მოციქულების შემდეგ ჯავახეთი წმინდა ნინომ მოილოცა
მოციქულების შემდეგ ჯავახეთი წმინდა ნინომ მოილოცა
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის შესახებ გვესაუბრება ახალქალაქის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა (კენჭოშვილი):

- ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მდებარეობს. წმინდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ ეს ადგილი ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ მოილოცა - საქართველოში შემოსვლისას ხომ გზად აქ გამოიარა. საისტორიო წყაროების მიხედვით, მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმების დროს, ჯავახეთში, რამდენიმე სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა, რომელთაგან უპირატესობა კუმურდოს საეპისკოპოსოს ჰქონდა. ეს საეპისკოპოსო V-VI საუკუნეების მიჯნაზე იწყებს აღზევებას და 506 წლის დვინის საეკლესიო კრების ხელმომწერ ეპისკოპოსთა შორის კუმურდოელი იოსებიც იხსენიება. საეკლესიო იერარქიაში კუმურდოელ მღვდელმთავარს მაღალი თანამდებობა ეკავა. "განგება დარბაზობისას" მიხედვით, მას ოცდათხუთმეტ მღვდელმთავარს შორის ქიზიყელის შემდეგ მერვე ადგილი ეკავა.

შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობის დროს 1522 წელს, კუმურდოს საკათედრო ტაძარი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა. გამაჰმადიანების გზაზე შემდგარ სამცხე-საათაბაგოში ქრისტიანული ღვთისმსახურება თანდათან მოიშალა. ერთადერთი საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც რამდენიმე სამღვდელმთავრო კათედრას ითავსებდა, 1763 წელს გაუქმდა. მართლმადიდებლების გარდა, ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანს შეეძლო ამ მხარეში ცხოვრება.

1917 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ქართველთაგან და მართლმადიდებელთაგან დაცლილ ზემო ჯავახეთში ტრადიციული ეკლესიური ცხოვრების განახლება თითქმის შეუძლებელი იყო. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენის და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის მემკვიდრე ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით. 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მწყემსმთავრად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაადგინეს მანამდე ცაგერისა და სვანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

- რას გვეტყვით მეუფე ნიკოლოზის საერო და სასულიერო ცხოვრებაზე?

- მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, ერისკაცობაში პაატა ფაჩუაშვილი, დაიბადა თბილისში, 1961 წლის 10 თებერვალს.

1978-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. 1981-85 წლებში - ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1987 წლიდან სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მულტიპლიკაციის განხრით, ხოლო 1988-92 წლებში კი სასულიერო აკადემიაში. 1990 წელს დიაკვნად აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ კი მღვდელი გახდა და სახელად პავლე უწოდეს. იგი დაინიშნა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისა და წყნეთის სიონის ტაძრის მოძღვრად. ამის შემდეგ იყო ქაშუეთის ტაძრის მოძღვარი, მეტეხისა და ფერისცვალების ტაძრების წინამძღვარი. 1991 წელს დაინიშნა საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ, 1995 წელს - საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის სამისიონერო სასწავლებლის დირექტორად. წმინდა ნინოს გზაზე ფეხით სამგზის მოგზაურობისათვის მას მიენიჭა წმინდა ნინოს მორჩილის საპატიო წოდება.

ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის იგი დეკანოზის ხარისხში აიყვანეს და მიტრის ტარების უფლება მისცეს.

1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მამა პავლე ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად აკურთხა და ნიკოლოზი უწოდა. ერთი წლის შემდეგ ახალციხის ეპარქიას უძღვებოდა. 1998 წლიდან 2001 წლამდე იყო ბოდბის ეპისკოპოსი, ხოლო 2001 წლიდან - კვლავ ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი.

მეუფე ნიკოლოზს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი მსახურებისათვის 2000 წლის 28 ნოემბერს მთავარეპისკოპოსის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება მიანიჭეს.

- ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში სულ რამდენი მოქმედი ეკლესია-მონასტერია?

- ახალქალაქის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებობს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია. ასევე, ნინოწმინდის დედათა მონასტრის ხარების სახელობის ეკლესია; სოფელ საღამოს წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი, სოფელ ხოსპიოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ეპარქიის ტერიტორიაზე, სოფელ ფოკაში, ფუნქციონირებს საპატრიარქო რეზიდენცია და წმინდა ნინოს სტავროპიგიალური მამათა და დედათა მონასტრები.
ბეჭდვა
1კ1