უფლისმიერი სიხარული
უფლისმიერი სიხარული
როდესაც უფლისმიერ სიხარულს აღწევს, ეს გრძნობა იმკვიდრებს ადამიანში და ისიც მშვიდი ხდება, არარაობად მიიჩნევს ყველაფერს, რაც წუთისოფელთან აკავშირებს
ერთადერთი წყარო უფლისმიერი, ზეციური სიხარულისა თავად უფალია. ადამიანიც მაშინაა ჭეშმარიტად მხიარული და ბედნიერი, როდესაც უფალში ხარობს. ამ გრძნობას ღვთის სიყვარული და მისდამი მსახურება შობს. არსებობს ამქვეყნიური, მიწიერი სიხარულის გრძნობაც, რომელიც წუთისოფლის სიამეებისა და სიკეთეების მიღებისას გვენიჭება. ამგვარი სიხარული დროებითისგანაა ნაშობი და მასთან ერთად ქრება. ყველაზე დიდ მიწიერ სიხარულსაც კი ახლავს წუხილის განცდა და შინაგანი შფოთი იმაზე ფიქრით, რომ ეს სიხარული ადრე თუ გვიან დასრულდება. მარადიული და უცვლელი მხოლოდ უფლისმიერი, ღვთისგან მომადლებული სიხარულია: "ერთადერთი, რომელშიც ხარობს ყოველი ქმნილება და რომლითაც ცოცხლობს ქვეყნიერება - უფალია", - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. ამიტომაც გვირჩევს წმინდა პავლე მოციქული: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კვლავ გეტყვი - გიხაროდენ". სწორედ უფლისმიერი, მარადიული, დაუსრულებელი სიხარულისკენ უნდა ილტვოდეს მარად ყველა ადამიანი, დედამიწაზევე ჩაუყაროს საფუძველი სულის ნეტარ და ბედნიერ მდგომარეობას, რათა სამარადჟამოდ დატკბეს იმ სიტკბოებითა და გამოუთქმელი სიხარულით, პავლე მოციქულმა მესამე ცაზე აღტაცების ჟამს რომ იხილა: "რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმა მოყვასთა თვისთა..."

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია).

- "ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი და მოთმინებაი", - ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული. ერთ-ერთი ნაყოფი ანუ ნიშანი მადლისა, ადამიანზე სულიწმინდის მადლის მყოფობისა არის სწორედ სულიერი, უფლისმიერი სიხარულის განცდა, როდესაც ადამიანი უფალში ხარობს, ღვთისგან მომდინარე სიხარულითაა აღსავსე...

- თუ ჩვენი ვალდებულებები - ლოცვა სიხარულს არ გვანიჭებს, წირვა სიხარულს არ გვანიჭებს, მარხვა სიხარულს არ გვანიჭებს, ეს ნიშნავს, რომ უფლისმიერი, სულიერი სიხარული ჩვენთვის უცხოა. ეს არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდე. ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, რომ მიაღწია ამ მდგომარეობას, თუმცა, როგორც მამები ბრძანებენ, თუ მეორე წუთს მრისხანებ, მეორე დღეს ისე იქცევი, როგორც ყველა, ეს ხიბლი ყოფილა. როდესაც უფლისმიერ სიხარულს აღწევს, ეს გრძნობა იმკვიდრებს კაცში და ისიც მშვიდი ხდება, არარაობად მიიჩნევს ყველაფერს, რაც წუთისოფელთან აკავშირებს, საკუთარ სხეულსაც კი.

ურთულესია ამქვეყნად, ერში იყო და ეს შეძლო. სოფელი რომ დაუტევო და გახვიდე, მაშინაც კი გაგიჭირდება ამ მდგომარეობის მიღწევა. თუმცა შეუძლებელიც არ არის. ისევ ბუნებრივი ნიჭით, ღვთისგან ბოძებული ხატებითა და მსგავსებით შეგვიძლია მივაღწიოთ მას.

რას ნიშნავს ღვთის ხატება და მსგავსება? ხატება მონიჭებული გვაქვს როგორც მსგავსება შესაძლებლობაში - არსებობს იდეალი, რომელსაც უნდა მიემსგავსო, რომელსაც მხოლოდ შეგიძლია მიემსგავსო. სრულად ამას ვერ შეძლებ. მსგავსება რომ განავითარო, ღვაწლია საჭირო; ხატება მუქთად მოგვეცა, მსგავსებას კი ფასი უნდა დაადო. მართალია ძნელია, მაგრამ ამის შესაძლებლობა გაქვს. თუ ვერ შეძლებ, არ იზრუნებ ამისთვის, არ ისარგებლებ და გამოიყენებ - მოგეკითხება ღვთისგან. უფალი ყველაფერს ჭვრეტს, გულთა და გონებათა ქმედებანი იცის. ვინც ღვთის მსგავსებას ეძებს, ამისკენ ისწრაფვის, შეეწევა და შეაძლებინეს კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრება ისე გვაწევს, გვავიწყდება, რომ ღვთის მსგავსებას ვეძებთ...

- ანუ უფლისმიერი სიხარულის მოპოვებაში წუთისოფელი გვეღობება, მისი საზრუნავები და სიამეები გვაბრკოლებს...

- წმინდა მაქსიმე აღმსარებელს საოცრად აქვს ნათქვამი: ვითარცა დაბმული ფრინველის ყოველი ცდა აფრენისა მარცხით მთავრდება, რამეთუ თოკი აბრკოლებს, ასევე ჩვენი გონებით ფიქრი ღმერთზე წარუმატებელია, რამეთუ იგი მიჯაჭვულია ქვეყნიერებას. ხშირად გვავიწყდება, ღმერთს, მის მსგავსებას რომ ვეძებთ, ზოგჯერ ძლიერ მიწიერნი ვხდებით. ადამიანმა ღვთის მახსოვრობა უნდა შეიძინოს. ამისთვისაც ღვაწლია საჭირო, მუქთად არავის არაფერი მიეცემა - ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. არადა გონებით განმიცდია, რაოდენ აღმატებული სულიერი განცდაა უფლის ხსოვნა, ღმერთის გონებით განცდა. ამას რომ მიაღწევ, გონება ყოველივე მიწიერისგან თავისუფლდება და უფლის გარდა აღარაფერი გახსოვს, აღარაფერი გინდა.

ჩვენს ეპოქაში ისეთი გამოცდილი მასწავლებლები, სულიერი მოძღვრებიც არ გვყავს, რომელთაგანაც სათნოებები ხელიდან ხელში მიენიჭებოდათ. ისინი ჩვენ ხელიდან ხელში არ მიგვიღია, თვითონვე დავიწყეთ. ამიტომ ჩვენი, დღევანდელი მორწმუნეების, დანიშნულება უფრო სხვაა, როგორც დაწყებითის მასწავლებლისა, რომელიც ანბანს ასწავლის. მომდევნო თაობებში სულიწმინდის მადლით კვლავ აღდგება ეს ყველაფერი.

- უფალმა ხომ სწორედ სიხარულისა და ბედნიერებისთვის შექმნა ყველა ადამიანი, ზეციური, დაუსრულებელი ნეტარებისთვის...

- რა თქმა უნდა, და ეს არის მის მსგავსებაში მონიჭებული. შენი თავისუფალი ნებით შეგიძლია უპასუხო ან "ჰო", ან "არა". სხვაგვარად თავისუფალი ნება არ გვექნებოდა. ადამიანი იძულებული რომ იყოს, მხოლოდ უყვარდეს, ეს მონური სიყვარული იქნებოდა, მაგრამ როცა შეგიძლია უპასუხო "არაც" და "ჰოს" ამბობ - ეს უკვე შენი არჩევანია. თავისუფალი ნება და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ ადამიანს აქვს. ჩემთვის ისიც კი უთქვამთ, ღმერთი მართლა თუ არსებობს, გაიხსნას ცა და დაგვენახოს. ამის შემდეგ ტაძარშიც ვივლით, ვიმარხულებთ კიდეც და სხვა მცნებებსაც დავიცავთო. ასე თუ მოხდა, ცხადია, ყველა მოექცევა. თუ ქურდობას განიზრახავ, მაგრამ არ განახორციელებ, რადგან გეცოდინება, რომ ღმერთი გხედავს, გამოდის, თითქოს უფალი პროკურორი ან ზედამხედველი იყოს. მაგრამ ასე არ არის. ეს რომ სურდეს, ცხადია, წინ ვერაფერი აღუდგებოდა, მაგრამ ადამიანმა საკუთარი თავისუფალი ნებით უნდა აირჩიოს. როდესაც ღვთის წინაშე წარდგები, უფალი მოგიგებს: მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ - მე რომ არ მხედავდი, მაშინ აკეთებდი მართებულ არჩევანს - და მაღალსა ზედა დაგადგინო შენ.

მართალია, კაცი სიხარულისა და ბედნიერებისთვის შეიქმნა, მაგრამ მის მოსაპოვებლად თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ ვიღვაწეთ, ვერაფერს მივაღწევთ.

ზოგიერთი, სახარებას რომ წაიკითხავს, სახარებისეულ სწავლებას მოისმენს სასუფევლისა და ჯოჯოხეთის შესახებ, იმასაც ამბობს, რას გვაშინებს ეკლესიაო. ღმერთი კი არ გვაშინებს, გვაფრთხილებს. არჩევანის შესაძლებლობა რომ მოგვცა, ჩვენს გუმანს კი არ მიგვანდო - მას მიჰყევი და თუ გამოგივა, გამოგივიდესო, არამედ გვასწავლა, რომელი არჩევანია მართებული, რომელი სჯობს, რომელი მიგვიყვანს სასუფეველში და რომელი გვაზიარებს ჯოჯოხეთის მწუხარებასა და ტანჯვას. თუმცა ადამიანზეა დამოკიდებული, ისარგებლებს თუ არა ღვთისგან მონიჭებული სიხარულის შესაძლებლობით. როდესაც კაცს გაკრიალებულ სახლ-კარს ჩააბარებ, მისულს კი დაბინძურებულსა და დანაგვიანებულს დაგახვედრებს, ვისი ბრალია - ვინც მისცა თუ ვისაც მიეცა? მსგავსად ამისა, დაუდევარ კაცს ჰგავს ყველა, ვინც თავისუფალ ნებას, არჩევანს არასწორად, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იყენებს.

- არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბედნიერების ცნების მხოლოდ ამქვეყნიური აღქმა აქვთ, ამიტომ ვერ გაურკვევიათ, თუკი კაცი სიხარულისთვის შეიქმნა, რაღატომ არსებობს ამქვეყნად განსაცდელები, რატომ გვიხდება ცხოვრების გზაზე არაერთი ტკივილისა და მწუხარების გადატანა...

- მოდით, მათ ვკითხოთ - თუ ჯარისკაცმა ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა, ჯილდოს როგორღა დაიმსახურებს? წუთისოფელი ბრძოლის ველია, ადამიანი კი მეომარი, მხედარი, რომელიც ბრძოლაში უნდა გამოიცადოს. თუ ჯარისკაცი ბრძოლის ველზე არ გამოიცადა და არ გაიმარჯვა, ჯილდოს როგორ დაიმსახურებს? სწორედ განსაცდელთა და მწუხარებათა გადალახვით, მათი დაძლევით, მათზე გამარჯვების სანაცვლოდ ვიღებთ უფლისგან ჯილდოდ დაუსრულებელ, მარადიულ სიხარულს. ადამიანი ამქვეყნიური სიხარულისა და ბედნიერებისთვის კი არა, უფლისმიერი, მარადიული სიხარულის - ზეციური სასუფევლისთვის შეიქმნა. მთავარიც სწორედ ეს არის, თუმცა ბევრი სწორედ მიწიერი ნუგეშისა და ბედნიერების მოსაპოვებლად მიდის ეკლესიაში. ვინც ასე მივიდა, მაგრამ შემდეგ ჭეშმარიტება შეიტყო, ჩაუკვირდა და ჩასწვდა, დარჩა კიდეც მის წიაღში, ზოგი კი, რომ ვერ მიიღო, რასაც ეძებდა, შეტრიალდა და წავიდა.

წმინდა ტრანკვილიანეს, რომელიც ძალზე მხცოვანი და დასნეულებული მოინათლა, ნათლისღების წინ პოლიკარპემ ჰკითხა: გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, ძალუძს, ჯანის სიმრთელე მოგანიჭოს და ცოდვები მოგიტევოსო. ტრანკვილიანემ მიუგო: მწამს, რომ მას ყოველივე ძალუძს, მაგრამ მე მხოლოდ ერთს ვითხოვ - შეცოდებათა მოტევებას, სნეულებაზე კი არც ვფიქრობო. აი, რას უნდა ვითხოვდეთ უპირველესად - ცოდვათა მოტევებას.

მოციქულები ვინ იყვნენ? უფლის მეგობარნი. ყველამ როგორ გაატარა და დაასრულა სიცოცხლე? ტანჯვა-წამებითა და ტკივილით. ცოდვები მხოლოდ ტკივილის გადატანით დაიძლევა. ცოდვა რომ გაქრეს, სინანული, შინაგანი გლოვა, ტკივილია საჭირო. ვინც მიყვარს, ვსჯიო, - ამბობს უფალი. ხშირად შემოქმედი ადამიანს უხმობს, მაგრამ კაცი არ უსმენს. ამიტომ განსაცდელს, ტკივილს, ტრაგედიას მოუვლენს - რაც მასა და ღმერთს შორის იყო აღმართული, დაუნგრევს. ბევრს განსაცდელი დააფიქრებს და უფლისკენ მოაქცევს, ზოგი კი, სამწუხაროდ, ამის შემდეგაც უგრძნობელი რჩება.

ალექსანდრიელი დედაკაცი გავიხსენოთ, რომელიც ტაძარში იდგა და მწარედ ტიროდა. რა შეგემთხვაო, - ჰკითხა მოძღვარმა. მან კი მიუგო: სამი წელია არავითარი განსაცდელი არ მქონია, დამივიწყა უფალმაო. ამის გამო მწუხარებდა.

- ალბათ წმინდა წერილშიც ამიტომ არის ნათქვამი: "მცირედი ესე ჭირი დაუსრულებელ სიხარულს შეიქმსო". ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ წუთისოფლის ჭირთა თმენის - განსაცდელებისა და მწუხარების გარეშე მარადიულ, სულიერ სიხარულს ვერ მოვიპოვებთ...

- სიხარული თუ შეგემთხვა, მადლობდე უფალს და შენთან დარჩება; გაჭირვება თუ შეგემთხვა, მაშინაც მადლობდე და გადაივლისო, - ბრძანებენ მამები. რაც მეტს მწუხარებ და აყვედრი უფალს განსაცდელის დროს, მით მეტ ღრუბელს იყრი თავზე. როდესაც განსაცდელი შეგემთხვევა, იცოდე, ეს უფლისგანაა და მადლობდე მას. რაც მთავარია, უფალი არასოდეს მოგივლენს იმაზე მეტ მწუხარებას, რისი დატევნა და გადატანაც შეგიძლია. ადამიანს ხილული თვალით სასუფევლის ან ჯოჯოხეთის ხილვა რომ შეეძლოს, ერთ შემთხვევაში - სიხარულისგან, მეორეში კი შიშისგან სული და ხორცი ერთმანეთს მყისვე გაეყრებოდა. ამიტომაც ზუსტად იმდენი მოგვეცა, რამდენის დანახვაც ხილული თვალით შეგვიძლია, რასაც დავიტევთ. ღმერთი ხომ კარგად იცნობს თავის შექმნილ კაცს.

კაცი სახარებას რომ წაიკითხავს და ვერ გაიგებს, მთელი მსოფლიოს წიგნებიც რომ უკითხო და უჩიჩინო, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. ამიტომაც არის ნათქვამი: ვისაც ყური აქვს სასმენლად - ისმინოს, ვისაც თვალი აქვს - შეხედოს.

- რადგან ადამიანი მარადიული სიხარულისთვის შეიქმნა, ყველანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხომ მაინც მარადიული სიხარულის მოპოვებისკენ ვილტვით, ზეციური სიხარულისკენ ვისწრაფვით...

- ყველა კაცი ეძებს რაღაცას, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ზოგს ეს ფული, მატერიალური კეთილდღეობა ჰგონია, ზოგსაც - თანამდებობა. თუ გაუმართლა და მოიპოვა, რასაც ეძებდა, მიხვდება, რომ არც ერთია მთავარი და არც მეორე. სული ყოველთვის იქით ისწრაფვის, საიდანაც სათავე აიღო. ვინც მიაგნებს, მშვიდდება, ვინც ბრმად მიდის, ბოროტი აცდუნებს და მიიტაცებს...

ბერად შემდგარი კაცი აღარც ფულს ეძებს, აღარც თანამდებობას და აღარც სხვა მიწიერ სიკეთესა თუ უპირატესობას. მისთვის ერთი ჭიქა წყალი და პური საკმარისია, რადგან მიაღწია იმას, რისკენაც სული ისწრაფვის. წყარო სიხრულისა უფალია. მაცხოვარი ხომ ეუბნება სამარიტელ დედაკაცს: "ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ არ მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნოდ იდინებს". ვინც ამ წყაროს მიაგნებს და შესვამს, მშვიდდება. ვერ ნახავ დედამიწაზე ვერც ერთ თანამდებობის პირს, ვერც ერთ მდიდარს, რომ ამბობდეს, ბედნიერი, მიღწეულით კმაყოფილი ვარო, რადგან ადამიანი მხოლოდ მიწიერით ვერ კმაყოფილდება - მარადისობის ნაწილი აკლია. სულმა იცის, რომ მარადისობას ესწრაფვის.

მატერიალური სიმდიდრე ავიღოთ. თუ ვიკითხავთ, ვინ არის ყველაზე მდიდარი, ერთადერთი პასუხია ლოგიკური - ვისაც მეტი აღარ სურს. მაგრამ არც ერთი მდიდარი არ კმაყოფილდება შეძენილი ქონებით. მხოლოდ ბერად შემდგარი კაცია კმაყოფილი და ბედნიერი მიღწეულით, რადგან შეიძინა ის, რასაც ეძებდა, უფალთან მყოფობს და სულიერადაა მდიდარი.

- სულიერი სიხარულის, საზოგადოდ ნებისმიერი სათნოების, სულიერი წინსვლის წყარო, საფუძველი უპირველესად ღვთის, შემდეგ კი მოყვასის სიყვარულია. ქრისტიანული რჯული ხომ სწორედ ამ ორ უმთავრეს მცნებას ეფუძნება. ჩვენი სულიერი მდგომარეობის საზომიც ქრისტიანული სიყვარულია, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით მიღწეული მდგომარეობით შეგვიძლია განვსაჯოთ, რა ხდება ჩვენს სულში, რამდენად მივუახლოვდით უფალს...

- ერთმა მწირმა ასეთი რამ ჩაწერა: "საკუთარი თავი რომ გავიცანი, მივხვდი, თურმე ღმერთი არ მყვარებია. და იცით, რატომ? ვინც გიყვარს, მასთან საუბარში დრო ისე გადის, ვერც გებულობ, მე კი, როდესაც წირვაზე ვდგავარ, ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება. ვინც გიყვარს, მისი ყველა სიტყვა გახსოვს, მე კი ათ მცნებასაც ვერ გეტყვით სრულად. როდესაც საკუთარი თავი გავიცანი, მივხვდი, მოყვასიც არ მყვარებია, რადგან ვინც გიყვარს, როგორც არ უნდა მოიქცეს, რაც არ უნდა ჩაიდინოს, ყოველთვის ამართლებ, მე კი ყველას განვიკითხავ..."

როცა ქრისტიანულ სიყვარულსა და სიხარულს მოიპოვებ, ყველა ადამიანი ერთნაირად გიყვარს.

- ასეთ მაღალსულიერ სიყვარულსა და სიხარულს წუთისოფელში ყოფნის ჟამს მხოლოდ წმინდა მამები თუ აღწევდნენ...

- და მათთვის აღარ არსებობდა მტერი და მოყვარე, კეთილი და ბოროტი - ყველა ერთნაირად უყვარდათ. წარმოიდგინეთ, შვილივით რომ გიყვარდეს ყველა, შვილის რომ გიხარია, ისე გახარებდეს ყველა ადამიანის სიკეთე, ამხელა სიყვარულსა და სიხარულს დაიტევდით? ეს რომ შეძლო, ვნებების დაცხრობა, ცოდვებთან ბრძოლაა საჭირო. სწორედ ამით აღწევდნენ მამები მაღალ სულიერ მდგომარეობას. მღვრიე წყალს რომ დადგამ, დაილექება. ლექს რომ მოაცლი, ამ დროს კვლავ აიმღვრევა. კიდევ დააცდი და ისევ დაილექება. ასეთი წესით ნელ-ნელა სულ გაიწმინდება. მამები გამუდმებული ლოცვით ცრემლებამდე დადიოდნენ და უკეთური ემოციებისა და გრძნობებისგან იცლებოდნენ. ვნებების დაცხრობის, ცოდვებზე გამარჯვების სანაცვლოდ მიწაზევე აღწევდნენ ნეტარ მდგომარეობას, ანგელოზებრივ ცხოვრებას, მათ მსგავს სიხარულსა და ბედნიერებას განიცდიდნენ. მიწასთან კი ხორციღა აკავშირებდათ.

რაც დრო გადის, მით მეტად ვშორდებით უფალს. მერე - თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნიკა... ტელევიზორს ჩართავ, რეკლამას მოჰკრავ თვალს - ყველგან უკეთურებას აწყდები. ხმას თუ აიმაღლებ, უვიცს გიწოდებენ, შესაძლოა, შეშლილადაც ჩაგთვალონ. თითქოს მივეჩვიეთ ამ ყველაფერს - ზოგი საკუთარი ნებით, ზოგი იძულებით... ერთი ფილმის სიუჟეტი მახსენდება: ერთმა ბრძენმა მოსახლეობა გააფრთხილა, ერთ კვირაში დედამიწაზე წყალი შეწყდება, შემდეგ მღვრიე წამოვა და ვიდრე დაიწმინდება, ვინც დალევს, ყველა შეიშლებაო. მისი სიტყვა ერთადერთმა კაცმა გაითვალისწინა. ასრულდა ბრძენის ნათქვამი. ხალხს მოსწყურდა და იძულებულნი გახდნენ, მღვრიე წყალი ესვათ. ყველანი შეიშალნენ, გარდა იმ კაცისა, რომელიც ბრძენის რჩევისამებრ მოიქცა. მაგრამ ბოლოს მანაც დაღვარა თავისი წყალი და მღვრიე დალია, რადგან ვერავის გაუგო. ხალხმა სწორედ ამის შემდეგ ჩათვალა, რომ ეს კაცი მოჭკვიანდა, მანამდე კი შეშლილად თვლიდნენ...

- უფლისმიერი, დაუსრულებელი სიხარული განუწყვეტლივ სუფევს ზეცაში, დედამიწაზე კი მისი მოპოვების შესაძლებლობა უფალ იესო ქრისტეს შობის, ჯვარცმისა და მკვდრთით აღდგომის შემდეგ მოგვენიჭა...

- ზეციური სიხარულისა და ბედნიერების მოპოვების შესაძლებლობა ადამიანს ბუნებით სჯულშიც ჰქონდა მიცემული. ადამი რომ შეიქმნა, როგორც პირველწყაროს, პირველსაწყისს მთელი კაცობრიობისას, მიეცა ამის შესაძლებლობა. ქრისტიანობამდეც იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ჭვრეტდნენ, განიცდიდნენ სიხარულს, მაგრამ ქრისტეს შობამდე გამოუხსნელი იყო ადამიანი. ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრწყინვალედ გადმოსცემს: ადამში მთელმა კაცობრიობამ შესცოდა. სუფთა წყალში ერთი წვეთი ღვინოც რომ ჩაასხა, მთელ წყალს მოიცავს და ფერს შეუცვლის. ამრიგად, შეცოდების შემდეგ სიკეთე კი არ აღმოფხვრილა ადამიანში, ბოროტებასთან წილნაყარი გახდა და ყოველ ქმედებას უკვე ბოროტება ახლდა. ამიტომაც აირიდა მამაკაცებრივი ჩასახვა მაცხოვარმა, უთესლოდ ჩაისახა და ამგვარად გაჩნდა ჩვენში ახალი ადამი. თუ ხორციელი შობით ადამის მოდგმა ვართ, ნათლისღებით ქრისტეს მოდგმა ვხდებით, თუმცა ამით ჩვენში ცოდვის შესაძლებლობა არ აღმოიფხვრება. მაგრამ უფალმა დაგვიწესა აღსარება, ზიარება, მარხვა, რათა განვიწმინდოთ, განვიღმრთოთ და მოვიპოვოთ ის სიხარული და ბედნიერება, რისთვისაც შეიქმნა ყველა ადამიანი.

- თუმცა ადამიანები უმეტესწილად მაინც ხორციელი სიხარულისკენ ილტვიან, მიწიერი სიამენი და წარმატება უფრო ახარებთ. რატომ ხდება ასე?

- ბედნიერებისკენ ლტოლვა ყველა ადამიანს აქვს. ვისაც უფალი არ შეუმეცნებია და სიხარულს ეძებს, ის მიწიერი ჰგონია, შესაბამისად, მიწიერი სიხარულის მოპოვებას ცდილობს. ბევრი ეკლესიაშიც დადის, მაგრამ მაინც მიწიერისკენ იხედება. მათაც არ ესმით კარგად ჭეშმარიტება. ადამიანი ყოველდღიურად უნდა რწმუნდებოდეს იმაში, რომ მისი გადაწყვეტილება ერთადერთი და სწორია. თუ შენი ყოველდღიური ცხოვრება არ გარწმუნებს ამაში, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორ გზას ადგახარ. შესაძლოა კაცი ეკლესიაში დადიოდეს, მაგრამ მაინც არ სწამს, რომ მისი არჩევანი მართებულია. ვიდრე ადამიანი ჭეშმარიტებას არ შეიმეცნებს, არ დარწმუნდება, რომ მისი გადაწყვეტილება სწორია, კვლავ და კვლავ მიწაზე რჩება.

- მაინც რა გზებით, რა საშუალებებით არის შესაძლებელი უფლისმიერი სიხარულის მოპოვება?

- შინაგანი ლოცვით, თხოვნით, ვედრებით... იოანეს სახარებაში გადმოცემულ ერთ-ერთ იგავში უფალი მიმართავს იუდეველებს: მე ვარ პური ზეციდან გარდამომავალი. იუდეველები დრტვინავენ ამ სიტყვების გამო: "ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?" უფალი კი მიუგებს: "ნუ დრტვინავთ. ვერავინ შეძლებს ჩემთან მოსვლას, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა".

ნახეთ, რა ხდება - გულთამხილავი ღმერთი ხედავს, ვინ ეძებს მას. ასეთნი სულიწმინდის მადლით მიჰყავს ეკლესიასთან, ეკლესიას კი - უფალთან. გულთამხილავი ღმერთი მის მაძიებელს თვითონვე შეეწევა მასთან მისვლაში.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოძღვარსაც. მოძღვრობისას ნათლად დავინახე, რომ მღვდელს ზუსტად იმ სულიერი მოთხოვნილებების ადამიანები მიჰყავს ეკლესიაში, რა სულიერ სიმაღლეზეც თვითონ დგას. შესაძლოა, უფალს ბევრი ადამიანი ჰყავდეს გამზადებული, მაგრამ აყოვნებდეს, რადგან მოძღვარი არ დგას იმ სულიერ სიმაღლეზე, ადამიანს ღმერთთან მისვლაში რომ დაეხმაროს. შესაძლოა, ასრულებდეს კიდეც თავის მოვალეობას, მაგრამ მეტი უნდა გასცეს, მეტი იმუშაკოს, რათა მეტი მიიღოს, თორემ ის, რაც მიეცა, ხომ მისი მოვალეობაა.
ბეჭდვა
1კ1