მეოხნი ივერიისა
მეოხნი ივერიისა
არა გავწირო ერი ესე საზეპურო
ქართველ წმინდანთა შორის არიან კოლაელი ყრმებიცა და 80 წელს გადაცილებული კონსტანტი კახიც, დავითგარეჯში აღდგომის ღამეს საპასექო ტარიგივით შეწირული ბერებიცა და ხვარაზმელთაგან მომწყდარი თბილისელებიც. უფლისა და მოყვასისთვის თავს წირავდნენ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ქართველები, აზნაურნი თუ უაზნონი. ყოველი მათგანი მეოხია ივერიისა ღვთის წინაშე. უფლის დიდი მოწყალება და შეწევნა რომ არა, ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, თავს რომ დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრა ერები და მათი კულტურა, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მივუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს...

გვესაუბრება მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).

- მეუფეო, რას ნიშნავს მეოხება?

- მეოხება ნიშნავს დახმარებას, შეწევნას, შუამდგომლობას ღვთის წინაშე. ჩვენი ქვეყნის უპირველესი მეოხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. ამის შესახებ ვგებულობთ უფლის იმ განსაკუთრებული აღთქმიდან, რომელიც უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ქრისტიანობის ისტორიაში. "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, რომ უფალმა აღუთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ივერიის შესახებ: "არა გავწირო ერი ესე საზეპურო მეოხებითა შენითა მათთვისო". სიტყვა "მეოხება" ჩვენს მატიანეში პირველად სწორედ ამ დროს ჩნდება. უფალმა აღთქმა დადო, რომ იქნებოდა მარადიული მფარველი საზეპურო ქართველი ერისა, რადგან ივერიის მეოხი მის წინაშე დედა ღვთისმშობელია.

მოგეხსენებათ, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე, იერუსალიმში, შეიკრიბნენ და, უფლის სიტყვისამებრ, ნუგეშისმცემელს - სულიწმინდას მოელოდნენ. ქრისტეს მოწაფეებმა განიზრახეს, წილი ეყარათ, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოციქულებს მიმართა: "მეც მნებავს, თქვენთან ერთად ვიყარო წილი, დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მიმითითებს უფალიო". მოციქულებმა კრძალულებითა და ღვთის შიშით ყარეს წილი. ყოვლადწმინდა მარიამს ივერია ერგო. დედა ღვთისამ სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი და სულიწმინდის გარდამოსვლისთანავე ისურვა, წამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: "აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, შენი წილხვდომილი ქვეყანა განათლდება მომავალში, იქ შენი მეუფება განმტკიცდებაო..." მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ანდრია მოციქულს უხმო და ივერიის საკურთხებლად თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა.

- უპირველეს ყოვლისა, რა გვევალება ივერიის მკვიდრთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება საქმით გავამართლოთ?

- დედა ღვთისას წილხვედრი ქვეყნის შვილობა რომ გავამართლოთ, ერთ-ერთი, რაც მოგვეთხოვება, ქართული ენის მოვლა-პატრონობა და სიყვარულია. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ქართული ღვთისმშობლისთვის სათნო ენა იყო.

სულიწმინდის მოფენისას მოციქულებს იმ ქვეყნების ენების ცოდნა მიეცათ, სადაც უნდა ექადაგათ. წმინდა ანდრია პირველწოდებულს ქართული ენის ცოდნა მიეცა. როგორც მოგახსენეთ, დედა ღვთისამ ის თავის წილხვედრ ქვეყანაში - ივერიაში ანუ საქართველოში გამოგზავნა.

VI სუკუნეში ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ ასურელი მამები, რომელთა ცხოვრებაშიც ვკითხულობთ, რომ ქართული მათ სრულიან არ იცოდნენ. თუმცაღა მატიანე იმასაც გვამცობს, რომ ქართლში მოსულნი მათ შესახვედრად გამოსულ ივერიის კათოლიკოსს მის ენაზე გაესაუბრნენ. ათეისტურ პერიოდში ამ მოვლენას ზოგი მეცნიერი იმით ხსნიდა, რომ ასურელი მამები თითქოს წარმოშობით ქართველები იყვნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. სინამდვილეში კი, საეკლესიო გადმოცემით, მამებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ და უბრძანა, წამოსულიყვნენ ივერიაში, რათა სარწმუნოებაში გაეძლიერებინათ ჩვენი ქვეყანა. ქართული ენა ასურელმა მამებმაც, მოციქულების მსგავსად, სულიწმინდის მადლით ისწავლეს.

"ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან" ვგებულობთ, რომ IX საუკუნეში საბერძნეთში, ოლიმპოს (ულუმბოს) წმინდა მთის მონასტერში, იღვწოდნენ ქართველი ბერები და უფალ ღმერთს ქართული ენით ადიდებდნენ, მაგრამ ბერძნებმა ქართველებს აუკრძალეს მშობლიური ენით ლოცვა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მონასტრის ბერძენ წინამძღვარს და უბრძანა: "რომელნი მათ არ შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან".

X საუკუნის ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მომაკვდავ ყმაწვილ ექვთიმე ათონელს, მოხედა მის სნეულებას და უთხრა: "აღსდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილდ უბნობდი". ამის შემდეგ ქართული სიტყვა მისგან "ვითარცა წყარო ამოდიოდა უწმინდეს ყოველთა ქართველთა". ექვთიმე ათონელმა არაერთი ბერძნული თხზულება თარგმნა ქართულად და განამდიდრა…მაშინდელი მწირი ქართული ლიტერატურა.

ქართულ ენას, რომელსაც პატივს სცემდა თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ. დავფიქრდეთ, ვაქცევთ კი დღეს ქართულ ენასა და კულტურას სათანადო ყურადღებას? ძველად ენა მთელ საქართველოს აერთიანებდა, მაშინაც კი, როცა ის სამეფო-სამთავროებად იყო დაქუცმაცებული. დღეს ვითარება სხვაგვარია - სამწუხაროდ, არსებობს საქართველოს კუთხეები, მაგალითად, ჯავახეთი,Uქვემო ქართლი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება ქართულ ენაზე ვერ ხერხდება. დასანანია, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და იეზიდი ერთმანეთს რომ ხვდებიან და რუსულ ენაზე იწყებენ საუბარს...

- ივერიის მეოხნი უფლის წინაშე ის მოციქულებიც არიან, რომლებმაც I საუკუნეშივე იქადაგეს ღვთის სიტყვა ჩვენს ქვეყანაში?

- კომუნისტების პერიოდში გამოცემული საეკლესიო კალენდრის ერთ-ერთ ნომერში ეწერა, საქართველოში ქრისტიანობის ისტორია IV საუკუნიდან იწყებაო. რედაქტორს ვურჩიე, იქნებ სჯობდეს, I საუკუნე დაგეწერათ და ანდრია პირველწოდებულიც გეხსენებინათ-მეთქი. მახსოვს, როგორ შემეკამათა...

ძველ საქართველოში წმინდა ანდრიასა და სხვა მოციქულების ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა და ქადაგება უეჭველ ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. ახალ დროში, განსაკუთრებით - XX საუკუნის დასაწყისში, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობა ლეგენდად გამოცხადდა. უარმყოფელებს ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მიაჩნდათ, რომ, მათი აზრით, ივერია უმნიშვნელო ქვეყანა იყო და მოციქულთა ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. სინამდვილეში კი I საუკუნის 30-იანი წლებიდან II საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით, ე.ი. მოციქულთა ეპოქაში, ივერია ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელიც, ფაქტობრივად, მთელ ამიერკავკასიას მოიცავდა. რომაელი ისტორიკოსები ტაციტუსი, დიონ კასიუსი და სხვები სიამოვნებით უთმობდნენ თავიანთ თხზულებებში ადგილს იბერიის სისხლსავსე ცხოვრების აღწერას.

წმინდა ანდრია მოციქულმა არა მარტო გააქრისტიანა ქართველები, არამედ პირველი საეპისკოპოსოც დააარსა ქალაქ აწყურში, დაუნიშნა ეპისკოპოსი და დატოვა რამდენიმე მღვდელი და დიაკონი - ფაქტობრივად, შექმნა ქართული ეკლესია თავისი იერარქიით.

ანდრია მოციქულს საქართველოში მესამე მოგზაურობის დროს თან სვიმონ კანანელი და მატათა მოციქული ჩამოუყვანია. ამის შესახებ ცნობას ეპიფანე კონსტანტინოპოლელი გვაწვდის. ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოციქულმა ბართლომემ იქადაგა. ამ აზრს არქანჯელო ლამბერტიც იცავს, ხოლო XVI საუკუნის ერთი სლავური წყარო ქართულ ეკლესიას თომა მოციქულის მიერ დაარსებულად მიიჩნევს. სხვა ისტორიული ცნობის მიხედვით, მოციქულ თადეოზსაც უქადაგია საქართველოში.

ამით იმის თქმა მსურს, რომ IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება არ იყო მოულოდნელი ანდა თავსმოხვეული აქტი, არამედ ეფუძნებოდა ქრისტიანობის ადგილობრივ სამსაუკუნოვან ტრადიციას. წმინდა ნინოს გაუჭირდებოდა მთელი ქართველი ხალხის გაქრისტიანება, წმინდა მოციქულებს რომ არ შეემზადებინათ ერი ქრისტიანობის საჯარო აღიარებისთვის. ეს თვალსაზრისი "წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც" აისახა, სადაც უფალი წმინდა ქალწულს უცხადებს, რომ საქართველოში "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირე". ეს იმას ნიშნავს, რომ ივერიაში მოციქულთა მიერ დათესილ სახარების მარცვალს საუკუნეთა მანძილზე ხალხი საერთო სახალხო მონათვლისთვის შეუმზადებია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებლად იწოდება, რის გამოც მას ეკლესია მოციქულთა სწორად მიიჩნევს. ივერიის ეკლესია მეოხებას მოციქულებთან ერთად მასაც მუდმივად შესთხოვს.

- მეუფეო, ქართველმა განსაკუთრებით შეიყვარა კაბადოკიელი წმინდა გიორგი. რატომ თვლის ყველა ქართველი მას ივერიის განსაკუთრებულ მეოხად?

- შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა გიორგი ჩვენმა ხალხმა ასე შეიყვარა. ჩვენს ერს არც სხვა დიდი წმინდანისთვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმინდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. მოგეხსენებათ, საქართველოში არც ერთი წმინდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმინდა გიორგის სახელზე. ღვთისგან კურთხეულ ივერიას მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო, უამრავი ბრძოლა და განსაცდელი გადაეტანა. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვრის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. ეს უწყოდა ყოვლისმცოდნე უფალმა და ამიტომაც დაბადა ჩვენში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი მოწამისა, როგორიც იყო წმინდა გიორგი - წმინდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი მეოხი სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმინდა გიორგი გამოხატულებაა ქართველი ერის მებრძოლი სულისა. ის არა მარტო წინ უძღოდა სალაშქროდ მიმავალ ქართველ მეომრებს, არამედ დროდადრო კიდეც ეცხადებოდა მათ.

- ქართველები ხშირად თავს იმით ვიწონებთ, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელმაც ერთ დღეს 100 000 მოწამე შეიძინა...

- როგორც ამ მოწამეებმა დადეს თავი და სული უფლისთვის, ჩვენც უნდა შეგვეძლოს იმავეს გაკეთება; მზად უნდა ვიყოთ, მათ მივემსგავსოთ. ისინი, ცხადია, ივერიის მეოხნი არიან, მაგრამ ჩვენც უნდა გავამართლოთ მათი თანამემამულეობა. მატერიალური კეთილდღეობისთვის ერთი ხელის მოსმით არ უნდა უარვყოთ ის, რაც წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში სისხლისა და ბრძოლის ფასად დღემდე მოგვიტანეს. წმინდა ქეთევან დედოფალი გაახსენდება უნებურად კაცს. დედოფალი, რომლის ერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მოსალოდნელი ტანჯვა-წამება რომ აეცილებინა და ძველი დიდება და პატივი გაათმაგებულად დაებრუნებინა...

მართალია, 100 000 წმინდა მოწამე გვაცხოვნებს, მაგრამ უპირველესად ჩვენივე საქმით უნდა ვცხონდეთ.

- არიან თუ არა წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფალნი მეოხნი ივერიისა და რამდენად მნიშვნელოვანია მათ წინაშე აღვლენილი გულითადი ლოცვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის?

- კომუნისტების დროს პატარა სამების ტაძრის წინამძღვარი ვიყავი. მაშინ იშვიათობა იყო წმინდა მეფე-დედოფალთა სადიდებელ-სავედრებელი ტროპარები. რამდენიმე ასეთი ტროპარი მოვიძიე და უწმინდესს ვაჩვენე. დამავალა, შემეგროვებინა ჩვენი წმინდა მეფეებისა და დედოფლების სადიდებელ-სავედრებელი ლოცვები და ამიხსნა, რამხელა ძალა ჰქონდა მათ წინაშე აღვლენილ ლოცვას ჩვენი სამშობლოსთვის.

დაკვირვებული ვარ, როცა უწმინდესი სვეტიცხოვლის ტაძარში შედის, განსაკუთრებულად დაიხრება და ხელით შეეხება ხოლმე ვახტანგ გორგასლის საფლავს - ძალას და მეოხებას ითხოვს წმინდა მეფისგან...

წმინდანად შერაცხულ მეფე-დედოფალთაგან, არ შემიძლია, არ გამოვყო დავით აღმაშენებელი. არც დავითამდე და არც მის შემდეგ არავის განუდიდებია ასე ქართველი კაცის სახე. დავითი თვითონვე იყო კირითხუროც, მეომარიც, მჭედელიც, თვითონვე ჭრიდა ტაძრისთვის ვეება ლოდებს და ოფლის ღვრით მის კედლებზე აჰქონდა. სამშობლოზე ფიქრი აჩრდილივით მარად თან ახლდა, საქართველო იყო მისი სალხინებელ-საფიცარი.

ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას ღვთისკაცი უწოდა. ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრებით მართლაც მეოხი იყო ივერიისა. რომ არა ექვთიმე ღვთისკაცი, ივერიის საგანძური, უამრავი საეკლესიო სიწმინდე, დღეს დაკარგული გვექნებოდა. წარმოიდგინეთ ღვაწლი კაცისა, რომელიც 25 წლის მანძილზე უმეორებდა საკუთარ თავს: "სანამ განძს პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოვკვდეო".

- ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული უბრალო ჯარისკაცი, რომელმაც შეგნებულად შესწირა თავი სამშობლოს, არის თუ არა ღვთის წინაშე მეოხი თავისი ქვეყნისა?

- წმინდანთა დასი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საყოველთაოდ ცნობილი წმინდანების გარდა, არიან ისეთნიც, რომელთა არც სახელი ვიცით და არც გვარი. მოყვასისთვის თავდადებული ადამიანი წმინდანთა დასში შეირაცხება. ჯარისკაცსაც სწორედ ეს ევალება - დადოს სული მოყვასისა და მამულისათვის. სამშობლისთვის გმირულად დაღუპული ჯარისკაცი უფალთანაა ზეცაში და მეოხია თავისი ქვეყნისა.

- რა არის ივერიის სულიერი მისია?

- კაცობრიობის მშენებელი უფალი ღმერთია. მან ინება, რომ კაცობრიობის ისტორიის საშენი მასალა, უხეშად რომ ვთქვათ, სახელმწიფოები და ერები იყვნენ. ყველა ერს თავისი მისია აკისრია, მათ შორის - ქართველობასაც. თუმცა სანამ ამ მისიის აღსრულების ჟამი მოვა, მოვალენი ვართ, თვითმყოფადობა, სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, ასე რომ, ამჟამად ჩვენი მისია ეროვნული ვინაობის, იდენტურობის განმტკიცება და შენარჩუნებაა.
ბეჭდვა
1კ1