ქრისტიანობისა და მამულისთვის წამებული წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი
ქრისტიანობისა და მამულისთვის წამებული წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში გახლდათ წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ პირველი კათალიკოსი. წარმოშობით წმინდა ევდემოზი მესხეთიდან იყო, ერთ-ერთი წარჩინებული ოჯახის, დიასამიძეთა გვარიდან. სამწუხაროდ, წმინდა პატრიარქის შესახებ ძალზე მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ მისი ძმის ლევანის ასული ელენე ერეკლე პირველის დედა იყო.

შაჰ-აბასმა თეიმურაზ პირველის ქართლიდან განდევნის შემდეგ ქართლ-კახეთი როსტომ-ხანს გადასცა. გამაჰმადიანებული მეფე, ერთი მხრივ, შაჰის პოლიტიკას ატარებდა თავის სამეფოში, მეორე მხრივ კი თითქოს ქართველობდა, სამღვდელოებას ჯამაგირიც კი დაუწესა, აშენებდა ეკლესიებს. მაგრამ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო საშინელი გარყვნილების ხანა, გამრავლდა სოდომ-გომორის ცოდვა. ისტორიკოსი ასე ახასიათებს ამ ეპოქას: "იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება". მეფის ფუფუნებისა და ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით მთელ ერს, თვით სამღვდელო პირთაც კი გადაედო. ქართველებმა დაივიწყეს ღმერთი და ამქვეყნიურ წარმავალ საზრუნავს მიეცნენ. ვინც ქრისტეს ერთგული დარჩა და თავს არიდებდა ცოდვას, პატივი აჰყარეს. უფლის შეწევნით, ისინი დიდი გაჭირვებით იტანდნენ უსამართლობას.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ერის დაცემისათვის. წინააღმდეგობას უწევდა ურჯულოებას მღვდელმთავრის შესაფერი უშიშრობითა და შეუდრეკელობით. მან რამდენჯერმე შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. წმინდა პატრიარქის გავლენით ზოგიერთი მთავარი არ ემორჩილებოდა როსტომ-ხანს და თავის სამთავროს მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისგან იცავდა. ევდემოზ კათალიკოსი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებულების შვილების სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის წეს-ჩვეულებას. წმინდა მღვდელმოწამე არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა: "მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო".

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე კეთილმორწმუნე დედოფალი მარიამი. სწორედ მისი თანადგომით შენდებოდა ტაძრები, იწერებოდა სასულიერო ლიტერატურა.

როსტომ-ხანი ხედავდა კათალიკოსის სულისკვეთებას და მის ავტორიტეტს ქართველებში. წმინდა ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და გეგმასაც სახავდა ქრისტიანი მეფის თეიმურაზის ქართლის სამეფო ტახტზე დაბრუნების შესახებ. როსტომ-ხანი ვერ ბედავდა, აშკარად დაპირისპირებოდა კათალიკოსს, ამიტომ ფარულად მოქმედებდა მის წინააღმდეგ და მართლმორწმუნე კათალიკოსის გზიდან ჩამოსაშორებლად შესაფერის მომენტს ელოდა.

მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმინდა ევდემოზი პატრიარქობიდან გადაეყენებინა. დღემდე შემორჩენილი ხელნაწერებით, 1638 წლიდან საქართველოს კათალიკოსად ქრისტეფორე იხსენიება.

ამ პერიოდში მაჰმადიანი მეფის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელიც ევდემოზ კათალიკოსი იყო. შეთქმულება ერთ-ერთმა მონაწილემ - სომხეთის მელიქმა გასცა. ურჯულო მეფე საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, მზაკვრობაც გამოიჩინა და თან დედოფალი მარიამი და მისი სულიერი მოძღვარი პატრიარქი ევდემოზი იახლა. როდესაც აჯანყებულები უკუიქცნენ, წმინდა პატრიარქმა წერილით შეუთვალა თეიმურაზ პირველს, ღალატს არ დაებრკოლებინა. ეს წერილი როსტომ-ხანს ჩაუვარდა ხელში.

წმინდა პატრიარქი თბილისში ნარიყალას საპყრობილეში ჩააგდეს. რამდენიმე თვის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა წმინდანი და ციხეში ასკეტური წესით ცხოვრობდა. ის არ შეუშინდა მტარვალს და კვლავ დაუცხრომლად ამხელდა ურჯულო მეფეს. გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა მალულად მოაკვლევინა წმინდა კათალიკოსი. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: შეიპყრო როსტომ-ხანმა ევდემოზ კათალიკოსი, დააპატიმრა თბილისის ციხეში და შემდეგ განჯის ციხის კოშკიდან გადმოაგდოო. ხოლო ქართლის ცხოვრება გვიამბობს: შეიპყრო კათალიკოსი ევდემოზი, დაატყვევა ქალაქის ციხეში და მალე იქვე მოაკვლევინაო. როგორც ჩანს, როსტომ-ხანმა ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციული დასჯის ხერხი გამოიყენა - კათალიკოსი მშვილდის ლარითა და საბელით დაახრჩვეს და ცხედარი ციხის კოშკიდან გადმოაგდეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა. ქრისტიანობისთვის წამებული კათალიკოს-პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წამოიღეს და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს.

წმინდა ევდემოზმა დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ქართველ ხალხს სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი უჩვენა. ყოველივე ამას შედეგად ქართლ-კახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.

მადლიერმა შთამომავლობამ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ერისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული კათალიკოს-პატრიარქი ევდემოზ პირველი წმინდანად შერაცხეს. ჩვენი დედაეკლესია მღვდელმოწამე ევდემოზის ხსენების დღეს 17 ოქტომბერს აღნიშნავს.
ბეჭდვა
1კ1