ეს განსაცდელი მთელი საქართველოსთვის იყო მოვლენილი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომელი გზით უნდა ვიაროთ
ეს განსაცდელი მთელი საქართველოსთვის იყო მოვლენილი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომელი გზით უნდა ვიაროთ
ამასაც გადაიტანს და უფრო ძლიერი და უკეთესი გახდება
ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებელი საქართველო მართლმადიდებელი რუსეთის მსხვერპლი გახდა. საშინელებაა! საშინელებაა, ძვირფასი ადამიანი ხელებში რომ გაკვდება; როცა უყურებ, როგორ სწორდება მიწასთან სახლი, რომელშიც მთელი ცხოვრება გაგიტარებია, წვალებით, ოფლით მოგიგროვებია ყველაფერი, და რაც გებადა, წამში ნადგურდება!

ქუჩაში მიმავალს ადამიანის ხმა არ გესმის... ქალაქი ცარიელია... თუ ვინმეს ხმას გაიგონებ, არ იცი, უნდა გაგიხარდეს თუ შეგეშინდეს...

ვერავინ მოდის დასახმარებლად - ოკუპანტებს ყველა შემოსასვლელი დაუკავებიათ და არავის უშვებენ. ხოლო როცა მშობლიური ქალაქიდან "გაძევებენ", იხსენებ 90-იანი წლების აფხაზეთის ტკივილს, ქართველთა დევნას და ხვდები, რა ძნელი ყოფილა... ახლა უკეთ გესმის მათი...

ასეთ დროს ყველაზე მეტად ლოცვა გეხმარება. გინდება ის სითბო, ეკლესია რომ გაძლევს. გამშვიდებს პატრიარქის სიტყვა და მოუთმენლად ელი მისი ხმის გაგონებას... გრძნობ ეკლესიის მფარველობას.

თუმცა მტერმა არც ეკლესია დაინდო... შიშით ვკითხულობთ ცხინვალი-ნიქოზისა და სამთავისი-გორის ეპარქიების ამბავს. აღმოჩნდა, რომ დაზიანდა ნიქოზის მონასტერი. შევეცადეთ, დავკავშირებოდით ცხინვალი-ნიქოზის ეპისკოპოსს მეუფე ესაიას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

სამთავისი-გორის ეპარქიაში არსებულ მდგომარეობაზე კი გვესაუბრება მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა):

- დიდი განსაცდელი დაგვატყდა თავს ყველა ჩვენგანს, სრულიად საქართველოს - დასავლეთს, აღმოსავლეთს... დიდი ტკივილი მიაყენეს ჩვენს მოსახლეობას. იბომბებოდა ჩვენი ქალაქები, სოფლები. დაიღუპნენ არა მარტო სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც, ბავშვები ობლად დარჩნენ... დიდი მწუხარებაა. ყველა ჩვენგანი განიცდის...

განსაცვიფრებელია, რომ XXI საუკუნეში ხდება ისეთი რამ, რაც მონღოლების, სპარსელების, თურქების, ლეკების შემოსევისას ხდებოდა: იწვის სახლები, ყანები, ვენახები თუ ბაღები. ადამიანებს თავიანთი სახლებიდან აძევებენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკურსა თუ მორალურს. ძალზე სამწუხაროა ეს და ვისი ხელითაც ხდება, დაუსჯელი არ დარჩება - ყველას მიეგება იმ ცოდვისა და ბოროტებისთვის, რომელიც სხვა ადამიანს, ერსა თუ ქვეყანას მიაყენა...

ამ დღეების განმავლობაში გორში, საკათედრო ტაძარში ვიყავით. აღესრულებოდა მუდმივი მსახურება, წირვა-ლოცვა, პარაკლისები. სასულიერო პირები დარჩნენ იმ სოფლებში, სადაც მსახურობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ სოფელში ეს შეუძლებელი იყო. მოსახლეობამ დატოვა ეს სოფლები.

ჩვენი სასულიერო დასი ცდილობდა, ყველას დახმარებოდა - განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. ჩაგვქონდა ჰუმანიტარული ტვირთი, საკვები, იქაც კი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ. გამოგვყავდა მოსახლეობა, მოხუცები, დაჭრილები, გადმოვასვენეთ მიცვალებულები - როგორც სამხედროები, ისე ერის ხალხი.

მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დარწყულება, სნეულთა მიხედვა, მიცვალებულთა დაკრძალვა, მწუხარეთა ნუგეშინისცემა - ეს ის სათნოებებია, რომელთაც უნდა აღასრულებდეს ყველა ქრისტიანი, ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენს ერს.

ყველანი დამწუხრებულნი ვართ, თითოეულმა ჩვენგანმა იხილა ისეთი რამ, რამაც შეძრა. სხვისი უბედურებაც ისეთივე ტკივილს უნდა გაყენებდეს, როგორსაც საკუთარი, რამეთუ ხვალ შესაძლოა იგივე შენც დაგემართოს. ყველამ ერთად განვიცადეთ ამაოება იმ შფოთისა, რომელიც ერში სუფევს, დავრწმუნდით, რომ უმთავარესი ურთიერთსიყვარული და ღვთის რწმენა ყოფილა. რამეთუ უფლისგან მოდის იმედი, ნუგეში, ადამიანისგან კი ზრუნვა და ადამიანური სითბო. აი, ეს ორი რამ გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს: ლოცვა და ურთიერთზრუნვა, ურთიერთთანადგომა.

შეძლებისდაგვარად ვაგრძელებთ ჩვენი მოვალეობის აღსრულებას, მაგრამ ადამიანები ვართ და ძალა არ შეგვწევს, სრულყოფილად, მთელი სისავსით ვანუგეშოთ ყველა. ამის გამოც ვითხოვთ შენდობას ღვთისგან. ასევე შევთხოვთ, მოგვცეს ძალა, რომ შევასრულოთ ჩვენი მსახურება.

მჯერა და მწამს, ეს განსაცდელი მალე დასრულდება. რაც მოხდა, რამდენიმე ადამიანზე იყო დამოკიდებული. ვუსურვებ მათ, გონს მოეგონ და მათ გულსა და გონებაში მშვიდობა დამკვიდრდეს.

KARIBCHE


ჩვენს მრევლში ქართველებიც არიან, რუსებიც და ოსებიც, არიან სომხებიც, ებრაელებიც და აზერბაიჯანელებიც. და სასიხარულოა, რომ ამ დღეებში არავის უთქვამს ვინმესთვის გულსატკენი ან შეურაცხმყოფელი სიტყვა. ძალიან ბევრი ღირსეული მაგალითი გვიჩვენეს ჩვენმა სამხედროებმა, ექიმებმა, უბრალო მოქალაქეებმა, ღირსეული მაგალითი თავდადებისა, მსახურებისა, ურთიერთთანადგომისა - ეს გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი ერი ღირსეულად გამოვა ამ მდგომარეობიდან და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, გაძლიერდება და ამაღლდება. იმისიც გვჯერა, რომ ყველა დაბრუნდება შინ, მოევლება ყველა დამწვარ სოფელსა თუ სახლს, ყანასა თუ ბაღს და კიდევ უფრო მეტი სიხარული გვექნება, ვიდრე აქამდე განვიცდიდით. ამ სიხარულს ღმერთი მოგვცემს. საქართველოს დიდი სიხარული და ჭეშმარიტი გაბრწყინება ელის.

ღმერთმა დაგლოცოთ!

კონფლიქტის ზონის სოფლებში შესვლა და ტაძრების მონახულება შეძლო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ. გორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ თინათინ გვერდწითელს გავესაუბრეთ, რომელიც წითელ ჯვართან ერთად ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში დაზარალებულებს ეხმარებოდა.

- ქალბატონო თინათინ, რა მდგომარეობა დაგხვდათ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესვლა შეძელით?

- ინტენსიური დაბომბვის შემდეგ უარესი მდგომარეობა იყო მოსალოდნელი. მადლობა ღმერთს, მოსახლეობის ნაწილი დარჩა. მართალია, შეშინებულები არინ, მაგრამ მაინც მედგრად დგანან და თავიანთი სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებენ. სამწუხაროდ, ძირითადად მოხუცები არიან, თუმცა ზოგიერთ სოფელში რამდენიმე ახალგაზრდა და 14-15 წლის ბავშვიც კი ვნახეთ - ეს უფრო ქვემოთ, ტყვიავში. ზემოთ, ჩრდილოეთის სოფლებში, ბავშვები, ფაქტობრივად, აღარ არიან.

სახლები დაბომბილი და დამწვარია. როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგიერთი ყუმბარა ჯერ კიდევ აუფეთქებელია და ამიტომ მინდორში გასვლის ეშინიათ. ვერ გადიან ბაღებში, მინდვრებში და მოსავალს ვერ იღებენ.

თავს, გარკვეულწილად, დაუცველად გრძნობენ. ვერც ქართული შეიარაღებული ძალა და ვერც სამართალდამცავი ორგანოები ვერ იცავენ. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იქ შესვლა. სასულიერო პირები იყვნენ წესის ამგებნიც, მიცვალებულების გამომყვანნიც, დაკარგულის მომძიებელნიც და მანუგეშებელნიც.

- საომარი მოქმედებებისას ტაძრები ხომ არ დაზიანებულა?

- მადლობა ღმერთს, სამთავისი-გორისა და ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიების ტაძრები გადარჩა. ყველაზე ძველი ამ მხარეში, ალბათ, VI საუკუნის ნიქოზის ამაღლების ტაძარია. დგას ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესიაც. მაგრამ თითქმის სრულიად გადამწვარია მონასტერი, სენაკები, რომლებიც ტაძრის ეზოს ემიჯნება. მონასტრის წევრები აფეთქების დროს სამრევლო სახლში იმყოფებოდნენ და, საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა.

ნიქოზის ისტორიულ სამღვდელმთავრო რეზიდენციას სახურავი დაუზიანდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, კედლები გადარჩა. ეს X საუკუნის ერთადერთი რეზიდენციაა, რომელიც საქართველოში შემოგვრჩა. სწორედ გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა ამ შენობის პირვანდელი სახით აღდგენა. ყველა უზომოდ ბედნიერი იყო - სამინისტროც და საპატრიარქოც...

- როგორ შეაფასებდით მოვლენებს, რომლებმაც ასეთი სავალალო შედეგები მოგვიტანა?

- მე, როგორც მოქალაქე, ასე ვხედავ: ყველა ქვეშევრდომი თავისი ხელმძღვანელის მითითებას ასრულებს - საერო ხელისუფლებას რა მითითებაც ჰქონდა, ის შეასრულა, სასულიერო ხელისუფლება კი კურთხევას დაემორჩილა. ამიტომ იყო, რომ მეუფე ესაია და იღუმენი ანტონი ნიქოზის ეპარქიიდან არ გამოსულან, არც იმ დროს, როცა 40 ბომბი რამდენიმე საათის განმავლობაში ცვიოდა ტაძრის გარშემო. არ დაუტოვებია თავისი ეპარქია არც მეუფე ანდრიას. ასეთი იყო კურთხევა ჩვენი პატრიარქისა.

საერო ხელისუფლებამ ქალაქის დატოვების მითითება მიიღო და დატოვეს კიდეც გორი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღე-ნახევარი ქალაქი საერო ხელისუფლების გარეშე იყო. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროს იქ სასულიერო ხელისუფლება იმყოფებოდა.

ამ დღეებში გორში, ღვთისმშობლის ტაძარში, უამრავ ხალხს ვხედავდი. შემოდიოდნენ და ამბობდნენ: ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, ცოცხლები რომ ვართო.

მეგონა, მარიამობას ტაძარში ხალხმრავლობა იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა...

გვაპატიე, მკითხველო, სიტყვა თუ გაგვიგრძელდა და სევდა მოგგვარეთ, მაგრამ მომხდარი ხომ ჩვენი ტკივილია, საერთო ტკივილი, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, და არც უნდა დაგვავიწყდეს, რადგან მან ერთიანობა გვასწავლა, მოძმის გატანა და სიყვარული გვასწავლა და მარადიული ღირებულებების უპირატესობაზე დაგვაფიქრა.

წერილის დასასრულს კი გთავაზობთ ამონარიდს გორში, კარვების ქალაქში, დროებით ჩასახლებულ დევნილთათვის მეუფე ანდრიას მიერ გადახდილი პარაკლისის შემდგომ წარმოთქმული ქადაგებიდან (30 აგვისტო, 2008 წელი):

"თუ ღმერთმა არ გადაარჩინა ადამიანი, ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ მას მეორე დღე გაუთენდება. შიში, ტკივილი, მწუხარება, ახლობელი ადამიანის დაკარგვა - ყველაფერი დაგვატყდა თავს. ზოგმა შეიძლება თქვას: სად არის ღმერთი, რით დავიმსახურეთ ამდენი ტკივილი და განსაცდელიო. ამაზე უფრო დიდი ტკივილი და განსაცდელი გადაუტანია საქართველოს; ამასაც გადაიტანს და უფრო ძლიერი და უკეთესი გახდება. იმან იკითხოს, ვინც საქართველოს ატკინა და დაამწუხრა. ჩვენ არ ვუსურვებთ, მაგრამ მისი ცოდვის, მისი უსამართლობის შედეგი იქნება, რაც დაემართება. საქართველომ გაუძლო არაბს, მონღოლს, სპარსს, თურქს, რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიას... არის საქართველო და იქნება საქართველო!

დღეს შეგვიძლია, ერთი რამ დანამდვილებით ვთქვათ: ეს განსაცდელი მთელი საქართველოსთვის იყო მოვლენილი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომელი გზით უნდა ვიაროთ. ერთადერთი გზა ჩვენი ერთობა და ღმერთთან ყოფნაა - აი, ამ გზით უნდა იაროს საქართველომ.

ნუ ვფიქრობთ და მივტირით მატერიალურს, სულიერზე ვიფიქროთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის მადლი და წყალობა გფარავდეთ და გეწეოდეთ. ღმერთმა ძალა მოგვცეს გაძლებისა და შეძლებისა!"

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1