აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად
მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას 2002 წლიდან უძღვება. ეპისკოპოსად მისი კურთხევის შემდეგ ამ მთიან რეგიონში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, ბევრიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია... სახელი სტეფანე მეუფეს ერისკაცობიდან მოსდევს. სასულიერო გზის არჩევის შემდეგ მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილმა) სულიერი შვილი პირველმოწამე სტეფანეს სახელით აღკვეცა.

ბერული ცხოვრება საფარის მონასტრიდან დაიწყო. ვიდრე ბერი გახდებოდა, საფარის მონასტერს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა. შემდეგ მონასტრის წინამძღვარმა მეუფე სერგიმ დიაკვნად აკურთხა. ამას ბერად აღკვეცაც მოჰყვა.

- როცა საფარის მონასტრის წინამძღვარი მეუფე თეოდორე (ჭუაძე) ბოდბის ეპარქიაში ეპისკოპოსად აკურთხეს, მონასტრის წინამძღვრობა მე დამაკისრეს, - მოგვითხრობს მეუფე სტეფანე, - შემდეგ ერთხანს აბასთუმნის ტაძარში ვმსახურობდი. 1999 წელს მესხეთში ჭულევის მონასტერი გავხსენით. მონასტერში ბერებისთვის სენაკები ავაშენეთ. მომზადდა ადგილები სახელოსნოებისთვის, აღვმართეთ ქვაჯვარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა მონასტერი არაერთი ხელოვნების ნიმუშით შეამკეს...


მალე ეპისკოპოსად მაკურთხეს და ცაგერში გადმომიყვანეს. ეპისკოპოსობა, მართლაც მძიმე ტვირთია. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მირჩევნია, მონასტერში ვიყო ბერად და საგამომცემლო საქმიანობას მივდევდე, ვთარგმნიდე სასულიერო ლიტერატურას, მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობდე და ლოცვისთვის უფრო მეტი დრო მქონდეს. ეპისკოპოსის ტვირთი გაცილებით მძიმეა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უამრავ დროს მართმევს. მაგრამ სულისთვის საცხოვნებელი ღვთის ნებით სიარულია. ადამიანი ყველაზე მეტად იქ არის საჭირო, სადაც უფალი გზავნის.

- ერისკაცობისას თუ გქონდათ სურვილი, სასულიერო პირი გამხდარიყავით?

- ამის არც სურვილი მქონია და არც განწყობა. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ჩემში სარწმუნოებრივი გრძნობა. შემდეგ უკვე ღვთის ნებით ცხოვრება ვისწავლე. არც ეპისკოპოსობა იყო ჩემი სურვილი, მაგრამ ღვთის ნებას სად გაექცევი?

- მეუფე სტეფანე, რამდენიმე წელია, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას უძღვებით, რა შეიცვალა თქვენი მოსვლის შემდეგ?

- ცაგერში დავაარსეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი. იქაურები ამას დიდი სიხარულით შეხვდნენ. მონასტერში ახლახან ვაკურთხეთ მღვდელ-მონაზონი ცოტნე. მასთან ერთად არის ორი მორჩილი. მომავალში, თუ ღვთის ნება იქნება, მონასტრის წევრთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზრდება. დღეს მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულება. სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იმედია, მსურველთა მიღებას მალე შევძლებთ.

სოფელ ლასურიაშში შენდება მამათა მონასტერი, რომელიც გვინდა, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ვაკურთხოთ. ცაგერში, სოფელ ზუბში, აიგო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც ადგილობრივი მღვდელი მამა გიორგი (მდივანი) წირავს. მამა გიორგი გარშემო სოფლებსაც ემსახურება. სასულიერო პირთა რაოდენობის მხრივ გასაჭირი გვაქვს. როცა ეპარქიაში მოვედი, აქ სულ ორი სასულიერო პირი იყო - არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე) და მღვდელი იოსები (ნიგურიანი), რომელიც ახლა ლენტეხში მსახურობს. ამჟამად ეპარქიაში ოთხი მღვდელმსახურია და ორი დიაკონი - ბერ-დიაკონი ილარიონი და დიაკონი იორამი.

ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულება ცაგერის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარშიც. გვაქვს დედათა მონასტერი, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენციაშია განთავსებული. მოქმედია ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობისა და ლენტეხის მახლობლად, სოფელ ლექსურაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებიც. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, წირვა-ლოცვა ეპარქიის სხვადასხვა ტაძარში ჩავატაროთ: ცაგერის რაიონში - ნაკურალეშის, ლაილაშისა და ცაგერის მცხეთის ტაძრებში, ხვამლზე, ლენტეხის რაიონში - ლენტეხის ამაღლების ტაძარში, ხოფურში, ცანაში, ფაყში, საყდარში, სკალდის მთავარანგელოზის ტაძარში... ვცდილობთ, უყურადღებოდ ეპარქიის არც ერთი კუთხე არ დაგვრჩეს, მაგრამ ხელს გვიშლის სასულიერო პირების ნაკლებობა, უსახსრობა, ტრანსპორტის სიმცირე და სხვა პრობლემები.

- კადრებს რის მიხედვით ირჩევთ?

- ადრე ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორი გახლდით. ჩემთან იზრდებოდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მერე ჭულევის მონასტერში გამომყვნენ. მამა ცოტნე და მამა ილარიონი დღეს ჩემს ეპარქიაში მსახურობენ. ადგილობრივებს შორისაც არიან ისეთები, ვისთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ, ეკლესიასთან, ეპარქიასთან ახლოს იყვნენ. მონასტერში ვცხოვრობთ და შეძლებისდაგვარად განათლებასაც ვაძლევთ. ვინც კი სასულიერო სემინარია დაამთავრა, უკან არავინ დაბრუნებულა. ჩვენს ეპარქიაში მოსვლა რატომღაც უჭირთ. ახლა იმ პირობით ვაძლევ რეკომენდაციას სასულიერო სასწავლებელში, რომ სწავლის შემდეგ ჩვენს ეპარქიაში დაბრუნდნენ.

- როგორ მიიღო მოსახლეობამ ეკლესია-მონასტრების ამოქმედება?


- ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, მართალია, მორწმუნე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ აქ სასულიერო ცხოვრებას გარკვეული თავისებურებებიც ახლავს. ლენტეხის რაიონის ზოგიერთ ტაძარში არიან ე.წ. "სტაროსტები", რომლებიც მეფის რუსეთის დროს მღვდლის დამხმარე პირები - მამასახლისები იყვნენ. ღვთისმსახურება მათ ფუნქციაში არ შედიოდა; მათ ევალებოდათ ტაძრის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, სიწმინდეების დაცვა, ადმინისტრაციული საქმიანობა. მღვდლების განდევნის შემდეგ, ძნელბედობის ჟამს, სტაროსტამ ღვთისმსახურების გარკვეული ელემენტებიც მიისაკუთრა და თანდათან რაღაც რიტუალურ მსახურებად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ეკლესიის დევნისა, ხალხს არ სურდა სიწმინდეების მიტოვება. ერთადერთი, ვინც ტაძართან რჩებოდა, მამასახლისი ანუ სტაროსტა იყო, სასულიერო პირები კი სასტიკად იდევნებოდნენ. ამის გამო დღესასწაულზე ტაძრებში მისულ ხალხს სტაროსტები ხვდებოდნენ თავიანთი რიტუალური მსახურებით. დღეს მოვლენის არსში ჩაუხედავი ზოგიერთი პირი ამას სვანების ძირძველ ტრადიციად ასაღებს, სინამდვილეში კი ყველა სტაროსტა მართლმადიდებლურ ტაძარს ემსახურებოდა. ამ ტაძრებში შემონახულია საეკლესიო ნივთები, მართლმადიდებლური საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, სამოციქულო, პარაკლიტონი... ყოველივე ეს მოწმობს, რომ ამ ტაძრებში ჩვეულებრივი მართლმადიდებლური მსახურება აღესრულებოდა. სტაროსტამ არ იცის ამ წიგნების შინაარსი, არც მათი კითხვა, არც მართლმადიდებლური ხატების თაყვანისცემის სწორი ფორმით გამოხატვა. მის მიერ შესრულებული რიტუალები სრულიად არ შეესაბამება იმ ტაძრებისა და ხატების შინაარსს, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ. ჩვენ სტაროსტებს იმ ფუნქციის აღდგენა შევთავაზეთ, რაც წარსულში ჰქონდათ. თუნდაც ტაძრის მოვლა-პატრონობისა. ნამდვილად გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მთაში მდგარ ეკლესია-მონასტრებს დაიცავს, ოღონდ იმ პირობით, თუ ტაძრებში არ შეიტანენ ისეთ ნივთებს, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ ექნება. ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში ყურანის ფურცელიც კი ვნახე. ეკლესიებში ისეთი ხატებია შეტანილი, რომლებიც არანაირ კანონიკურ ფორმას არ ეთანხმება. ამას გარდა, ტაძრებში ინახავენ ჭურჭელს და ეკლესიისთვის შეუფერებელ სხვა ნივთებს. ტაძარი მხოლოდ მღვდლის ლოცვა-კურთხევით უნდა მოეწყოს. მღვდელმა უნდა არეგულიროს ეს საკითხი, ხოლო მამასახლისს ევალება ტაძრის დაცვა და დასუფთავება. თუ ვინმეს აქვს ამის სურვილი, მზად ვართ, გარკვეული ანაზღაურებაც დავუნიშნოთ. მაგრამ ყველაფერში მოძღვარს უნდა დაემორჩილონ და ღვთისმსახურება საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ.

- სვანეთის უძველეს ხატებზე რას გვეტყვით, როგორ შემოინახა ამ კუთხემ ეს საგანძური?

- ადგილობრივი მოსახლეობა სათუთად უფრთხილდება ძველ ხატებს. ეკლესიები რამდენჯერმე გაიძარცვა და სოფელი თავად იცავს სიწმინდეებს მძარცველებისაგან, ამიტომ ხატები გარეთ უმთავრესად დღესასწაულებზე გამოაქვთ, შემდეგ ისევ ინახავენ. ეკლესიაშიც აღარ ტოვებენ, ეშინიათ, კვლავ არ დაიკარგოს ძვირფასი ნიმუშები. ამ ეტაპზე შეიძლება ასე სჯობდეს კიდეც. ხატების და, საზოგადოდ, სიწმინდეების აღწერა ჩვენი უმთავრესი მიზანია, მაგრამ უსახსრობა და უგზობა ამის განხორციელებაში ხელს გვიშლის. იმედია, ეს პრობლემაც მოგვარდება.

- ცაგერსა და ლენტეხში ეპარქიასთან გიმნაზიები დაარსდა. უმთავრესად რა საგნებს ასწავლით?

- ეს ორი გიმნაზია ერთი წელია არსებობს და უკვე ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა. ჩვენთან ისწავლება ყველა ის საგანი, რასაც ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ. ყველაფერი ქრისტიანულ პედაგოგიკაზეა დაფუძნებული. ბავშვებს მეტი ურთიერთობა აქვთ ეკლესიასთან, ვასწავლით მედავითნეობას, საეკლესიო ხელოვნებას, გალობას. მსოფლიო ისტორიასთან ერთად მსოფლიო ეკლესიის ისტორიაც ისწავლება, საქართველოს ისტორიასთან ერთად - საქართველოს ეკლესიის ისტორია. ცაგერში სულ ორმოცი მოსწავლეა. მათგან უმეტესობა წარჩინებულია. იგივე მდგომარეობაა ლენტეხშიც.

- როგორც ვიცი, ეპარქიაში საგამომცემლო საქმითაც ხართ დაკავებული...


- როცა ერში ვცხოვრობდი, არაფორმალურ გაზეთს გამოვცემდი. მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გამოდიოდა გაზეთი "საფარა". ჭულევში გადასვლის შემდეგ იქ ჟურნალი "ჭულევი" გამოვეცი, ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ კი სახელი შევუცვალე. ახლა ეპარქიაში გამოდის ჟურნალი "ხვამლი" და გაზეთი "აღმსარებელი". გარდა ამისა, გამოვეცით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და სხვადასხვა საეკლესიო წიგნი.

- მეუფეო, როგორ დაგვმოძღვრავდით?


- მინდა, ერთი რამ ვუსურვო ყველას (პირველ რიგში - საკუთარ თავს): ღვთის ნებით გვევლოს და სასუფევლისთვის გვეღვაწოს. ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი სასუფეველში შესვლაა. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვა
1კ1