თუ კაცი საკუთარ გულში მოიგებს შინაგან ბრძოლას და განიწმინდება, მაშინ მთელი სამყარო იქნება წმინდა
თუ კაცი საკუთარ გულში მოიგებს შინაგან ბრძოლას და განიწმინდება, მაშინ მთელი სამყარო იქნება წმინდა
ყველას ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები წუთისოფელში
წმინდა ნექტარიოს დიდაქე სულიერი ბრძოლის შესახებ ამბობს: "ჩვენი ცხოვრების მიზანია, განვიწმინდოთ და გავხდეთ სრულყოფილნი. განვმტკიცდეთ ღვთის შვილობასა და მის ცათა მეუფების მემკვიდრეობაში. დაე, გავფრთხილდეთ, ვაითუ დღევანდელობამ მომავალთან დაგვაშოროს ან მიწიერზე ფიქრმა და ზრუნვამ უმოქმედო გახადოს ჩვენი ცხოვრების ნამდვილი მიზანი.

მარტო მარხვას, სიფხიზლეს და ლოცვას არ მოაქვს სასურველი შედეგი. ისინი მხოლოდ საშუალებებია მთავარი მიზნის მისაღწევად. დაე, მორთეთ თქვენი კელაპტრები თქვენივე ღირსებებით. იბრძოლეთ, რათა განაგდოთ ვნებები სულისა. განწმინდეთ გული თქვენი ცოდვათაგან და დაიცავით უხრწნელობა მისი, რათა დასახლდეს მასში უფალი ღმერთი და აღავსოს იგი სულიწმინდის მადლით...

ყოველდღე გულის სიღრმიდან ეძიეთ უფალი და როდესაც იპოვით, დადექით შიშით და რიდით, როგორც ქერუბიმნი და სერაფიმნი, რადგან გული თქვენი გახდა ტახტი უფლისა. ღმერთის საპოვნელად საჭიროა თავმდაბლობა, რადგან ამპარტავანთ უარყოფს უფალი, გულით თავმდაბალნი კი უყვარს და ხშირად არის მათთან, მათზე ამბობს: "აი, ვის მივაპყრობ მზერას, - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს" (ეს. 66,2).

ვიბრძოლოთ, რამეთუ კეთილია ეს ბრძოლა და ღმერთი გაგვაძლიერებს. ბრძოლაში გამოჩნდება ჩვენი სისუსტეები, ნაკლოვანებები და შეცდომები. ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობის სარკე. ის, ვინც არ იბრძვის, ვერ შეიცნობს თავის თავს.

გავფრთხილდეთ პატარა შეცდომებზეც კი. თუ უყურადღებობის გამო შეცდით, ნუ შეგიპყრობთ უსასოება, სასწრაფოდ წამოდექით და შეევედრეთ უფალს, რამეთუ მას ხელეწიფება თქვენი წამოყენება. ამპარტავნება კი დიდ მწუხარებას მალავს.

გადაჭარბებული მწუხარება და უიმედობა მავნებელია და სახიფათოც კი. ძალიან ხშირად იგი ეშმაკისგანაა წაქეზებული, რათა შეაჩეროს მებრძოლის წინსვლა. ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია სისუსტეები, ვნებები და შეცდომები, რომელთაც ღრმად აქვთ გადგმული ფესვები. მრავალი მათგანი ადამის ცოდვით მივიღეთ. შეუძლებელია მათი აღმოფხვრა მოუთმენლობითა და გამუდმებული მწუხარებით, არამედ მოთმინებითა და მოლოდინით და შეუპოვრობით. სრულყოფილების გზა საკმაოდ გრძელია. ევედრეთ ღმერთს, გაგაძლიეროთ. მოთმინებით გადალახეთ ყველა თქვენი დაცემა. სასწრაფოდ წამოდექით და გაიქეცით. ნუ დადგებით პატარა ბავშვივით დაღონებულნი და მტირალნი უნუგეშოდ იქ, სადაც დაეცით.

იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ დაკარგავთ იმედს, თუნდაც მრავალჯერ დაეცეთ ძველი ცოდვებისათვის. ზოგი მათგანი თავისი ბუნებითაა ძლიერი და ზოგიც ჩვევაა, მაგრამ დროის დინებით და ჩვენი ძალისხმევით ისინიც განიდევნებიან. დაე, ნურასოდეს გაგიცრუვდებათ იმედი".

გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- ადამიანის მიწიერი ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ბრძოლა სამოთხიდანვე დაიწყო. როდესაც ეშმაკმა გველის სახით ევა აცდუნა, ადამიანს პირველი განსაცდელი მაშინ დაუდგა. საცდური იყო აზრით მოწოდებული და შეთავაზება ბოროტისაგან, რადგან უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება, ღვთის დიდი ნიჭი მისცა, უნდა გაეკეთებინა არჩევანი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ხომ არჩევანის წინაშე ვდგავართ - კეთილსა და ბოროტს შორის. როგორც ვიცით, ევამ არასწორი არჩევანი გააკეთა - დამარცხდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ჭიდილში და მიიღო ეშმაკის შეთავაზება. ძალიან შენიღბული, ლამაზი, ფარული სახით მოდის ადამიანში შთაგონება. ხშირად გვგონია, რომ ეს ჩვენი საკუთარია და კეთილისმომცემი, რის შემდეგაც ადამიანი გაუაზრებლად თანხმდება ამ შეთავაზებას. ყოველივე სიკეთე მომდინარეობს ღვთისაგან. ბოროტებას ღვთისგან დასაბამი არ აქვს. როდესაც ღმერთმა სამყარო შექმნა ექვს დღეში, ყოველ თავის შესაქმისს ღმერთი ამ სიტყვით ამტკიცებდა, - "კეთილ არს". ამით მიანიშნებს, რომ ღვთისგან მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და სხვა მსგავსი სათნოებებია წარმოშობილი. დანარჩენი - შემდგომ შენაძენი და შეთვისებული ამ წუთისოფელში უკვე ეშმაკისგან, ბოროტისგანაა თავსმოხვეული. ეკლესიის ისტორიიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ წმინდანს, რომელსაც ბრძოლის გზა არ ჰქონდეს გავლილი საკუთარ თავთან, ვნებებთან და ბოროტ ძალასთან ჭიდილში. სასუფეველიც მიენიჭება იმათ, ვინც მოიგებს ამ ბრძოლას. სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: "მე მიძლევია სოფელი". უფალმაც დაძლია წუთისოფლის საცდურები, განსაცდელები. ბრძოლების შედეგად შეიძლება ადამიანი ცოდვით დაეცეს კიდეც. ეს ბუნებრივია, რადგან ყოველი კაცი ცოდვილია. ხოლო ყოველი ცოდვა დაცემა და ღვთისგან განშორებაა. ამ დროს უხილავი ძალა კვლავ შეეწევა ადამიანს და გააძლიერებს. თუკი ვიქნებით ერთგული ღვთის მცნებებისა და ჩავეჭიდებით უფლის ხელს, მაშინ გადავრჩებით ცოდვისა და განსაცდელებისგან.

- მეუფეო, სულიერი ბრძოლის რამდენნაირი სახე არსებობს?

- ორგვარი - გარეგანი და შინაგანი ბრძოლები. ერში მცხოვრებთ უფრო მეტად გარეგანი ბრძოლები აქვთ. ვნებებით აღსავსე წუთისოფელში ათასგვარი საცდურია, ხიბლია, შეთავაზებაა. ჩვენი გრძნობის ორგანოებით, მხედველობით, სმენით, შეხებით, გემოთი შედის ბოროტი ადამიანში. ხოლო მონასტერში მცხოვრებთ, ხშირად აქვთ შინაგანი ბრძოლები. ვინაიდან ისინი უფრო მყუდროდ ცხოვრობენ და მათი სმენა, ყური, თვალი და გრძნობათა ორგანოები მოშორებულია ამ საცდურებს, მაშინ ეშმაკი უკვე შთაგონებით, აზრით იწყებს ბრძოლას. ეს ბრძოლები გაცილებით მძაფრია, ვიდრე ხილული ბრძოლები. ამდენად, ყველას ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები წუთისოფელში. ამიტომაც დაუდგინა ღმერთმა ადამიანს მცნებები, რათა განსაცდელების დროს არ დაიბნეს, მოეჭიდოს უფლის მცნებებს და ამით დააღწიოს თავი საცდურებსა და განსაცდელებს.

- როგორ გამოიხატება ხილული ბრძოლა?

- ხილული ბრძოლა შეიძლება იყოს ადამიანისა ადამიანისადმი. მაგალითად, როცა ადამიანები ერთმანეთს მტრობენ ან ომია ქვეყანაში, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობის ვნება, გემოთმოყვარეობა, სატელევიზიო გადაცემები - ეს ხილული ბრძოლებია. როდესაც ადამიანი ეჩვევა ამ ცოდვებს, მერე ეს ყველაფერი ჩვევაში გადასდის. ძალიან ძნელია აქედან თავის დაღწევა. წმინდა მამები სულიერი სიფხიზლისკენ მოგვიწოდებენ, რათა ადვილად გამოვიცნოთ, საიდან არის ბოროტის შემოტევა. ადამიანს, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ამბობს აღსარებას და გააჩნია სინანული, სულიერი თვალი გახელილი აქვს. მისი სული და გული ფაქიზია და ადვილად ამჩნევს, თუ საიდან არის ბოროტის თავდახმა. ხოლო როცა ადამიანი ურწმუნოდ, არაეკლესიურად ცხოვრობს, მისი სინდისი მიძინებულია და ისე შეეჩვევა რომელიმე ცოდვას, რომ ნებაყოფლობით ხელს აწერს ეშმაკთან და ცოდვებში ჩაძირული ამთავრებს წუთისოფელს. წუთისოფელი გამუდმებული ბრძოლაა. როდესაც ურწმუნოს ვესაუბრები ბრძოლის შესახებ, ვერ ხვდება, რასთან გვაქვს საქმე... ადამიანის გულში გაუგონრად დიდი ბრძოლებია. თუ ღვთის გზას ავირჩევთ, ამას გამარჯვება მოჰყვება. ეს კარგად უწყის ეკლესიურმა და სულიერმა ადამიანმა. უბრძოლველი და ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამს და ევას შეცოდებამდე. წუთისოფელს დასძლევს ის, ვინც უფალთან იქნება. ქრისტემ სძლია წუთისოფელს და მორწმუნე ადამიანიც უფალთან ერთად დაძლევს წუთისოფელს. მარტო კაცი ეშმაკს ვერ დაამარცხებს.

- როგორ უნდა განვასხვაოთ კეთილი და ბოროტი ადამიანი?

- არსებითად ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ეშმაკი - დაცემული ანგელოზი ცდილობს, მიიტაცოს ადამიანის სული... ყოველი სიკეთე არის ღვთისმსახურება. უფლის მსახურის სული ანარეკლი ხდება ქრისტეს სახისა, ღმერთისა, რომელიც უცოდველია და ყველაზე სახიერი. ადამიანის კეთილობაზე ამგავრად ვიმსჯელებთ - რამდენად ღვთიური და ეკლესიურია. ხშირად ამბობენ, ეს კაცი არ არის ეკლესიური, მაგრამ კეთილიაო. შეიძლება ადამიანს გარეგნული სიკეთეები ჰქონდეს, მაგრამ ღვთიური, ჭეშმარიტი არსი სიკეთისა არ ექნება, რადგან ის უფლის წიაღში არ მოღვაწეობს.

უფალი სახარებაში ამბობს, როდესაც უფალთან მივიდნენ, ასე მიმართეს - მოძღვარო სახიერო. უფალი პასუხობს, - "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოდ ღმერთი". აბსოლუტური სიკეთის წყარო არის ღმერთი. იქიდან გარდმოეცემა ყველა ნიჭი და უნარი სიკეთის აღსრულებისა. ღვთის გარეშე რა იცის ადამიანმა, რა არის სიკეთე? შეიძლება ყველამ თავისებურად გამოხატოს სიკეთის არსი, მაგრამ ჭეშმარიტი სიკეთე ღვთის მცნებებია. მათი შეუსრულებლობა განშორებაა სიკეთისგან, ღვთისგან. ბოროტების საწყისი ღვთის მცნებების დარღვევაა. თუკი ადამიანი ასრულებს უფლის მცნებებს, ცხოვრობს ეკლესიურად, სახიერი და კეთილია. ხოლო თუ განშორებულია რწმენით ღვთისაგან, ბოროტია. ასე იყოფა პირობითად საზოგადოება და მთელი კაცობრიობა - კეთილებად და ბოროტებად. თქვენ იცით, ამას რა სამსჯავრო მოჰყვება უფლის მეორედ მოსვლის წინ. მართლები უფლის მარჯვნივ დადგებიან, შეცდომილნი და წარწყმედილნი - მარცხნივ. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში საზოგადოება იმიჯნება გამარჯვებულებად და დამარცხებულებად. საამისოდ მისაგებელიცაა - შესაბამისი ჯილდო და ნეტარება უფლისაგან გამარჯვებულებს მიეგებათ, დამარცხებულებს კი საუკუნო სატანჯველი. ვიდრე ცოცხლები ვართ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ჩვენი იარაღია რწმენა უფლისა და ღვთის მცნებები. პავლე მოციქული ბრძანებს: "არა არს ჩვენი ბრძოლა სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ წინააღმდეგ ბოროტისა, სოფლის მპყრობელისა ამის ეშმაკისა". ასე რომ, მოსაგებია უხილავი ბრძოლა. თუკი კაცი ამ შინაგან ბრძოლაში დამარცხდება, გარეგნულადაც დამარცხებულია. აი, რითი იწყება ადამიანის ყველა გარეგნული ბოროტება. ადამიანის გულში ჯერ აისახება ცოდვა - მაგალითად, კაცის კვლა, გაბოროტდება ადამიანი, ღებულობს შეთავაზებას ბოროტისაგან, რომ ის არის მისი მტერი. შემდეგ გულში გაიდგამს ფესვებს, ვინაიდან მას არ შეხვდა სინდისისგან წინააღმდეგობა. მრისხანება, გაბოროტება ივსება და საბოლოოდ ცუდი შედეგით სრულდება.

ცოდვის ყველა ფესვი ადამიანის გულშია. თუ კაცი საკუთარ გულში მოიგებს შინაგან ბრძოლას და განიწმინდება, მაშინ მთელი სამყარო იქნება წმინდა. ვინაიდან ის ღმერთმა შექმნა. ჩვენი ცოდვებით კი სამყარო დავამახინჯეთ, შევბილწეთ ჩვენივე ხატი და მსგავსება უფლისა, რომელიც აგებული იყო სიყვარულზე, სიკეთეზე, სახიერებაზე.

ღმერთმა ინებოს, რომ წუთისოფლის დასასრულს გამარჯვებულები შევსულიყავით უფლის წიაღში.

- მეუფეო, ცოდვით დაცემის შემდეგ მონასტრის წევრები ფეხზე როგორ წამოდგებიან?

- ბრძოლის დროს ცოდვაში ყველა ადამიანი ვარდება. ცოდვა არის საქმით, სიტყვით აღსრულებული, ასევე შინაგანი და აზრობრივი. მონასტერში ბერები, მამები, ცოტა უფრო გამადიდებელი შუშით უყურებენ საკუთარ თავს, ამიტომაც ცოდვად და ტკივილად აღიქმება ღვთის სიყვარულისგან ყველანაირი გადახვევა.

სიყვარულის მცირედი მოკლებაც კი, საღმრთო ჭვრეტისა და მადლისა, აღიქმება ბოროტებად და ნაკლად. მონასტერში ადამიანი იმდენად ფხიზლობს, რომ არ აყოვნებს სინანულს. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ ეშმაკი ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით ებრძვის. ვინაიდან წუთისოფლის ნათელი შუქურა სურს ჩააქროს, რათა მერე ამით ათასობით ერისაგანის თვალში ჩაქრეს სინათლე და წარიწყმიდოს სიწმინდე. რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი დაცემები, მაგრამ ხშირად ეს დაცემა დიდი წარმატების სათავეცაა.

ამ დაცემით კი ადამიანები სწავლობენ, როგორ დააღწიონ თავი სხვა მახეებს. მონასტრული ცხოვრების გამოცდილებას წმინდა მამათა ცხოვრებიდან ვსწავლობთ. მონასტერში მიმავალი ადამიანი იკვებება წმინდა წერილით და იმ მდიდარი მოღვაწეობის გამოცდილებით, რომელიც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს. ამ ჩირაღდნით გადავლახავთ წუთისოფლის ზღვას.

თავისთავად დაცემა - ცოდვა საშინელებაა, ტრაგედიაა, უბედურება კი ისაა, რომ ფეხზე წამოდგომა არ გინდა. სინანული ის წამალია, რომელიც ყველანაირ სნეულებას კურნავს. გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მამოძრავებელი შინაგანი ძალა - სინანულია. ადამიანში ეს თუ დაიშრიტა, წარწყმდება და წაიქცევა. გონიერი იქნება ადამიანი, თუკი წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. ჩვენ კი, მდიდარი გამოცდილებით და ბრძოლებში განმტკიცებული ძლევამოსილი მხედარივით გმირულად შევხვედროდეთ უფლის მოსვლას. უფალმა, როგორც მეფემ, შეიძლება ნებისმიერ წუთს მოუწოდოს თავის მხედარს საგმირო საქმეების წარმოჩენა. ბედნიერია ის მხედარი, რომელიც უფალს ეტყვის - მეფეო, შენი სახელით დავღვარე სისხლი, ოფლი. თითოეული ცოდვა ჭრილობაა, სულსა და სხეულში გამჯდარი და იგი იკურნება სინანულით. გამარჯვების სიხარული იმდენად დიდია, რომ თუნდაც ერთი სანატრელი სიტყვა უფლისაგან - "მოვედით, კურთხეულნო, მამაჩემის წიაღში, ვინაიდან თქვენთვის გამზადებულია სასუფეველი ცათა". გვეგემოს გამარჯვების სიხარული.

თანამედროვეობაში მავანი ცდილობს, ღვთისეულ სიკეთეს სახელი შეუცვალოს. ეშმაკიც ასეა, უცვლის სახელებს და თვალთმაქცობს კაცთა წინაშე. მოდით, დავარქვათ სახელი - ბოროტება ანუ ცოდვა ისაა, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს. სიკეთეა, როდესაც ადამიანი ემსახურება უფლის მცნებებს. როდესაც ეს გაიმიჯნება, მერე უკვე ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი - ემსახუროს უფალს თუ ეშმაკს. წუთისოფელში ადამიანის მთავარი მიზანი სულის გადარჩენა უნდა იყოს და არა მატერიალური და პირადი კეთილდღეობა. მრავალი საცდურია მომძლავრებული, ვინაიდან უკანასკნელი ჟამია და აპოკალიფსური პერიოდი, ეშმაკი ცდილობს, მეტი სული წარწყმიდოს. ადამიანი საკუთარი ნებით იღებს ათასგვარ საცდურს - თან ისე, რომ ღვთის ხმა არ ესმით, ეკლესიის ხმა არ ესმით, პატრიარქის ხმა არ ესმით. საზოგადოების ნაწილი, პირიქით, ეურჩება მამას, უძღები შვილივით და საკუთარი "მე"-ს წამოწევას ცდილობს.

საზოგადოებას ვთხოვ, გამოფხიზლდეს და წუთისოფლის დინებას არ მიჰყვეს, თორემ წუთისოფლის ზღვარი ერთხელაც დაედება ჩვენს ცხოვრებას და მერე უკვე გვიანი იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა.

ჩვენს ერს, ბოლნისის ეპარქიას მშვიდობას, ბედნიერებას და გამარჯვებას ვუსურვებ. გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც რაიმე განსაცდელს დაძლევ.
ბეჭდვა
1კ1