რატომ არ მაცლით ლოცვას?
რატომ არ მაცლით ლოცვას?
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი
წმინდა გაბრიელს იმერეთის ეპარქიაში ფრიად მძიმე სულიერი მდგომარეობა დახვდა. ერთ ბლაღოჩინს (კეთილმოწესე) ოქროპირ წერეთელს მუდამ საჩივარ-"დანოსებისკენ" ეჭირა თვალი. ეპისკოპოსები შევიწროებული ჰყავდა, ძალზე უყვარდა ქრთამი. აბა, როგორ უნდა ეზრუნა თვითონ უწესოს სხვათა კეთილმოწესეობისთვის? რომ გაიგო, ახალი ეპისკოპოსი დანიშნესო, გაიქცა და სურამთან შეეგება წმინდა გაბრიელს. სიტყვა წინასწარ ჰქონდა მომზადებული, მისდგა იმერლებს და მიწასთან გაასწორა. "ბატონო, ახალ სამწყსოში თქვენ მრავალი ეკალი და კუროსთავი დაგხვდებათ, მაგრამ იმედია, ყველას ძირფესვიანად აღმოფხვრით, როგორც განათლებული პირი", - მიმართა.

"ვგონებ, პირველი ეკალი და კუროსთავი შენ უნდა იყო, ბლაღოჩინო!" - მიუგო მწარე ღიმილით წმინდა გაბრიელმა.

გაიძვერა ბლაღოჩინი დაიბნა!

გაბრიელი ორი-სამი დღის ჩამოსული იყო ქუთაისში, რომ ცრუ საჩივარი გააგზავნინა თავის ძმას, ექვთიმეს, კანტორაში ეპისკოპოსზე - თავად კანდელაკის ცოლს ჰყვარობსო.

* თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ეპისკოპოსი, ამისთვის ერთი სასაცილო შემთხვევა გავიხსენოთ: ერთხელ წმინდა გაბრიელი სოფელ ტაბაკინში მივიდა, შეაგროვა ხალხი და სიტყვა უთხრა. მერე ლოცვებში გამოსცადა გასათხოვარი ქალები და საცოლო ვაჟები. წამოდგა ერთი გლეხის ქალი, 16-20 წლის, და მორცხვად დაიწყო "მამაო ჩვენო", მაგრამ მარტო ამ ორი სიტყვის თქმა მოახერხა - აიფარა თავსაფარი ცხვირზე და ჩაჰკიდა თავი სირცხვილით. "ჰო, ჰო, აგრეა, სთქვი, ნუ გეშინია, შე საწყალო". გაამხნევა ეპისკოპოსმა. ქალმა არ იცოდა, რა ეთქვა, ისევ "მამაო ჩვენო" გაიმეორა. "რომელი ხარ" - უკარნახა ეპისკოპოსმა. კარნახი ქალმა შეკითხვად მიიღო და უპასუხა მღვდელმთავარს: "მე, ბატონო, ელისაბედა გახლავარო". ატყდა სიცილი. "ოჰ მაგას კი არ გეკითხები, ქვევითა სთქვი "რომელი ხარ", - უთხრა წმინდა გაბრიელმა. ქალმა იგივე უპასუხა და ამით მორჩა მისი გამოცდა.

* 1874 წელს ერთი რაჭველი ჩამოვიდა და საჩივარი მიართვა მღვდელზე. წმინდა გაბრიელი ეზოში, ხის ქვეშ იჯდა. დეკანოზ იოსებ წერეთელს წერილი მიაწოდა, - წაიკითხეო. კაცი ჩიოდა, მღვდელი წირვის დროს ბარძიმით უკუღმა შემოტრიალდება ხოლმეო. უცებ მღვდელმთავარმა ჰკითხა:

- შარშან იყავი წირვაში?

- გახლდი, ბატონო, - იყო პასუხი.

- სახარება წაიკითხა მღვდელმა?

- წაიკითხა.

- რომელი თავი?

- არ ვიცი, ბატონო.

- შე საწყალო, ის თუკი იცი, უკუღმა ტრიალებს თუ წაღმა, რომელიც სულ ერთია, ის რატომ ვერ დაისწავლე, რომელი თავი სახარებისა წაიკითხა მღვდელმა!

თხოვნა გადახია, გადაუგდო და გლეხი ეზოდან გააგდო.

* მღვდელმონაზონმა ჯუღელმა გაიხსენა წმინდა გაბრიელი: "როცა მაკურთხა, ასე დამარიგა: "იციან მღვდლებმა მამლის ყივილზე მისვლა ეკლესიაზედ ცისკრის ლოცვაზე, როცა ხალხი ვერ ესწრება ლოცვას. ვისთვის ლოცულობენ ცარიელ ეკლესიაში? შენ ასე არა ჰქმნა. ამოვიდეს მზე, ადგეს ხალხი და მერე დარეკე და ილოცე. ყველა მოვა, ევლოგიას მიიღებენ და მადლია. თუ შენთვის გინდა, შინ ვერ ილოცავ?! შენ ხშირად იქნები სოფელში და ბავშვებს პირჯვრის წერა ასწავლე, ლოცვებიც საჭიროა, დიდებმა არ იციან. შენ მასწავლებლობაში გამოცდილი ხარ, როგორც კი მიხვალ, სკოლა გახსენიო".

* ერთმა ერისკაცმა უამბო მღვდელ სპირიდონ ბრეგაძეს: "გიმნაზიაში როცა ვსწავლობდი ქუთაისში, გაბრიელი ხშირად შემობრძანდებოდა ხოლმე გიმნაზიაში. მაგრამ ბევრისგან გამიგონია, განგებ იქცევა აგრე, გულში ურწმუნოაო. მე მწყინდა და მსურდა, გულში დავრწმუნებულიყავი. შემთხვევა მალე მომეცა. ერთხელ, რევიზიის დროს, დაღლილი გაბრიელი ჩვენსას გაჩერდა სოფელში და ცალკე ოთახში მოისვენა. მეორე დღეს უნდა ეწირა. მე განგებ ცალი ფანჯრის ფარდა არ ჩამოვაფარე და ვუთვალთვალებდი, აბა, შუაღამის ლოცვებს თუ ილოცებს-მეთქი. ყველას ეძინა, მე კი ფანჯრის ძირში ვიყავი ჩაცუცქული და შევჩერებოდი. ცოტა რომ დაიძინა, ადგა, დაიდო ოლარი, დაიჩოქა ხატის წინ და ყველა საიდუმლო შუაღამის ლოცვები ჩამოთვალა და მერე ისევ მოისვენა. მე ძლიერ გამიხარდა, რადგან ეს ხმები და აზრი არ გამართლდა".

* დეკანოზი იოსებ წერეთელი ჰყვება: "1875 წელს ვახლდი აფხაზეთში. მაისი იყო. ფოთიდან ბიჭვინთაში გავედით. იქიდან ხმელეთით - აფხაზეთ-სამურზაყანოს. ბიჭვინთაში რუსის ბერები იდგნენ. სწირა აქ გაბრიელმა. მეორე დღეს, სოხუმის ოლქის უფროსის, გენერალ გეიგმანის თანხლებით, სოფლის დასათვალიერებლად გაემგზავრა. ყველგან ხალხი ხვდებოდა. ქადაგებდა. მღვდელი ივანე გეგია, აფხაზი, საუცხოოდ თარგმნიდა. გეგია რუს-ოსმალეთის დროს ღალატით მოკლეს აფხაზებმა.

სოფელ ჯგერდაში, სადაც 300 კომლი მოუნათლავი აფხაზი ესახლა, ერთი უსიამოვნება შეგვხვდა: მღვდლისას დავბინავდით. ჩვენთან იყო აფხაზეთის მისიონერი - ბლაღოჩინი, დეკანოზი დავით მაჭავარიანი. გენერალი გეიგმანი ახლო სოფელში დაბინავდა. შუაღამე იყო. ატყდა საშინელი ხმაურობა. ჩვენ ბინას შემოერტყა 300 შეიარაღებული აფხაზი. შევშინდით. გაბრიელი გვამხნევებდა. გამოვიდა აივანზე და დაუწყო ხალხს დამშვიდება. არ სცხრებოდნენ და ყვიროდნენ: "არ გვინდა ქრისტიანობა, გაგვშორდით, თვარა ამოგხოცავთ!" მოჰყვა თოფის სროლა. თოფის ხმაზე გენერალი გეიგმანიც მოვიდა. აფხაზები არც ამას შეუშინდნენ, მარა ბოლოს, დიდი თათბირის შემდეგ, დაიშალნენ. მეორე დღეს მეტი ხალხი მოვიდა. გაბრიელმა სიტყვაში მათი წარსული დაასურათა, ყურანი, რომელიც კარგად ჰქონდა შესწავლილი, ქრისტეს სახარებას შეადარა. ბევრი მოინათლა. სამი დღე დავრჩით აქა. წასვლისას გეიგმანმა გაბრიელს უზანგი დაუჭირა და მერე ხალხს უთხრა: "ხომ ხედავთ, მე გენერალი ვარ და როგორ პატივს ვცემ ამ წმინდა კაცს! თქვენც უნდა გაუგონოთ ამას, ეს ხელმწიფისგან არის გამოგზავნილი". გაბრიელი აფხაზეთში რევიზიის ანგარიშს თვითონ წერდა. მან ბევრი აფხაზი გაზარდა თავისი ხარჯით".

ერთხელ, აფხაზეთში მოგზაურობისას, წმინდა გაბრიელი დეკანოზ დავით მაჭავარიანს სტუმრობდა. როდესაც ეკლესიაში წასულან, მამა დავითს აღუპყრია ხელნი და დიდი სასოებით დაუწყია ლოცვა. როცა სახლში მოსულან, ეპისკოპოსს უსაყვედურია, როგორ სხვის დასანახავად, ფარისევლურად გცოდნია ლოცვაო. დეკანოზს უპასუხია, ამას განგებ ვშვრები, ურჯულო აფხაზებს მაგალითს ვაჩვენებ, იქნებ მოიქცნენო. თვითონ კი - "ხშირად ტიროდა ლოცვის დროს, - ბრძანებს წმინდა გაბრიელის მოძღვარი, იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე), - ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში, არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლები მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლებით. ეწყინა, შეწუხდა, მრისხანედ შემომხედა და მითხრა, რატომ არ მაცლით ლოცვასო".
ბეჭდვა
1კ1