სასულიერო პირები ქრისტეს მეომრები არიან
სასულიერო პირები ქრისტეს მეომრები არიან
გვესაუბრება ალავერდის ეპარქიის მწყემსმთავარი, მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

- მეუფე დავით, როგორ შემოინახეს ჩვენმა წინაპრებმა ალავერდის ეპარქია და როგორ ვიცავთ მას დღეს?


- ალავერდი ლოცვით, მარხვით, ღვაწლით შემოგვინახა ერმა და დღესაც ლოცვით, მარხვითა და დიდი შრომით ვცდილობთ განვაგრძოთ ტრადიცია. ფინანსური შესაძლებლობა კი, სამწუხაროდ, ნაკლებად გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

- თითქმის ყველა ეპარქიაში შენდება ახალი ტაძრები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძველი ეკლესიები ხშირად უყურადღებოდ რჩება. თქვენს ეპარქიაში როგორ უვლიან მემკვიდრეობას?

- ძველის აღდგენა ძალიან რთულია. ამ პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი უნდა იყოს ჩართული. ჩვენს ეპარქიაში მხოლოდ ერთი ახალაშენებული ტაძარია - თელავის წმიდა ნინოს სახელობისა. ძველი ტაძრებიდან კი აღვადგინეთ სოფელ კონდოლის, სოფელ კურდღელაურის ეკლესიები. დიდი სურვილი გვაქვს, აღვადგინოთ კისისხევის გუმბათოვანი ტაძარიც. ისე კი, ორივე აუცილებელია - ახლის აშენებაცა და ძველის აღდგენაც. ძველი წარსულია, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. თუმცა ზოგი ეკლესია ისეთ ადგილასაა, მისვლაც ჭირს და მსახურებაც, ამიტომ მათი აღდგენა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ძალიან დიდი ისტორიული ღირებულება აქვთ. ვთქვათ, თუ იქ უნიკალური წარწერა ან კედლის მხატვრობაა შემონახული. სხვა მხრივ კი, თუ აღდგენილ ტაძარში ვერც სასულიერო პირები ივლიან და ვერც ხალხი, ძალისხმევას რაღა აზრი აქვს? უმჯობესია, ახალი ავაშენოთ ისეთ ადგილას, სადაც მორწმუნეებს სიარული გაუადვილდებათ.

ალავერდის ეპარქია ორ - ახმეტისა და თელავის - რაიონს მოიცავს. ახმეტის რაიონში თუშეთიც შედის. იქ ხალხი სეზონურად ჩადის, ამიტომ სამღვდელო პირებიც დროდადრო მიდიან. მოქმედებს მხოლოდ ერთი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. 28 აგვისტოს ამ ტაძრის დღესასწაულია, ამ დღეს მორწმუნენიც ადიან ეკლესიაში და სასულიერო პირებიც ემსახურებიან მათ.

- მადლი ძველ ტაძარშიც და ახალშიც თანაბარია?

- მადლი ყველა ტაძარს ახლავს. აშენებამდე იკურთხება ადგილი, დასრულების შემდეგ - თვით ტაძარი, იცხება მირონი, გუმბათზე აღიმართება ჯვარი, ტრაპეზში წმინდა ნაწილი ჩაბრძანდება. ასე რომ, მადლი ყველგან თანაბარია.

- რა სიწმინდეებით არის ცნობილი ალავერდის ეპარქია?

- ალავერდში ყოფილა ცხოველსმყოფელი ჯვრის (იმ ჯვრისა, რომელზეც მაცხოვარი ეცვა) ნაწილი. ისტორიულად ცნობილია ისიც, რომ ალავერდის ტაძრის საკურთხეველში, დიდი ტრაპეზის ქვემოთ, წმიდა ქეთევან დედოფლის ნაწილებია დასვენებული. ტაძრებიდან გატანილი ბევრი სიწმინდე დღეს მუზეუმებშია დაცული. სახელმწიფო მუზეუმში ინახება ალავერდის ღვთისმშობლის კარედის კიდევ ერთი ხატი, ბოჭორმის წმიდა გიორგის ხატი, ასევე - ალავერდად წოდებული ხატი წმიდა გიორგისი. ალავერდის ცნობილი ოთხთავიც მუზეუმშია დაცული.

- წმინდანთაგან ვინ არის აქ დაკრძალული?

- აქ გახლავთ დაკრძალული ღირსი მამის იოსებ ალავერდელის ნეშტი. ღვთის შეწევნით, ალბათ, მომავალში შევძლებთ მისი საფლავის მოწესრიგებას. ალავერდის ტაძრის აღმოსავლეთით არის საძვალე აკლდამა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება შველა. როგორც ჩანს, ის ადგილი დროდადრო წყლით ივსებოდა. მონასტერს აღმოსავლეთით პატარა ხევი ჩამოუდის და ვფიქრობთ, მიზეზიც ეს უნდა იყოს. მისი მოწესრიგებაც გვაქვს განზრახული.

- კიდევ თუ აპირებთ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას?

- ჩვენს ეპარქიაში არის სოფელი მატანი, სადაც ცხრადასის მონასტერს ადრე ახალი მეთოდებით ჩაუტარდა რესტავრაცია (დაადგეს ჩამოსხმული ცემენტის სახურავი), დღეს კი უკვე ხელახლაა შესაკეთებელი. საოცარია აქაური ტაძრის მხატვრობა. მისი ქვაზე კვეთილობა დაახლოებით ჩვენი სახელმწიფო დროშის მსგავსია და, ვფიქრობ, საგულდაგულო კვლევას მოითხოვს. ტაძრის სახურავი მთლიანად შესაკეთებელია და წვიმის წყალი კედლის მხატვრობას აზიანებს. მაგრამ ამ ყველაფერს რომ მივხედოთ, ფინანსური მხარდაჭერაც გვჭირდება.

- სულ რამდენი სასულიერო პირია ეპარქიაში და როგორ ეგუებიან იქაურ გარემოს?

- სასულიერო პირი თვრამეტი გვყავს, გასაჭირი კი ყოველთვის არის. სასულიერო პირი ქრისტეს მეომარია, ერისკაცთაგან განსხვავებით, მეტი მადლი შეეწევათ და უფრო მეტი პასუხისმგებლობაც აქვთ დაკისრებული ღვთისგან.

- თქვენ როგორ მოძღვრავთ მათ?

- ღვთის მორჩილებით, მოთმინებით დაიძლევა განსაცდელი.

- ჩვენ როგორ დაგვლოცავთ?

- თქვენი საქმე კეთილსინდისიერად გეკეთებინოთ. კეთილსინდისიერება ღვთის შიშით ცხოვრებაა. ბრძოლის გარეშე გამოცდილებას ვერ შეიძენ, გამოცდილების გარეშე კი ვერც მოთმინებას ვისწავლით, ვერც განსჯასა და შეფასებას. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვა
1კ1