მადლობელი ვარ რუსთაველების და ვლოცავ თითოეულ მათგანს
მადლობელი ვარ რუსთაველების და ვლოცავ თითოეულ მათგანს
რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტს, მეუფე ათანასეს (ჩახვაშვილს) რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ვესტუმრე. საუბრისას მან ეპარქიაში გატარებულ წლებთან ერთად უფრო შორეული წარსულიც გაიხსენა.

- ბავშვობა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში გავატარე. სკოლაც იქ დავამთავრე. მოწაფეობისასვე ვისწავლე ხუცური დამწერლობა. ვკითხულობდი საეკლესიო ლიტერატურასაც. მშობლებმა - მორწმუნე ოჯახში ვიზრდებოდი - შემამჩნიეს თუ არა თეოლოგიისკენ ასეთი სწრაფვა, საქართველოს მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქთან მელქისედეკთან მიმიყვანეს. ეს იყო ჩემი შეხვედრა პატრიარქთან, რომლის სახე ახლაც თვალწინ მიდგას. "ღმერთმა აცხოვნოს სულითა, ბევრი ჰყავს მლოცველ-მწირველი"... საქართველოს ამჟამინდელი მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ჩემთვის მეოთხე პატრიარქია.

სკოლა რომ დავამთავრე, პატრიარქ მელქისედეკს სთხოვეს, როგორც დიდი მორწმუნე და ხუცურის მცოდნე, მღვდლად ვეკურთხებინე. პატრიარქმა კურთხევა მას შემდეგ აღმითქვა, რაც სამხედრო ვალდებულებას მოვიხდიდი. მართლაც, წავედი ჯარში, იქიდან ჩამოსულმა კი მცხეთის ახალგახსნილ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე.

სემინარიის პირველი რექტორი ილია II გახლდათ, იმხანად - სოხუმის ეპარქიის მმართველი. სტუდენტებს დიდი სიყვარულით ეპყრობოდა. მამაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. ეს პერიოდი მართლაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

სემინარია წარჩინებით დავამთავრე და პატრიარქმა ეფრემ II-მ სიონის ტაძარში დიაკვნად დამასხა ხელი. ღმერთმა აცხოვნოს ეფრემ II! იგი ხშირად მიყვებოდა თავისი ტანჯული ცხოვრების შესახებ, რომელიც კომუნისტების წყალობით განვლო.

- როგორ დაიწყო თქვენი სასულიერო ცხოვრება?

- იმ დროს, როცა დიაკვნად მაკურთხეს, სასულიერო პირი იშვიათობა გახლდათ. რაკი კახეთის რეგიონში მღვდლები ცოტანი იყვნენ, პატრიარქმა ეფრემ II-მ მშობლიურ კუთხეში გამამწესა. თელავში მაშინ ალავერდელი ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი იყო. მან მალევე მაკურთხა მღვდლად და თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში დავიწყე მსახურება. იქ მეორე მღვდელი ვიყავი. პირველი გახლდათ შემდეგში ალავერდის ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე). მეუფე რომანოზი გულისხმიერი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, ფრიად განსწავლული კაცი და ჭეშმარიტი მღვდელმთავარი იყო. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული!

მახსოვს, მეუფე ჩემი კურთხევისთვის ნებართვის ასაღებად თბილისში, პატრიარქ ეფრემ II-სთან ჩავიდა. პატრიარქს უთქვამს: "ჯერ დანაყე, მერე გაწურე და რა ფერზე დაიწმინდება, იმის მერე აკურთხეო".

თელავიდან ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადამიყვანეს, სადაც რვა წელი ვიმსახურე. ეს იყო პირველი ტაძარი, რომელიც კომუნისტების დროს აღვადგინე. მას შემდეგ მთელ საქართველოში უამრავი ეკლესიის აღდგენასა და რესტავრაციაში შევიტანე წვლილი.

- როგორი იყო საქართველოსთვის პატრიარქ ეფრემ II-ის შემდგომი წლები?

- 1972 წელს ეფრემ II გარდაიცვალა. სინოდის გადაწყვეტილებით პატრიარქი დავით V (დევდარიანი) გახდა. ჩინებული ადამიანი იყო, ღმერთმა აცხოვნოს მისი სული! სამწუხაროდ, ხუთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა და წმინდა სინოდმა პატრიარქად ილია II აირჩია.

ილია II-ის დროს სიონის ტაძარში დავიწყე მღვდელმსახურება. სიონში მაშინ სამი მღვდელი ვიყავით: პროტოპრესვიტერი პახუმი (ობოლაძე), დეკანოზი გიორგი (ჩაჩუა) და მე. ღმერთმა აცხოვნოს ორივეს სული...

- უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის არჩევის შემდეგ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თქვენთვის რა შეიცვალა?

- მართლაც, ღმერთმა მოგვივლინა ჭეშმარიტად ღირსეული მწყემსმთავარი, რის შემდეგაც საქართველოში საეკლესიო ცხოვრება განახლდა. მისმა უწმინდესობამ თითქმის ფეხით შემოიარა ყველა ეპარქია. მანამდე ისინი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. სწორედ ჩვენი პატრიარქის კურთხევით დამადგინეს ბოდბის ეპარქიის მმართველად.

ბოდბის ეპარქიაში მაშინ შედიოდა მთელი ქიზიყი, გურჯაანი და ლაგოდეხი. ჩემს მისვლამდე ბოდბის მონასტერში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღესრულებოდა, მღვდლებიც და მონაზვნებიც რუსები იყვნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა და დიპლომატია იყო საჭირო, რომ ყოველგვარი უთანხმოების გარეშე დაგვემკვიდრებინა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. რუსები ისე გაკადნიერდნენ, იმასაც კი ამბობდნენ, ბოდბის მონასტერი ჩვენი აშენებულიაო. სამწუხაროდ, ექსცესების გარეშე ამ ამბებს არ ჩაუვლია... ბოდბის ეპარქიას თვრამეტი წელიწადი ვმართავდი. იმ დროს მუშახელი ისე ჭირდა, მონასტერში საკუთარი ხელით ვასრულებდი ყოველგვარ ფიზიკურ სამუშაოს. 1997 წლიდან სინოდის დადგენილებით რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად გადმომიყვანეს.

- როგორი დაგხვდათ ეპარქია?

- ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი ტაძარი - ღვთისმშობლის ხარების სახელობისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობისა, - და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამლოცველო სახლი.

ამჟამად რუსთავში ექვსი მოქმედი ტაძარია: ხარების, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ეკლესიები და წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელის და გაბრიელის სახელობის მონასტერი. გარდა ამისა, არის წმინდა ცამეტი ასურელი მამის, წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამლოცველო სახლები. წმინდა ნინოს ტაძარი ფუნქციონირებს სოლიკო ხაბეიშვილის მიერ აშენებულ ნომერ პირველ სასჯელაღსრულების კოლონიაში. შენდება ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა ბარბარეს, წმინდა პეტრე და პავლეს, წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრები.

მარნეულში, სადაც სამასი წელიწადია მღვდელი არ ყოფილა, მისვლისთანავე დავადგინე მღვდელმსახური. ამჟამად ამ რაიონში ორი - წმინდა გიორგის და წმინდა დავით აღმაშენებლის - მოქმედი ტაძარია, ხოლო სოფელ თამარისში წმინდა გიორგის ეკლესია ფუნქციონირებს. სოფელ წერაქვში მალე გაიხსნება ღვთისმშობლის სახელობის უძველესი მონასტერი.

მომავლისთვის განზრახული გვაქვს, ყველა სოფელში ავაშენოთ ეკლესია. ჩვენს ეპარქიაში სულ 16 მღვდელი, ერთი არქიმანდრიტი და ერთი დიაკონი მსახურობს. გვაქვს საკუთარი გამომცემლობა, სასწავლო კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას უწევს სკოლებში საღვთო სჯულის სწავლებას.

რუსთავი ახალგაზრდული, მორწმუნე ქალაქია. მადლობელი ვარ რუსთაველების და ვლოცავ თითოეულ მათგანს, ყველა მართლმადიდებელს.
ბეჭდვა
1კ1