს: ღვთის სიტყვა უნდა ახაროს სამყაროს, მშვიდობის სული შეიტანოს ყველგან, სიყვარული თესოს და ადამიანებშიც სიკეთის მარცვალი დაინახოს.
შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოემადლოს ჩვენთვის ძალა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება გვეცნოს და მარადის ვყოფილიყავით მადიდებელნი მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, ამინ!

თეა ცაგურიშვილი

ბეჭდვა
1კ1