თუკი კაცის ნება არ არის, ვერავითარი საცდური ვერ დაძლევს
თუკი კაცის ნება არ არის, ვერავითარი საცდური ვერ დაძლევს
ამქვეყნიურ ცხოვრებაში ათასგვარ საცდურს ვგრძნობთ ყოველი მხრიდან, მით უფრო დღეს. თავად სიტყვა "საცდური" მიგვანიშნებს, რომ ადამიანის ბუნება, განურჩევლად ერისა და ბერისა, ცდუნებისკენაა მიმართული. უდაბნოს სხვა ბრძოლები აქვს, ერს - სხვა და მრავალნაირი. ბერი იოსებ ათონელი წიგნში "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" წერს: "ჩემო შვილო, შენ ხედავ და გამოცდილებითაც იცი, რომ სადაც უნდა ვიყოთ, ყველგან დიდი მოთმინებაა საჭირო... გამხნევდი და რადგან ეს ტვირთი აირჩიე, ღვთის შიშით ატარე და მერწმუნე, ჩემო შვილო, რომ ჩემს შრომისგან დაუძლურებულ და მკვდარ ძალას ვაიძულებ და ვთხოვ ღმერთს, რომელიმე ისეთი ბოროტება არ შეგემთხვეს, რისთვისაც თავგამოდებით იღვწიან ჩვენი სარწმუნოების მტრები. ხოლო თუკი სულის სასარგებლოდ უფლისგან რაიმეს დათმენაა შენთვის განსაზღვრული, ვთხოვ ღმერთს, რომ სულის სიმხნევე და მოთმინება მოგანიჭოს.

ნუ გეშინია. მასონებს ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ბევრის გაკეთებაც სურთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი ყოველთა ღმერთი დაუშვებს. მისი ნების გარეშე არც თმა ჩამოვარდება და არც ფოთოლი. ის ხელს შეუშლის მათ ჩანაფიქრს.

ღმერთი იყოს ყოველი შენი საქმის საწყისი და დასასრული და ნუ შეუშინდები შენზე აღმდგარ განსაცდელებს, რადგან, ღვთის მადლით, ისინი კვამლივით გაიფანტება.

რაც შეეხება იმ განსაცდელს, რომელზეც მწერ, ვფიქრობ, ჭეშმარიტება ასეა: რადგან ეშმაკი განგცდის, ესე იგი, რაღაც სასიკეთო ხდება. ეშმაკს ეს აწუხებს და ამიტომ განგცდის, თუმცა განსაცდელში მყოფი შენც ბევრს მოიგებ. მოთმინების ჯილდოს გარდა, გამოცდილებასაც შეიძენ და გაარჩევ ადამიანებს. თუკი ქვა ქვას არ მოხვდება, ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, განუცდელი ადამიანი კი არაფრისთვის ივარგებს.

შენ ბევრი ისწავლე აქ ყოფნისას, ახლა მანდაც ბევრს ისწავლი. ოღონდ ჭკუით იყავი და ყურადღებით იარე, "რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი... რამეთუ დღენი ბოროტნი არიან". დროისა და გარემოების გამოყენება ისწავლე.

ის, რაც ახლა გჭირს, გაივლის. მაგრამ შემდეგ სხვა მოვა, რადგან ბოროტი არასდროს ცხრება. განსაცდელი იმდენი მოდის, ვისთვისაც რამდენია განკუთვნილი. შენც უნდა მოითმინო, რომ გაიმარჯვო, რადგან ღვაწლისდამდებელი ქრისტე განსაცდელს მტერზე გასამარჯვებლად გვიგზავნის.

ამრიგად, საჭიროა ღაწლი და მოთმინება. მოღვაწეობა სიცოცხლის ბოლო წუთამდე გრძელდება. განსაცდელი, სადაც უნდა იყო და სადაც უნდა გაჩერდე, შენ გვერდითაა.

ადამიანმა იქ უნდა გაიმარჯვოს, სადაც ებრძვიან, ეშმაკს მწუხარება და სირცხვილი რომ მოუტანოს, ღმერთს კი - სიხარული და დიდება".

***
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- ადამიანს უფალმა გაჩენისთანავე მისცა თავისუფალი ნება - არჩევანის საშუალება. ამდენად, ამ თავისუფალი ნებით ადამიანს უწევს გააკეთოს არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ჯერ კიდევ ამ ნიჭით დაჯილდოებული ანგელოზიც კი ეცდუნა - გაამპარტავნდა, გადაიხარა საცდურისკენ და დაკარგა ის ნეტარება, რაც უფალთან აკავშირებდა. შემდეგ ბოროტმა ძალამ განიზრახა ღვთის მსგავსად და ხატად შექმნილი ადამიანის ცდუნება. საცდური ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ თუკი კაცის ნება არ არის, ვერანაირი საცდური ვერ დასძლევს. "მიზეზი" საცდურისა ჩვენს თავისუფალ ნებაში გამოიხატება. ნება არის ადამიანში ჩადებული სახიერი, უდიდესი წყალობა და ნიჭი ღვთისა. მაგრამ ამ ნებას უნდა კარგი გამოყენება. საცდურის მიზეზი ადამიანში შეიძლება იყოს ვნება, რომელიმე ცოდვისკენ მიდრეკილება. ადამიანმა საცდურს უნდა გაუძლოს ღვთის მცნებაზე დაყრდნობით, კეთილგონიერებით, ღვთის მოშიშებით და სიყვარულით. მაგალითი საცდურთა დაძლევისა თავად უფალმა მოგვცა. მაცხოვარმა პირადი მაგალითითაც გვასწავლა, როგორ ვძლიოთ მას. ბოროტი ძალა, ეშმაკი ყველასთან მიდის. როდესაც უფალი ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა უდაბნოში, მას მრავალგვარი საცდური შეემთხვა - დიდებისმოყვარეობის, ამპარტავნების, ანგარების (ვერცხლისმოყვარეობის), სიხარბის, გემოთმოყვარეობის... თუკი ადამიანი იქნება ღვთის ნების მორჩილი და საღმრთო მცნებათა აღმასრულებელი, აუცილებლად გადაურჩება საცდურს.

ერთხელ ღირსმა მამამ, ანტონი დიდმა იხილა ჩვენება - მთელი დედამიწა დაფარული იყო ეშმაკის საცდურებით და შეშინებულმა შეჰყვირა, - "უფალო, ვინ გადაურჩება ამ საცდურებს - მახეებს ბოროტისას?" ზეციდან ღვთიური დარიგება მოესმა, - "მხოლოდ თავმდაბალი და მორჩილი". ღვთის მცნებათა მორჩილი, თავმდაბალი, ეკლესიური, მოკრძალებული, ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ადამიანი გადაურჩება ამ საცდურს. ასე რომ, დაუძლეველი არც ერთი საცდური არ არის. ადამიანისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. პირველ მტრად, საცდურად საკუთარი თავისთვის შეიძლება თავად ადამიანი იქცეს.

უფალმა მოგვცა არსებობა, მრავალი ნიჭი, ხოლო არჩევანი ცხონებისა, გადარჩენისა ჩვენზეა დამოკიდებული.

სულიერ მამებს უდიდესი მზაკვრობით ესტუმრებოდათ საცდური. ვინც მას შინაგანად მზად ხვდებოდა, სძლევდნენ და გამარჯვების ახალ გვირგვინს იდგამდნენ თავზე. ცდუნებულნი კი სინანულის გზით და მძიმე ღვაწლით იბრუნებდნენ საცდურით დაკარგულს. ამიტომაც გვმართებს სიფხიზლე, ვინაიდან ეშმაკი დღედაღამ იმაზე ფიქრობს, როგორ დააგოს მახეები ადამიანთა სულის საცდუნებლად. ადამიანიც უნდა ფხიზლობდეს, რომ საცდური არ შემოვიდეს მის სულში. ევა ეცდუნა იმით, რომ დაუჯერა ბოროტ განზრახვას. ხშირად საცდური მოდის არა საშინელი და პირდაპირი სახით, არამედ ირიბად, შეფარულად, კეთილი სურვილებით. ადამიანს სჭირდება სულიერი სიფხიზლე, რათა არ მოტყუვდეს. მისი სული ციხესიმაგრეს უნდა ჰგავდეს, რომლის ყველა კარი დახშულია და შეუვალი ყველა ვნებისთვის. როცა ადამიანი შიგნიდან სჩადის ცოდვას, ის უკვე აღებს თავის სულის ციხის კარებს. ერთ ცოდვას შემდეგ მოსდევს მრავალი ცოდვა, რომელიც საბოლოოდ სულს დაღუპავს. საცდურის წინააღმდეგ მთელი სიცოცხლე ბრძოლაა საჭირო. მხოლოდ გამარჯვებულები დაიდგამენ ცხონების გვირგვინს.

თანამედროვეობაში საცდური უფრო მრავლდება, ვიდრე ადამიანის მცდელობა და გამოცდილება მათ დასაძლევად. ეშმაკმა უკვე ისე დახვეწა თავისი მახეები, რომ ძნელია, საერო ცხოვრებაში ამას თავი დააღწიო. ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო ჟამის ადამიანთაგან მრავალნი ეცდუნებიან და დაიღუპებიანო. ვიწროა ის ბჭე და კარი, რომელიც საცდურს განერიდება და ცხონდება, შეუძლებელი კი არაფერია. სასო კი არ უნდა წარვიკვეთოთ, არამედ ვითხოვოთ შველა უფლისგან და შეგვეწევა. ღვთის დახმარებისა და შეწევნის გარეშე ვერავინ გაუძლებს საცდურსა და განსაცდელს. უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე, რისი ატანაც არ შეგვიძლია. თუკი ადამიანი სწორად მოიქცევა, ის ნებისმიერ საცდურს დაძლევს. თუ არადა შეიძლება ერთმა მცირე შეცდომამ დაღუპოს. ჩვენს დროში მოზღვავებულია საცდური ინფორმაციის სახით, ტელევიზიით, ხორციელად, სულიერად, თან ისე ლამაზადაა შეფუთული, რომ კაცის თვალს იტაცებს. ამიტომაც საჭიროა ჩვენი მომავალი დავიცვათ, ბავშვები აღვზარდოთ ეკლესიურად, სარწმუნოებით.

სანამ ადამიანი ხორცშია, მას საცდური მუდამ თან დასდევს. საცდური აღარ არის სასუფეველში, ვინაიდან იქ მართალი სულები ნეტარებენ. ასევე საცდური აღარ არის ჯოჯოხეთში, ვინაიდან იქ საბოლოოდ წარწყმდა სული.

სასულიერო პირსაც აქვს საცდური. მასაც გააჩნია სხეული, გრძნობები. ხშირად საცდური გრძნობის ორგანოებით მოქმედებს და შედის ადამიანში თვალით, ყურით, შეხებით... ამიტომაც რამდენადაც დაცულია შემავალი ხვრელები ადამიანის სულში, იმდენად მძლავრია მოქმედება საცდურისა. პირველ რიგში სასულიერო პირი უნდა იყოს მაგალითი ერისკაცისა... გვახსოვდეს, რომ ეშმაკმა ეს ყოველივე იცის და ამიტომაც უპირველესად მას ებრძვის, ვისგანაც შეიძლება შემდეგ მრავალ ადამიანზე გადავიდეს საცდური. თუკი სასულიერო პირი შეცდა, მისი საშუალებით შეიძლება მრევლი დაეცეს. თუ ერთმა უბრალო ერის ადამიანმა შესცოდა, შეიძლება არ იყოს დიდი ტრაგედია, რადგან მხოლოდ თავის სულზე აგებს პასუხს, სასულიერო პირი კი ათასობით ადამიანზე. თუმცა, რამდენადაც ძლიერია საცდური სასულიერო პირისა, იმდენად დიდია მადლი ღვთისა, მას უფალიც იფარავს განსაცდელისგან.

რახან ბერი განრიდებულია მიწიერ ცხოვრებას, მოკლებულია სიმდიდრეს, ადამიანებთან ურთიერთობას, თითქოს უფრო დაცულია გარეგანი და გრძნობისმიერი საცდურებისგან. სამაგიეროდ, ბრძოლის წინა ხაზზეა. ეშმაკი გაათმაგებით ებრძვის მას, რათა წაართვას მთავარი იარაღი - ლოცვა. ბოროტმა ძალამ იცის, რომ ბერი წუთისოფლის წყვდიადში არის ვითარცა ანთებული სანთელი. მისი ლოცვა იფარავს კიდევ ამ ყოფიერებას. ბერს აქვს შინაგანი ბრძოლა, უძლიერესი ბრძოლები სხვადასხვა ვნებასთან, განცდასთან. არაერთი საცდური არსებობს, დაწყებული ამპარტავნებით, დამთავრებული უკეთური აზრებით. წმინდა მამები გამუდმებული ლოცვით, მღვიძარებით, მარხვით აუძლურებდნენ საკუთარ სხეულს და ებრძოდნენ ვნებებს. ამ გამოცდილებით მათ დაგვიტოვეს პრაქტიკული და სულიერი სწავლის უდიდესი მაგალითები, რომლებიც ჩამოყალიბებულია სამოღვაწეო წიგნებში. იოანე კლემაქსის "კიბე" არის უდიდესი სამოძღვრო არა მარტო ასკეტურ, არამედ საერო ეკლესიურ ცხოვრებაში. "ლავსაიკონი", ნიკოდიმოს მთაწმინდელის "უხილავი ბრძოლა"... ჩვენი ქართველი, ღირსი მამების სწავლებანი.

მონასტერი ცოცხალი ორგანიზმია და, რა თქმა უნდა, იქაცაა სხვადასხვა განსაცდელი. ბერ-მონაზონთა სული გაფაქიზებულია სულიერი მოღვაწეობით, ლოცვითა და მარხვით. რამდენადაც განსპეტაკებულია მათი სული, იმდენად ადრე აღმოაჩენენ საცდურის დასაწყისს. თუკი რამ შეემთხვევათ, ისინი სინანულით შენდობას ითხოვენ ერთმანეთისგან. სამონასტრო ტიბიკონით, მონასტრის წევრები ძილად მისვლის დროს ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. სადაც შენდობა, შერიგება და სინანულია, იქ ყოველგვარი საცდური ქრება. სამონასტრო ცხოვრება არის ზღუდე, რომელიც თავიდანვე იცავს მონასტრის წევრს საცდურისგან. თუმცა დაზღვეული არავინაა. უდიდეს მამებს, მოსაგრეებს და მმარხველებსაც შეჰპარვიათ ამპარტავნების საცდური... სათნოებათა საფუძველი არის თავმდაბლობა და სინანული. ეკლესიამ საცდურის წინააღმდეგ ბრძოლის უდიდესი გამოცდილება დააგროვა. ადამიანი ღმერთზე უნდა იყოს მინდობილი და საღმრთო მცნებებით შეჭურვილი. სახარება ჰქონდეს, როგორც ფარი და მახვილი, მოძღვრის მორჩილება, როგორც ჯავშანი, ლოცვა და მარხვა - სულიერ საგზლად, წმინდა ზიარება, როგორც ნათლის შესამოსელი.

ეს იქნება ჩვენი შინაგანი ძალა, რომლის დახმარებითაც განიგდება ყოველგვარი საცდური. თუკი ადამიანი შინაგანად ძლიერი და მოწესრიგებულია, თანაც ეკლესიურად ცხოვრობს, მასში ეშმაკის ისრები ვერ შეაღწევს. აღსარება, სინანული დაარღვევს ეშმაკის ყოველგვარ მახეს. მოვუწოდებ ყველა ქართველს, მართლმადიდებელს - ვიცხოვროთ ეკლესიურად, ეკლესიას, როგორც ხომალდს, შევაფაროთ თავი და ამ წუთისოფლის აზვირთებული ტალღები ვერაფერს დაგვაკლებს, ვინაიდან "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა განგარიდოთ ყოველგვარ საცდურს და გამარჯვებული მიგაახლოთ უფალს.
ბეჭდვა